GPB
104.5 FM
ვახტანგ დევდარიანი
host
g 0 Posts
g 0 Views

კერძს რომ დავასრულებ, ერთადერთი აზრი მიჩნდება - ამას დიდი სიამოვნებით შევჭამ, თუ ასე არ ვფიქრობ, ესეიგი, კარგად არ მოვინდომე. განათლებით საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი ვარ, კულინარიით მაშინ დავინტერესდი, როცა აღმოვაჩინე, რომ გემრიელი საჭმელი მიყვარს, მერე იმასაც მივხვდი, რომ ეს გემრიელი საჭმელი თვითონ შემიძლია, მოვამზადო. 1998 წელს, მუშაობა დავიწყე „შერატონ მეტეხი პალასის“ სამზარეულოში, იქ მივხვდი, რომ ეს საქმე გარკვეულ პასუხისმგებლობას მოითხოვს, მე უნდა მოვრგებოდი სამზარეულოს, მესწავლა გუნდური მუშაობა და თან კარგი საჭმელი მომემზადებინა, რომელიც თუ მოსწონთ, ეს ნორმალურია, და თუ არ მოსწონთ, სრული კატასტროფა. მალე ამერიკაში წავედი და კორდონ ბლუ-ს მზარეულთა სკოლაში ჩავაბარე, ამ სასწავლებელს 100 წლის ისტორია აქვს და მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე, 35 სკოლა აქვს დაარსებული, მსოფლიოს საუკეთესო მზარეულთა უმეტესობა სწორედ აქ სწავლობდა, მგონი, მეც მათ შორის ვარ :) სწავლის პერიოდში მივხვდი, რომ უნდა დამევიწყებინა სრულიად ქართული სტერეოტიპი, რომ კულინარია მხოლოდ გატაცებაა და, ისე, სხვა პროფესიაც მაქვს. კულინარია, ისევე, როგორც სხვა საქმე, სასიამოვნო მაშინ ხდება, როცა ბევრი რამ იცი, მაგრამ ამ ყველაფრის სწავლა არც ისე ადვილია. 10 წელი საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, მსოფლიოს 30 ქვეყანაში ვიმოგზაურე, თითქმის ყველა ქვეყნის სამზარეულოში ვიმუშავე და მხოლოდ ახლა შემიძლია, გულწრფელად ვთქვა, რომ კარგ საჭმელს ვაკეთებ.