GPB
104.5 FM
ეკა გამცემლიძე
produser
g 0 Posts
g 0 Views

მთავარი პროდიუსერი

ჩემს თაობაში, თუ ვინმე სკოლის დამთავრებისას ოქროს მედალს მიიღებდა, ავტომატურად იგულისხმებოდა, რომ სამედიცინო ინსტიტუტში უნდა ჩაებარებინა. დედა ექიმი მყავდა და ცხადია, ოცნებობდა, რომ მეც ექიმის პროფესიას ავირჩევდი, მაგრამ გავჯიუტდი. მე-10 კლასში ერთი წიგნი ჩამივარდა ხელში პარაფსიქოლოგიაზე. ამ წიგნმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ჰოდა, ყველას გასაკვირად ექიმობის ნაცვლად ფსიქოლოგობა ავირჩიე.  

ჩემი სადიპლომო თემა კონფორმიზმი იყო. ეს იმიტომ ვახსენე, რომ ჩემი ხასიათის ყველაზე მყვირალა თვისება ნონკონფორმიზმი მგონია. შემდეგ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოვინდომე მუშაობა და 11 წელი სულიერად დაავადებულ ადამიანებთან გავატარე. 

სატელევიზიო ნათლობა პირველ არხზე, გადაცემაში - „საღამო მშვიდობისა“ მივიღე, „მოვიწამლე“ ტელევიზიით  და მას შემდეგ ამ საქმისთვის აღარ მიღალატია. ამ წლების განმავლობაში ყველაზე დიდხანს ტელეკომპანია „იმედში“ ვიმუშავე. ვხელმძღვანელობდი ტელეიმედის სოციოლოგიურ სამსახურს, შემდეგ ვმუშაობდი თოქშოუებზე „თქვენი ექიმი“, „ნადიმი ჟანრი კაშიასთან“, „ნაბიჯი ჯანმრთელობისაკენ“, „დროებითი ზღვარი“, რეალურ შოუებზე „ინდუსტრია“ და „მე ვარ ქალი“. მაგრამ ერთი მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია - გადაცემა „უცნობი საქართველო“ (მწერალ აკა მორჩილაძის სატელევიზიო ნოველები).  ამ პროექტზე მუშაობა მართლაც ბედნიერება იყო, რადგან უფრო ჰარმონიულად შერწყმული გუნდი არასოდეს  მყოლია. მიუხედავად უძილო ღამეებისა, არავინ იღლებოდა. ვდაობდით, მაგრამ ერთ ენაზე ვლაპარაკობდით. 17 წლის განშორების შემდეგ, სულ ახლახანს,  პირველ არხს დავუბრუნდი „დილის მოამბით“. პარალელურად ვამზადებ ახალ გადაცემას და ამაზე უკვე  მოგვიანებით გიამბობთ. ვთვლი, რომ ჩვენს საქმეში გადამწყვეტია გუნდი. ამ მხრივ თითქმის ყოველთვის მიმართლებდა და იმედი მაქვს, რომ ამჯერადაც გამიმართლებს.

ეკა გამცემლიძე. პროდიუსერი.