GPB
104.5 FM
სოფო სამადბეგიშვილი
produser
g 0 Posts
g 0 Views

მახსოვს ვამბობდი : „ბავშვობა კარგი  იმით არის, რომ ბავშვობაში მოგონებები არ გვაქვს-მეთქი. ვფიქრობ, მაშინ ვცდებოდი. თუმცა 1975 წლის 21 თებერვალს,  სწორედ ასეთ ბედნიერ ბავშვად დავიბადე  და წარმოდგენაც არ მქონდა თუ რამდენი რამ მელოდებოდა წინ.  

ჩემს თაობას მე მხატვრების თაობას დავარქმევდი, რადგან იმ თქვენთვის ცნობილ და ჩემთვის სკოლის პერიოდში ვცდილობდით,  ჩვენი ფანტაზიით გაგვეფერადა ის, რაც ხდებოდა გარშემო, სხვაგვარად ალბათ არც გამოვიდოდა და წლების შემდეგ ვერც მე მოვკრავდი ყურს სიტყვებს: „რა დრო გამოვიარეთ, მაგრამ მაინც როგორი სითბო და სიყვარული გვქონდა ერთმანეთისო“.  ეს ხომ იმ უხილავი მხატვრების დამსახურებაა, რომლებიც ჩვენ ასე გაუაზრებლად ვიყავით :) 

ასეთი სენტიმენტალურად მხატვრული შესავლის შემდეგ, ვფიქრობ, არავის გაუკვირდება, როცა ვიტყვი, რომ სკოლის შემდეგ  ქ.თბილისის სახელმწიფო, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე - არქიტექტურა/დიზაინი, მონუმენტურ-დეკორატიული ფერწერის განხრით და მაგისტრთან გათანაბრებული განათლებაც მივიღე. ახლა შავთეთრი და იმ პერიოდში დანგრეული ქალაქისა ნამდვილად აღარ მეშინოდა :)

მოგონება მოგონებებს ემატებოდა  და, რა თქმა უნდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ დრო ადგილზე არ იდგა.

1994 წელი,  პრეს სააგენტო!  გაზეთისა და იმ დროინდელი ენთუზიაზმის სუნით გაჟღენთილი ჩემი სამსახურეობრივი პირველი მოგონება!  ამ სააგენტოს საინფორმაციო განყოფილებაში ვმუშაობდი. გამოცდილება გროვდებოდა და ახალი სამსახურებიც არ აყოვნებდნენ. მეორე არხი!  მაშინ ეს არხიც „ის“ უხილავი მხატვარი იყო და  დიდი გულწრფელობით, გაუცნობიერებლად  ასრულებდა დიდ მისიას. მეორე არხზე 1995 წელს მივედი და არანაკლებად მისიონერული პროგრამის თანაავტორი გავხდი. 

ამის შემდეგ იყო სპორტის დეპარტამენტის PR სამსახური, შემდეგ 1998 წელს ტელეკომპანია „იბერია“, რომელშიც რედაქტორად ვიმუშავე და 2004 წელს გარკვეულ გამოცდილება დაგროვებული - ტელეკომპანია პირველ არხზე „კაბარე 5 ვარსკვლავის“ გადაცემათა სერიებს შევუდექი. კარგი დრო იყო.  სამხატვრო აკადემიის შვილობილის თვალით დანახული ტელევიზიები ძალიან ფერადი  და კონტრასტული ჩანდა. ბავშვობიდან ფოტოხელოვნებით ვიყავი გატაცებული და ალბათ ფერებისა და კონტრასტის განცდას ეს უკანასკნელიც თავისებურად ამძაფრებდა, რის გამოც 2008 წელს, პოლიტიკური კოცონის კრიტიკული სიმხურვალის პერიოდში, ყველაზე აპოლიტიკური განწყობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მივედი და 2015 წლამდე ვიმუშავე. ეჭვი მაქვს, სამინისტროს მოგონებებში დღემდეა შემორჩენილი  ჩემი გადაღებული არა ერთი, როგორც თვითონ აღნიშნავდნენ - ფოტო შედევრი :)  

ამჟამად ისევ საზოგადოებრივ მაუწყებელს დავუბრუნდი და ერთ-ერთ ლამაზ გადაცემას აღმასრულებელ პროდიუსერობას გავუწევ. ვფიქრობთ, კარგი გამოვა, იმიტომ, რომ ბავშვობისგან განსხვავებით, დღეს უკვე უამრავი მოგონება გვაქვს, მოგონებები, რომლებიც დღემდე  მოვიტანეთ, მოგონებები, რომლებიც ადამიანებს ლამაზი ბავშვობიდან არანაკლებად ლამაზი ცხოვრებისთვის ამზადებენ და  მოგონებები, რომლებიც თქვენთან ერთად   კიდევ წინ გველოდება!