საზოგადოებრივი
104.5 FM
კონფლიქტები/ტერორიზმი
ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი „კანონიერი ქურდი“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს „ოფიციალურ“ წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-02 15:36:00
ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ სოხუმში ადგილობრივი „კანონიერი ქურდი“ თენგიზ ლაკერბაია რეგიონში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს „ოფიციალურ“ წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია და დე ფაქტო ძალოვანი უწყება ავრცელებს.მათი ინფორმაციით, ინციდენტი რესტორან „რინნაში“, ე.წ კანონიერ ქურდსა და რუს ძალოვანს შორის შელაპარაკებას მოყვა, რის შემდეგაც „კრიმინალურმა ავტორიტეტმა“ რუსი ძალოვანი სტანისლავ აფსავა ხელჯოხით სცემა.ადგილზე ე.წ. სამართალდამცველები გამოიძახეს. „კრიმინალური ავტორიტეტი“ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის წინააღმდეგ „სისხლის სამართლის საქმე“ აღიძრა და "ძებნა" გამოცხადდა.
წაკითხვა
24 წელი სოხუმის დაცემიდან - აფხაზეთის ომის უსახელო გმირების ისტორია „მოამბეში“
გამოქვეყნებულია: 2017-10-01 20:20:00
გასულ 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 24 წელი შესრულდა. აფხაზეთის ომის კადრები ყველასთვის ძალიან ნაცნობია. საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ პერიოდზეც ბევრია ცნობილი. თუმცა, ქეთევან ბერაია ამ ომის უსახელო გმირებზე მოგვითხრობს. მაშინ საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ავიაკომპანია არსებობდა, მათ შორის იყო ორბი - პირველი სამოქალაქო ქართული კერძო კომპანია, რომელმაც 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში 2600-ზე მეტი რეისი შეასრულა და ომში საკუთარი ნებით წავიდა. არც მაშინ და არც მერე ამ პილოტებს საკუთარ გმირობაზე არ უსაუბრიათ. სწორედ ორბის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოაგდეს ბაბუშერას აეროპორტში. დღეს პილოტების მხოლოდ ნაწილია ცოცხალი, თუმცა 24 წლის მერეც საკუთარ საქმეებზე საუბრისგან ისინი თავს იკავებენ.  
წაკითხვა
უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები სტუდენტების დაფინანსება გაგრძელდება
გამოქვეყნებულია: 2017-09-28 18:04:00
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ. აგრეთვე გაგრძელდება წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებაც. საქმე ეხება შიდა ქართლის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ხაშურს, გორს ქარელსა და კასპს. აგრეთვე დუშეთის, საჩხერის, ონისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ ახალგაზრდებს.„ოკუპაციისა და მავთულხლართების გავლების შედეგად ამ სოფლების მცხოვრებლებმა დაკარგეს წვდომა საკუთარ ქონებაზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე და იმ შემოსავლის წყაროებზე, რომლითაც ეს ოჯახები მანამდე ირჩენდნენ თავს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ოჯახების მიმართ, რომლებსაც შემოსავლის წყარო ფაქტობრივად აღარ აქვთ, კომისიას გვინდა ერთგვარი მხარდაჭერა გამოვხატოთ, რომ მათმა შვილებმა შეძლონ სწავლის გაგრძელება და პრობლემა არ შეექმნათ", - აღნიშნავს დროებითი სამთავრობო კომისიის მდივანი, ოთარ კონჯარია.მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება ეხება როგორც ბაკალავრიატის, აგრეთვე მაგისტრატურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
წაკითხვა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. სახელმწიფო მედიასაშუალებების ხელმძღვანელები გაათავისუფლეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-28 17:55:00
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რეგიონში მოქმედი ე.წ. სახელმწიფო მედიასაშუალებების - ტელერადიოკომპანია „ირ“-ის, გაზეთების „სამხრეთ ოსეთის“, „ხურზარინის“ და საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ის ხელმძღვანელები გაათავისუფლა, - ინფორმაციას მედიასაშუალება კომინფ.ორგი ავრცელებს. დე-ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ე.წ. თანამდებობიდან ასევე გაათავისუფლდა ოკუპირებული რეგიონის ინფორმაციისა და ბეჭდვის ე.წ. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნელი ჯუსოევი.ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით ტელერადიოკომპანია „ირ“-ის ხელმღძვანელად გიორგი ქელეხსაევი, გაზეთ „სამხრეთ ოსეთის“ რედაქტორად - ალექსანდრ ქელეხსაევი, „ხურზარინის“ რედაქტორად - როლანდ ბიაზროვი და საინფორმაციო სააგენტო „რეს-ის“ ხელმძღვანელად იური ვაზაგოვი დაინიშნენ.
წაკითხვა
ოკუპირებული ახალგორის დაწყებით კლასებში სასწავლო პროცესი შეფერხებულია
გამოქვეყნებულია: 2017-09-28 12:27:00
ოკუპირებულ ახალგორში, დაწყებით კლასებში სახელმძღვანელოების უქონლობის გამო სწავლა ვერ იწყება, - ამის შესახებ პირველ არხს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა.დე ფაქტო განათლების უწყების გადაწყვეტილებით, 1 სექტემბრიდან ოკუპირებულ რეგიონში ქართული სკოლების დაწყებით (1-4) კლასებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა და განათლების რუსული სტანდარტი დაწესდა. თუმცა, ამ დრომდე ოკუპირებულ ახალგორში უსახსრობის გამო ახალი, რუსული სახელმძღვანელოების შეტანა ვერ ხერხდება.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი, ოკუპირებულ რეგიონში, სოფელ ორჭოსანში რუსული სასწავლო დაწესებულება შენდება, სადაც სკოლა და ბაღი ერთად იქნება განთავსებული. სკოლა 70 მოსწავლეზე, ბაღი კი 30 ბავშვზეა გათვლილი. მის მშენებლობაზე 83,7 მლნ რუბლი დაიხარჯა და ნოემბერში უნდა დასრულდეს.წელს, ოკუპირებულ დაბა ახალგორში, პირველ კლასში ოთხი მოსწავლე მივიდა.
წაკითხვა
ქეთევან ციხელაშვილი - ქართულმა მხარემ სოფელ ყარაფილასთან ოკუპანტების მიერ გზის გაყვანით სამუშაოებზე დამატებითი განმარტებები უკვე მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ
გამოქვეყნებულია: 2017-09-27 17:08:00
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელ ყარაფილასთან ოკუპანტების მიერ გზის გაყვანით სამუშაოებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართულმა მხარემ ფაქტზე დამატებითი განმარტებები უკვე მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი ასეთი მანევრი და ქმედება ქართული მხარისთვის მიუღებელი და არალეგიტიმურია. "მშენებლობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ევროკავშირის მისიის მეშვეობით ამოქმედდა ცხელი ხაზი ქართული მხარის მიერ. ნებისმიერი ასეთი მანევრი და ქმედება, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის მიუღებელი და არის არალეგიტიმური. ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ მოითხოვა განმარტებები და დააფიქსირა თავისი პოზიცია. ჩვენ ასეთი კონკრეტული განმარტება არ მიგვიღია, თუმცა 3 ოქტომბერს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრის ფარგლებში ეს საკითხი, ისევე როგორც სხვა ქმედებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და სიახლოვეს, იქნება ქართული მხარის მიერ დასმული საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობს", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.ბოლო ინფორმაციით ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერთან რუსეთის სამხედრო ბაზის მძიმე ტექნიკას ცენტრალურ მაგისტრალის მახლობლად გზა გაჰყავს. ინფორმაცია ამის შესახებ, ორი დღის წინ გავრცელდა, რომლის მიხედვითაც სოფელ ყარაფილას სიახლოვეს, ცენტრალური ავტომაგისტრალიდან 300 მეტრში, მძიმე ტექნიკას გზა გაჰყავს. 
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი - ემირ კუსტურიცასთან დაკავშირებით, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად
გამოქვეყნებულია: 2017-09-27 16:56:00
ემირ კუსტურიცასთან დაკავშირებით, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს სერბი რეჟისორის საქართველოში დაგეგმილ ჩამოსვლასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, კუსტურიცა, რომელიც 2009 წელს იმყოფებოდა ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, საქართველოში ჩამოსვლით დაარღვევს თუ არა კანონს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ექნება თუ არა მას ქვეყანაში შემოსვლის საშუალება.„ჩვენ, როგორც სხვა ყველა შემთხვევაში, ახლაც ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“ - აღნიშნა შს მინისტრმა. ემირ კუსტურიცა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში 2009 წელს იმყოფებოდა, ჯგუფთან ერთად თბილისში ჩამოსვლას და 8 დეკემბერს კონცერტის გამართვას გეგმავს.ავტორი: ზაალ ჩხეიძე
წაკითხვა
კონცერტის ორგანიზატორი - ემირ კუსტურიცა კონფლიქტის ზონებშიც მოგზაურობს, რადგან ბევრ ადგილზე იწვევენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-27 13:33:00
ემირ კუსტურიცა კონფლიქტის ზონებშიც მოგზაურობს, რადგან ბევრ ადგილზე იწვევენ, რაც შეეხება მის პოზიციას, ის ყოველთვის წინააღმდეგია კონფლიქტების, ვინაიდან სერბია, მისი ქვეყანა, მისი სახლი დაიბომბა - განუცხადა პირველ არხს „არტ მედია გრუპის“ ხელმძღვანელმა ლელა ასლანიკაშვილმა რეჟისორ ემირ კუსტურიცას თბილისში დაგეგმილ კონცერტზე საუბრისას. პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ კუსტურიცა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში 2009 წელს იმყოფებოდა, ჯგუფთან ერთად თბილისში კონცერტს 8 დეკემბერს გეგმავს. „ემირ კუსტურიცა მსოფლიოში ცნობილი რეჟისორია და კონფლიქტის ზონებშიც მოგზაურობს, რადგან ბევრ ადგილზე იწვევენ. რაც შეეხება მის პოზიციას, ის ყოველთვის წინააღმდეგი არის კონფლიქტების, ვინაიდან სერბია და მისი ქვეყანა დაიბომბა, მისი სახლი დაიბომბა, მამამისი სწორედ ამაზე ნერვიულობას გადაყვა, გულის შეტევით გარდაიცვალა და იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა, ჩერნოგორიეში ცხოვრობდა წლების განმავლობაში, ანუ თავის თავზე აქვს ეს ლტოლვილობა გამოცდილი. აქედან გამომდინარე, კონფლიქტებს არ ამართლებს“, - განაცხადა ლელა ასლანიკაშვილმა. ამასთან, ლელა ასლანიკაშვილმა აღნიშნა, რომ ახლა აზუსტებს ინფორმაციას იმის შესახებ, ოკუპირებულ ცხინვალში ჩასვლით დარღვეული აქვს თუ არა კუსტურიცას კანონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და გასული არის თუ არა მისი ჩასვლიდან ხანდაზმულობის ვადა.რაც შეეხება ემირ კუსტურიცასთან მოლაპარაკებებს, ლელა ასლანიკაშვილის თქმით, ის წარმოებს გორან ბრეგოვიჩის არტ დირექტორის მეშვეობით, რომელიც კუსტურიცას ჯგუფის The No Smoking Orchestra-ს არტ დირექტორიცაა.
წაკითხვა
რეჟისორი ემირ კუსტურიცა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში 2009 წელს იმყოფებოდა, თბილისში ჩამოსვლას გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2017-09-27 11:58:00
სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა თბილისს ფოლკ-როკ ჯგუფის The No Smoking Orchestra-ს შემადგენლობაში გიტარისტის სტატუსით ეწვევა. ემირ კუსტურიცა ჯგუფის შემადგენლობას 1986 წლიდან შეუერთდა. მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზე თბილისში კონცერტის ჩატარების თარიღად 2017 წლის 8 დეკემბერია მითითებული. გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტი სპორტის სასახლეში გაიმართება. ჯგუფი კონცერტებს მთელს მსოფლიოში მართავს. ტურნეს ფარგლებში უკვე მონიშნულია კონცერტები რუსეთში, ყაზახეთში, საფრანგეთში, ბელგიასა და ჩილეში.სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა ცხინვალის კონფლიქტის შესახებ ფილმის გადაღებას აპირებდა, თუმცა ეს პროექტი არ შედგა.  2009 წელს ის ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა. ამასთან, ემირ კუსტურიცა, ოკუპირებული ყირიმის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გამო, უკრაინის კულტურის სამინისტრომ ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი პირების „შავ სიაში“ შეიყვანა.
წაკითხვა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ერმანსა და არცევში უკანონოდ დაკავებული 4 მოქალაქე გათავისუფლებულია
გამოქვეყნებულია: 2017-09-26 11:14:00
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 და 23 სექტემბერს სოფლებში, ერმანსა და არცევში უკანონოდ დაკავებული 4 მოქალაქე გათავისუფლებულია - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მესაზღვრეებმა თბილისის მკვიდრები გ. გოგუაძე და ლ. აბლოთია და გორის რაიონის მცხოვრებლები ი. ოქრუაშვილი და ტ. ელიზბარაშვილი ე.წ. საზღვრის "უკანონო კვეთის ბრალდებით" დააკავეს და ე.წ. ჯარიმის გადახდის შემდეგ, 19 და 25 სექტემბერს გაათავისუფლეს.
წაკითხვა
ოკუპირებული ახალგორის რაიონში მიტოვებულ ბინებში საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ ოჯახებს შეასახლებენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-25 17:57:00
ოკუპირებული ახალგორში, დეფაქტო პრეზიდენტის ბრძანებით საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩენილ ოჯახს, იმ კომუნალური ბინას გადასცემენ, რომელიც რამდენიმე წელია მიტოვებულია - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.მათი ინფორმაციით, დეფაქტო პრეზიდენტმა ოკუპირებული ახალგორის დეფაქტო ადმინისტრაციის ხელს კიდევ ერთხელ მისცა დავალება, საცხოვრებელი ფონდის ინვენტარიზაცია ჩაატაროს.საკითხი, ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას ოკუპირებული ახალგორის მკვიდრმა თამაზ მუზაევმა დააყენა. მუზაევის განმარტებით, ცხინვალი-ახალგორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობისას, მისი სახლი დაანგრიეს და დღეს ოკუპირებულ დაბაში ქირით ცხოვრობს.ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ საცხოვრებელ კორპუსებში არაერთი მიტოვებული ბინაა, რადგან მფლობელთა ნაწილი წეროვანში ცხოვრობს და ოკუპირებულ ახალგორში შესვლას ვერ ახერხებს, რადგან დეფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა მათთვის ე.წ. პროპუსკების გაცემაზე უარი უთხრა.სახნავ-სათესი მიწების და საცხოვრებელი ფართების გადაცემას ადგილობრივებისთვის ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ლიდერი სოფელ ზარდიანთკარის მოსახლეობისთვისაც აპირებს.ადგილობრივების განმარტებით, ე.წ. საზღვარი მათ საცხოვრებელ სახლებსა და კუთვნილ მიწებზე გაავლეს, როს გამოც საკომპენსაციოდ სხვა ტერიტორიებს ითხოვენ.აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულ ახალგორში მიტოვებული სახლების შესაძლო ჩამორთმევაზე, პირველი განცხადება დეფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ივნისში გააკეთა. მისი დავალებით სპეციალური კომისია უნდა შექმნილიყო, რომელიც იმ კომუნალური სახლების იდენტიფიცირებას მოახდენდა, სადაც მფლობელები ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ცხოვრობდნენ და მიტოვებული იყო.
წაკითხვა
ოკუპირებული გალის რაიონში აზიური ფაროსანას მიერ განადგურებული მოსავლის გამო, 250 ოჯახს ჰუმანიტარული დახმარების სახით თითო ტომარა ფქვილს დაურიგებენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-25 11:32:00
ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებლები მოსავლისა და შემოსავლის გარეშე რჩებიან. დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეხვედრისას ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ მარცვლეულისა და ხილის მოსავალი მწერებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს და საარსებო წყაროს გარეშე დარჩნენ.ამის გამო, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიას მოსახლეობა რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელობას ე.წ. გადასახადებისგან გათავისუფლებას სთხოვს, რასაც ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი თემურ ნადარაია კატეგორიულად არ ეთანხმება. „ჩვენ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის უფრო ეფექტური საშუალებები გამოვიყენეთ, ვიდრე საქართველომ და შედარებით უკეთესი შედეგებიც გვაქვს. ვიცი რომ, მდგომარეობა მძიმე გვაქვს, მაგრამ ეს თქვენ გადასახადების გადახდის ვალდებულებისგან არ გათავისუფლებთ“, - განაცხადა ადგილობრივებთან შეხვედრისას თემურ ნადარაიამ.დე ფაქტო ადმინისტრაცია მოსახლეობას სთავაზობს, გადაიხადონ გადასახადები და ე.წ. ბიუჯეტში შესული თანხიდან სოფლის მოსახლეობას დაეხმარებიან და 250 ოჯახს თითო ტომარა ფქვილს დაურიგებენ.
წაკითხვა
ოკუპირებულ გალში ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემის პროცესი განახლდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-25 10:55:00
ოკუპირებულ გალში ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემის პროცესი განახლდა, - ამის შესახებ რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარიამ განაცხადა. იტყობინება ადგილობრივი მედიასაშუალება „გალ ტვ“.ჟურნალისტის განმარტებით, პროცესი გაურკვეველი მიზეზებით იყო შეფერხებული, რაც ოკუპირებული რეგიონის ქართული მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. ადგილობრივების განცხადებით, მათ არანაირი დოკუმენტაცია აღარ გააჩნიათ, რაც მათ მიმოსვლის უფლებას უზღუდავს.ოკუპირებული გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მათთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „პროცესი მკვდარი წერტილიდან დაიძრა და 1 იანვრიდან საბჭოთა პასპორტი და ე.წ. ფორმა N9 ძალადაკარგულად ჩაითვლება“. მისი განმარტებით, ენგურის ხიდზე გადასვლა მათ მხოლოდ „ბინადრობის მოწმობით“ ან ე.წ. აფხაზური პასპორტით შეეძლებათ.
წაკითხვა
სოხუმში, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 24 წელი გავიდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 20:27:00
სოხუმში, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 24 წელი გავიდა. 1993 წლის 22 სექტემბერს, საღამოს 6-ის ნახევარზე, თბილისიდან ალყაში მოქცეულ სოხუმში დაშვების უფლების გარეშე გაფრენილი ტუ 154, რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, ექთნები და სამოქალაქო პირები იყვნენ, ზღვიდან ნასროლი სითბური რაკეტით ჩამოაგდეს. საჰაერო ხომალდი ასაფრენ ბილიკზე ნაწილებად დაიშალა და მთლიანად დაიწვა. თვითმფრინავში 132 ადამიანი იყო, 108 დაიღუპა. ცხედრები აეროპორტთან ახლოს დაკრძალეს. სამარხი წლების შემდეგ გაიხსნა და დაღუპულების გადმოსვენება ეტაპობრივად განხორციელდა. განწირული რეისის გადარჩენილ მგზავრებსა და ტრაგედიის თვითმხილველებს ქეთევან ბერაია შეხვდა. 
წაკითხვა
„ღამის მგლებმა“ ანატოლი ბიბილოვს მოტოციკლი აჩუქეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 17:28:00
რუს ბაიკერთა მოძრაობა „ღამის მგლების“ ლიდერმა ალექსანდრე ზალდასტანოვმა, ზედმეტსახელად „ქირურგი“ - ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს მოტოციკლი აჩუქა.„ღამის მგლები“ ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით ჩავიდნენ.მოტოციკლთან ერთად ბაიკერებმა დე ფაქტო ლიდერს „ღამის მგლების“ ემბლემიანი ეკიპირებაც გადასცეს.
წაკითხვა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის უწყებას სამხედრო ქონება უსასყიდლოდ გადასცა
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 17:24:00
ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ქონება უსასყიდლოდ გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის უწყების საიტზეა განთავსებული.გადაცემის „ცერემონიას“ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე რამზეს ნაბიევი ესწრებოდა.კონკრეტულად რა ქონებაზეა საუბარი, მითითებული არ არის. დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, ქონების გადაცემა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „საჯარისო დაჯგუფებების გაერთიანების შესახებ შეთანხმების“ რეალიზაციის პრაქტიკული ეტაპია.პარალელურად კი მოსკოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო გენერალური შტაბის ხელმძღვანელს შეხვდა. საუბარი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზების ფუნქციონირებას და სამხედრო სფეროში „თანამშრომლობას“ შეეხო.
წაკითხვა
რუსეთ-საქართველოს საზღვართან, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ აიბღასთან ადგილობრივ მწყემსებს „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ აკავებენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 10:31:00
რუსეთ-საქართველოს საზღვართან, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ აიბღასთან ადგილობრივ მწყემსებს „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ აკავებენ.„ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ აიბღაში, რუსმა მესაზღვრეებმა ჩვენს ტერიტოირაზე საზღვრის უკეთ კონტროლისთვის გადმოინაცვლეს. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ დღეს ისინი აფხაზ მწყემსებს აპატიმრებენ“, - ამის შესახებ განცხადება დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ვალერი კვარჩიამ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გააკეთა, - წერს ვებ პორტალი „ეხო კავკაზა“.კვარჩიას განმარტებით, რუსი მესაზღვრეების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭის ოლიმპიადის დროს გადმოინაცვლეს, თუმცა მას შემდეგ ოკუპირებული რეგიონის სოფელი აიბღა აღარ დაუტოვებიათ. დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. სპიკერმა საუბარში ისიც აღნიშნა, რომ რუსეთთან „საზღვრის“ ე.წ. დემარკაციის საკითხი ამ დრომდე გადაწყვეტილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ „ორმხრივი კომისიებია“ შექმნილი.ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება. შეხვედრა დე ფაქტო პარლამენტის წარმომადგენლებთან მათ გუშინ გამართეს. სხვა საკითხთა შორის, ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელმა მუხარბეკ დიდიგოვმა, ოკუპირებულ რეგიონში უცხოელებზე უძრავი ქონების გასხვისების თემაზეც ისაუბრა. „ბევრ ადამიანს, ცენტრალური რუსეთიდან და ჩრდილო კავკასიიდან, სურს აქ უძრავი ქონება შეიძინოს და საინვესტიციო პროექტები ჩამოიტანოს და დაფუძნდეს. აქ კი გარკვეული გარანტიები და მზაობა უნდა იყოს ასეთი საკითხების გადაწყვეტისთვის“, - განაცხადა დიდიგოვმა. ფედერაციის საბჭოს წევრებმა დე ფაქტო პარლამენტს ე.წ. კანონმდებელთა შემადგენლობაში ე.წ. რუს დეპუტატთა მცირე რაიოდენობაზეც გააკეთეს აქცენტი.„დელეგაციის“ წევრები ვიზიტის ფარგლებში ოკუპირებულ რეგიონში რუსული მე-7 სამხედრო ბაზის მონახულებასაც გეგმავენ.
წაკითხვა
ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას „მილოცვა“ გაუგზავნა
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 16:49:00
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას ე.წ. რესპუბლიკის დღის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით „მილოცვა“ გაუგზავნა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.„ეს დღესასწაული იქცა სამხრეთ ოსეთის იმ მოსახლეობის გმირობის სიმბოლოდ, ვინც ბრძოლით დაიცვა თავისი თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების კანონიერი უფლება“ - ნათქვამია „მილოცვის“ ტექსტში.რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ ტექსტში ასევე საუბარია რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის „მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის“ მნიშვნელობასა და რუსეთის მზაობაზე - გააგრძელოს რეგიონისთვის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით დახმარების გაწევა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ - წერს კომინფ.ორგ.
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საბაჟო სამსახური ახალ “საბაჟო პუნქტს“ ხსნის
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 10:31:00
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალი, სპეციალიზებული “საბაჟო პუნქტი“ გაიხსნება, რომელიც რუსეთის საბაჟო სამსახურის დაქვემდებარებაში იქნება - ინფორმაციას აფსნი.რუ ავრცელებს.„საბაჟო-გამშვები პუნქტის“ გახსნის შესახებ ბრძანებას 12 სექტემბერს, ხელი რუსეთის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის ვლადიმერ ბულავინმა მოაწერა. „პუნქტის“ ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა ბრძანებაში ნათქვამია, რომ მისი მოქმედების არეალში შედის მთლიანად ოკუპირებული რეგიონი და საავტომობილო „გამშვები პუნქტი“ - ადლერი.რუსეთის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის განკარგულება ძალაში 2017 წლის 1 ნოემბერს შევა. სწორედ ამ თარიღისთვის იგეგმება ახალი „გამშვები პუნქტის“ ამოქმედება - წერს აფსნი.რუ.
წაკითხვა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ახალშობილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აცრისთვის საჭირო ვაქცინების დეფიციტია
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 19:22:00
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკვე სამი თვეა ახალშობილებისთვის აუცილებელი აცრებისთვის ვაქცინების მათ შორის ბცჟ-ს (BCG ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა) დეფიციტია, რის გამოც სამშობიაროებიდან უკვე 100-მდე ახალშობილი გაეწერა აცრის გარეშე - წერს საინფორმაციო სააგენტო Ossetia News. ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს სამი ათასი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვაქცინის შესყიდვა მათ შრის ბცჟ, დიფტერიის პოლიომელიტისა და ჰეპატიტის საწინააღმდეგო პრეპარატები.„ვაქცინების შესყიდვა რუსეთში იმუნობიოლოგიური პრეპარატების უმსხვილესი მწარმოებლისგან ხდებოდა. მაგრამ ფარმაცევტულ წარმოებაში ტექნიკური პრობლემები შეიქმნა. შემცირდა ვაქცინის წარმოება და მიეწოდებათ. დღეს კომპანია მხოლოდ რუსეთში სახელმწიფო შეკვეთებისთვის მუშაობს. ახლა ჩვენ ვცდილობთ სხვა მწარმოებლები ვიპოვით და მდგომარეობა დავარეგულიროთ", - აცხადებენ დეფაქტო ჯანდაცვის უწყებაში.ვაქცინების დეფიციტის გამო, შეშფოთებულები არიან ადგილობრივი პედიატრები, რომლებიც მშობლებს ურჩევენ ბავშვები სასეირნოდ პირბადით გაიყვანონ და ხალხმრავლობას მოარიდონ.
წაკითხვა