საზოგადოებრივი
104.5 FM
ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ბრიტანელი პროდიუსერი იქნება
გამოქვეყნებულია: 2009-01-21 17:51:10
ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ბრიტანელი პროდიუსერი იქნება.ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური პროდიუსერია და თბილისში ჩამოსვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა. ევროვიზიის შიდაშერსარჩევი კონკურსის შესახებ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 16 იანვარს გამოაცხადა.კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა პროფესიონალ მომღერალს,რომელიც ჯერ არგაჟღერებულ სიმღერას წარმოადგენს. მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. შემსრულებელს შეუძლია სიმღერა ქართულ ან ინგლისურ ენებზე წარმოადგინოს. კონკურსზე შემოსულ სიმღერებს კომპეტენტური ჟიური განიხილავს და შიდაშესარჩევ კონკურსზე მათგან საუკეთესოებს დაუშვებს. ევროვიზიის კონცერტი წელს მოსკოვში - 12,14 და 16 მაისს გაიმართება,სადაც რეკორდულად ბევრი - 43 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. 5 თებერვალს სრულდება შიდაშესარჩევი კონკურსისთვის განაცხადების შემოტანა.თებერვლის შუა რიცხვებისთვის კი გაიმართება გალა კონცერტი.
წაკითხვა
ქართული თეატრი იუბილეს აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2009-01-14 18:05:30
ქართული თეატრი 159 წლისაა. სპეციალურად იუბილესთან დაკავშირებით ივანე მაჩაბლის თეატრის მემორიალური დაფა გაიხსნა. დღესვე თეატრალური მოღვაწეები ვერიკო ანჯაფარიძის, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიებით დააჯილდოვეს. თეატრის საიუბილეო ღონისძიება საღამოს გორშიც შედგება.
წაკითხვა
მარჯანიშვილის თეატრში მალხაზ ასლამაზიშვილმა სპექტაკლის პრემიერა შედგება
გამოქვეყნებულია: 2009-01-11 13:42:55
მარჯანიშვილის თეატრის ექსპერიმენტალურ სცენაზე პრემიერისთვის ემზადებიან. რეჟისორმა მალხაზ ასლამაზიშვილმა სპექტაკლი "ქვრივები" პოლონელი კლასიკოსის, სლავიმირ როჟაკის პიესის მიხედვით დადგა. სპექტაკლი ორაქტიანია და მასში სულ ექვსი მსახიობია დაკავებული. პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში ხვალ 19:00 საათზე გაიმართება.
წაკითხვა
კონსერვატორიაში ზურაბ სოტკილავას კონცერტი გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2009-01-10 14:09:19
კონსერვატორიაში ზურაბ სოტკილავას კონცერტი გაიმართება. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, დიდი თეატრის სოლისტი ამჯერად თბილისში მხოლოდ ერთ სოლო კონცერტს გამართავს. ორმოქმედებიან კონცერტზე სოტკილავა ნეაპოლიტანურ და იტალიურ რომანსებს შეასრულებს. ზურაბ სოტკილავა თბილისში ფონდ "იავნანას" მოწვევით ჩამოვიდა და სხვა საოპერო ვარსკვლავებთან ერთად ვერდის "ნაბუქოში" ისმაილის პარტია შეასრულა.
წაკითხვა
"დამოუკიდებლობის 1005 დღე" – მხატვრულ–დოკუმენტურ ფილმს მაყურებელი გაზაფხულზე ნახავს
გამოქვეყნებულია: 2009-01-09 17:06:40
"დამოუკიდებლობის 1005 დღე" – მხატვრულ–დოკუმენტურ 6–სერიან ფილმს მაყურებელი გაზაფხულზე ნახავს. ფილმს "პირველი არხის" დაკვეთით "ვიზარტ სტუდიო" იღებს. "დამოუკიდებლობის 1005 დღე" იმ პერიოდს ასახავს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოეწერა. ფილმის სცენარზე მიხეილ ბასილაძემ იმუშავა, რეჟისორი კი ლევან ახობაძეა. ფილმის გადაღებები გაზაფხულამდე გაგრძელდება. დაგეგმილია რამდენიმე მასშტაბური სცენის გადაღებაც.
წაკითხვა
2009 წლის ევროფესტივალის გამარჯვებულს ტელემაყურებლები და ჟიური გამოავლენენ
გამოქვეყნებულია: 2009-01-05 18:57:38
2009 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს, 2008 წლის ევროფესტივალის ფინალისტი ქვეყანა - რუსეთი უმასპინძლებს. ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გადაწყვეტილებით, კონკურსის წესებში ცვლილებებია. წელს გამარჯვებულს ტელემაყურებელთან ერთად კომპეტენტური ჟიურიც გამოავლენს. ნაციონალურ ჟიურის და მაყურებელს თანაბარი უფლებები ექნებათ ხმების მიცემის 50 – 50 %. ნაციონალური ჟიური 5 წევრისგან უნდა შედგებოდეს, რომელთაგან ერთი თავმჯდომარე იქნება. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ისინი პროფესიონალი მუსიკოსები იყვნენ, ამასთან განსხვავებული პროფესიების, ასაკისა და სქესის ადამიანები, მაგ. კომპოზიტორები, დისკ-ჟოკეები, ან მომღერლები. ნაციონალური ჟიურის ყველა წევრი იმ ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს, რომელსაც წარმოადგენს. 2009 წელს ფინალისტს მილიონობით ტელემაყურებელთან ერთად, პროფესიონალი ხუთ-ხუთ კაციანი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ჟიურიც აირჩევს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან მუსიკალური გემოვნებითა თუ ტრადიციებით. 2009 წლის ევროფესტივალში მონაწილე ქვეყნების დელეგეციების შეხვედრა 16-17 მარტს მოსკოვშია დაგეგმილი. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 2009 წლის ევროფესტივალთან დაკავშირებით, ევროვიზიის ოფიციალურ საიტს - www.eurovision-georgia.ge განაახლებს.
წაკითხვა
ოპერისა და ბალეტის თეატრში ვერდის "ნაბუკოს" პრემიერა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2009-01-05 13:31:39
ოპერისა და ბალეტის თეატრში გუშინ ჯუზეპე ვერდის "ნაბუკოს" პრემიერა გაიმართა. სპექტაკლში ქართული ოპერის ვარსკვლავები: ლადო ათანელი, ზურაბ სოტკილავა, პაატა ბურჭულაძე და ნინო სურგულაძე მონაწილეობდნენ. "ნაბუკო" სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის დაბადების დღეს ეძღვნებოდა. მას თავად ილია მეორე და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრნენ. ჯუზეპე ვერდის "ნაბუკო" ქართულ სცენაზე გუშინ პირველად ფონდ "იავნანას" ინიციატივით დაიდგა. ბილეთებიდან შემოსული თანხა კი მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.
წაკითხვა
კინომსახიობთა თეატრში ქეთი დოლიძის სპექტაკლის პრემიერაა
გამოქვეყნებულია: 2009-01-04 13:50:39
კინომსახიობთა თეატრში დღეს პრემიერა გაიმართება. პოლონელი მწერლის ერნესტ ბრილის "სერობა" რეჟისორმა ქეთი დოლიძემ დადგა. სპექტაკლში მოთხრობილია იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ისტორია. სპექტაკლი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 30 წლისთავს ეძღვნება. გუშინ სპექტაკლის გენერალური რეპეტიცია გაიმართა. მსახიობებს ბოლო კორექტივებს რეჟისორი ქეთი დოლიძე აძლევდა. "სერობაში" მთავარ როლებს გია აბესალაშვილი, მალხაზ აბულაძე, გია ბურჯანაძე, რამაზ იოსელიანი და მზია არაბული ასრულებენ.
წაკითხვა
ფონდი „იავნანა“ საქველმოქმედო აქციას გამართავს
გამოქვეყნებულია: 2009-01-03 16:46:43
ფონდი „იავნანა“ ოცდამეთორმეტე საქველმოქმედო აქციას გამართავს. ხვალ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ქართველი ვარსკვლავები ვერდის "ნაბუქოს" შეასრულებენ. შემოსული თანხით ორ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს ბინას შეუძენენ. ფონდს საქველმოქმედო აქციის განხორციელებაში ამჯერად კომპანია "შინხოფერი" დაეხმარა. ხვალინდელი კონცერტი საქართველოს კათოლიკოს– პატრიარქის დაბადების დღესაც ეძღვნება. დღეს ორგანიზატორებმა და ოპერის ცნობილმა მომღერლებმა გენერალურ რეპეტიციამდე პრესკონფერენცია გამართეს. ვერდის "ნაბუქო" საქართველოში პირველად დაიდგა.
წაკითხვა
კინომსახიობთა თეატრში ბავშვებისათვის საახალწლო სპექტაკლი დაიდგა
გამოქვეყნებულია: 2008-12-28 13:02:24
თუმანიშვილის თეატრში პრემიერაა. კინომსახიობთა თეატრში რეჟისორმა ავთო ბაქრაძემ ბავშვებისათვის საახალწლო სპექტაკლი დადგა. "მწყემსი გოგონა და ბუხრის მწმენდავი" ანდერსენის ზღაპრების მიხედვით არის დადგმული და ორი თოჯინის ამბავს მოგვითხრობს. საახალწლო წარმოდგენა 3–დან 12 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. სპექტაკლი ყოველ სამუშაო დღეს, 17:00 საათზე გაიმართება.
წაკითხვა
თეატრში ათონელზე "ზაფხულის ღამის სიზმრის" ახალი წარმოდგენა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2008-12-28 12:53:17
თეატრში ათონელზე უილიამ შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმრის" სპექტაკლის ახალი წარმოდგენა გაიმართა. თეატრის მსახიობებთან ერთად სპექტაკლში უნარშეზღუდული ბავშვებიც მონაწილეობდნენ. სპექტაკლი მოგვითხრობს სიყვარულზე და ზღაპრულ სამყაროზე, რომელიც ეხმარება შეყვარებულებს თავი დააღწიონ მდევრებს. სპექტაკლში სამი სიუჟეტი პარალელურად ვითარდება. ამ წარმოდგენისთვის თეატრის დასი დაახლოებით ერთი თვე ემზადებოდა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ასეთი ღონისძიებები უნარშეზღუდული ბავშვების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვისაა საჭირო.
წაკითხვა
ლიანა ისაკაძე თბილისშია
გამოქვეყნებულია: 2008-12-24 13:01:57
ლიანა ისაკაძე თბილისშია. ცნობილი ქართველი მევიოლინე თბილისში საქველმოქმედო კონცერტისთვის ჩამოვიდა. რუსული აგრესიის დროს დაზარალებული მოსახლეობისადმი მიძღვნილი კონცერტი 26 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.
წაკითხვა
საახალწლო ფესტივალი შარდენზე
გამოქვეყნებულია: 2008-12-20 16:58:29
საახალწლო ფესტივალი გაიმართა შარდენზე. ბავშვებისთვის წარმოდგენა თოჯინების თეატრმა გამართა. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ფიფქიებმა, თოვლის ბაბუამ და ზღაპრის გმირებმა სხვადასხვა ნომერი შეასრულეს. ბამბის რიგში საახალწლო ნაძვის ხეების გამოფენაც მოეწყო. სხვადასხვა დიზაინის ნაძვის ხე, რომლებიც ბიზნესორგანიზაციებმა წარმოადგინეს, 25 დეკემბერს სამაჩაბლოდან დევნილ ბავშვებს საჩუქრად გადაეცემათ. საახალწლო ფესტივალის ფარგლებში კი 26 დეკემბრიდან ყოველდღე კონცერტები ჩატარდება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ უცხოური და ქართული ბენდები, ნინო ქათამაძე, სალომე კორკოტაშვილი, ზუმბა და ნიაზ დიასამიძე.
წაკითხვა
მიშელ ლეგრანი ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტს გამართავს
გამოქვეყნებულია: 2008-12-20 15:12:26
მიშელ ლეგრანი ხვალ ოპერისა და ბალეტის თეატრში ორსაათიან კონცერტს გამართავს. დიდმა მაესტრომ სპეციალური პრესკონფერენცია დღეს "თბილისი მარიოტში" გამართა. მიშელ ლეგრანი თბილისში გუშინ ჩამოვიდა და კათოლიკოს–პატრიარქს შეხვდა. საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე სპეციალური საღამო მოეწყო, სადაც სხვადასხვა ნაწარმოებთან ერთად პატრიარქის მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდა. დიდი მაესტროს ხვალინდელ კონცერტს ექსკლუზიურად პირველი არხი გადაიღებს და კონცერტის ჩანაწერი ახალი წლის დღეებში იქნება ნაჩვენები.
წაკითხვა
ჯგუფი "შინი" ახალ წელს გუდაურში კონცერტს გამართავს
გამოქვეყნებულია: 2008-12-19 18:01:17
ჯგუფი "შინი" ახალ წელს გუდაურში შეხვდება. 31 დეკემბერს ჯგუფი ღია ცის ქვეშ 2–საათიან კონცერტს გამართავს. საახალწლო კომპოზიციები ჯგუფის სამივე წევრმა სპეციალურად შეარჩია. ახალი წლის ღამეს გუდაურში "შინის" მეგობარ ფრანგ მუსიკოს ფუად საკასაც ელოდებიან, რომელიც მათთან ერთად რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებს.
წაკითხვა
კიდევ ერთი ვარსკვლავი თბილისში
გამოქვეყნებულია: 2008-12-16 13:24:13
მარჯანიშვილის თეატრს ოთარ მეღვინეთუხუცესის, გივი ბერიკაშვილის და სოფიკო ჭიაურელის გვერდით კიდევ ერთი, ამჯერად გურანდა გაბუნიას ვარსკვლავი შეემატა. 50–მდე როლი და 50 წელი სცენაზე. მსახიობმა სახასიათო და საყვარელი როლები გაიხსენა და მათი ეპიზოდები კიდევ ერთხელ გააცოცხლა. ვარსკვლავი მისი ორსაათიანი შემოქმედებითი საღამოს დასრულების შემდეგ გაიხსნა. მსახიობს 70 წლის იუბილეს და 50 წელს სცენაზე მსახიობები, მეგობრები და ოჯახის წევრები ულოცავდნენ.
წაკითხვა
კინოთეატრ 'ამირანში' ლატვიელი რეჟისორის ფილმის ჩვენება გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2008-12-12 12:41:38
კინოთეატრ "ამირანში" ლატვიელი რეჟისორის ედვინს შნორეს ფილმ ”საბჭოეთის ისტორიის” ჩვენება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. ერთსაათიანი ფილმი მოგვითხრობს, თუ როგორ იპყრობდა რუსეთი პატარა რესპუბლიკებს 30-40-იან წლებში. ფილმის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვერც ერთმა ძალადობრივმა რეჟიმმა არსებობა დიდხანს ვერ შეძლო და როგორც გათავისუფლდა ფინეთი, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ისევე გათავისუფლდება საქართველო და მისი რეგიონები. ფილმის ჩვენებას ახლად დანიშნული კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
წაკითხვა
ილია მეორისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2008-12-12 11:09:44
კულტურის ცენტრ "მუზაში“ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა. ღონისძიებაში აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანები და ცნობილი მსახიობები მონაწილეობდნენ. კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები დაესწრნენ.
წაკითხვა
'საქართველო ცეცხლში' - ამ სახელწოდების ფილმის პრემიერა დღეს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2008-12-12 11:06:03
"საქართველო ცეცხლში" - ამ სახელწოდების ფილმის პრემიერა დღეს კინოთეატრ რუსთაველში გაიმართება. 15–წუთიანი ინგლისურენოვანი ფილმი რუსეთ - საქართველოს ომის შესახებ მოგვითხრობს. ფილმის ავტორის კოკი იონათამიშვილის თქმით, ფილმი უცხოელ მაყურებელზეა გათვლილი. „საქართველო ცეცხლში“ 3000 ეგზემპლარად გამოიცემა და ტელევიზიებისა და ინტერნეტის საშუალებით გავრცელდება.
წაკითხვა
კონსერვატორიაში თამარ სალუქვაძის კონცერტი ჩატარდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-07 13:04:19
კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში საკომპოზიტორო ფაკულტეტის ასპირანტურის სტუდენტის თამარ სალუქვაძის კონცერტი ჩატარდა. კონცერტი ორი ნაწილისგან შედგებოდა, სადაც მუსიკოსმა სხვადასხვა ნაწრმოებები შეასრულა. თამარ სალუქვაძე უამრავი საერთაშორისი პრიზის ლაურეატია და კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის მოსწავლეა. მიუხედავად ასაკისა, მას უკვე შექმნილი აქვს საკვარტეტო, საფორტეპიანო, საგუნდო, საორკესტრო და ვოკალური ნაწარმოებები, გაფორმებული აქვს 12 დრამატული სპექტაკლი.
წაკითხვა