საზოგადოებრივი
104.5 FM
ოთხი ქართველი ხელოვანის ნამუშევრები „ლუვრის კარუსელში“ გამოიფინება
გამოქვეყნებულია: 2017-10-18 18:32:00
ოთხი ქართველი ხელოვანის ნამუშევრები პარიზში, „ლუვრის კარუსელში“ გამოიფინება. თანამედროვე ქართველი მხატვრების ექსპოზიცია ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ გალერეაში პრესტიჟული ღონისძიების Art Shopping-ის ფარგლებში იქნება წარმოდგენილი. გამოფენა-ბაზრობაში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 700-მდე მხატვარი, სკულპტორი, ფოტოგრაფი, გრაფიკოსი და ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენელი მიიღებს. საქართველოს კი მხატვრები გიორგი ტაბლიაშვილი და ლელა ტაბლიაშვილი, სკულპტორები - ლევან ბუჯიაშვილი და დარეჯან ბერეკაშვილი წარმოადგენენ.Art Shopping „ლუვრის კარუსელში“ 20-22 ოქტომბერს გაიმართება.
წაკითხვა
თბილისში ავსტრიელი მომღერლის, ივონ მანფრედასა და ესპანელი დირიჟორის, ბორხა კვინტასის კონცერტი გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-10-18 17:28:00
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ავსტრიელ მომღერალს ივონ მანფრედასა და ესპანელ დირიჟორს ბორხა კვინტასს უმასპინძლებს. ღონისძიების შესახებ ინორმაციას ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ავრცელებს.ცენტრის ინფორმაციით, მანფრედა და კვინტასი გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის, გუსტავ მალერის ნაწარმოებებს თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებენ.ავსტრიელი მეცო სოპრანო ივონ მანფრედა მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. შესრულებული აქვს წამყვანი პარტიები ავსტრიის, გერმანიის, იტალიის საოპერო თეატრების სცენაზე.რაც შეეხება ბორხა კვინტასს, ესპანელი მუსიკოსი მადრიდის ახალგაზრდული ორკესტრისა და გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, სორიას ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, მოსკოვის „რუსული ოპერისა“ და UCAM სიმფონიური ორკესტრის მოწვეული დირიჟორია.წარმოდგენა ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე ხუთ ნოემბერს, 19:30 საათზე დაიწყება.
წაკითხვა
„წინანდლის პრემიის“ დაჯილდოება ცხრა დეკემბერს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-10-18 17:16:00
ზურაბ ჟვანიას ფონდმა „წინანდლის პრემიის“ რიგით მეშვიდე დაჯილდოვებისთვის შესარჩევი ეტაპი დაიწყო. კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და პრემია ენიჭებათ 18-30 წლის ახალგაზრდებს: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა (პროზა), მხატვრული ლიტერატურა (პოეზია), მუსიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ნომინაციაში.აპლიკანტებს ნაშრომების მომზადებისა და წარდგენისთვის დრო 16 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე განესაზღვრათ.ხოლო დაჯილდოება და გალა კონცერტი ცხრა დეკემბერს, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.„წინანდლის პრემიის“ ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, პრიზითა და 5 000-ლარიანი ფულადი პრემიით.ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს, წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა–სემინარზე გაჩნდა. სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი. პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მომდევნო წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ, რომლის პატრონაჟით ხორციელდებოდა “წინანდლის პრემია”.“წინანდლის პრემია” საქართველოს პრეზიდენტის ხელშეწყობით 2014 წელს აღდგა და უკვე მესამე წელია გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით იმართება.
წაკითხვა
სიღნაღში, ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დაარსებიდან 70 წლის იუბილე აღინიშნა
გამოქვეყნებულია: 2017-10-18 17:07:00
სიღნაღში, ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დაარსებიდან 70, ხოლო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაერთიანების 10 წლის იუბილე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, გამოჩენილი მხატვრების, ელენე ახვლედიანის რეტროსპექტული გამოფენის და ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების განახლებული ექსპოზიციების პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, სიღნაღის მუზეუმი დემოკრატიული საქართველოს პირობებში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი და ის როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის მასშტაბით კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს. მუზეუმში ყოველწლიურად იზრდება სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დამთვალიერებელთა რიცხვი და ბოლო ათი წლის განმავლობაში 200 000 გადააჭარბა. ნიკო ფიროსმანისა და ელენე ახვლედიანის ნახატების გამოფენის ნახვა მუზეუმის სტუმრებისთვის თავისუფალია. გამოფენა გაზაფხულამდე გაგრძელდება.
წაკითხვა
ევროპელი ჟურნალისტები საქართველოში საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-18 12:28:00
ევროპელი ჟურნალისტები საქართველოში საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნენ.    ბრიტანელი, გერმანელი, ჰოლანდიელი, ბელარუსი და უკრაინული  მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით  ეწვივნენ.  ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა ტურისტული ღირსშესანიშნაობები  დაათვალიერეს და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. 
წაკითხვა
„დედა ენა“ - გია ყანჩელის ნაწარმოების პრემიერა რუსთველის თეატრის სცენაზე გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-10-18 12:25:00
გია ყანჩელის ნაწარმოების „დედა ენა“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა რუსთველის თეატრის სცენაზე. ნაწარმოები კომპოზიტორმა ბავშვთა გუნდისა და ორკესტრისათვის შექმნა და  გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებულმა გორის ბავშვთა გუნდმა და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა შეასრულა. კონცერტის დაწყებამდე გია ყანჩელმა, თავისი სახელობის პრემია, მუსიკოს ლევან დეისაძეს და ჯაზ-სექსტეტს „ჯორჯიან სიქს“ -ს გადასცა. 
წაკითხვა
ანა ჩუბინიძის „ჯიბის კაცი“ არაბთა გაერთიანებულ ემირატებში ფესტივალზე საუკეთესო ანიმაციურ ფილმად აღიარეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 23:01:00
„ჯიბის კაცის“ ახალი ჯილდო არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან - ანა ჩუბინიძის ანიმაციური ფილმი Sharjah International Children's Film Festival -მა 2017 წელს საუკეთესოდ აღიარა.ანა ჩუბინიძის ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი“ სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ანიმაციამ, კანადის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა. ნამუშევარი Rimouski Film Carrousel -ის ფესტივალის ჟიურიმ საუკეთესო საბავშვო ფილმად დაასახელა.„ჯიბის კაცის" საფესტივალო ცხოვრება ამ დროისთვის 90-მდე საერთაშორისო კინოფესტივალს ითვლის.
წაკითხვა
თბილისი მსოფლიოში აღიარებული ისლანდიელი მუსიკოსის ბიორკის მასპინძლობისთვის ემზადება
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 20:26:00
თბილისი მსოფლიოში აღიარებული კიდევ ერთი მუსიკოსის მასპინძლობისთვის ემზადება.31 ოქტომბერს და 3 ნოემბერს საქართველოში კონცერტებს ბიორკი გამართავს. სპეციფიკური პროგრამის გათვალისწინებით ისლანდიელმა მომღერალმა საკონცერტო ადგილები თავად შეარჩია.სცენაზე ცნობილ მუსიკოსთან ერთად ნიკოლოზ რაჭველიც იდგება, რომელიც წლებია, ბიორკის აქტიური თაყვანისმცემელია. ბილეთების გაყიდვა დაწყებულია.პროექტი Check in Georgia ამ შემთხვევაში მხოლოდ მხარდამჭერი იქნება.
წაკითხვა
საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის სიმღერის სასცენო ვერსიის გადაღებაზე მუშაობა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 18:44:00
პირველი არხი  საბავშვო ევროვიზია 2017-ის ქართველი კონკურსანტის, გრიგოლ ყიფშიძის სიმღერის სასცენო ვერსიის გადაღებაზე მუშაობს. სიმღერა, რომლითაც ქართველი მომღერალი მსმენელის წინაშე წარდგება, გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის. საბავშვო ევროვიზიას 2017 წელს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. კონკურსში მონაწილეობას ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. კონკურსის ჩატარების უფლება საქართველომ მას შემდეგ მოიპოვა, რაც გასულ წელს მალტაში საბავშვო ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული ქართველი მომღერალი მარიამ მამადაშვილი გახდა.გრიგოლ ყიფშიძის სიმღერის სასცენო ვერსიის პრემიერა პირველი არხის ეთერში რამდენიმე დღეში შედგება.
წაკითხვა
ფილმმა მერაბ ნინიძის მონაწილეობით Sitges International Fantastic Film Festival-ის გრან-პრი მოიპოვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 16:09:00
ფილმი ქართველი მსახიობის მერაბ ნინიძის მონაწილეობით - „იუპიტერის მთვარე“ Sitges International Fantastic Film Festival-ის გამარჯვებული გახდა. რეჟისორ კორნელ მუნდრუცოს ფილმმა გრან-პრი მთავარ ნომინაციაში - საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმი და ასევე, კიდევ ერთ ნომინაციაში - საუკეთესო სპეც-ეფექტებისთვის მოიპოვა. „იუპიტერის მთვარე“ ახალგაზრდა ემიგრანტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას ლტოლვილთა ბანაკში მოხვდება. მერაბ ნინიძე სწორედ ამ ბანაკის ექიმის როლს ასრულებს. ფილმი მიმდინარე წელს კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშიც მოხვდა.
წაკითხვა
სანდრო კობერიძის ფილმი Let The Summer Never Come Again ვალდივას საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 14:45:00
ქართველი რეჟისორი სანდრო კობერიძე მარსელის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვების შემდეგ, ისევ ფილმით Let The Summer Never Come Again ვალდივას ( ჩილე) საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა.გერმანულ-ქართული კო-პროდუქცია რეჟისორის სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ფილმია, რომელიც სანდრო კობერიძემ საქართველოში გადაიღო. ერთ-ერთ მთავარ როლს ფილმში მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი ასრულებს.
წაკითხვა
ელენე სებისკვერაძის "პატარა ხოჭო" კანადის ანიმაციური ფილმების ფესტივალზე საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში მოხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 12:03:00
26 წლის ელენე სებისკვერაძის ერთწუთიანი "პატარა ხოჭო" კანადის ანიმაციური ფილმების ფესტივალზე საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ფესტივალი Les Sommets du cinéma d’animation 22-26 ნოემბერს გაიმართება."პატარა ხოჭომ" სექტემბერში ხორვატიის ერთწუთიანი ფილმების ფესტივალზე ოქროს მედალი აიღო.ავტორის განცხადებით, ის აგრძელებს ერთწუთიანი პროექტის განვითარებაზე მუშაობას. "პატარა ხოჭოს" ახალი ვერსია კინოცენტრის პროექტის განვითარების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
წაკითხვა
ქართველი პოეტის, შოთა იათაშვილის ლექსი ბრიუსელის ცენტრში [ფოტოები]
გამოქვეყნებულია: 2017-10-16 23:16:00
ქართველი პოეტის ლექსი ბრიუსელის ცენტრში - შოთა იათაშვილის ლექსი „მე ავიბლანდე შენს დასავარცხნ თმაში“ „ტრანსპოეზიის“ ფესტივალში მონაწილეობს. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე ევროპელი პოეტების ლექსები განთავსდება ბელგიის დედაქალაქის სხვადასხვა საზოგადოებრივ ობიექტში ორიგინალ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. 15 ნოემბრამდე ლექსების გამოფენას ბრიუსელში მდებარე სავაჭრო ცენტრი Anspach Gallery მასპინძლობს. პროექტი ბრიუსელში 2011 წელს დაიწყო. ექვსი წლის განმავლობაში ფესტივალში 100-მდე პოეტმა მიიღო მონაწილეობა. 
წაკითხვა
პირველი საკონცერტო დარბაზი ბრიტანეთში, რომელმაც ქაღალდის ბილეთები აკრძალა
გამოქვეყნებულია: 2017-10-16 20:53:00
ბრიტანეთში Islington Assembly Hall-ი პირველია, რომელმაც ქაღალდის ბილეთების გამოყენება აკრძალა. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ძალაში მხოლოდ მობილური-ბილეთებია.საკონცერტო დარბაზი ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და მხოლოდ მობილურ ტელეფონებზე გამოსაყენებელ ციფრულ ბილეთებს გასცემს. ისინი პირდაპირ მყიდველის მობილურ ტელეფონებზე იგზავნება სპეციალური აპლიკაციის გამოყენებით, რომელიც იცავს ბილეთს გადაყიდვის ან გასხვისებისგან. სწორედ ამ აპლიკაციის საშუალებით, საკონცერტო დარბაზის უსაფრთხოების სამსახურისთვის ხდება ცნობილი, რომელი ბილეთია გადაცემული სხვისთვის და რომელია ორიგინალი.„ბილეთებით სპეკულირება წარსულს ჩაბარდა“, - განაცხადა Islington Assembly Hall-ის ფინანსურმა მენეჯერმა.
წაკითხვა
თბილისი მე-20 საიუბილეო ჯაზ-ფესტივალისთვის ემზადება
გამოქვეყნებულია: 2017-10-16 20:40:00
თბილისი მე-20 საიუბილეო ჯაზ-ფესტივალისთვის ემზადება. დიდი საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების საღამოებს უნდა დაეთმოს. საფესტივალო პროგრამაშია ცნობილი ჯაზ-შემსრულებლების მასტერკლასებიც. სტუმრების ჩამოსვლამდე თათია ბუხრაშვილი 39-წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალის დამაარსებლებს შეხვდა.   
წაკითხვა
ბიორკი ცნობილ დანიელ რეჟისორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-16 16:59:00
ისლანდიელი მომღერალი ბიორკი სავარაუდოდ, დანიელ რეჟისორ ლარს ფონ ტრიერს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.ბიორკმა სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ ერთ-ერთი დანიელი რეჟისორი მას ფილმის გადაღებების დროს ამცირებდა და სექსუალურად ავიწროებდა. დანიელ რეჟისორში უცხოურმა მედიამ ლარს ფონ ტრიერი ამოიცნო, რომელთანაც ისლანდიელმა მომღერალმა ფილმის Dancer in the dark გადაღებების დროს ითანამშრომლა.აღნიშნული ფილმისთვის ბიორკმა ოქროს პალმის რტო საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში მიიღო.შეგახსენებთ, ისლანდიელი მუსიკოსი​ ბიორკი ​მიმდინარე წლის 31 ოქტომბერსა და 3 ნოემბერს თბილისში ორ კონცერტს გამართავს. 
წაკითხვა
საქართველოს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა
გამოქვეყნებულია: 2017-10-16 12:28:00
საფრანგეთმა საქართველოს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი გადესცა. ცერემონია ფრანკფურტში ფრანგი და ქართველი ავტორების, გამომცემლების, კულტურის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა.  სპეციალური გრაგნილი შოთა რუსთაველის ციტატით ქართულ მხარეს ოფიციალურად გადაეცა.  ცერემონიალი ქართველი მუსიკოსის, ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის  მიერ შესრულებული მუსიკალური პერფორმანსით დასრულდა.  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად, მოლაპარაკებები ქართულმა მხარემ 2010 წლიდან, ოფიციალური სამზადისი კი, 2014 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყო.   
წაკითხვა
საბავშვო ევროვიზია 2018 ბელარუსის დედაქალაქში გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-10-16 09:31:00
საბავშვო ევროვიზია 2018 ბელარუსის დედაქალაქში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული სამაუწყებლო კავშირის ვებგვერდზე ვრცელდება. მე-16-ე მუსიკალურ კონკურსს „ბელტელერადიოკომპანია“ გააშუქებს. საბავშვო ევროვიზია ბელარუსში უკვე მეორედ გაიმართება. პირველად ქვეყანამ კონკურსს 2010 წელს უმასპინძლა. წელს კი საბავშვო ევროვიზია საქართველოში, 26 ნოემბერს გაიმართება.წყარო: EBU
წაკითხვა
თელავში „მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2017“ დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-15 22:53:00
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში „მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2017“ დასრულდა. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე საფესტივალო ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით წარდგა.ცნობილი პიანისტის, ელისო ვირსალაძის, მამიკონ ნახაპეტოვისა და ჩელისტი დიმიტრი პროკოფიევის მიერ შესრულებულმა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტისა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის კონცერტმა მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.წლევანდელი ფესტივალი მისი დამფუძნებლის, გამოჩენილი ქართველი პიანისტის, ელისო ვირსალაძის სასცენო მოღვაწეობის 55 წლისთავს დაემთხვა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ელისო ვირსალაძე პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
წაკითხვა
რუსთავის მუნიციპალურმა თეატრმა 50-ე საიუბილეო სეზონი გახსნა
გამოქვეყნებულია: 2017-10-15 20:08:00
გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურმა თეატრმა 50-ე საიუბილეო სეზონი რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის სპექტაკლით „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ გახსნა. სპექტაკლის დაწყებამდე ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ მაყურებელს თეატრის განვითარების გეგმების შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა. სოსო ნემსაძე აღნიშნულ პოზიციაზე სპეციალურმა სარეკომენდაციო საბჭომ შეარჩია და დასამტკიცებლად რუსთავის მერს წარუდგინა. მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი 22 აგვისტოს მოეწერა.სპექტაკლი „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ რომლის ავტორიც თამარ ფხაკაძეა, რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა რუსთავის თეატრში წინა სეზონზე დადგა. თემა სამაჩაბლოში არსებულ კონფლიქტურ მოვლენებს ეხება, რომელშიც მთავარი გმირები საკუთარი მიწისთვის იბრძვიან. 19 ოქტომბერს თეატრი დამფუძნებელი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის 90 წლის იუბილეს მისი ფოტო გამოფენით აღნიშნავს.
წაკითხვა