საზოგადოებრივი
104.5 FM
"აირზენა" მომხმარებელს ელექტრონული ბილეთების სერვისს სთავაზობს
გამოქვეყნებულია: 2009-01-29 18:13:17
"აირზენა – ქართული ავიახაზები" მომხმარებელს ელექტრონული ბილეთების სერვისს სთავაზობს. ამიერიდან საიტზე - www.airzena.com შესვლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია სასურველი მიმართულება აირჩიოს, მგზავრობის პირობებს გაეცნოს და საკრედიტო ბარათის ნომერიც შეიყვანოს, საიტზე დასტურის მიღების შემდეგ კი ელექტრონული ბილეთი თავადვე ამობეჭდოს. ავიაკომპანიის ახალი სერვისი არ უკავშირდება დამატებით ხარჯებს და მომხმარებელს არც ბილეთის დაკარგვის შემთხვევაში მოუწევს ჯარიმის გადახდა.
წაკითხვა
რკინიგზის თანამშრომლებს შემცირება არ ემუქრებათ
გამოქვეყნებულია: 2009-01-29 18:03:49
რკინიგზის თანამშრომლებს, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, შემცირება არ ემუქრებათ. ამის შესახებ დღეს განცხადება შპს "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ გააკეთა. მან 2008 წელი შეაჯამა და განაცხადა, რომ ომის მიუხედავად, 2007 წელთან შედარებით რკინიგზაში ტვირთების გადაზიდვამ მხოლოდ რამდენიმე ასეული ტონით მოიკლო, რაც ასეთ პირობებში კარგი შედეგია. ეზუგბაიას განცხადებით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ძირითადი სატრანსპორტო კომპანიების ნდობის შენარჩუნება შეძლეს. მისი თქმით, 2009 წელს რკინიგზის მონაწილეობა ქართულ ეკონომიკაში 350 მილიონი დოლარი იქნება.
წაკითხვა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი "ნაბუკოს" დასაფინანსებლად მზად არიან
გამოქვეყნებულია: 2009-01-28 10:48:43
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი "ნაბუკოს" პროექტის დასაფინანსებლად მზად არიან. სპეციალურ დეკლარაციას ბუდაპეშტის სამიტზე მყოფმა ყველა ქვეყანამ მოაწერა ხელია. საქართველოს ვიცე-პრემიერმა ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის მასშტაბური შეკრება იანვარში რუსეთ-უკრაინას შორის გაზის საკითხის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია; ევროპა უკვე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ რუსეთი გაზის მოწოდების მხრივ არასაიმედო პარტნიორია. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ევროპა გაზს რუსეთის გვერდის ავლით მიიღებს.
წაკითხვა
ბუდაპეშტში ნაბუკოს პროექტთან დაკავშირებით სამიტი მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2009-01-27 16:24:24
ბუდაპეშტში ნაბუკოს პროექტთან დაკავშირებით სამიტი მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაციას სამიტზე ვიცე-პრემიერი ნიკა გილაური ხელძმღვანელობს. სამიტზე ასევე იმყოფებიან შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც შეხვედრას ესწრება, ილჰამ ალიევია. ნაბუკოს პროექტი აზერბაიჯანიდან და შუა აზიიდან ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. მილსადენი საქართველოსა და თურქეთზეც გაივლის. რუსეთ-უკრაინის გაზის ომის შემდეგ ნაბუკოს პროექტი ევროპისთვის უფრო აქტუალური გახდა, რადგან ეს ევროპისთვის არის შანსი, ალტერნატიული გზით მიიღოს თურქმენული, ყაზახური და აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი.
წაკითხვა
ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებაზე საუბრობენ
გამოქვეყნებულია: 2009-01-27 10:23:34
ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებაზე საუბრობენ. ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა ენერგოდივერსიფიკაციაზე ისაუბრეს. მირეკ ტოპოლანიკმა და ნიკა გილაურმა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს და საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელეს.
წაკითხვა
”გარდიანი” ფინანსური კრიზისის დაწყებაში დამნაშავეთა სიას აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2009-01-26 17:06:17
”გარდიანი” მსოფლიოში ფინანსური კრიზისის დაწყებაში დამნაშავეთა სიას აქვეყნებს. ჩამონათვალში 25-ი ადამიანია, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი ხელმძღვანელია. გავლენიანი ბრიტანული გამოცემა წერს, რომ კრიზისის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ალან გრისფენმა იპოთეკური პოლიტიკის დაგეგმვისას მოსალოდნელი შედეგები ვერ გათვალა. პოლიტიკოსებიდან სიაში ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში და გორდონ ბრაუნი მოხვდნენ. კრიზისის დაწყების შესახებ ვარაუდი ჰქონდათ, მაგრამ არაფერი მოიმოქმედეს ჯორჯ სოროსმა, ჯონ პოლსონმა და უორენ ბაფეტმა. ფინანსური კრიზისის პირველ საფეხურად კი გაზეთი ”ლემან ბრაზერსის” გაკოტრებას მიიჩნევს.
წაკითხვა
ბუდაპეშტში "ნაბუკოს" პროექტის განხილვა იწყება
გამოქვეყნებულია: 2009-01-26 10:19:52
"ნაბუკოს" პროექტის განხილვა ბუდაპეშტში დღეს იწყება. ენერგოუსაფრთხოების სამიტის წევრები სავარაუდოდ გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. "ნაბუკოს" პროექტი პირველ ეტაპზე ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის გაგრძელების ხარჯზე გაფართოებას ითვალისწინებს. ასევე იგეგმება შუააზიური გაზის ევროპაში საქართველოსა და თურქეთის გავლით ტრანსპორტირება. სამიტზე საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ნიკა გილაური წარმოადგენს. მასთან ერთად ბუდაპეშტში ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგურიც ჩავა. "ნაბუკოს" გაზსადენის მშენებლობა განსაკუთრებით აქტუალური რუსეთ–უკრაინის დაპირისპირების შემდეგ გახდა.
წაკითხვა
ბუდაპეშტში ”ნაბუკოს” გაზსადენზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას ელოდებიან
გამოქვეყნებულია: 2009-01-21 10:31:27
ბუდაპეშტში 26-28 იანვარს ”ნაბუკოს” გაზსადენზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას ელოდებიან. სამიტს, რომელზეც ბაქო-თბილისი-ერზურუმის გაზსადენის გაგრძელებაზე ახალი მილსადენის მშენებლობას განიხილავენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. რუსეთ –უკრაინის დაპირისპირების შემდეგ "ნაბუკოს" გაზსადენის მშენებლობა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ამ გზით, საქართველოს გავლით, აზერბაიჯანული და თურქმენული ბუნებრივი აირი ევროპაში მოხვდება. პროექტს ეწინააღმდეგება რუსეთი, რომელიც აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ალტერნატიულ სამხრეთის ნაკადის პროექტთან დაკავშირებით.
წაკითხვა
"საქართველოს ბანკი" 200 მილიონ დოლარს მიიღებს
გამოქვეყნებულია: 2009-01-20 17:42:28
"საქართველოს ბანკი" 2009 წელს მსოფლიო საფინანსო კორპორაციისა და ევრობანკისგან 200 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. ხელშეკრულებას ხელი 30 დეკემბერს მოეწერა. ფინანსური პაკეტი გათვლილია საწარმოების განვითარებასა და შრომის ბაზრის გაუმჯობესებაზე. აგვისტოს ომის შემდეგ დაკრედიტების ოპერაციების შეზღუდვა ამ თანხის დახმარებით ნაწილობრივ მოიხსნება და შემცირდება სესხის გაცემასთან დაკავშირებული რისკები. "საქართველოს ბანკის" გარდა, 2009 წელს დაფინანსებას კიდევ სამი კომერციული ბანკი მიიღებს, მათ შორისაა "თი–ბი–სი ბანკიც". საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ასევე აპირებენ ხელი შეუწყონ ინფრასტრუქტურის, ტელეკომუნიკაციების, ტრანსპორტისა და სასოფლო–სამეურნეო ბიზნესის განვითარებას.
წაკითხვა
ნაბუკოს გაზსადენთან დაკავშირებით ევროკავშირმა და თურქეთმა შეთანხმებას მიაღწიეს
გამოქვეყნებულია: 2009-01-20 10:23:39
ნაბუკოს გაზსადენთან დაკავშირებით ევროკავშირმა და თურქეთმა შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაცია ევროკომიის ხელმძღვანელმა ხოსე მანუელ ბაროზომ და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურეს. აღსანიშნავია, რომ ბაროზოსთან შეხვედრამდე თურქეთის პრემიერმა განსხვავებული განცხადება გააკეთა. ერდოგანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ შეფერხდება, ქვეყანა ნაბუკოს პროექტში მონაწილეობის საკითხს სერიოზულად გადახედავს. ნაბუკოს გაზსადენის მშენებლობა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ნაბუკოს გაზსადენი საქართველოზეც გაივლის. მისი მეშვეობით ევროპა გაზს შუა აზიიდან რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიის გავლის გარეშე მიიღებს.
წაკითხვა
ინდური კომპანიები საქართველოში ნავთობის ძიების სამუშაოებში 150 მილიონ დოლარს ჩადებენ
გამოქვეყნებულია: 2009-01-16 11:17:24
ინდური კომპანიები “ჯინდალ პეტროლიუმი” და “ენსერჩ პეტროლიუმი” საქართველოში ნავთობის ძიების სამუშაოებში 4 წლის განმავლობაში 150 მილიონ დოლარს ჩადებენ. აღნიშნულ კომპანიებთან წილობრივი განაწილების ხელშეკრულება გუშინ დაიდო. საძიებო სამუშაოები კახეთში, შიდა ქართლში, გურიაში, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში განხორციელდება. ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ იმ ბლოკებზე, სადაც ინდური კომპანიები იმუშავებენ, ნავთობის სავარაუდო მარაგი 200-250 მილიონ ტონას შეადგენს. ინდური მხარის პროგნოზით კი, ნავთობის ოდენობამ შესაძლოა ერთ მილიარდ ტონას მიაღწიოს.
წაკითხვა
სამეგრელო-ზემო სვანეთში გზების მშენებლობაზე 29 450 000 ლარი დაიხარჯება
გამოქვეყნებულია: 2009-01-15 17:02:48
სამეგრელო-ზემო სვანეთში გზების მშენებლობაზე 29 450 000 ლარი დაიხარჯება. საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე მალხაზ ნიკოლეიშვილი დღეს ზუგდიდში ჩავიდა და სამხარეო ადმინისტრაციაში რაიონების გამგებლებსა და საგზაო-სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სამეგრელოში სარეაბილიტაციო სამუშაოები გზის 94 კილომეტრზე ჩატარდება, დასრულდება სამი ახალი ხიდის მშენებლობა, ორს კი აღადგენენ. ტენდერში 12 ადგილობრივი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. სამუშაოებშიც ადგილობრივები დასაქმდებიან.
წაკითხვა
საქართველოში დღეიდან საბაჟო საზღვარზე “ოქროს სია” მოქმედებს
გამოქვეყნებულია: 2009-01-15 12:50:50
საქართველოში დღეიდან საბაჟო საზღვარზე “ოქროს სია” მოქმედებს. ექსპორტიორები, რომელთა ბრუნვაც 10 მილიონია, წლის განმავლობაში გამშვებ პუნქტზე 100-მდე საბაჟო დეკლარაცია აქვთ წარდგენილი, ასევე მილიონ 800 ათასი ლარის საბაჟო გადასახადი აქვთ გადახდილი და მძიმე საბაჟო დანაშაული არ ჩაუდენიათ, გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით ბიზნესმენებმა შემოსავლების სამსახურში გარანტია დღეიდან უნდა წარადგინონ. “ოქროს სიაში” შესულები ტვირთს საწყობებში საბაჟო შემოწმების გარეშე გადაიტანენ. საბაჟო გადასახადს კი ერთი თვის შემდეგ გადაიხდიან. შეღავათები ექსპორტიორებზე მუდმივად გავრცელდება, თუ ისინი პირობებს არ დაარღვევენ. საბაჟო პარტნიორობის პროგრამა საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებზე, საერთაშორისო და დიპლომატიურ ორგანიზაციებზე გავრცელდება.
წაკითხვა
გზების რეაბილიტაციაზე ტენდერები დღეს ცხადდება
გამოქვეყნებულია: 2009-01-15 12:15:58
გზების რეაბილიტაციაზე ტენდერები დღეს ცხადდება. მშენებლობა რამდენიმე მიმართულებით უნდა დაიწყოს. დასრულდება ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობა, განხორციელდება კახეთის საავტომობილო მაგისტრალისა და სამცხე-ჯავახეთთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. შეკეთდება სოფლის გზებიც. სულ რეაბილიტირებული იქნება 618 კილომეტრი გზა, რაც 160 სოფელს მოიცავს. თბილისი-თელავის მონაკვეთზე ახალი გზის დასრულების შემდეგ, გომბორის გავლით, თელავში ჩასვლა 55 წუთში იქნება შესაძლებელი. ამ გზით სარგებლობა რამდენიმე დასახლებულ პუნქტს, მათ შორის კურორტ სიონსაც შეეძლება. იგეგმება რიკოთის გვირაბის შეკეთებაც. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება.
წაკითხვა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები "ენგურჰესთან" დაკავშირებით გაფორმებულ მემორანდუმს აპროტესტებენ
გამოქვეყნებულია: 2009-01-15 10:21:19
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები "ენგურჰესთან" დაკავშირებით გაფორმებულ მემორანდუმს აპროტესტებენ. ფრაქციების – ” ერთიანი საქართველოსა” და ”დაბრუნების” წევრები მიიჩნევენ, რომ მემორანდუმი ფარულად გაფორმდა, რაც პოლიტიკურად და ზნეობრივად გამართლებული არ არის. საბჭოს წევრებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს, თუმცა სატელეფონო საუბარში აღნიშნეს, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, პროცესში აუცილებელი იყო დევნილი მოსახლეობის ჩართვა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსულ ” ინტერ რაო ეესს” შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი 30 დეკემბერს გაფორმდა. შეთანხმება "ენგურჰესის" კასკადების ერთობლივ მართვას გულისხმობს.
წაკითხვა
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით 32-ე ადგილზეა
გამოქვეყნებულია: 2009-01-14 13:23:35
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით 32-ე ადგილზეა, – რეიტინგი "ჰერიტეიჯ ფაუნდეიშენის" წლიურ ანგარიშშია მოცემული. საქართველოს 69,8 ქულა აქვს მინიჭებული, რაც შარშანდელ მონაცემებს 0,5 აღემატება. ანგარიშში ისიც არის აღნიშნული, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყებისთვის 3 დღეა საჭირო, მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში აღნიშნული მაჩვენებელი საშუალოდ 38 დღეს შეადგენს. ექსპერტების აზრით, მაჩვენებლის ზრდა საქართველოში ინვესტიციების შემოსვლასა და საშუალო და მსხვილი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.
წაკითხვა
გზების რეაბილიტაციაზე ტენდერები გამოცხადდება
გამოქვეყნებულია: 2009-01-14 13:19:16
ხვალიდან გზების რეაბილიტაციაზე ტენდერები გამოცხადდება. მშენებლობა რამდენიმე მიმართულებით უნდა დაიწყოს. დასრულდება ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობა, განხორციელდება კახეთის საავტომობილო მაგისტრალისა და სამცხე-ჯავახეთთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. შეკეთდება სოფლის გზებიც. სულ რეაბილიტირებული იქნება გზის 618–კილომეტრიანი მონაკვეთი, რაც 160 სოფელს მოიცავს. თბილისი-თელავის მონაკვეთზე ახალი გზის დასრულების შემდეგ, გომბორის გავლით თელავში ჩასვლა 55 წუთში იქნება შესაძლებელი. ამ გზით სარგებლობა რამდენიმე დასახლებულ პუნქტს, მათ შორის კურორტ სიონსაც შეეძლება. იგეგმება რიკოთის გვირაბის შეკეთებაც. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება.
წაკითხვა
ევროკავშირი "ნაბუკოს" გაზსადენის მშენებლობის დაჩქარების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს
გამოქვეყნებულია: 2009-01-14 12:34:43
ევროკავშირი რუსეთის გვერდის ავლით "ნაბუკოს" გაზსადენის მშენებლობის დაჩქარების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. დასკვნა იანვრის ბოლოსთვის ბუდაპეშტში დაგეგმილ ენერგეტიკულ ფორუმზე გახმოვანდება. გაზსადენის მშენებლობის დაჩქარება ბრიუსელში ევროკავშირის ენერგეტიკული საბჭოს სხდომაზე წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდა. ენერგეტიკულმა საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდების შემცირებისა და შესაბამისად, რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებულების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. ევროკავშირს წინააღმდეგობა არც რუსეთის ტრადიციულმა პარტნიორებმა გერმანიამ და უნგრეთმა გაუწიეს. ევროპის ქვეყნებმა გამოთქვეს მზადყოფნა "ნაბუკოს" პროექტში მონაწილეობის მისაღებად. ექსპერტების შეფასებით, ევროპულ ბაზარზე რუსული გაზის მიწოდების შემცირება გარდაუვალია.
წაკითხვა
გიგი უგულავამ საკონდიტრო ქარხანა დაათვალიერა
გამოქვეყნებულია: 2009-01-13 18:21:46
დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ საკონდიტრო ქარხანა "ტკბილი ქვეყანა" დაათვალიერა და საწარმოში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ქართულ ბაზარზე 2005 წლიდანაა და 75 დასახელების პროდუქტს აწარმოებს. საწარმოს მოგება 2008 წელს, წინა წელთან შედარებით, 20 პროცენტით გაიზარდა.
წაკითხვა
ეკონომიკის სამინისტროში საინვესტიციო ხელშეკრულების დეტალებზე მსჯელობენ
გამოქვეყნებულია: 2009-01-13 16:57:51
ამერიკა-საქართველოს შორის გაფორმებული ქარტიის შემდეგ ეკონომიკის სამინისტროში იმ საინვესტიციო ხელშეკრულების დეტალებზე მსჯელობენ, რომლის ხელმოწერაც ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის შემოდგომაზე მოხდება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, საინვესტიციო ხელშეკრულება ორივე მხარეს ავალდებულებს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით იმუშაოს. ჟვანიამ ეკონომიკური ჯგუფის წევრებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა და კონკრეტული დავალებებიც მისცა.
წაკითხვა