საქართველოს რეგიონებში ბიზნესის განვითარების პოტენციალს შეისწავლიან
გამოქვეყნებულია: 2017-08-10 19:34:00
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპებს „აწარმოე საქართველოში“, „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა“ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ქვეყანაში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით იმუშავებენ. კერძოდ, ბიზნესის განვითარების პოტენციალის მქონე სექტორების იდენტიფიცირების მიზნით პროექტის სამიზნე რეგიონებში, შეისწავლიან სხვადასხვა ბიზნეს შესაძლებლობებს და გამოწვევებს. პროექტის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ სამიზნე რეგიონებში “აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ბენეფიციარებისთვის და მცირე მეწარმეებისთვის DCFTA-ის ტექნიკური მოთხოვნების და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.ასევე, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრი ხელს შეუწყობს “აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს განახლებული სერვისებისა და პროგრამების შესახებ კერძო სექტორის ინფორმირებულობას. მხარეები ასევე განიხილავენ ექსპორტისა და ინვესტიციების პოტენციალის მქონე ბიზნეს სექტორების, პროდუქტებისა და მომსახურების სფეროების განვითარებისა და ხელშეწყობის მექანიზმებს."აღნიშნული მემორანდუმი 2 წლიან პროექტს გულისხმობს. კონკრეტულად, ეს ურთიერთთანამშრომლობა კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობას ეხება, რადგან მოვახდინოთ მეტი სინერგია და ერთობლივად ვიმუშაოთ სხვადასხვა რეგიონებში. პირველ რიგში, ხელშეკრულება კერძო სექტორისთვის ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ ბარიერებზე და მოთხოვნებზე არსებული ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. რათა ხელი შევუწყოთ ექსპორტის პოტენციალის გაზრდას, როგორც მცირე, საშუალო და მიკრობიზნეს სფეროში, ასევე ,,აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციართა ჯგუფში ინფორმაციის შეტანას, “ - განაცხადა "აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ ზვიად ქვლივიძემ.ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის თქმით, პროექტი გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს კერძო, საშუალო და მიკრობიზნესის წარმომადგენლებს.
წაკითხვა