საზოგადოებრივი
104.5 FM
ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-09-13 15:16:00
ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა.25 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლითა აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 
წაკითხვა
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-13 15:01:00
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე, რესტორან „გრანდ პალასის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შეჯახების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ხუთ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, ხოლო ორის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ისინი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან გადაყვანილნი. ორივეს მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ერთს თავის ზედაპირული ტრავმა, ხოლო მეორეს, საშუალო სიმძიმის მუცლის ტრავმა აღენიშნება.ქუთაისი-წყალტუბოს მონაკვეთზე გზა გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულა საპატრულო პოლიცია.
წაკითხვა
ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მოზარდია
გამოქვეყნებულია: 2017-09-13 11:10:00
ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მოზარდია.ერთმანეთს სატვირთო ავტომანქანა, ე.წ. ტრაილერი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევა ბათუმი-ხელვაჩაურის ცენტრალურ ავტომაგისტრალთან, ხახულის ქუჩის გადასახვევზე მოხდა.დაშავებულები ბათუმის რეფერალურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ნაწილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, ნაწილმა კი სამედიცინო დაწესებულებას თავად მიმართა. მოზარდი კი დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს.„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა კლინიკაში ექვსი დაშავებული გადაიყვანა, დანარჩენებმა საავადმყოფოს თავად მიმართეს. არც ერთ მათგანს მძიმე დაზიანება არ ჰქონდა. ძირითადად, აღენიშნებოდათ დაჟეჟილობა და ნაკაწრები“, - განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.სავარაუდოდ, ამბულატორიული დახმარების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს დაშავებულები მალე დატოვებენ.როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარე ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. 
წაკითხვა
თვითმხილველის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკში“ ორი პირი შეიჭრა, ერთმა გაქცევა მოახერხა
გამოქვეყნებულია: 2017-09-12 18:02:00
თვითმხილველის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკში“ ყაჩაღობის მიზნით, ორი პირი შეიჭრა, საიდანაც ერთმა გაქცევა მოახერხა. ამის შესახებ თვითმხილველმა პირველ არხს განუცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას საგამოძიებო უწყებაში ჯერჯერობით არ ადასტურებენ.შსს-ს ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა, რომელიც თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
წაკითხვა
„საქართველოს ბანკი“ წერეთლის ფილიალში ყაჩაღობის მცდელობაზე განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-09-12 17:59:00
„საქართველოს ბანკი“ მის ერთ-ერთ ფილიალში ყაჩაღობის მცდელობაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს ბანკის“ წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალში დაფიქსირდა ყაჩაღობის მცდელობა. ფილიალში შეჭრიდან და საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერიდან პოლიცია ადგილზე ოპერატიულად მივიდა და შეჭრილ პირს დანებება შესთავაზა, თუმცა მან თვითმკვლელობის მიზნით გასროლა განახორციელა, რაც სავალალო შედეგით დასრულდა. „საქართველოს ბანკი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ განცხადებაში.
წაკითხვა
შსს - ქობულეთში ოთხი პირის ცემაში ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა მონაწილეობა არ ფიქსირდება
გამოქვეყნებულია: 2017-09-12 17:14:00
ქობულეთში, გუშინ ღამით ოთხი პირის ცემაში ძალოვანი ან სამართალდამცავი უწყებების თანამშრომელთა მონაწილეობა არ ფიქსირდება. ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით უკვე მოხდა მონაწილე პირთა იდენტიფიცირება. გამოძიება კი კვლავ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, არავინ დაუკავებიათ.შემთხვევა ქობულეთში გუშინ ღამით მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ოთხ პირს სცემეს. დაშავებულები აცხადებდნენ, რომ მათ ფიზიკურად ძალოვანი უწყებების თანამშრომლები გაუსწორდნენ.
წაკითხვა
ქობულეთში ნაცემ სამ პირს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება
გამოქვეყნებულია: 2017-09-12 16:36:00
სამი პირი, რომელთაც გუშინ, გვიან ღამით, ქობულეთში სცემეს, რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. „მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, სამივე მათგანს თავის არეში დაზიანებები აღენიშნება. მათ შორის ერთის მდგომარეობა, რომელსაც ტვინის შერყევა დაუფიქსირდა, საშუალო სიმძიმისაა. ექიმების განცხადებით, პაციენტებს უტარდებათ გამოკვლევები და ამის შემდეგ გადაწყდება, რომელ პაციენტს დასჭირდება ხანგრძლივი სტაციონარული მკურნალობა.„სამივე პაციენტმა კლინიკას დღეს მომართა, მათ დაზიანებები თავის არეში აქვთ მიყენებული. მათ შორის ერთის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც საშუალო სიმძიმის, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით კვლევების დასრულების შემდეგ“, - განაცხადა პირველ არხთან კლინიკის მენეჯერმა ირინა დოლიძემ.შემთხვევა წუხელ დაახლოებით პირველ საათზე მოხდა. ოთხ პირს დაუდგენელმა პირებმა სცემეს. დაშავებულები ირწმუნებიან, რომ მათ ფიზიკურად ძალოვანი უწყების თანამშრომლები გაუსწორდნენ.შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს პირთა იდენტიფიცირება. ამ ეტაპზე, მათ არ აქვთ ინფორმაცია ინციდენტში ძალოვანი უწყების თანამშრომელთა მონაწილეობის შესახებ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
წაკითხვა
ქობულეთში ძალოვანი უწყების თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებენ
განახლებულია: 2017-09-12 15:15:00
ქობულეთში, რესტორან პალმის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუდგენელმა პირებმა ოთხ ახალგაზრდას სცემეს. „მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ორ მათგანს ამ დროისთვის გადაადგილება არ შეუძლია, მათ დაზიანებები თავის არეში აქვთ მიყენებული. დაშავებულები ამტკიცებენ, რომ მათ ძალოვანი უწყების თანამშრომლები გაურკვეველი მიზეზით დაესხნენ თავს და სასტიკად გაუსწორდნენ. „ღამის პირველ საათზე ვიყავით პარკში, რესტორანი სადაც მისვლას ვგეგმავდით დაკეტილი იყო და წამოვედით უკან, დავინახე პიკაპი და რვა ადამიანი, რომელიც ჩვენკენ მორბოდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ რასაც ჰქვია გადაგვიარეს, შევამჩნიე, რომ მაისურებზე „შსს“ ეწერათ, სპეცდანიშნულების რაზმი იყო ალბათ. ადგილობრივები ნამდვილად არ იყვნენ.შემთხვევის შემდეგ 112-ში სხვებმა დარეკეს, მე გავვარდი ადგილიდან და ვყვიროდი გვიშველეთ, ბიჭები ცემაში მოკლეს-მეთქი“- აცხადებს ერთ-ერთი დაშავებული მალხაზ გირითილაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. რაც შეეხება კითხვას, იყვნენ თუ არა თავდამსხმელები ძალოვანი უწყების თანამშრომლები, სამინისტროს პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ მიმდინარეობს პირთა იდენტიფიცირება და, ამ დროისათვის, სხვა ინფორმაციას არ ფლობენ.
წაკითხვა
თვითმხილველების ინფორმაციით, ორთაჭალაში მოკლული მამაკაცი და სავარაუდო მკვლელი ერთ-ერთ რესტორანში ერთად იმყოფებოდნენ
განახლებულია: 2017-09-12 09:20:00
ორთაჭალაში მოკლული მამაკაცი და სავარაუდო მკვლელი, მკვლელობის მომენტამდე, ერთ-ერთ რესტორანში ერთად იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს. მათი ინფორმაციით, რესტორანში ჯერ მოკლული მამაკაცი მივიდა, შემდეგ კი სავარაუდო მკვლელი. „დაახლოებით 40-50 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ რესტორანში, რა დროსაც ხმადაბლა კამათობდნენ, შემდეგ რესტორნის ტერიტორია დატოვეს და კონფლიქტი გარეთ გაგრძელდა“, - აცხადებს მომხდარის თვითმხილველი პირველ არხთან. თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე ორმხრივ სროლას ჰქონდა ადგილი. მათი თქმით, სულ შვიდი-რვა გასროლა განხორციელდა. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა პირველ არხს განუცხადა, სავარაუდო მკვლელის მხრიდან პირველი გასროლის შემდეგ, მამაკაცი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში ჩაჯდა, სადაც სავარაუდოდ იარაღი ჰქონდა და მანქანიდან საპასუხო გასროლა განახორციელა, რასაც ავტომანქანის გარეთ მყოფი სავარაუდო მკვლელის მხრიდან კიდევ მოჰყვა რამდენიმე გასროლა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მოკლულის ავტომანქანას მინიმუმ ორი ნატყვიარი ემჩნევა, ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი გვერდით მდგომ ავტომობილსაც. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინილისტები. შეგახსენებთ, ორთაჭალაში მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. 
წაკითხვა
შუახევში ხანძარი ლოკალიზებულია
გამოქვეყნებულია: 2017-09-12 05:45:00
შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩიძეების ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ პირველ არხს შუახევის გამგებელმა, ტარიელ ებრალიძემ განუცხადა. მისი თქმით, დამწვარია 300 კვადრატული მეტრამდე ბუჩქნარი. შუახევის გამგებლის ინფორმაციით, ადგილზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც დილიდან, ხანძრის სრულად ლიკვიდაციის მიზნით, ტერიტორიას კიდევ ერთხელ შეამოწმებენ. შუახევში, სოფელ დარჩიძეების ტყეში ხანძარი 11 სექტემბერს, საღამოს გაჩნდა. ცეცხლის კერა სოფლიდან დაახლოებით რვა კილომეტრის დაშორებით, მიუვალ ადგილზე იყო. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ფეხით მივიდნენ და ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე საათში შეძლეს. 
წაკითხვა
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-12 00:36:00
ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
წაკითხვა
შუახევის გამგებელი - ხანძრის გამო, დასახლებულ პუნქტებს საშიშროება არ ემუქრება
გამოქვეყნებულია: 2017-09-11 21:22:00
წინასწარი ინფორმაციით, შუახევში ხანძარი 200-300 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული. დასახლებულ პუნქტებს საშიშროება არ ემუქრება, - ამის შესახებ პირველ არხს შუახევის გამგებელმა, ტარიელ ებრალიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ხანძარი სავარაუდოდ სოფელ დარჩიძეებიდან 7-8 კილომეტრის მოშორებით, ტრანსპორტისთვის მიუვალ ადგილზე გაჩნდა. ადგილზე გაემგზავრა შუახევის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. „ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რა მასშტაბისაა ხანძარი. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი 200-დან 300-მდე კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო. დასახლებულ პუნქტებს საშიშროება არ ემუქრება, რადგან ხანძარი რვა კილომეტრის მოშორებით გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფება შუახევის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მათგან ველოდებით დეტალურ ინფორმაციას. ამ წუთებში, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, მეც ფეხით მივემართები ხანძრის კერისკენ. იქ ტრანსპორტი არ მოძრაობს. მეგზურობას სოფლის მკვიდრები გვიწევენ. დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით, გახდება თუ არა დამატებითი ძალების მობილიზება საჭირო“, - განაცხადა პირველ არხთან შუახევის გამგებელმა. შეგახსენებთ, შუახევში, ტყეში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. სოფელ დარჩიძეებთან ახლოს კვამლი ადგილობრივებმა შენიშნეს.
წაკითხვა
6 წლის ბავშვს, რომელსაც ფეხი მარჯანიშვილის მეტროს ესკალატორში მოყვა, მძიმე დაზიანება არ აქვს
გამოქვეყნებულია: 2017-09-09 23:36:00
6 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ფეხი მარჯანიშვილის მეტროს ესკალატორში მოყვა, სტაბილურია, - ამის შესახებ პირველ არხს ინგოროყვას კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ფეხის ძვალი დაზიანებული არ არის. ბავშვს, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ.თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს ესკალატორში, რამდენიმე საათის წინ, 6 წლის ბავშვს ფეხი მოყვა. ადგილზე სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს. 
წაკითხვა
6 წლის ბავშვს მარჯანიშვილის მეტროს ესკალატორში ფეხი მოყვა
გამოქვეყნებულია: 2017-09-09 22:38:00
თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს ესკალატორში 6 წლის ბავშვს ფეხი მოყვა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე სამაშველო სამსახური და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. ამ დროისთვის, ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ფეხის დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.
წაკითხვა
კახეთში ავარიის შედეგად 15 წლის მოზარდი მძიმედ დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-09 21:55:00
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის გადასახვევთან​ ერთმანეთს ოთხი მანქანა შეეჯახა - ფორდის მარკის სამარშრუტო ტაქსი და სამი მსუბუქი ავტომობილი.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.როგორც პირველ არხს მელაანში გურჯაანის გამგებლის წარმომადგენელმა გოჩა მესხიშვილმა დაუდასტურა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა 15 წლის მოზარდი, რომელიც გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი. რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, მათ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას,  რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
წაკითხვა
ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
გამოქვეყნებულია: 2017-09-09 16:20:00
ზუგდიდში, ლაზის ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ოჯახში მარტოხელა მამაკაცი ცხოვრობდა, რომელიც შეუძლოდ იყო. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულნი და ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახდინეს. მამაკაცი ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის რეფერალურ საავადმყოფოში შოკური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. როგორც ექიმები აცხადებენ, მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წაკითხვა
ბათუმში მომხდარი შემთხვევის შესახებ, სამშენებლო კომპანია ტექნიკის გაუმართაობას გამორიცხავს
გამოქვეყნებულია: 2017-09-09 09:56:00
ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, სამშენებლო კომპანია „მეტროს“ წარმომადგენელი რაულ კახაძე აცხადებს, რომ ამწეები გამართული იყო და არსებობს მისი ექსპლუატაციაში ყოფნის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გამოძიების დასრულებამდე, კახაძე შემთხვევის მიზეზებზე ვერ საუბრობს.„ამწეები გამართული იყო. მშენებლობაზე დაცულია უსაფრთხოების ნორმები და ამას გამოძიებაც დაადგენს“ -განაცხადა რაულ კახაძემ პირველ არხთან საურისას.ის ამბობს, რომ მუშები დაზღვეულნი იყვნენ და პოლისით გათვალისწინებული თანხის პარალელურად, ოჯახები კომპენსაციას კომპანიისგან დამატებით მიიღებენ.„მინდა მივუსამძიმრო კომპანიის სახელით გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს, მიმდინარეობს გამოძიება და ველოდებით შედეგებს“, - განაცხადა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა. ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე, სადაც გუშინ, მშენებარე კორპუსში მომხდარი შემთხვევის გამო ორი მუშა დაიღუპა, სამუშაოები შეჩერებულია. თანამშრომლები ამბობენ, რომ შემთხვევა სამუშაო საათების დასრულების პერიოდში მოხდა. „მე გვერდით ამწეზე ვმუშაობდი, როცა შემთხვევა მოხდა. ბეტონი ამწეს სპეციალური ავზით გადაჰქონდა, დანადგარზე ისხდნენ ახალგაზრდები, გაწყდა ბაგირი და მუშები ბეტონთან ერთად მერვე სართულიდან გადმოვარდნენ, ორივე გარდაცვლილი იყო, როცა ადგილზე მივედით“ - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული რაულ ბერიძე.
წაკითხვა
ბათუმში, მშენებლობაზე ორი ადამიანის დაღუპვის შესახებ, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-09 09:16:00
ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე, სადაც გუშინ, მშენებარე კორპუსში მომხდარი შემთხვევის გამო ორი მუშა დაიღუპა, სამუშაოები შეჩერებულია. ობიექტზე არავის უშვებენ, მათ შორის მშენებლებს, რომლებიც დილიდან სამსახურში მივიდნენ. კორპუსს კომპანია „მეტრო“ აშენებს. კომპანიის ხელმძღვანელობას განცხადება შემთხვევასთან დაკავშირებით დღეს, 08:30 საათზე უნდა გაეკეთებინა, თუმცა ამ დრომდე არ გამოდის კონტაქტზე.თანამშრომლები ამბობენ, რომ შემთხვევა სამუშაო საათების დასრულების პერიოდში მოხდა.„მე გვერდით ამწეზე ვმუშაობდი, როცა შემთხვევა მოხდა. ბეტონი ამწეს სპეციალური ავზით გადაჰქონდა, დანადგარზე ისხდნენ ახალგაზრდები, გაწყდა ბაგირი და მუშები ბეტონთან ერთად მერვე სართულიდან გადმოვარდნენ, ორივე გარდაცვლილი იყო, როცა ადგილზე მივედით“ - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული რაულ ბერიძე.მშენებლები არ საუბრობენ, რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხდარის მიზეზი და იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული.
წაკითხვა
ბათუმში, მშენებლობაზე ორი ადამიანი დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 23:14:00
ბათუმში მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა. ახალი ბულვარის მიმდებარედ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე 30 წლამდე ასაკის ორი მამაკაცი ამწის კაბინაში იმყოფებოდა, რომელსაც მისაბმელი გაუწყდა, რის გამოც მუშები გადმოვარდნენ. სასწრაფო დახმარებას ორივე მათგანი დაღუპული დახვდა.„დაახლოებით 19 საათზე შემოვიდა შეტყობინება. ბრიგადა მალევე გავიდა, თუმცა ორივე ახალგაზრდა დაღუპული იყო. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. გვამები პროზექტურაში გადაასვენეს“-განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.მშენებარე კორპუსი კომპანია „მეტროს“ ეკუთვნის, სადაც შემთხვევის მიზეზებზე ვერ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს. კომპანია მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.როგორც „მეტროში“ განმარტავენ, ორივე მუშა დაზღვეული იყო. კომპანია სპეციალურ განცხადებას 9 სექტემბერს 08:30 საათზე გააკეთებს.როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.
წაკითხვა
კოტე იოსელიანის ინფორმაციით, მის შტაბში აგური შეაგდეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 20:36:00
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის კოტე იოსელიანის ინფორმაციით, მის შტაბს თავს დაესხნენ. კოტე იოსელიანი სოციალურ ქსელში იუწყება, რომ ორი დღის წინ, შტაბში ბოთლი შეაგდეს, დღეს კი, აგური. პარტიის წარმომადგენლებმა პოლიცია გამოიძახეს.
წაკითხვა