საზოგადოებრივი
104.5 FM
ავარია კახეთში - დაშავებულია ერთი ადამიანი
გამოქვეყნებულია: 2017-03-09 02:07:00
ავარია მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში. როგორც „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პიკაპის მარკის ავტომანქანას, რომელითაც კრიმინალური პოლიციის ჯგუფი თელავის მიმართულებით მოძრაობდა, შემხვედრი ოპელის მარკის ავტომანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად დაშავდა ოპელში მჯდომი ერთი მგზავრი და დაზიანდა ორივე ავტომობილი. ამ დროისათვის, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. წინასწარი ინფორმაციით, ოპელის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა
წაკითხვა
სასწრაფოდ
რუსთავში, სააბაზანოში ქალის ცხედარი ნახეს
განახლებულია: 2017-03-07 16:32:00
რუსთავში უბედურ შემთხვევას კიდევ ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი იტყობინება, 85 წლის ქალი აბაზანაში ნახეს გარდაცვლილი. ამასთან, შეუძლოდაა მისი შვილიც, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პირველადი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზად წყლის გამათბობელი იქცა. მიმდინარე წლის განმავლობაში, რუსთავში ბუნებრივი გაზით ინტოქსიკაციის საგანგაშო სტატისტიკა დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 119 შემთხვევიდან 5 ფატალურად დასრულდა.ამავე თემაზე: რუსთავში გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევების გახშირების გამო, ენერგოომბუდსმენი ,,საქორგგაზს“ რეკომენდაციით მიმართავს
წაკითხვა
სასწრაფოდ
თელავში ბუნებრივი აირით სამი თვის ჩვილი მოიწამლა
გამოქვეყნებულია: 2017-03-07 14:02:00
თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, სამი თვის ჩვილი მოიწამლა. ბავშვი გვიან ღამით, რაიონის ბავშვთა ჯანდაცვის ცენტრში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოათავსა. როგორც ექიმებმა საზოგადოებრივს განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.„ბავშვს საჭირო სამედიცინო დახმარებას აღმოვუჩინეთ. რამდენიმე საათი ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ იყო და დღეს ის უკვე სახლში გავწერეთ“, - განაცხადეს მედიკოსებმა. არსებული ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა გაზის გამათბობლიდან გაჟონა.
წაკითხვა
ქუთაისში სკოლის შენობის მეორე სართულიდან ექვსი წლის ბავშვი გადმოხტა
განახლებულია: 2017-03-06 12:24:00
ქუთაისში, ერთ-ერთ სკოლის შენობის მეორე სართულიდან ექვსი წლის ბავშვი გადმოხტა. „მოამბის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, შემთხვევა კერძო სკოლაში მოხდა.პედაგოგები ადასტურებენ, რომ ბავშვი საპირფარეშოდან გადმოხტა, თუმცა უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოსწავლე საპირფარეშოში ჩაკეტილი იყო.შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სკოლის ადმინისტრაცია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
წაკითხვა
რუსთავში ბებია და 12 წლის შვილიშვილი ბინაში გარდაცვლილები ნახეს
გამოქვეყნებულია: 2017-03-06 10:18:00
რუსთავში, მე 19 მიკრორაიონში, ბებია და 12 წლის შვილიშვილი ბინაში გარდაცვლილები იპოვეს.„მოამბის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, წუხელ, მაშველებმა ბინის კარი შეამტვრიეს და ბებია და შვილიშვილი გარდაცვლილები ნახეს.წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.სავარაუდოდ ისინი რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან.როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ქალი 52 წლის იყო, შვილიშვილი კი მასთან იზრდებოდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
წაკითხვა
რუსთავში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს
განახლებულია: 2017-03-05 16:13:00
რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. „მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ეროვნების ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.გარდაცვლილები საცხოვრებელ სახლში სტუმრად მისულმა ნათესავმა ნახა.როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
წაკითხვა
ბათუმში საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-03-04 13:30:00
ბათუმში საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მეზობლებმა ჩამომხრჩვალი ნახეს.როგორც შსს-ში აცხადებენ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავი ორგანოებისა და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები. გარდაცვლილის ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.
წაკითხვა
სენაკში დაკარგული რვა წლის ბავშვის სამძებრო სამუშაოები განახლდა
განახლებულია: 2017-03-03 16:22:00
სენაკში დაკარგული რვა წლის ნიკა გაბეჩავას სამძებრო სამუშაოები განახლდა, ამის შესახებ „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. მყვინთავები, კინოლოგები და საგანგებო დავალებათა ბატალიონის თანამშრომლები სამძებრო სამუშაოებს მდინარე ტეხურაში ატარებენ, თუმცა დაკარგული 8 წლის ნიკა გაბეჩავას პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.სენაკში რვა წლის ბავშვი რამდენიმე დღის წინ დაიკარგა. სენაკის რაიონულმა სასამართლომ გაუჩინარებული ნიკა გაბეჩავას საქმეზე დაკავებულს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 129-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დაუხმარებლობას გულისხმობს. როგორც საზოგადოებრივს შსს-ში განუცხადეს, არსებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარის პირას ჯართს აგროვებდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა. გაბეჩავას ოჯახი საქმის გადაკვალიფიცირებასა და დაუხმარებლობის მუხლის მკვლელობის მუხლით შეცვლას ითხოვს. მათი განცხადებით, საქმეს ბრალდებულის ადვოკატიც უნდა ჩამოშორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალზე საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.
წაკითხვა
სენაკში მამაკაცი მოკლეს
განახლებულია: 2017-03-03 16:21:00
სენაკში შუახნის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა მეგობარი ქალის 18 წლის შვილმა მიაყენა.როგორც ცნობილია, მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მომხდართან დაკავშირებით, სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია. „მოამბის" ჟურნალისტის ინფორმაციით, ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.საზოგადოებრივი მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც შემთხვევის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
წაკითხვა
ექიმი: „დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა მძიმეა“
გამოქვეყნებულია: 2017-02-28 18:43:00
სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულის დაზიანება მიიღო, მძიმეა, ამის შესახებ „მოამბესთან" ინტერვიუში ექიმმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადეს. შემთხვევა დღეს უფლისციხის სამხედრო ბაზაზე მოხდა. 22 წლის ბ.შ-ს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, ინფორმირებულია დაჭრილი სამხედროს ოჯახი. „საავადმყოფოში იმყოფება თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლები. მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები.ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 115-ე მუხლით, რაც თვითმკლელობის მცდელობას გულისხმობს. საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს. შემთხვევის ადგილზე იმყოფება სამხედრო პოლიციის უფროსი" - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
წაკითხვა
ყაჩღობა ზუგდიდში - ბენზინგასამართი სადგურის მორიგე-ოპერატორი კლინიკაშია გადაყვანილი
გამოქვეყნებულია: 2017-02-28 13:26:00
ზუგდიდის რაიონის სოფელ ბაშში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს, ამის შესახებ „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.შემთხვევის შემდეგ, მორიგე-ოპერატორი გ.ჯ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის მედიასთან კომენტარს არ აკეთებს და ექიმებსაც აუკრძალა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს მიაწოდონ, ამიტომ, ამ დროისათვის, უცნობია, რა სახის დაზიანება მიიღო გ.ჯ-მ ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების შემდეგ.  არსებული ინფორმაციით, გ.ჯ-ს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. როგორც „მოამბესთან" ინტერვიუში ბენზინგასამართი სადგურის მორიგე-ოპერატორმა დღეს განაცხადა, წაღებულია 300 ლარი.როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბენზინგასამართი სადგურის მორიგე-ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და პოლიცია აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 
წაკითხვა
თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს
განახლებულია: 2017-02-28 12:45:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის, თამბაქოს ნაწარმის  აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში მალულად გაასაღა მარკირებას დაქვემდებარებული, სომხური წარმოების უაქციზო სიგარეტი ,,მასტერი.’’ საგამოძიებო სამსახურის მიერ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4 წლამდე" - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
წაკითხვა
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებულ მოქალაქეს სხეულზე ცემის კვალი აღენიშნება
განახლებულია: 2017-02-28 12:14:00
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებულ ამირან გუგუტიშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, სხეულზე ცემის კვალი აღენიშნება, ამის შესახებ „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტმა მათ ინფორმაცია მიაწოდა, რომ დაკავების შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.ამირან გუგუტიშვილი გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში" გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტს ტვინის შერყევა აქვს, სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოჯახის ინფორმაციით, გუგუტიშვილს დაკავების მომენტში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 
წაკითხვა
საქართველო-დაღესტნის საზღვართან დაშავებული ტურისტი მაშველებმა გამოიყვანეს
განახლებულია: 2017-02-28 10:26:00
საქართველო-დაღესტნის საზღვართან ახლოს, ევროპელი ტურისტების ჯგუფში, გუშინ, ერთ-ერთი ქალი დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შეტყობინების შესვლის შემდეგ, მაშველები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე გაფრინდნენ. „დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია, რის შემდეგაც იგი მაშველებმა, დანარჩენ ტურისტებთან ერთად, თბილისში გადმოიყვანეს და ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მოათავსეს" - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 
წაკითხვა
ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე - გარდაცვლილია ერთი ადამიანი
განახლებულია: 2017-02-26 16:09:00
ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ერთ-ერთი ავტომობილი აალდა. შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 
წაკითხვა
სენაკში რვა წლის ბავშვს ეძებენ
განახლებულია: 2017-02-26 16:03:00
სენაკში რვა წლის ბავშვს ეძებენ.როგორც „მოამბის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 24 თებერვალს, რვა წლის ნ.გ ეზოში სათამაშოდ ჩავიდა.მამის ერეკლე გაბეჩავას თქმით, ნახევრ საათში ბავშვი ეზოში აღარ დახვდა.ოჯახს მოზარდის  ძებნაში მეზობლები და სამართალდამცავები ხმარებიან, თუმცა ბავშვის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს.როგორც ცნობილია, ოჯახი უკიდურესად გაჭირვებული და ბავშვი ჯართს აბარებდა. მოზარდს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.გავრცელებულ ინფორმაციას ბავშვის ცხედრის აღმოჩენასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს უწყებაში განუცხადეს, სამართალდამცავები სამძებრო სამუშაოებს ამდრომდე ატარებენ.
წაკითხვა
კურორტ „თეთნულდზე“ გერმანელი ტურისტი გარდაიცვალა
განახლებულია: 2017-02-25 20:26:00
მესტიაში კურორტ „თეთნულდზე“  ზვავის ჩამოწოლის შედეგად 46 წლის გერმანელი ტურისტი გარდაიცვალა, ამის შესახებ საზოგადოებრივს მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ხუთი გერმანელი ტურისტი თოვლზე სრიალებდა, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა. როგორც კაპიტონ ჟორჟოლიანმა აღნიშნა, სამი ტურისტი უსაფრთხო გზით წავიდა, ხოლო ორმა აკრძალულ ზონაში გააგრძელა სრიალი. „ამ ორი ტურისტიდან სამაშველო ბალიშის გახსნა მხოლოდ ერთმა შეძლო და გადარჩა, ხოლო მეორემ სამაშველო ბალიში ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ გახსნა და, სამწუხაროდ, გარდაიცვალა" - განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა. მესტიის გამგებლის თქმით, კურორტ „თეთნულდზე“ გერმანელი ტურისტების ხუთკაციანი ჯგუფი სამი დღის წინ ჩავიდა და იქ დარჩენას 3 მარტამდე გეგმავდა. საზოგადოებრივი დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, ზვავში უცხოეთის ორი მოქალაქე იყო მოყოლილი. როგორც შსს-ში აცხადებენ, სამაშველო ოპერაციის შედეგად, ერთი მათგანი უვნებლად ამოიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ნაპოვნია მეორე მოქალაქის ცხედარი.„გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112-ში" შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ კურორტ „თეთნულდზე“ უცხოეთის 2 მოქალაქე ზვავში იყო მოყოლილი. სამაშველო ოპერაციაში მყისიერად ჩაერთნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მესტიის სამთო-სამაშველო ჯგუფის მაშველები. მძიმე მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველებმა შეძლეს ზვავში მოყოლილი მოქალაქეების პოვნა. ერთი მათგანი უვნებლად გამოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ნაპოვნია ასევე მეორე მოქალაქის ცხედარი" - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
წაკითხვა
ქობულეთში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-22 21:36:00
ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილი დაკარგული მონადირეა, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ გაუჩინარდა.უწყების ცნობით, გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა ამოიცნეს.შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წაკითხვა
ბათუმში ღამის კლუბში მომხდარ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
განახლებულია: 2017-02-22 12:26:00
​ბათუმში, ღამის კლუბ „არენაში" მომხდარ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ამ დროისათვის, უცნობია. დეტალური ინფორმაცია გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 
წაკითხვა
თბილისის საკრებულოს სხვენში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-02-20 20:30:00
თბილისის საკრებულოს სხვენში ცეცხლი გაჩნდა. დამწვარია 30 კვადრატული მეტრის ფართობი. ხანძრის გამო საკრებულოში მყოფი ადამიანების ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო-სახანძრო ბრიგადები. აალების მიზეზი უცნობია. გამოძიება დაიწყო.  
წაკითხვა