საზოგადოებრივი
104.5 FM
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული 15-კაციანი გუნდი კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობს
გამოქვეყნებულია: 2017-09-25 16:35:00
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული 15-კაციანი გუნდი კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მონაწილეობს. ქართველი ჯარისკაცების მხარდაჭერის მიზნით ტორონტოში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფება.თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორია დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ქართველი სამხედროების საგულშემატკივროდ „Air Canada Centre“-ში „ძლიერთა თამაშების“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრო.ამასთან, სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული თავდაცვის სამინისტროს გუნდი „ძლიერთა თამაშებში" (Invictus Games) სპორტის ექვს სახეობაში ასპარეზობს: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა, მჯდომარე ფრენბურთი. სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში" მესამედ მონაწილეობენ. ამასთან, პირველად ქართველმა სამხედროებმა ლონდონში გამართულ Invictus Games-ში იასპარეზეს, შემდეგ კი, აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში.თამაშებში მონაწილე ქართველი სამხედროებისა და ტორონტოში თავდაცვის მინისტრის ვიზიტის აღსანიშნავად, სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს ელჩის სახელით ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრი Invictus Games-ის მონაწილე დაჭრილ ქართველ სამხედროებს გაესაუბრა და საერთაშორისო ასპარეზობაში წარმატებები უსურვა.მიღებას თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებისა და Invictus Game-ში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებთან ერთად სამხედროების ოჯახის წევრები, უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე კანადური კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები და კანადაში მცხოვრები ქართველები დაესწრნენ. მიღების ფარგლებში, საელჩოს მიერ მომზადებული ფოტო-გამოფენაც მოეწყო, რომელიც საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობას მიეძღვნა.
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტროს გუნდი კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ ასპარეზობს
გამოქვეყნებულია: 2017-09-25 12:27:00
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული 15-კაციანი გუნდი კანადაში გამართულ ძლიერთა თამაშებში მონაწილეობს. ქართველი ჯარისკაცების მხარდაჭერის მიზნით, ტორონტოში საქართველოს თავდაცვის მინისტრი გენერალური შტაბის უფროსთან ერთად იმყოფება. ქართული დელეგაცია ძლიერთა თამაშების გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრო. საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული თავდაცვის სამინისტროს გუნდი ძლიერთა თამაშებში სპორტის ექვს სახეობაში ასპარეზობს. 
წაკითხვა
საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდება
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 12:12:00
საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ღრმავდება. მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და კანადელი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობა და სამომავლო პროექტები - ეს, ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კანადელ კოლეგასთან შეხვედრისას ისაუბრა. ლევან იზორიამ კოლეგას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 
წაკითხვა
გია ვოლსკი - ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაზრდა დამოკიდებულია იმაზე, სამხედრო კოალიცია რამდენად და როგორ აფასებს ქართული მხარის წინაშე მდგარ ამოცანებს
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 11:48:00
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ვერ აკონკრეტებს, აშს-სა და ნატო-ს მსგავსად, გაზრდის თუ არა ავღანეთში საქართველო  სამხედროთა რაოდენობას.პირველი არხის კითხვის საპასუხოდ ვოლსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან ავღანეთში კონტინგენტის გაზრდა დამოკიდებულია იმაზე, სამხედრო კოალიცია რამდენად და როგორ აფასებს იმ ამოცანებს, რაც ქართული მხარის წინაშეც დგას. „რაოდენობასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ არ მინდა, ეს საკითხი წმინდა პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანო, რადგან ჩვენ საგანგებო მისიას ვასრულებთ და ვიცავთ არა მხოლოდ საერთაშორისო წესრიგს, არამედ ჩვენს ოჯახებს,  საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებს“, - დასძინა ვოლსკიმ. აშშ-ის შემდეგ, ავღნეთში კონტინგენტის გაზრდის გადაწყვეტილება ნატო-მაც მიიღო. იენს სტოლტენებრგის თქმით, ავღანეთის ძალების მისიაში მონაწილე ნატო-ს სამხედროების რაოდენობა რამდენიმე ათასით გაიზრდება.
წაკითხვა
ქართული ავიაციის 25 წლის იუბილე ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე აღინიშნა
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 18:47:00
ქართული ავიაციის 25 წლის იუბილე აღინიშნა ალექსეევკის შერეულ საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე.  ცერემონიის დაწყებამდე თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ასევე, საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი მიწვეულმა სტუმრებმა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა პირად შემადგენლობას ქართული ავიაციის 25-ე წლის იუბილე მიულოცეს და მფრინავები უწყებრივი მედლებით და საჩუქრებით დააჯილდოვეს.
წაკითხვა
ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე ქართული ავიაციის დღე აღინიშნა
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 16:53:00
ალექსეევკას შერეულ საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე ქართული ავიაციის 25-ე წლის იუბილე აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, ვიცე-პოლკოვნიკი სერგო ნინუა, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და მაღალი რანგის ოფიცრები დაესწრნენ.ქართული ავიაციის 25-ე წლისადმი მიძღვნილი ცერემონიალის დაწყებამდე თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.საზეიმო ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა, საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.თავდაცვის მინისტრმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და ქართული ავიაციის 25-ე წლის იუბილე მიულოცა. ლევან იზორიამ ყურადღება განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა, მინისტრის თქმით სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად დაგეგმილია არსებული ტექნიკის მოდერნიზება და უპილოტო საფრენი აპარატების შეძენა.თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა პირად შემადგენლობა თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით და საჩუქრებით დააჯილდოვა. ლევან იზორიამ ოთხ სამხედრო მოსამსახურეს 7,62X54 მმ სნაიპერული შაშხანა, გენერალ-მაიორმა კი, ორ სამხედროს ტაბელური იარაღი გადასცა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ოცი და მეტი წლის უმწიკვლო სამსახურისათვის, ვიცე-პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ ხუთი სამხედრო მოსამსახურე, ერთი სამხედრო კი, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის" მეორე ხარისხის მედლით დააჯილდოვა.ღონისძიების დასრულების შემდეგ, ალექსეევკას შერეული საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე მოწვეული სტუმრებისთვის საავიაციო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო.თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა. 1921 წლის თებერვალში, ქართველი სამხედრო მფრინავები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ, რა დროსაც, თბილისთან, მოწინააღმდეგეზე რამდენიმე წარმატებული იერიში განახორციელეს.ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1992 წელს, შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამმართველო შეიქმნა, რომელიც 1993 წელს მთავარ სამმართველოდ გადაკეთდა.
წაკითხვა
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რუსულ წვრთნებზე - ეს არის დიდი ომისთვის სერიოზული მზადება
გამოქვეყნებულია: 2017-09-17 23:59:00
რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის დიდი ომისთვის სერიოზული მზადება, - ასე აფასებს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რუსულ წვრთნებს. პეტრ პაველის განცხადებით, წვრთნების დროს შესაძლო არასასიამოვნო ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, ალიანსმა რუსეთთან სამხედრო არხებით კომუნიკაცია გაააქტიურა. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რუსეთმა აღებული ვალდებულებები არ შეასრულა და არ დაიცვა ის წესები, რომლის დაცვაც და შესრულებაც სამხედრო წვრთნების დროს აუცილებელია. რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წვრთნებში 12 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. ნატო-ს სამხედრო მაღალჩინოსნების ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილე სამხედროთა რიცხვი 100 000-ს აღწევს. „მოვახდინეთ ძალების კონცენტრაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებში, გვყავს სამხედროები შავ ზღვაზე და ნებისმიერი ინციდენტისთვის მზად ვართ“, - აცხადებს პეტრ პაველი.ხვალ წვრთნებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაესწრება.
წაკითხვა
Agile Spirit 2017-ის ფარგლებში სპორტულ-კულტურული ღონისძიებები გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-09-14 11:01:00
მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017-ის“ ფარგლებში, ორფოლოს პოლიგონზე და ქ. ახალციხეში სპორტულ-კულტურული ღონისძიებები გაიმართა. შეჯიბრებებში საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრებები მკლავჭიდში, ბაგირის გადაწევაში და მინიფეხბურთში გაიმართა. სპორტულ ღონისძიებების ფარგლებში, 3.2-კილომეტრიანი მარათონიც გაიმართა. გარბენმა სტარტი ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრიდან აიღო და რაბათის ციხე-სიმაგრეზე დასრულდა. გამარჯვებულ სამხედროებს და სამოქალაქოებს საპრიზო ადგილების მიხედვით შესაბამისი ჯილდოები და საჩუქრები გადაეცათ. სპორტულ-კულტურული ღონისძიების ბოლოს, რაბათის ციხე-სიმაგრეზე კონცერტიც გაიმართა, სადაც ადგილობრივმა მომღერლებმა, ქორეოგრაფიულმა და სამეჯლისო ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა. მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017“ საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალების ორგანიზებით, ორფოლოს პოლიგონზე და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში ჩატარდა. წვრთნებში შვიდი ქვეყნის 1500-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. სწავლება სამეთაურო-საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავდა.„Agile Spirit 2017“ 11 სექტემბერს, ორფოლოს სასროლეთზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა.
წაკითხვა
რუსეთსა და ბელარუსში მასშტაბური სამხედრო სწავლება იწყება
გამოქვეყნებულია: 2017-09-14 09:10:00
რუსეთსა და ბელარუსში დღეს მასშტაბური სამხედრო სწავლება „ზაპად 2017“ იწყება. ოფიციალური ცნობებით, სტრატეგიულ მანევრებში 12 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მიიღებს მონაწილობას, თუმცა ვრცელდება ცნობები, რომ მანევრებში შესაძლოა, 100 000 ჯარისკაცი ჩაერთოს. სწავლებები რუსეთსა და ბელარუსში ექვს პოლიგონზე გაიმართება. მობილიზებულია სამხედრო ტექნიკა და ავიაციაც. მათ შორის 70 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 600 ერთეულზე მეტი მძიმე ტექნიკა და 10 გემიც. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, მანევრების მიზანი რეგიონული სამხედრო ქვედანაყოფის მიერ მოკავშირე ქვეყნის დაცვაა. მოსკოვში ამბობენ, რომ „ზაპად 2017“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელსაც წელს რუსეთის თავდაცვის უწყება გამართავს. დასავლეთში რუსეთის მიერ დაგეგმილი წვრთნების გამო შეშფოთება არაერთხელ გამოთქვეს. ეს განსაკუთრებით აღელვებთ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. როგორც ცნობილია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან მასშტაბურ წვრთნებს მხოლოდ რამდენიმე დამკვირვებელი დაესწრება.„ზაპად 2017“ რუსეთსა და ბელარუსში 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამავე თემაზე: მასშტაბური სამხედრო წვრთნები - რატომ იწვევს დასავლეთის უკმაყოფილებას რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი სწავლება
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში 1000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის მონაწილეობით სამხედრო წვრთნები გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-09-14 08:49:00
ოკუპირებულ აფხაზეთში 1000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის მონაწილეობით სამხედრო წვრთნები გაიმართა. როგორც რუსეთს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მანევრების დროს სამხედრო მოსამსახურეებმა ოკუპირებული ტერიტორიის სანაპიროს ეფექტურად დაცვის სასწავლო ოპერაცია შეასრულეს. სწავლებაში მონაწილეობდა 150 ერთეული მძიმე ტექნიკაც. მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით,მანევრებში რუსეთის 49-ე არმიის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა. ოკუპირებული აფხაზეთის გარდა მანევრები გაიმართა სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეშიც.
წაკითხვა
ვლადიმერ ჩაჩიბაია - ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო სწავლება არაკონსტიტუციურია და ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები
გამოქვეყნებულია: 2017-09-13 17:31:00
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე წვრთნებში 2 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 300 სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, - ეს განცხადება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გააკეთა.მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო სწავლება არაკონსტიტუციურია. ამასთან, აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები ირღვევა.„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 49-ე არმიამ სასწავლო მზადყოფნა გამოაცხადა. სწავლებებში ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 ბაზაც ჩართულია. სასწავლო განგაშია გამოცხადებული. წვრთნებში 2 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 300 სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. აღნიშნული სწავლება პირადი შემადგენლობის საბრძოლო დონის შემოწმებას ემსახურება. ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სწავლება არაკონსტიტუციურია. ამასთან, საერთაშორისო სამართლის ნორმები ირღვევა და რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია“, - განაცხადა ჩაჩიბაიამ.
წაკითხვა
ლევან იზორია - ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებული სამხედრო წვრთნები საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მორიგი დარღვევაა
გამოქვეყნებულია: 2017-09-13 16:45:00
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებულ სამხედრო წვრთნებს საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებს. იზორიას თქმით, წვრთნებს ქართული მხარე საფრთხედ აღიქვამს. „ყველა ტიპის აქტივობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანუ ჩვენს ტერიტორიებზე, განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით, არის ანტიკონსტიტუციური, უკანონო და აქვს საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაცრი კრიტიკა. ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც საფრთხეს და ვამბობთ, რომ ეს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მორიგი დარღვევაა", - განაცხადა ლევან იზორიამ.
წაკითხვა
ამერიკა-საქართველოს ახალი პროგრამით 2018 წლის მარტიდან 9 ბატალიონი მომზადდება
გამოქვეყნებულია: 2017-09-13 15:58:00
ამერიკა-საქართველოს ახალი პროგრამით 2018 წლის მარტიდან 9 ბატალიონი მომზადდება. სამი წლის განმავლობაში კი ქართული შეიარაღებული ძალები თითქმის სრულად გადამზადდება, - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თბილისის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გააკეთა.მისი თქმით, ქართული შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ საერთაშორისო მისიებისთვის აუცილებელი ამოცანების განსახორციელებლად იქნება მზად, არამედ მზად იქნება ასევე ტერიტორიული თავდაცვისთვისაც. „ჩვენ როგორც ნატო-სთან, ისე ალიანსის პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობის უპრეცედენტოდ კარგი დინამიკა გვაქვს. წელს ამ მიმართულებით განსაკუთრებული წელი გვქონდა. ჩვენ ნატო-ს სამხედრო კომიტეტი, შემდგომ კი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გვეწვია. ერთი თვის წინ, ამერიკა-საქრთველოს თავდაცვის ურთიერთობებში უპრეცედენტო წვრთნები ჩავატერეთ. საუბარია წვრთნებზე „ღირსეული პარტნიორი" და „მებრძოლი სული", რომელიც ორი დღის წინ დასრულდა. ჩვენ ასევე ყველაზე ამბიციურ პროგრამას მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად ვიწყებთ. კერძოდ, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, რომელიც ამ მზარდი დინამიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. პროგრამა მომავალი წლის მარტიდან 9 ბატალიონის მომზადებას გულისხმობს. სამი წლის განმავლობაში ქართული შეიარაღებული ძალები თითქმის სრულად გადამზადდება. ისინი არა მხოლოდ საერთაშორისო მისიებისთვის აუცილებელი ამოცანების განსახორციელებლად იქნებიან მზად, არამედ ისინი მზად ასევე ტერიტორიული თავდაცვისთვისაც იქნებიან. რაც ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობას კიდევ უფრო გაზრდის და ნატო-სთან თავსებადობას უფრო განამტკიცებს", - განაცხადა იზორიამ.
წაკითხვა
ლევან იზორია - მთავარი სტრატეგიული მოკავშირე აშშ საქართველოს გვერდითაა
გამოქვეყნებულია: 2017-09-13 15:30:00
მთავარი სტრატეგიული მოკავშირე აშშ საქართველოს გვერდითაა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ამერიკა-საქართველოს სამუშაო ჯგუფის ერთობლივი მხარდამჭერი განცხადების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგა, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს ეხება. სწორედ ამ ჯგუფის მუშაობის შედეგად დაფიქსირდა ეს მკაფიო განცხადება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასევე შეშფოთება გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საოკუპაციო ხაზთან ე.წ სასაზღვრო გამშვები პუნქტები დაიხურა. „ძალიან მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა. მთავარი სტრატეგიული მოკავშირე, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდითაა. სწორედ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით არსებული შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, რაც პირველ რიგში, გულისხმობს მოსკოვის იძულებას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო შენაერთების გაყვანასთან დაკავშირებით. ეს ერთობლივ განცხადებაში ცალსახადაა დაფიქსირებული. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად ყველა საერთაშორისო ტრიბუნას ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენს მისწრაფებებში, კერძოდ ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის თვალსაზრისით მტკიცენი ვიყოთ. მტკიცენი ვიყოთ დეოკუპაციის მიმართულებით, ძალიან მკაფიო და მკაცრი პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით. ამ განცხადებების ფარგლებში გაჟღერებული გზავნილები მოსკოვის მისამართით, რომ გაყვანილ იქნეს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო შენაერთები და სამხედრო ტექნიკა, ცალსახად მოწმობს ამ პოლიტიკის დღის წესრიგში არსებობას და მის აქტუალურობას“, - განაცხადა ლევან იზორიამ. 
წაკითხვა
Agile Spirit 2017- საქართველოში მიმდინარე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-11 20:22:00
საქართველოში მიმდინარე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დასრულებულია. ეჯაილ სფირით 2017-ის ფინალურ საჩვენებელ მანევრებს დღეს თავდაცვის მინისტრთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეც დაესწრო. მრავალეროვნული სწავლება უკვე მეშვიდედ გაიმართა. წვრთნებში ჩართული ნატო-ს წევრი და პარტნიორი შვიდი ქვეყნის სამხედროები ერთი კვირის განმავლობაში საშტაბო-სამეთაურო და საველე სწავლებას გადიოდნენ. ფართომასშტაბიანი წვრთნებისთვის ამერიკიდან სამხედრო ტექნიკაც გამოიგზავნა. 
წაკითხვა
ავღანეთში ქართველი სამხედროს დაშავების შესახებ თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-09-11 18:05:00
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში ქართველი სამხედროს დაშავების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.  როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან 5 კილომეტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზაურ ზურაბის ძე კომახიძე დაშავდა. "დაშავებულ მშვიდობისმყოფელს მსუბუქი ბაროტრავმა აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისათვის ქართველი სამხედრო მოსამსახურე ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი, სადაც მას საჭირო კვლევები უტარდება. კაპრალს სამედიცინო დაწესებულებიდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ",-ნათქვამია განცხადებაში.
წაკითხვა
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზასთან აფეთქების შედეგად ერთი ქართველი სამხედრო დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-11 17:09:00
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზასთან მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთი ქართველი სამხედრო დაშავდა.პირველი არხის ინფორმაციით, სამხედროს მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.როგორც პირველ არხს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.ინფორმაცია ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზაზე მომხდარი თავდასხმის შესახებ სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა.სააგენტოს ინფორმაციით, ნატო-ს სამხედრო მისიის კოლონაზე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
წაკითხვა
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-11 16:15:00
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ეჯაილ სპირიტ 2017 დასრულდა. დახურვის ოფიციალური ცერემონია ორფოლოს პოლიგონზე გაიმართა. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ მიმართეს. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც. ეჯაილ სპირიტ 2017 ორფოლოს პოლიგონზე 3 სექტემბერს გაიხსნა. მასში მონაწილეობა ნატო-ს წევრი და პარტნიორი, სულ 7 ქვეყნის 1515-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. სწავლების მიზანი რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაცვაა.
წაკითხვა
ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დახურვის ცერემონია იწყება
გამოქვეყნებულია: 2017-09-11 12:21:00
ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების ეჯაილ სპირიტ  2017-ის დახურვის ცერემონია იწყება. სწავლება დღეს საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება. სწავლების ფარგლებში საქართველოსა და ნატო-ს წევრი პარტნიორი კიდევ 6 ქვეყნის 1 515 სამხედრო მოსამსახურე 8 დღის განმავლობაში საშტაბო, სამეთაურო და საველე სწავლებას გადიოდნენ. წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები იღებდნენ მონაწილეობას. დეტალებით ლიკა ალელიშვილი ჩაგვერთვება ორფოლოს პოლიგონიდან.
წაკითხვა
ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-09-10 12:13:00
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება მიმდინარეობს ამ წუთებში ორფოლოს პოლიგონზე. მოსახლეობას საშუალება აქვს სწავლებაში მონაწილე სამხედრო ტექნიკა ადგილზე დაათვალიეროს. წარმოდგენილია ქართული და ამერიკული სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა. სწავლებას მაღალი რანგის სამხედრო პირები ესწრებიან.თემის დეტალებით ლიკა ალელიშვილი.
წაკითხვა