საზოგადოებრივი
104.5 FM
მინდია ჯანელიძე ჯეიმს აპატურაის შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-17 20:25:00
ბრიუსელშია საქართველოს თავდაცვის მინისტრი. მინდია ჯანელიძე ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ჯეიმს აპატურაი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.„ახლახან მქონდა ხანგრძლივი შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან. მას აქვს მკაფიო წარმოდგენა სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ, მთავარი ფოკუსით - დააჩქაროს ევროატლანტიკური ინტეგრაცია გაძლიერებული პაკეტის განხორციელებით. მოხარული ვარ იმით, რომ მისმა წინამორბედმა ირაკლი ალასანიამ მას საქმიანობა კარგად გადააბარა. მთლიანობაში, ჩემი აზრით, დასაწყისი დამაიმედებელია“, - წერს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი.დღესვე ჯეიმს აპატურაი „მოამბის“ კორესპონდენტმა ქეთი ქარდავამ ექსკლუზიურად ჩაწერა. ინტერვიუში სტოლტენბერგის წარმომადგენელი უელსის სამიტზე მიღებული გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის შესრულებაზე საუბრობს.
წაკითხვა
სამხედრო ატაშეები „დიდგორი 2014-ს“ დაესწრნენ
გამოქვეყნებულია: 2014-11-17 18:11:00
საქართველოში აკრედიტებული ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები დღეს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრნენ. სტუმრები საქართველოში ყოველწლიურ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას „დიდგორი 2014-ს“ დაესწრნენ. სწავლების ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს „დიდგორი 2014-ის“ კონცეფციის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.„დიდგორი 2014“ სამთავრობო უწყებათაშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას წარმოადგენს. სწავლების მთავარი მიზანია, კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადება.სწავლებაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროებთან ერთად, ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო დანაყოფებიც.
წაკითხვა
სტოლტენბერგი - რუსული ბომბდამშენები ევროპის სამოქალაქო ავიაციას საფრთხეს უქმნის
გამოქვეყნებულია: 2014-11-17 13:18:00
ნატო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ რუსული ბომბდამშენები და საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებიც სხვადასხვა ევროპული ქვეყნის საჰაერო სივრცეში შენიშნეს, ევროპის სამოქალაქო ავიაციას საფრთხეს უქმნის. სტოლტენბერგის თქმით, რუსული სამხედრო თვითმფრინავები საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებიან და იგნორირებას უწევენ საერთო უსაფრთხოების ზომებს.ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ისინი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე იჭრებიან საერთაშორისო საჰაერო სივრცეში და ამის შესახებ დისპეტჩერებს ინფორმაციას არ აწვდიან, რაც სამოქალაქო ავიაციას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
წაკითხვა
რას აცხადებს ამერიკელი გენერალი ალასანიას მიერ გამართული მოლაპარაკებების შესახებ
გამოქვეყნებულია: 2014-11-16 20:52:00
ფრედერიკ ჰოდჯესი ამერიკის არმიის ევროპული სარდლობის მეთაურად ორი კვირის წინ დაინიშნა და მისი პირველი ვიზიტი ამ რანგში საქართველოში შედგა. შეხვედრა გაიმართა თავდაცვის მინისტრთან. მინდია ჯანელიძესთან საუბარი დახურულ კარს მიღმა შედგა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის, თავდაცვითი სისტემისა და ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს.„მოამბის“ კორესპონდენტმა ლევან კვატაშიძემ ამერიკელ გენერალს ძალიან საინტერესო კითხვა დაუსვა, რომელიც იარაღის შეძენას და ქართულ-ამერიკულ მოლაპარაკებას უკავშირდება.
წაკითხვა
ამერიკელი გენერალი იარაღის შეძენასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ადასტურებს
გამოქვეყნებულია: 2014-11-16 16:00:00
საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაური ადასტურებს, რომ გასულ კვირას ამერიკისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის იარაღის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შედგა. სეს განცხადება გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ჰოდჯესმა „მოამბის“ შეკითხვაზე პასუხის დროს გააკეთა.აღნიშნულ მოლაპარაკებას პირველი შეფასებები უკვე მოჰყვა. კომენტარი გააკეთა გენერალური შტაბის უფროსმა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ფრედერიკ ჰოდჯესი, გენერალური შტაბის უფროსთან ერთად, კრწანისის სასწავლო ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ყოველწლიურ სამეთაურო-საშტაბო სწავლების პროცესს -„დიდგორი 2014-ს“ დაესწრო.სწავლება ერთდროულად სამ სამხედრო ნაწილში - კრწანისში, სენაკსა და ვაზიანში მიმდინარეობს. პროექტის მთავარი მიზანი კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადებაა. სწავლება მესამედ იმართება და მასში 1400-მდე სამხედროა ჩართული. პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში, სწავლებაში „კიბერუსაფრთხოების ბიურო“ მონაწილეობს. მანამდე კი აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაური თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს შეხვდა. თავდაცვის სამინიტროში გამართულ დახურულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის, თავდაცვითი სისტემისა და ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა და გენერალ-ლეიტენანტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ფრედერიკ ჰოდჯესი ამერიკის არმიის ევროპული სარდლობის მეთაურად ორი კვირის წინ დაინიშნა და მისი პირველი ვიზიტი ამ რანგში საქართველოში შედგა.
წაკითხვა
ჩაკ ჰეიგელი - აშშ-ის არმია სამხედრო უპირატესობას კარგავს და შეიარაღების ახალი სისტემის განვითარებას საჭიროებს
გამოქვეყნებულია: 2014-11-16 13:25:00
„შეერთებული შტატების არმია სამხედრო უპირატესობას კარგავს და შეიარაღების ახალი სისტემის განვითარებას საჭიროებს“, - განაცხადა პენტაგონის მეთაურმა. ჩაკ ჰეიგელმა აღნიშნა, რომ რუსეთი და ჩინეთი სამხედრო ხარჯებს ზრდიან და შეიარაღების მოდერნიზაციას ახდენენ.პენტაგონის ხელმძღვანელმა შეიარაღების განახლების ახალი პროგრამა წარმოადგინა, რომელიც შეერთებულ შტატებს 21-ე საუკუნეში სამხედრო უპირატესობის შენარჩუნებაში დაეხმარება.ჰეიგელის თქმით, ვაშინგტონი, პროგრამის განხორციელების შემდეგ, ახალ საფრთხეებთან გამკლავებას ეფექტურად შეძლებს.
წაკითხვა
ტერაქტების სერია ერაყში
გამოქვეყნებულია: 2014-11-15 16:59:00
ტერაქტების სერია ერაყში. 20-მდე ადამიანი დაიღუპა და 50 –მდე დაშავდა ბაღდადში ერთი საათის ინტერვალით განხორციელებული აფეთქებების შედეგად. ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ბაღდადის ერთ-ერთ შიიტურ მეჩეთთან ამოქმედდა, რასაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველთა გაცხადებით, აფეთქების ტალღამ მნიშვნელოვნად დააზიანა მიმდებარე ტერიტორია და შენობა-ნაგებობები. მეორე აფეთქება ბაღდადის გარეუბანში მოხდა, რასაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა, ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა.
წაკითხვა
პოროშენკო - უკრაინის სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი მიმართულება ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნება იქნება
გამოქვეყნებულია: 2014-11-15 16:57:00
უკრაინის სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი მიმართულება ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნება იქნება. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გააკეთა. უკრაინის ლიდერის განცხადებით, უკვე მზად არის კოალიციური შეთანხმების სამუშაო ვარიანტი, რომელიც დონეცკსა და ლუგანსკზე კონტროლის აღდგენასაც ითვალისწინებს. ოფიციალური კიევი ასევე აპირებს საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს. კოალიციური მთავრობის უახლოეს გეგმებში სასამართლოს, ძალოვანი სტრუქტურებისა და ანტიკორუფციული რეფორმების გატარებაც შედის. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის სამთავრობო პოზიციების მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად 7 სამხედრო დაიღუპა და 10 დაიჭრა. ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში სეპარატისტებმა 62-ჯერ გახსნეს ცეცხლი. გაეროს ბოლო მონაცემებით, უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 100-ს მიაღწია, დაშავებულთა რაოდენობამ კი 10 ათასს გადააჭარბა.
წაკითხვა
შვედეთის ხელისუფლება საკუთარ ტერიტორიულ წყლებში უცხო ქვეყნის წყალქვეშა ხომალდის ყოფნის დამადასტურებელ ფოტომასალას აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2014-11-15 13:24:00
შვედეთის ხელისუფლება საკუთარ ტერიტორიულ წყლებში უცხო ქვეყნის წყალქვეშა ხომალდის ყოფნის დამადასტურებელ ფაქტებს აქვეყნებს. ძალოვანი უწყების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ფოტომასალა, სადაც წყლის ზედაპირზე ხომალდის ნაწილი და წარმოქმნილი ქაფია დაფიქსირებული. ასევე სამძებრო ოპერაციების დროს სამხედროებმა ზღვის ფსკერზე "სუბმარინის" ნაკვალევსაც მიაგნეს. სპეციალისტები მცირე ზომის წყალქვეშა ხომალდზე საუბრობენ, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის საკუთრება შეიძლება იყოს, რომელსაც ფლოტი გააჩნია. ქვეყნის პრემიერმინისტრმა შტეფან ლევენმა ასევე დაადასტურა შვედეთის ტერიტორიულ წყლებში უცხო ქვეყნის "სუბმარინის" შეჭრის ფაქტი.
წაკითხვა
რეაბილიტაციის კურსი დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების წევრებისთვის
გამოქვეყნებულია: 2014-11-15 12:48:00
წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში 2008 წლის აგვისტოს ომსა და "აისაფის" საერთაშორისო მისიაში დაშავებული 7 სამხედრო მოსამსახურე, ოჯახის წევრებთან ერთად, რეაბილიტაციისა და დასვენების კურსს გადის. საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა და ბავშვებს საჩუქრები გადასცა. სამხედრო მოსამსახურეებისთვის კეთილმოწყობილია ორი შენობა. სამხედროები, ოჯახის წევრებთან ერთად, ცალკეული სამედიცინო ბატალიონის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან. მათ ასევე ემსახურებიან ფსიქოლოგები და ფსიქიატრები. რეაბილიტაციის ცენტრი წეროვანის პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაშია განთავსებული. ცენტრმა ფუნქციონირება 9 იანვარს დაიწყო და ამჟამად უკვე სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების წევრების მერვე ნაკადს მასპინძლობს.
წაკითხვა
ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტრომ ესტონეთისა და ლიტვის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავი შეამჩნია
გამოქვეყნებულია: 2014-11-14 17:59:00
ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტრომ ესტონეთისა და ლიტვის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავი შეამჩნია, რომელსაც საჰაერო სივრცის დარღვევის საშუალება არ მისცა. ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ილ 76" ტიპის თვითმფრინავი გაფრთხილების გარეშე შეიჭრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეში. ნიდერლანდების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ მოსკოვში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსული მხარე ევროპის საჰაერო სივრცის დარღვევაში არაერთხელ შეამჩნიეს. ბოლო ასეთი შემთხვევა ნორვეგიის მთავრობამ დააფიქსირა.
წაკითხვა
ავღანეთში, ბაგრამის სამხედრო ბაზაზე სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-14 16:12:00
ავღანეთში, ბაგრამის სამხედრო ბაზაზე სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. შემთხვევა ქართველი სამხედროების პატრულირების დროს მოხდა, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.ისინი ბაგრამის ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამხედროები სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა.
წაკითხვა
ჯარისკაცთა მოწამვლის საქმეში ბრალდებულები გირაოს გარეშე გაათავისუფლეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-13 20:21:00
თავდაცვის საქმეს სასამართლო სწავლობს - პროკურატურამ დოკუმენტები მართლმსაჯულებას წარუდგინა და ბრალდებული პირებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, სოლიდური თანხის შეფარდება მოითხოვა. მოსამართლემ თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ქართული კვების“ კომპანიის თანამშრომლები სასამართლო დარბაზიდან გირაოს გარეშე გაათავისუფლა. გამოძიება გრძელდება, კეთდება პოლიტიკური განცხადებები. რის საფუძველზე ითხოვდა პროკურატურა ბრალდებულებისთვის ძვირადღირებულ ვერდიქტს; არსებობს თუ არა მოწმეებზე ზეწოლისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე - თამარ გოგესაშვილი დეტალებით.
წაკითხვა
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2014“ დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2014-11-13 17:14:00
სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2014“ დაიწყო. გახსნის ცერემონიალს თავდაცვის მინისტრი სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად დაესწრო. ცერემონიალზე პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის დროს და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.„დიდგორი 2014-ის“ მთავარი მიზანი კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობების დახვეწა, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადებაა.წვრთნების დროს თავდაცვითი ოპერაციები ვირტუალური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ იმიტირებულ გარემოში ჩატარდება.
წაკითხვა
ჯარისკაცების მოწამვლის საქმეში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-13 16:34:00
ჯარისკაცების მოწამვლის საქმეში ბრალდებულებმა სასამართლო დარბაზი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვეს. პროკურატურა გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მათგან განსხვავებით, უკმაყოფილოა ბრალდების მხარე, რომელიც დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.სამხედროების მასობრივი მოწამვლის ეპიზოდში სულ ხუთი პირი ფიგურირებს, მათ შორის არიან - გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარი ექიმი და მეოთხე ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი. ამავე საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვთ კომპანია „ქართული კვების“ მენეჯერებსაც, რომლებიც სამხედროების კვებაზე ზრუნავდნენ.საუბარია ჯარისკაცების მოწამვლის 10 შემთხვევაზე. პროკურატურის ინფორმაციით, 2013 წელს საკვები პროდუქტებით 858 სამხედრო მოიწამლა. სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან პოლიტიკურ წრეებში. რეაქციები არაერთგვაროვანია. დეპუტატების შეფასებები თამარ გოგესაშვილმა მოისმინა.
წაკითხვა
სტამბოლში ამერიკელ სამხედროებს თავს დაესხნენ და საღებავი შეასხეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-13 14:04:00
ინციდენტი სტამბოლში - „თურქეთის ახალგაზრდული ასოციაციის“ 10-მდე წევრი სამ ამერიკელ სამხედროს თავს დაესხა და მათ საღებავი შეასხა. აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდები სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ სამხედროებს მიეჭრნენ, მკვლელებად მოიხსენიეს და ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდეს. სამხედროებმა თავს გაქცევით უშველეს.სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 12 პირი დააკავეს, ერთ-ერთი მათგანი ქალბატონია.ამერიკული ხომალდი თურქეთის პორტში შავ ზღვაში განხორციელებული ნატო-ს სწავლების დასრულების შემდეგ შევიდა.ანკარაში შეერთებული შტატების საელჩო მომხდარ თავდასხმას უკვე გამოეხმაურა. განცხადება გააკეთა პენტაგონის პრესმდივანმაც. სტივ უორენის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი თურქეთის, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყნის დისკრედიტაციას უწყობს ხელს.ფოტო: DHA
წაკითხვა
ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები სუსტდება
გამოქვეყნებულია: 2014-11-13 13:50:00
ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები სუსტდება. ერაყის სამთავრობო ძალებმა, ისლამისტებთან რამდენიმეკვირიანი ბრძოლის შემდეგ, ქვეყნის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე კონტროლი აღადგინეს. ბაღდადში აცხადებენ, რომ ანბარის პროვინციაში მცხოვრები სუნიტები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოლებენ.პარალელურად, შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია უნდა გადაიხედოს. ვაშინგტონმა ერაყში ისლამისტების პოზიციების დაბომბვა 8 აგვისტოდან დაიწყო.
წაკითხვა
გაჩნდება თუ არა თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე
გამოქვეყნებულია: 2014-11-12 20:14:00
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სახელმწიფო აუდიტის სამასახურს მიმართავს. დავით საგანელიძე მაკონტროლებელ ორგანოს სთხოვს, თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გაუგზავნოს. საუბარია 2011-დან 2013 წლამდე ჩატარებულ აუდიტზე, რომელიც ჯარისკაცების მოწამვლის და ე.წ. კაბელების საქმეს არ მოიცავს, თუმცა მასში სხვა შესყიდვებზეა საუბარი.გენერალური აუდიტორი ადასტურებს, რომ გამოვლენილია გარკვეული ხარვეზები, რის გამოც აუდიტის შედეგები მოკვლევისთვის უკვე პროკურატურაშია. მასალებს, რომლებსაც გრიფით საიდუმლო ადევს, უახლოეს დღეებში პარლამენტის ნდობის ჯგუფიც მიიღებს.
წაკითხვა
თავდაცვის მინისტრმა ბრიტანეთის ელჩი მიიღო
გამოქვეყნებულია: 2014-11-12 16:55:00
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ დიდი ბრიტანეთის ელჩ ალექსანდრა ჰოლ ჰოლს უმასპინძლა. შეხვედრაზე, ასევე, საერთაშორისო უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭოს მდივანი, სერ გარი ჯონსონიც იმყოფებოდა.მხარეებმა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.
წაკითხვა
კანადის მორიგი ავიაიერიში „ისლამური სახელმწიფოს“ ბაზებზე
გამოქვეყნებულია: 2014-11-12 13:43:00
კანადის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ერაყში განთავსებულ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტთა ბაზებზე მორიგი ავიაიერიში განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას კანადის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ოპერაციის შედეგად, ქალაქ ბეიჯიში განადგურებულია ტერორისტთა საკვანძო ბაზები და მძიმე ტექნიკა, თუმცა ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია დაჯგუფების მებრძოლთა ლიკვიდაციის შესახებ.ტერორისტების წინააღმდეგ პირველი ავიაიერიში კანადამ ერთი კვირის წინ განახორციელა. ავიადარტყმები საერთაშორისო კოალიციის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ წამოწყებული ოპერაციების ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს.
წაკითხვა