საზოგადოებრივი
104.5 FM
ეუთო-ს მისია უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ იტყობინება
გამოქვეყნებულია: 2014-11-12 13:27:00
ეუთო-ს მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო ტექნიკის გადაადგილებაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 07:45 საათზე დონეცკიდან სამი კილომეტრის დაშორებით კოლონა გადაადგილდებოდა, რომელიც 43 სამხედრო სატვირთო ავტომობილისგან შედგებოდა. ეუთო-ს მისიის ინფორმაციით, ტექნიკა ამოსაცნობი ნიშნების გარეშე მოძრაობდა.სამხედრო ტექნიკის გადაადგილებით შეშფოთებულია ნატო-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გენერლი ფილიპ ბრიდლავი. მან საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი განაგრძობს არტილერიის, შეიარაღებისა და საბრძოლო მოწყობილობების აღმოსავლეთ უკრაინაში გადასროლას.„შეშფოთებული ვარ რუსეთის კოლონების გადაადგილების ზრდით. ძალადობა დღითიდღე მატულობს“, - განაცხადა ნატო-ს გენერალმა.
წაკითხვა
თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-11 13:04:00
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს და დიპლომატიურ მისიებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობა და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები იყო. მხარეები მამავალში ევროკავშირის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე გამახვილდა.
წაკითხვა
ღარიბაშვილი - საქართველოს ჯარი, ჩვენი სიამაყე, არის და იქნება აპოლიტიკური
გამოქვეყნებულია: 2014-11-10 20:40:00
„საქართველოს ჯარი, ჩვენი სიამაყე, არის და იქნება აპოლიტიკური“, - ეს განაცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის მთავარი თემა ქართული ჯარის განვითარების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები იყო. „თავდაცვის მინისტრთან და გენშტაბის უფროსთან ერთად, შევაჯამეთ ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს ჯარი, ჩვენი სიამაყე, არის და იქნება აპოლიტიკური და ჩვენ ამ კურსს აუცილებლად შევინარჩუნებთ. საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა ხელი შეუწყოს ჯარის განვითარებას, მისი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, წინსვლას და ჯარისკაცების პირობების გაუმჯობესებას“, - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.
წაკითხვა
„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, სავარაუდოდ, დაჭრილია
გამოქვეყნებულია: 2014-11-10 13:59:00
ერაყის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი, სავარაუდოდ, დაჭრილია. ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების მეთაურობით მოქმედმა კოალიციურმა ძალებმა ქალაქ მოსულთან ჯიჰადისტების ავტოკოლონა დაბომბეს. შტატების ცენტრალური სარდლობა ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.ავიადარტყმები „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების შეხვედრის დროს განხორციელდა.
წაკითხვა
ობამა - აშშ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის
გამოქვეყნებულია: 2014-11-10 11:34:00
შეერთებული შტატები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტელეკომპანია CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ობამას თქმით, ერაყში დამატებით 1500 სამხედრო მოსამსახურე გაიგზავნება.შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ავიადარტყმები ეფექტური აღმოჩნდა და ისლამისტების წინსვლა შეჩერდა. ამჯერად კი საჭიროა, რომ ერაყის სახმელეთო ჯარებმა კონტრიერიში განახორციელონ.ობამას თქმით, შეერთებული შტატების სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან.
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატი გამოძიებას კანონდარღვევაში ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2014-11-10 10:32:00
ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატი გამოძიებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს. გიორგი სამუშიას განმარტებით, დაცვის მხარეს საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემია, რასაც პროკურატურა ხელოვნურად აჭიანურებს.სამუშიას თქმით, პროკურატურას არ სურს საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი ის ფაქტი, რომ ბრალდებულები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ჰყავთ დაკავებული.შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი დააკავა. გამოძიება მათ 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება.
წაკითხვა
გენშტაბის უფროსი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
გამოქვეყნებულია: 2014-11-10 10:29:00
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი თავდაცვის ახალ მინისტრთან თანამშრომლობას გეგმავს და თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამერიკიდან გვიან ღამით დაბრუნდა და კომენტარი აეროპორტში გააკეთა. მისი თქმით, ის ტელეფონით უკვე ესაუბრა მინდია ჯანელიძეს და ვიზიტის დეტალები განიხილა.ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა ევალება და არა პოლიტიკაში ჩარევა.
წაკითხვა
შეტაკებები უკრაინის აღმოსავლეთში - კიევი რუსული სამხედრო ტექნიკის შესვლაზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2014-11-09 21:28:00
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში შეტაკებები მიმდინარეობს. დონეცკში სროლის ხმა მთელი დღის განმავლობაში ისმოდა. გავრცელებული ინფორმაციით, საარტილერიო ცეცხლი პრორუსმა სეპარატისებმა გახსნეს. მათ სამთავრობო ძალების პოზიციებიდანაც უპასუხეს.შეგახსენებთ, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ ქალაქ მაკეევკას მახლობლად მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შენიშნა.სეპარატისტები აცხადებენ, რომ სამხედრო ტექნიკა მათ ეკუთვნით, უკრაინის მთავრობაში კი ამბობენ, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში რუსული სამხედრო ტექნიკა შეჰყავთ.
წაკითხვა
აშშ ერაყში 1 500 სამხედროს გზავნის
გამოქვეყნებულია: 2014-11-09 17:02:00
შეერთებული შტატები ერაყში დამატებით 1 500 სამხედროს გაგზავნის. თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ადგილობრივი სამხედროებისთვის დახმარების მიზნით ჩადიან. პენტაგონის ცნობით, ამერიკელი სამხედროები ერაყელ სამხედროებს რჩევებს მისცემენ და წვრთნებს ჩაუტარებენ, თუმცა საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან.ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტი აპირებს, რომ კონგრესს მოსთხოვოს, 6 მილიონი დოლარი გამოყოს ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად.
წაკითხვა
კოალიციურმა ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ავტოკოლონაზე იერიში განახორციელეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-09 14:08:00
საერთაშორისო კოალიციის ძალებმა, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს, რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ავტოკოლონაზე ერაყის ქალაქ მოსულთან ახლოს იერიში განახორციელეს. ამერიკის შეიარღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად, 10 ავტომობილის ლიკვიდაცია მოხდა, რომლებითაც, გავრცელებული ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები გადაადგილდებოდნენ.ჯერჯერობით უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ავტომობილში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი აბუ ბაკრ ალ ბაღდადი. თუმცა, მანამდე არაბულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალ ბაღდადი დაჭრილია.
წაკითხვა
ეუთო-ს მისია: დონეცკსა და მაკეევკაში მძიმე ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება
გამოქვეყნებულია: 2014-11-09 14:04:00
უკრაინაში მყოფი ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აღმოსავლეთ რეგიონებში, კონკრეტულად კი დონეცკსა და მაკეევკაში მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. მათი თქმით, საუბარია ტანკებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ ამოსაცნობი ნიშნები.სპეციალური მონიტორინგის მისიის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ რეგიონებში ისმოდა ინტენსიური დაბომბვის ხმაც.უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, მძიმე სამხედრო ტექნიკა აღმოსავლეთ რეგიონებში რუსეთიდან შედის.
წაკითხვა
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2014-11-09 13:17:00
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პოლიციის გენერალ-მაიორი ვახტანგ გომელაური წვევამდელთა ფიცის მიღებას დაესწრო, ჯარისკაცებს სამხედრო სამსახურის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ახალწვეულებმა საბრძოლო უნარების დემონსტრირება ჩაატარეს.წვევამდელები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში გაივლიან, შესაბამისი წვრთნების შედეგად, სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.
წაკითხვა
შეერთებული შტატები ერაყში 1500 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის
გამოქვეყნებულია: 2014-11-08 13:15:00
შეერთებული შტატები ერაყში 1500 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის. კონტინგენტი ერაყის არმიასა და ქურთ მეამბოხეებს ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. მათ შორის არიან ინსტრუქტორები და მრჩეველთა ჯგუფი, რომელიც ერაყელ სამხედროებს ოპერაციების დაგეგმვაში დახმარებას გაუწევენ. ამერიკელი სამხედროები ერაყში უახლოეს კვირებში გაემგზავრებიან. მათი ჩასვლის შემდეგ სულ ერაყში შეერთებული შტატების 2900 სამხედრო მოსამსახურე იქნება.
წაკითხვა
თავდაცვის ახალი მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-07 17:02:00
თავდაცვის ახალი მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა. ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი და საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ერიკ ჰანი ესწრებოდნენ. მხარეებმა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო-ტექნიკურ სფეროში ურთიერთობაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროში ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
წაკითხვა
რუსეთისთვის განკუთვნილი "მისტრალები" შესაძლოა ნატო-მ ან კანადამ შეიძინოს
გამოქვეყნებულია: 2014-11-07 14:02:00
რუსეთისთვის განკუთვნილი "მისტრალები" შესაძლოა ნატო-მ ან კანადამ შეიძინოს. შეერთებული შტატების კონგრესმენების ნაწილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს ვერტმფრენმზიდების შეძენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. კონგრესმენების წერილში ნათქვამია, რომ მსგავსი ნაბიჯი ვლადიმერ პუტინს დაანახებს, რომ ალიანსი ევროპაში რუსეთის სახიფათო მოქმედებას არ შეეგუება. საფრანგეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, რუსეთისთვის პირველი "მისტრალის" გადაცემის პირობები ამ დრომდე განსაზღვრული არ არის.
წაკითხვა
თავდაცვის ახალი მინისტრის პირველი სამუშაო დღე
გამოქვეყნებულია: 2014-11-06 20:48:00
საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრის პირველი სამუშაო დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებთან შეხვედრით დაიწყო. მინდია ჯანელიძეს დეპარტამენტის უფროსებმა და სხვადასხვა ქვედანაყოფის სარდლებმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესები გააცნეს. საუბარი ასევე შეეხო დასახულ ამოცანებსა და სამომავლო გეგმებს.გაცნობით შეხვედრაზე ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი და შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტიც იმყოფებოდნენ.
წაკითხვა
პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს საქმის მასალები გადაუგზავნა
გამოქვეყნებულია: 2014-11-06 17:32:00
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალი თანამდებობის პირების საქმეზე მასალები გადაუგზავნა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ მასალებსა და მტკიცებულებებზე გრიფით საიდუმლოს მოხსნის მიზანშეწონილობის შესწავლის მიზნით, საქმეში არსებულ სრულ მტკიცებულებებს მიაწვდის შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელიც იმსჯელებს საქმისათვის გრიფით საიდუმლოს მოხსნის საკითხზე.„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არ დარჩეს არცერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა, პროცესის საჯაროობის და გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, სახელმწიფო კუთვნილი 4 102 872.6 ლარის გაფლანგვის ფაქტს, განსაიდუმლოების და გრიფი საიდუმლოს მოხსნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაუგზავნა ამავე უწყებიდან ამოღებული დოკუმენტები, რომელსაც ასევე ეთხოვა ამავე საქმეზე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იმ დოკუმენტების განსაიდუმლოების მიზანშეწონილობის შესწავლაც, რომელიც არ მოთხოვნილა თავდაცვის სამინისტროს მიერ, თუმცა საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს წარმოდგენს. აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ამავე საქმეში არსებული გამოძიებისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტების განსაიდუმლოების მიზანშეწონილობის შესწავლა ეთხოვა სხვა დამსაიდუმლოებელ ორგანიზაციებს. ამავდროულად, გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველყოფისა და საზოგადოების მაქსიმალურად სრულად ინფორმირების მიზნით, მთავარი პროკურატურა გამოძიების მასალებსა და მტკიცებულებებზე გრიფი საიდუმლოს მოხსნის მიზანშეწონილობის შესწავლის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სრულ მტკიცებულებებს მიაწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელიც როგორც ერთადერთი კომპეტენტური ორგანო, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად იმსჯელებს საქმისათვის გრიფი საიდუმლოს მოხსნის საკითხზე. ასევე პროკურატურა აპირებს განსაიდუმლოების მიზანშეწონილობის შესწავლის მოთხოვნით მიმართოს კომპეტენტურ ორგანოებს იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზეც გამოძიების მიერ მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვა საიდუმლო შესყიდვების კანონიერებისა და საიდუმლო შესყიდვის ფორმით ჩატარების აუცილებლობის შემოწმება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
წაკითხვა
სამხედრო, რომელმაც ბინ ლადენი მოკლა, სამსახურიდან გაათავისუფლეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-06 13:55:00
უსამა ბინ ლადენი შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლმა რობ ონილმა მოკლა. ინფორმაციას „დეილი ნიუსი“ ავრცელებს. 38 წლის რობ ონილმა ინფორმაციის გასაჯაროების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. 16-წლიანი სტაჟის მქონე სპეცდანიშნულების რაზმის წევრი პენსიისა და სამედიცინო დაზღვევის გარეშე დარჩა.კარიერის განმავლობაში რობ ონილმა 400-ზე მეტ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის ერაყსა და ავღანეთში. სწორედ მის მიერ განხორციელებულ გასროლას ემსხვერპლა პაკისტანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი უსამა ბინ ლადენი, რის გამოც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ონილმა ჯილდოც მიიღო.„დეილი ნიუსის“ ინფორმაციით, ნოემბერში ტელეკომპანია „ფოქს ნიუსზე“ რობ ონილის ვრცელი ინტერვიუ გავრცელდება.
წაკითხვა
ნატო-ს ახალი გენმდივნის პირველი ვიზიტი ავღანეთში
გამოქვეყნებულია: 2014-11-06 13:48:00
ნატო-ს ახალი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ავღანეთში ჩავიდა. ალიანსის მეთაურის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ეს მისი პირველი ვიზიტია ავღანეთში. სტოლტენბერგმა ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი მოინახულა. გენერალური მდივანი ავღანელი ჯარისკაცების წინაშე სიტყვით გამოვიდა.მან განაცხადა, რომ ნატო-ს ინსტრუქტორები და მრჩევლები ავღანელებს მას შემდეგაც გაუწევენ დახმარებას, რაც ალიანსი ოპერაციას დაასრულებს.2015 წლის დასაწყისში ავღანეთში 12 000 უცხოელი სამხედრო დარჩება. მათგან 10 000 ამერიკელი ჯარისკაცი იქნება, 2 000 კი ნატო-ს ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.
წაკითხვა
თავდაცვის ახალი მინისტრის პირველი სამუშაო დღე
გამოქვეყნებულია: 2014-11-06 11:16:00
მინდია ჯანელიძის პირველი სამუშაო დღე თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე - თავდაცვის ახალ მინისტრს სამინისტროში დღეს ელოდებიან. აღნიშნულ თანამდებობაზე მინდია ჯანელიძე ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ წარადგინა. ის გუშინვე შეხვდა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიას.
წაკითხვა