საზოგადოებრივი
104.5 FM
Daily Telegraph-ი ვერა პუტინას ინტერვიუს აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2008-12-07 16:41:12
ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph-ი სოფელ მეტეხში მცხოვრებ ვერა პუტინას ინტერვიუს აქვეყნებს. 82 წლის ქალბატონი აცხადებს, რომ მზადაა დნმ-ის ექსპერტიზა გაიაროს, რათა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად ვლადიმერ პუტინის დედაა. ბრიტანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ვოვა მეტეხის სკოლაში სწავლობდა და გრაფაში ეროვნება – ქართველი ეწერა. "მე მრცხვენია ჩემი შვილის საქციელის გამო", - ასე პასუხობს ვერა პუტინა ჟურნალისტის მიერ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. სტატიები ვერა პუტინას შესახებ 2000 წლიდან გაჩნდა. თემის გაშუქებას რუსი ჟურნალისტი გეგმავდა, რომელიც ავიაკატასტროფაში დაიღუპა, იტალიელი რეპორტიორი, რომელიც ამ თემის გასაშუქებლად თბილისში იყო ჩამოსული, დაუდგენელმა პირებმა მოკლეს.
წაკითხვა
მთავრობის ახალი შემადგენლობა ხვალ შეიკრიბება
გამოქვეყნებულია: 2008-12-07 16:36:19
მთავრობის ახალი შემადგენლობა პირველ სხდომას ხვალ გამართავს. მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებენ. ჯერჯერობით ვაკანტური რჩება კულტურის მინისტრის პორთფელი, რადგან მის დაკავებაზე ზურაბ აბაშიძემ უარი განაცხადა. რაც შეეხება საგარეო, თავდაცვისა და განათლების ახალ მინისტრებს, მათ პრემიერ–მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი სამინისტროებში მთავრობის სხდომის დაწყებამდე წარადგენს.
წაკითხვა
გრიგოლ ვაშაძე და გიორგი ბარამიძე ბრიუსელში გაემგზავრებიან
გამოქვეყნებულია: 2008-12-07 12:53:11
ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში შედგება. ორ დღეში ევროკავშირი–საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს მეცხრე ყოველწლიური პლენარული სხდომა გაიმართება. ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ბრიუსელში ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძეც მიემგზავრება, რომელიც ასევე მონაწილეობას მიიღებს სხდომის მუშაობაში. გიორგი ბარამიძის განცხადებით, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება იქნება. გეგმის მიხედვით, საქართველოსთან მიმართებაში მომავალი წლიდან სავიზო რეჟიმის გამარტივებაც იგეგმება. სამეზობლო პოლიტიკის გარდა, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დახმარების გაზრდის საკითხებიც განიხილება.
წაკითხვა
პრეზიდენტის კანცელარიაში უმრავლესობის სხდომა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2008-12-07 12:45:10
საქართველოს მთავრობის ორი მთავარი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკაა, - ასეთ განცხადებას უმრავლესობის სხდომის შემდეგ დეპუტატები აკეთებენ. სამთავრობო ცვლილებები მათ პრეზიდენტის კანცელარიაში კიდევ ერთხელ, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან განიხილეს. ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის გარკვეული თავდაცვისა და კულტურის მინისტრების, ასევე უშიშროების საბჭოს მდივნის კანდიდატურები. დეპუტატების თქმით, მომდევნო კვირაში მთავრობის შემადგენლობა საბოლოოდ ჩამოყალიბდება და არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ მუშაობას განახლებული ძალებით შეუდგება.
წაკითხვა
'ქრისტიან-დემოკრატები' დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ
გამოქვეყნებულია: 2008-12-06 17:03:59
გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში ჩასახლებულ დაზარალებულ მოსახლეობას დღეს „ქრისტიან-დემოკრატები“ შეხვდნენ. გიორგი თარგამაძემ მათი საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა და პრობლემებს ადგილზე გაეცნო. 300-მდე ოჯახს "ქრისტიან-დემოკრატებმა" საკვები პროდუქტები ჩაუტანეს. დაზარალებულებმა თარგამაძეს ახლად აშენებულ სოფელში მედპუნქტის გახსნაზე შუამდგომლობა სთხოვეს.
წაკითხვა
ზვიად ძიძიგური მთავრობაში საკადრო ცვლილებებს აფასებს
გამოქვეყნებულია: 2008-12-06 16:33:37
მთავრობაში საკადრო გადაადგილება ხელოვნურად განხორციელდა, რომ ირაკლი ალასანიას გადადგომის ფაქტი გადაფარულიყო,- ამის შესახებ განცხადებას ზვიად ძიძიგური აკეთებს. "კონსერვატორების" ლიდერი შეუძლებლად მიიჩნევს რეალურ ცვლილებებზე საუბარს მაშინ, როდესაც თანამდებობებზე რჩებიან ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. "ასევე დაშვებულია მინისტრის პოსტზე ნიკა გვარამიას კანდიდატურაც, რომელმაც ქართულ საზოგადოებას თავი ძირითადად პოლიტიკური პატიმრების საქმეების ფაბრიკაციით დაამახსოვრა", – აღნიშნავს ძიძიგური.
წაკითხვა
საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-06 16:20:09
მთავრობაში გუშინ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე გრიგოლ ვაშაძე წარადგინა, განათლების მინისტრის თანამდებობას ნიკა გვარამია დაიკავებს, კულტურის სამინისტროს ზურაბ აბაშიძე ჩაუდგება სათავეში, ხოლო თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ბათუ ქუთელია იქნება. ჯერჯერობით უცნობია, სად წავლენ საგარეო საქმეთა, განათლების და თავდაცვის სამინისტროების ყოფილი ხელმძღვანელები ეკა ტყეშელაშვილი, გია ნოდია და დავით კეზერაშვილი. ვინაიდან მთავრობაში მხოლოდ 4 მინისტრი შეიცვალა, კონსტიტუციის თანახმად, ამ ცვლილებებს პარლამენტის დამტკიცება არ სჭირდება. საკადრო ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანგარიში პრეზიდენტს უკვე ჩააბარა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრემიერმა გარკვეული ვადა ითხოვა ცვლილებების განსახორციელებლად და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. პრეზიდენტის განმარტებით, საკადრო ცვლილებების მიზანი მთავრობაში ახალი სისხლის გადასხმა იყო. მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე დედაქალაქის მერმაც ისაუბრა. გიგი უგულავა აცხადებს, რომ ცვლილებები მთავრობაში დაგეგმილი იყო და ის ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.
წაკითხვა
ნიკა გვარამია განათლების მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ორშაბათიდან შეუდგება
გამოქვეყნებულია: 2008-12-06 16:10:11
სავარაუდოდ, ორშაბათს დაიწყება განათლების ახალი მინისტრის ახალი სამუშაო დღე. ნიკა გვარამიამ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ ცვლილებებს გეგმავს სამინისტროს როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ სტრუქტურებში. განათლების მინისტრის პრიორიტეტი უსაფრთხო სკოლა იქნება. უსაფრთხო სკოლაზე საუბარი ჯერ კიდევ წინა მინისტრების პერიოდში დაიწყო, თუმცა რეალურად ეს ინიციატივა, რომელიც სკოლების თვალთვალისა და უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვას ითვალისწინებდა, ჯერჯერობით მხოლოდ ორ საჯარო სკოლაში განხორციელდა. პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე ნიკა გვარამია გუშინ წარადგინა.
წაკითხვა
საქართველოს პირველი დიპლომატის მისვლას საგარეო საქმეთა სამინისტროში ელოდნენ
გამოქვეყნებულია: 2008-12-06 16:05:11
გრიგოლ ვაშაძეს დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელოდნენ, თუმცა ყოფილი კულტურის მინისტრი სამსახურში არ მისულა. ახალმა მინისტრმა გუშინ ხაზგასმით განაცხადა, რომ ნებისმიერ თანამდებობაზე გამოცდილი კადრი იმის მიხედვით დაინიშნება, თუ რას საქმიანობდა ომის დროს. საგარეო უწყებაში განხორციელებულ ცვლილებებს, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ექსპერტები ადეკვატურს უწოდებენ. გამოცდილი დიპლომატი და ადამიანი, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი დაელაპარაკება, – ასეთია პოლიტოლოგების შეფასება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გრიგოლ ვაშაძის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში პოზიტივი გაჩნდება. პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე გრიგოლ ვაშაძე გუშინ წარადგინა.
წაკითხვა
სერგეი შამბა ევროკავშირის დამკვირვებლებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
გამოქვეყნებულია: 2008-12-06 13:33:10
ევროკავშირის დამკვირვებლების ადგილი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არ არის - მორიგი განცხადება ევროკავშირის დამკვირვებლებთან დაკავშირებით აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა. “მედვედევი-სარკოზის გეგმაში გარკვევითაა აღნიშნული, სადაა დამკვირვებლების ადგილი - ისინი ბუფერულ ზონებში უნდა იყვნენ. მონიტორინგი მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩაატარონ”,- აცხადებს ბაღაფშის მთავრობის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი შამბა. სეპარატისტი მინისტრი ამბობს, რომ ევროსაბჭოს არ აქვს საკმარისი გამოცდილება და საშუალება იმისთვის, რომ რეგიონში უსაფრთხოების გარანტი იყოს.
წაკითხვა
კოკოითს სამეწარმეო საქმეთა აკადემიამ მოსკოვში მხარდამჭერი აქცია გაუმართა
გამოქვეყნებულია: 2008-12-06 13:21:08
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის აღმშენებლობაზე საუბრობს, რუსი ბიზნესმენები არასტაბილურ რეგიონში ინვესტიციების ჩადებას შიშობენ. ბიზნესმენებს რომ ცხინვალში ფულის გათეთრება სურთ, ამაზე ედუარდ კოკოითიც ალაპარაკდა. სეპარატისტთა ლიდერს სამეწარმეო საქმეთა აკადემიამ მოსკოვში მხარდამჭერი აქცია გაუმართა, თუმცა კონკრეტულ ეკონომიკურ პროექტებზე საუბარი არ ყოფილა, რუსების მხარდაჭერა მხოლოდ კონცერტით შემოიფარგლა.
წაკითხვა
საკადრო ცვლილებები მთავრობაში
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 20:38:17
საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში. მგალობლიშვილის კაბინეტში ოთხი უწყების - საგარეო, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სამინისტროების ხელმძღვანელები იცვლება. საგარეო საქმეთა მინისტრ ეკატერინე ტყეშელაშვილისა და თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილის შეცვლას მედია ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ახალი პრემიერის დანიშვნისთანავე ვარაუდობდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება მაშინ მგალობლიშვილს არ მიუღია.
წაკითხვა
"ლეიბორისტები" ხელისუფლებას ადანაშაულებენ
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 17:27:05
"ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ხელისუფლება ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულეს. პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ 19 ნოემბერს გაიცა ვაზის მასობრივი გაჩეხვის შესახებ განკარგულება, რომელსაც პრემიერ–მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა მოაწერა ხელი. მათი მტკიცებით, მთავრობა თითო გაჩეხილ ჰექტარზე ყოველ გლეხს 2 000 ლარს უხდის.
წაკითხვა
გოჩა ფიფია პარტიებს ნეიტრალიტეტის მემორანდუმს სთავაზობს
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 17:19:07
პოლიტიკური პარტია "ქართული პოლიტიკის" თავმჯდომარე გოჩა ფიფიამ პრესკონფერენცია გამართა. ფიფია ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, ახალ, ნეიტრალიტეტის მემორანდუმს სთავაზობს. "ქართული პოლიტიკა" მიიჩნევს, რომ საქართველოს რომელიმე სამხედრო ბლოკში გაერთიანება დაუშვებელია. "ვაცხადებთ, რომ მუდმივი ნეიტრალიტეტი არის ერთადერთი გზა, რომელიც თანხვედრია საქართველოს სახელმწიფოს რეალური დამოუკიდებლობისა და გარანტი რეგიონში არსებული ტერიტორიული დავების გადაჭრისა", - ნათქვამია მემორანდუმში. მემორანდუმზე ხელმოწერა 8 დეკემბერს, 13:00 საათზე, შვეიცარიის საელჩოსთან შედგება.
წაკითხვა
ექსპერტთა ჯგუფი 2008 წლის მოვლენებს აფასებს
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 17:15:03
დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი 2008 წლის მოვლენებს აფასებს. მათ განიხილეს როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო სფერო და ხელისუფლების ქმედებებს აგვისტოს მოვლენების დროს სამართლებრივი შეფასება მისცეს. ექსპერტთა თქმით, ხელისუფლებამ სწორად ვერ განსაზღვრა კონფლიქტურ რეგიონში არსებული საფრთხეები და სიტუაციის სიმძიმე. მათივე შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები ყოველგვარი პროგრამის გარეშე ვითარდებოდა, შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს კი სიღარიბის დაძლევის ხუთწლიანი პროგრამის შექმნაში ხედავენ. დასკვნას ექსპერტები დღეს დიპლომატიურ კორპუსს აცნობენ, შემდგომ კი რუსული აგრესიის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას გადასცემენ.
წაკითხვა
გრიგოლ მგალობლიშვილი კარალეთს სტუმრობს
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 16:46:55
პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი სოფელ კარალეთს სტუმრობს, სადაც დაზარალებული მოსახლეობისთვის მშენებარე კოტეჯებს ათვალიერებს. მანამდე კი გრიგოლ მგალობლიშვილმა სოფელი მერეთი მოინახულა, სადაც დღეს დილით სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან თავდასხმა მოხდა. პრემიერმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერა და მოსახლეობას გაესაუბრა. ადგილობრივებმა მგალობლიშვილს უსაფრთხოების მიზნით სოფელში პოლიციის დამატებითი ძალების შეყვანა სთხოვეს, მითუმეტეს, რომ დღეს დილიდან, მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სეპარატისტებმა სოფელ ხელჩუასა და დისევში პოზიციები გააძლიერეს.
წაკითხვა
ნატო–ს გადაწყვეტილებას პარლამენტი ზეპირად გამოეხმაურება
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 16:39:15
ნატო–ს მინისტერიალზე მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის შესახებ პარლამენტი წერილობითი განცხადების შემუშავების ნაცვლად, ზეპირად გამოეხმაურება. გთავაზობთ ვიდეომასალას.
წაკითხვა
სერგეი ლავროვი საქართველოს ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 16:34:58
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს ე.წ. სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების დაწყებაში ამჯერად ეუთო–ს ტრიბუნიდან ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა, რომელიც გუშინ უნდა გამართულიყო, დღეს შედგა.
წაკითხვა
აფეთქება გორის რაიონის სოფელ მერეთში
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 12:53:37
აფეთქების ხმა ისმოდა დღეს გორის რაიონის სოფელ მერეთში. ჭურვი ქართული პოლიციის შენობის სიახლოვეს, საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ სათავსოს დაეცა. ჭურვის ჩამოვარდნამდე რამდენიმე წუთით ადრე ოსი სეპარატისტები მერეთის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ისროდნენ. სეპარატისტების სამიზნე, სავარაუდოდ, ქართული პოლიციის შენობა იყო, საიდანაც აფეთქება რამდენიმე ათეულ მეტრში მოხდა.
წაკითხვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პენტაგონზე ინტერნეტთავდასხმის ბრალდებას უარყოფენ
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 12:48:41
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პენტაგონზე ინტერნეტთავდასხმის ბრალდებას ოფიციალურად უარყოფენ. გავრცელებულ ინფორმაციას რუსი ჰაკერების მიერ პენტაგონის ინტერნეტქსელზე თავდასხმის შესახებ სამინისტროში უპასუხისმგებლო და დაუსაბუთებელ ბრალდებად აფასებენ. ამერიკულმა მხარემ ეს ინფორმაცია ერთი კვირის წინ გაავრცელა. რუსეთი კი აღნიშნულ ბრალდებას ერთი კვირის დაგვიანებით გამოეხმაურა.
წაკითხვა