საზოგადოებრივი
104.5 FM
ანატოლი ბარანკევიჩი – ცხინვალი კატასტროფის წინაშე დგას
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 12:41:26
”ცხინვალი კატასტროფის წინაშე დგას”, – ამ განცხადებას ანატოლი ბარანკევიჩი აკეთებს. სეპარატისტული მთავრობის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს. ანატოლი ბარანკევიჩი მთავრობიდან წასვლის მიზეზად ედუარდ კოკოითთან კონფლიქტს ასახელებს. მისი თქმით, კოკოითი აგვისტოში საბრძოლო მოქმედებების პიკის დროს ცხინვალში არ იმყოფებოდა, ახლა კი სამარის კომპანიები შემოჰყავს სამხრეთ ოსეთისთვის გამოყოფილი თანხების ხელში ჩასადებად. ბარანკევიჩი აცხადებს, რომ არ თბება საშუალო სკოლები და საბავშვო ბაღები. ცხინვალი სოციალური კატასტროფის წინაშე დგას.
წაკითხვა
მეთიუ ბრაიზა პუტინის უცენზურო გამონათქვამზე კომენტარს აკეთებს
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 12:35:16
რუსეთის პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინის უცენზურო გამონათქვამზე საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით კომენტარს ჰელსინკიში მეთიუ ბრაიზა აკეთებს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თქმით, რუსეთის ერთ-ერთი პირველი პირის ასეთი გამონათქვამი ხელს ვერ შეუწყობს ვერც რუსეთ-ამერიკისა და ვერც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გამოსწორებას.
წაკითხვა
პან გი მუნი ეუთო–ს წევრი ქვეყნების შეხვედრებს ეხმაურება
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 12:29:14
ჰელსინკიში გამართულ ეუთო–ს წევრი ქვეყნების შეხვედრებს გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი ეხმაურება. სპეციალური მიმართვა ეუთო–ს შტაბში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში იოჰან ვერბეკემ წარადგინა. გზავნილის მთავარი თემა აგვისტოში საქართველოში განვითარებული მოვლენები და მისი შედეგები გახდა. მიმართვაში ნათქვმია, რომ აგვისტოში განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიო ყურადღება მიიპყრო და უსაფრთხოებისა და მშვიდობის მისაღწევად დღის წესრიგში ბევრი საკითხის გადახედვა დააყენა. "ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შედეგიანი და წარმატებული აღმოჩნდეს. ვფიქრობ, ყველამ უნდა მიაქციოს ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა რეგიონის უსაფრთხოება და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება საკუთარ სახლებში", - აღნიშნა პან-გი-მუნმა.
წაკითხვა
ეუთო-ს მინისტერიალმა შესაძლოა საბოლოო კომუნიკე ვერ მიიღოს
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 12:00:04
ჰელსინკიში შეკრებილმა ეუთო–ს მინისტერიალმა შესაძლოა დღეს საქართველოსთან დაკავშირებული საბოლოო კომუნიკე, ვერ მიიღოს. ამის მიზეზი რუსული მხარის წინააღმდეგობაა. 52 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დეკლარაციაში უნდა განისაზღვროს ორგანიზაციის მომავალი საქმიანობა, მისი როლი და ფუნქციები. გარდა ამისა, ეუთო საქართველოში მისი დამკვირვებლების მანდატის გაგრძელებაზეც უნდა შეჯერდეს. რუსეთის პოზიციის გამო ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ეუთო–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც დღეს ჰელსინკიში დასრულდება, ევროპის უსაფრთხოების კონცეფციის საბოლოო დოკუმენტი უნდა მომზადდეს. გუშინდელ სხდომაზე მთელი დღის განმავლობაში საუბარი მიდიოდა საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე და რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე. დღესვე იგეგმება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლა.
წაკითხვა
პარლამენტი კონტროლის პალატის შესახებ კანონპროექტს განიხილავს
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 11:35:46
პარლამენტის სხდომაზე დღეს კონტროლის პალატის შესახებ კანონპროექტზე დებატების გამართვაა მოსალოდნელი. კანონმდებლები კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ. "ქრისტიან– დემოკრატები" პარლამენტში განსახილველად შესულ პროექტს მახარს არ დაუჭერენ, თუ კანონში არ ჩაიწერება, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იქნებიან. "ქრისტიან–დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ თავის დროზე ხელისუფლებისგან დაპირება მიიღეს, რომ კონტროლის პალატა ოპოზიციის კვოტებითაც დაკომპლექტდებოდა.
წაკითხვა
დე ფაქტო სოხუმს აფხაზეთის ტერიტორიაზე გაეროს მანდატის შეცვლა სურს
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 10:37:55
დე ფაქტო სოხუმს აფხაზეთის ტერიტორიაზე გაეროს მანდატის შეცვლა სურს. ამის შესახებ სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოხუმში მყოფ გაეროს წარმომადგენლებს განუცხადეს. ისინი მოითხოვენ ასევე უსაფრთხოების ახალი ზონების შექმნას და ჭუბურხინჯის ოთხმხრივი მოლაპარაკების აღდგენას შეცლილ ფორმატში. გაეროს სამშვიდობო ოპერაციათა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სეპარატისტებმა განაცხადეს, რომ გაეროს მისიას თავის ტერიტორიაზე მხოლოდ სახელწოდების შეცვლის შემდეგ დაუშვებენ.
წაკითხვა
ოსმა სეპარატისტებმა პოსტების გამაგრება დაიწყეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 10:33:28
ოსმა სეპარატისტებმა პოსტების გამაგრება დაიწყეს. სეპარატისული მთავრობა და რუსი ოკუპანტები ყველა იმ პოსტს ამაგრებენ, რომლებიც ამჟამად ოსების კონტროლირებად ტერიტორიაზეა დისლოცირებული. ამის მიზეზი დღეს ცხინვალში დაგეგმილი საზეიმო შეკრებაა. სეპარატისტები სტუმრებს ელოდებიან როგორც აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან, ასევე დნესტრისპირეთიდანაც. ოსებმა როკის გვირაბიდან ცხინვალის მიმართულებით არსებულ გზაზე კონტროლი გააძლიერეს.
წაკითხვა
ვალერი კონოვალიუკი – საქართველოში უკრაინას იარაღი კანონის დარღვევით შეჰქონდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 10:25:32
საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა ვალერი კონოვალიუკმა ჟურნალისტებს ის დოკუმენტები წარუგინა, რომლებიც, მისი თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უკრაინის მიერ საქართველოში იარაღის შეტანის შესახებ მოიპოვა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში უკრაინას იარაღი კანონის დარღვევით შეჰქონდა და ეს ხდებოდა როგორც აგვისტოს ომის დაწყებამდე, ისე მის შემდეგ. საქართველოს უკანონო შეიარაღებაში კონოვალიუკი ბრალს უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტსაც სდებს. უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები კონოვალიუკის ბრალდებებს უარყოფენ. მათი თქმით, ეს განცხადებები რუსეთის საინფორმაციო ომის ნაწილია, რომლის მიზანს იარაღის ბაზარზე უკრაინის, როგორც კონკურენტის, ჩამოშორება წარმოადგენს.
წაკითხვა
ვიქტორ იუშჩენკომ MAP–ის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 10:19:50
ვიქტორ იუშჩენკო არ გამორიცხავს, რომ MAP–ის საკითხთან დაკავშირებით ნატო ზეწოლის ქვეშ მოექცა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა "ფრანს-პრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. იუშჩენკოს თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება საკმაოდ რთული გეოპოლიტიკური საკითხია. აქედან გამომდინარე, ნატო–ს გადაწყვეტილებაზე გარკვეული ძალების ზეგავლენის გამორიცხვა შეუძლებელია. "საკითხი საკმაოდ მასშტაბურ ინტერესებთან არის დაკავშირებული. თუ თქვენ მკითხავთ, გადაწყვეტილება მხოლოდ ალიანსმა მიიღო თუ მასზე გარკვეულ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, გეტყვით, რომ ასეთი გავლენა არსებობს და ის საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენს” -აღნიშნა იუშჩენკომ.
წაკითხვა
ირაკლი ღვალაძე საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 17:01:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძე დღეს საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს შეხვდა. საპარლამენტო უმცირესობას 2009 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები აქვს. გია ცაგარეიშვილი გამოდის ინიციატივით, რომელიც მარჩენალდაკარგული ოჯახებისთვის 100-ლარიანი დახმარების გადაცემას ითვალისწინებს. ასეთი კი საქართველოში 3 000 ოჯახია. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ 2009 წლის ბიუჯეტი სოციალურ სფეროზე იქნება ორიენტირებული, თუმცა არ დაუკონკრეტებია გაითვალისწინებენ თუ არა ოპოზიციის შენიშვნებს. ირაკლი ღვალაძე ამ დროისთვის შეხვედრას "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" წევრებთან მართავს. 2009 წლის ბიუჯეტს 10 დეკემბერს სესიაზე განიხილავენ.
წაკითხვა
რუსეთის საგარეო უწყება ნატო–ს მინისტერიალის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 16:51:24
"ნატო რეალიზმის პოზიციებს უბრუნდება", – ასე აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ალიანსის გადაწყვეტილებას, ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში ურთიერთობის განახლების შესახებ. რუსეთის საგარეო უწყება მინისტერიალის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ რუსეთს არ სურს ახალი "ცივი ომი" და გამყოფი ხაზები ევროპაში. "მიუხედავად ამისა, ნატო–სთან შემდგომ ურთიერთობებში მოსკოვი აგვისტოს გაკვეთილებს გაითვალისწინებს, როცა ალიანსმა არ გადადგა ნაბიჯები თბილისის ავანტიურის შესაჩერებლად და დაიკავა ცალმხრივი პოზიცია საქართველოს დასაცავად", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. რაც შეეხება საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ის არ მინიჭებას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თვლის, რომ ნატო–მ გაიზიარა ის რისკები, რომელიც ალიანსში ამ ქვეყნების დაჩქარებულ მიღებას უკავშირდება.
წაკითხვა
'მწვანეთა პარტია' ეკოციდის ფაქტების გამოძიებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 16:44:38
"საქართველოს მწვანეთა პარტია" ომამდე და ომის განმავლობაში რუსეთის მხრიდან ეკოციდის ფაქტების გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. "მწვანეთა პარტიის" ლიდერი დახმარებას რუსეთ–საქართველოს ომის შემსწავლელ კომისიასა და მის ხელმძღვანელ ჰაიდი ტალიავინს სთხოვს.
წაკითხვა
'ლეიბორისტული პარტია' ნატო–ში გაწევრიანების წინააღმდეგია
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 16:43:38
"ლეიბორისტული პარტია" ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგია. "ნატო–ში ინტეგრაციის უშედეგო მცდელობამ საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან ომი და დაქუცმაცება მოუტანა", - აცხადებს შალვა ნათელაშვილი. "მშრომელთა პარტიაში" მიაჩნიათ, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ნებისმიერ კავშირსა და ალიანსში გაწევრიანებაზე. "ასეთი გაერთიანება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს", - აცხადებენ "ლეიბორისტები".
წაკითხვა
ვლადიმერ პუტინი – ქართველი ხალხი თვითონ გადაწყვეტს, რა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს იმ პოლიტიკოსებს, ვინც ომი წამოიწყო
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 16:34:45
"ქართველი ხალხი თვითონ გადაწყვეტს, რა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს იმ პოლიტიკოსებს, ვინც აგვისტოში სამხრეთ ოსეთში ომი წამოიწყო", - ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოსახლეობასთან ტრადიციული შეხვედრისას გააკეთა. რუსეთის პრემიერი ამბობს, რომ კრემლი თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს კრიზისის ფონზეც კი ყველა სფეროში დაეხმარება და ამას, მისივე თქმით, სეპარატისტებთან ცოტა ხნის წინ გაფორმებული შეთანხმებებიც მოწმობს. ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმების დასახმარებლად ფედერალურ ბიუჯეტში თანხა უკვე გათვალისწინებულია.
წაკითხვა
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გორის ბაზა დაათვალიერა
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 16:34:36
რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებული გორის ბაზა, სადაც პირველი ბრიგადაა განთავსებული, დღეს ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა. ლაური ტუმის განცხადებით, ქართულმა მხარემ უმოკლეს დროში შეძლო პირველი ქვეითი ბრიგადის ყაზარმების აღდგენა. ესტონეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის უკვე დაიწყო მოლაპარაკებები თანამშრომლობის შესახებ. ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
წაკითხვა
რუსეთის აგრესიის შემსწავლელმა კომისიამ გორში სხდომა გამართა
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 16:30:24
რუსეთის აგრესიის შემსწავლელმა კომისიამ გასვლითი სხდომა გორში გამართა. კომისიის წევრებმა დღეს ის მოსახლეობა დაკითხეს, რომელიც აგვისტოს მოვლენების დროს დაზარალდა. მთავარი კითხვა ომის დაწყების თარიღს ეხებოდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სროლა არა 7 აგვისტოს, არამედ უფრო ადრე, ჯერ კიდევ 2 აგვისტოს დაიწყო, როცა სოფელ ავნევსა და ნულზე სეპარატისტებმა შეტევა ცეცხლსასროლი იარაღითა და მძიმე ტექნიკით განახორციელეს. მათივე განცხადებით, რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალებს ამის აღსაკვეთად არანაირი ზომები არ მიუღიათ. ხოლო მას შემდეგ, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა ამ პროვოკაციას არ უპასუხეს, ფრონეს ხეობასთან ერთად დიდი და პატარა ლიახვის ხეობის სოფლებიც დაიბომბა. კომისიის მხრიდან დასმული იყო კითხვები მარადიორობის ფაქტებზეც. კომისიის წევრების განცხადებით, მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს, რაც საბოლოო დასკვნაში აისახება.
წაკითხვა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები გაღრმავდება
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 16:27:06
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა გრიგოლ მგალობლიშვილმა და არტურ რასიზადემ ორი ქვეყნის მთავრობების კომისიის ოქმს მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სფეროებში ორმხრივ ურთიერთობებს ეხება. შეთანხმება ეკონომიკურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, მათ შორის ტრანსპორტისა და ვაჭრობის საკითხებში. შეხვედრა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" უკვე დასრულდა.
წაკითხვა
დიმიტრი როგოზინი – საქართველომ რუსეთზე უნდა იფიქროს და არა ამერიკაზე
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 16:23:19
"საქართველომ რუსეთზე უნდა იფიქროს და არა ამერიკაზე", – ასეთ განცხადებას რუსეთის წარმომადგენელი ნატო–ში დიმიტრი როგოზინი აკეთებს. როგოზინი აცხადებს, რომ ყოველწლიური ნაციონალური პროგრამა, რომელიც ნატო–მ საქართველოს მიანიჭა, მხოლოდ ფორმალობაა. ქართული მხარისთვის რუსეთის წარმომადგენლის განცხადებები მოულოდნელობა არ ყოფილა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინე ტყეშელაშვილი დარწმუნებულია, რომ ბრიუსელის სამიტი ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად. პროგრამის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ რეფორმები უნდა განახორციელოს, რომელთა მონიტორინგს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავად გააკონტროლებს. იგივე მექანიზმი იმუშავებს უკრაინასთან მიმართებაშიც.
წაკითხვა
ფინეთში ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 16:20:31
ჰელსინკიში ეუთო-ს 52 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს აქტიურად განიხილავენ. მინისტერიალზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და ევროპის უსაფრთხოების კონცეფციაზე მსჯელობენ. ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ფორუმი ფინეთის პრეზიდენტმა ტარია ჰალონენმა გახსნა, შემდეგ კი სიტყვით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ალექსანდრ სტუბი გამოვიდა. საქართველოს დელეგაციას ჰელსინკიში საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინე ტყეშელაშვილი ხელმძღვანელობს.
წაკითხვა
დიმიტრი მედვედევი – ახალი ცივი ომი აღარ იქნება
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 16:14:31
"ახალი ცივი ომი აღარ იქნება", – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ინდურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. "მე არ ვთვლი, რომ მსოფლიო ამ საშიშროების წინაშე დგას. ახალი ცივი ომის დაწყება თანამედროვე მსოფლიო წესრიგის პირობებში შეუძლებელია, ისევე როგორც იზოლაციის პოლიტიკა", – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ეს მედვედევის პირველი ვიზიტია ინდოეთში. მთავარი მიზანი კი რუსეთ-ინდოეთის სამხედრო თანამშრომლობაა.
წაკითხვა