საზოგადოებრივი
104.5 FM
აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბაზების მშენებლობა რუსეთს 10-12 მილიარდი უჯდება
გამოქვეყნებულია: 2008-11-28 12:40:58
აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზების მშენებლობა რუსეთს დაახლოებით 10-12 მილიარდი რუბლი უჯდება. როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, მხოლოდ სამხრეთ ოსეთზე ბიუჯეტიდან 5-6 მილიონი დაიხარჯება. რუსული "გაზეტა–რუ" ამ ინფორმაციას თავდაცვის უწყების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით ასეთი დიდი ხარჯი ტერიტორიის მთიანი რელიეფით, ყაზარმებისა და სამხედრო ტექნიკის პარკის მშენებლობით აიხსნება. ასევე გარკვეული თანხა დაიხარჯება კომუნიკაციების, მათ შორის გზების მშენებლობაში. როგორც "გაზეტა–რუ" იუწყება, ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება სოხუმთან და ცხინვალთან ხელმოწერილი არ არის, ამიტომ ამ თემაზე საუბარი სააგენტოს თქმით, რუსეთის თავდაცვის უწყების წინასწარ ვარაუდებს ეყრდნობა.
წაკითხვა
რუსეთი ნატო–სთან საბაზო პრინციპების განხილვას აპირებს
გამოქვეყნებულია: 2008-11-28 12:36:00
რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ნატო-რუსეთის საბჭოს საბაზო პრინციპების განხილვას აპირებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ნატო-რუსეთის საბჭო კარგი მექანიზმია მხარეებს შორის აზრთა გაცვლისა, მათ შორის პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კომენტარი ახალ ინიციატივაზეც გააკეთა, რომლის მიხედვით, საქართველო და უკრაინა ნატო–ში შესაძლოა MAP-ის გარეშე გაწევრიანდნენ. ლავროვის შეფასებით, MAP-ის გარეშე ამ ქვეყნების ნატო–ში გაწევრიანების საკითხის განხილვა არასერიოზულია. "მე წინასწარ ვერ ვიქნები კმაყოფილი იმ გადაწყვეტილებით, რომელიც დეკემბერში ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრასა და აპრილში ნატო–ს სამიტზე იქნება მიღებული, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ შეხვედრებზე განიხილავენ არა გაწევრიანების პროცედურებს, არამედ იმას, არიან თუ არა ეს ქვეყნები მზად ალიანსში გასაწევრიანებლად. ჩვენ ცალსახად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ნატო–ს ხელოვნურ გაფართოებასთან დაკავშირებით. ეს გაფართოება ევროპის უსაფრთხოების დაცვის მისიას არ ემსახურება და არღვევს საერთაშორისო შეთანხმებას", - განაცხადა ლავროვმა. ნატო-რუსეთის თანამშრომლობა საქართველოში ომის შემდეგ გამწვავდა და 21 აგვისტოს მოსკოვის ინიციატივით შეჩერდა.
წაკითხვა
აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა კომისიამ გრიგოლ ვაშაძეს მოუსმინა
გამოქვეყნებულია: 2008-11-28 11:15:38
"ეროსი კიწმარიშვილს არცერთ მნიშვნელოვან რუს პოლიტიკურ ფიგურასთან არ ჰქონდა კავშირი", – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე და არგუმენტად ის მოჰყავს, რომ რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი რუსეთში ელჩად მხოლოდ თვენახევრის განმავლობაში იმყოფებოდა. ვაშაძის აზრით, ეს დრო არ არის საკმარი იმისთვის, რომ მნიშვნელოვან კონტაქტებზე გასულიყო. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე რუსული აგრესიის შემსწავლელი კომისიის კითხვებს ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა. გრიგოლ ვაშაძე ეროსი კიწმარიშვილის განცხადებებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ არცერთ მნიშვნელოვან შეხვედრას კიწმარიშვილი არ დასწრებია და შესაბამისად, ის არ ფლობდა მნიშვნელოვან ინფორმაციებს. ამ დროისთვის კი პარლამენტში თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს ელოდებიან. რუსეთის აგრესიის შემსწავლელ კომისიაზე მისი მოსმენა 16:00 საათისთვის არის დანიშნული, მანამდე კი კომისიის კითხვებს გრიგოლ ვაშაძე პასუხობდა. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს უშუალოდ ელჩების კოორდინირება ევალებოდა და ის რუსეთთან ურთიერთობებს კურირებდა. აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისია მიმდინარე კვირაში ასრულებს მუშაობას და მის კითხვებზე პასუხის გაცემას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გეგმავს.
წაკითხვა
დაღესტანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ
გამოქვეყნებულია: 2008-11-27 16:03:01
დაღესტანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ. უცნობმა პირებმა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკუთარ მანქანაში დაცხრილეს. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი მძიმედაა დაჭრილი. გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა ვერსიებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. გასულ ღამეს დაღესტანში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა. უცნობმა პირებმა რუსი სამხედრო მოკლეს.
წაკითხვა
პაატა დავითაია კიწმარიშვილს მოუწოდებს
გამოქვეყნებულია: 2008-11-27 15:49:50
აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე პაატა დავითაია ეროსი კიწმარიშვილს მოუწოდებს დაასახელოს იმ პირთა ვინაობა, ვისი ქმედებების გამოც აგვისტოს ომი დაიწყო. დავითაია ყოფილ ელჩს ამ საკითხზე განმარტებების გაკეთებას კომისიის ფორმატში სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თქმით, იძულებული იქნება, ხელისუფლებას ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოსთხოვოს. თუ კიწმარიშვილს აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტები არ აღმოაჩნდება დავითაია ყოფილი ელჩის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს პროვოკაციად შეაფასებს. ამასთან, პაატა დავითაია ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, ვიდრე კომისია საბოლოო დასკვნას არ დადებს, წინასწარი შეფასებებისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ხშირ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. რეგლამენტით, კომისიამ მუშაობა 26 დეკემბერს უნდა დაასრულოს და შესაბამისად, კომისიის დასკვნაც მზად ამ დროისთვის უნდა იყოს. პაატა დავითაიას წინადადებას ეროსი კიწმარიშვილი ჯერ არ გამოხმაურებია. ხვალ 15:00 საათზე ყოფილი ელჩი ომბუდსმენის ოფისში საჯარო მოსმენას გეგმავს, სადაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები და პოლიტიკური პარტიები არიან მიწვეულნი.
წაკითხვა
პარტიების დაფინანსებაში, შესაძლოა, ადენაუერისა და ებერტის ფონდები ჩაერთონ
გამოქვეყნებულია: 2008-11-27 15:44:34
პარტიების დაფინანსებაში, შესაძლოა, "ადენაუერისა" და "ებერტის" ფონდები ჩაერთონ. ანტიკრიზისული საბჭოს წევრები გერმანული ფონდების წარმომადგენლებს დღეს შეხვდნენ. განხილვის მთავარი თემა საერთაშორისო ფონდების მიერ პარტიების დაფინანსება იყო. პარტიების დაფინანსების შესახებ ახალი კანონის ერთ-ერთი პუნქტით განსაზღვრულია, რომ ცალკეული ფონდების მიერ მოხდება ბარიერგადალახული პარტიების სასწავლო პროგრამებისა და ტრეინინგების დაფინანსება. კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდების წარმომადგენლებთან მსჯელობა დღეს ამ მიმართულებით მიმდინარეობდა.
წაკითხვა
ამერიკული ხომალდის ეკიპაჟის წევრებმა გემზე პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები მიიწვიეს
გამოქვეყნებულია: 2008-11-27 15:41:11
ამერიკული ხომალდი "ბარი" უკვე მეორე დღეა ფოთის ნავსადგურში დგას. ეკიპაჟის წევრებმა დღეს მადლიერების დღესთან დაკავშირებით, გემზე ფოთის № 1 საჯარო სკოლის პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები მიიწვიეს. მათთვის საზეიმო სადილი გაიმართა. სტუმრებს ხომალდის მართვის სისტემა დაათვალიერებინეს და მისი შესაძლებლობები გააცნეს. ეკიპაჟის წევრებმა დღესვე ფოთში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა. ხომალდი "ბარი" სარაკეტო კრეისერია, რომელსაც შეუძლია ერთდროულად აწარმოოს ბრძოლა ზღვაში, ჰაერსა და წყალქვეშ. კრეისერი აღჭურვილია ხომალდსაწინააღმდეგო და ფრთოსანი რაკეტებით.
წაკითხვა
პოლონური გაზეთის თანამშრომლებს სასამართლოში უჩივლებენ
გამოქვეყნებულია: 2008-11-27 15:30:59
პოლონური გაზეთი "ძენიკის" თანამშრომლებს სასამართლოში უჩივლებენ. საქმე, შესაძლოა, აღიძრას ჟურნალისტისა და რედაქტორის წინააღმდეგ, რომლებმაც თითქოსდა პოლონური სპეცსამსახურების ანგარიში გამოაქვეყნეს, რომ საქართველოში ყოფნისას ლეხ კაჩინსკის და მის ესკორტს ცეცხლი ქართველებმა გაუხსნეს. პოლონეთის პროკურატურაში სპეციალური სარჩელის შეტანას ქვეყნის უშიშროების სააგენტო გეგმავს. ჟურნალისტებს ბრალი სახელმწიფო საიდუმლოების გაცემაში ედებათ. გავრცელებული ინფორმაციით, გაზეთში გამოყენებული ინფორმაცია იყო ვარაუდი, საიდუმლო ანგარიშის შესახებ.
წაკითხვა
'ლეიბორისტები' მოსამართლეთა ხელფასების გაზრდას აპროტესტებენ
გამოქვეყნებულია: 2008-11-27 15:25:46
"ლეიბორისტული პარტია" მოსამართლეთა ხელფასების გაზრდას აპროტესტებს. პარტიის წევრ კახაბერ ძაგანიას განცხადებით, უსამართლობაა მოსამართლეებისთვის ხელფასების მომატება, მაშინ, როდესაც პედაგოგებსა და ექიმებს მინიმალური ანაზღაურება აქვთ და საპენსიო თანხა საარსებო მინიმუმს ბევრად ჩამოუვარდება. ძაგანია თვლის, რომ ქართველი მოსამართლეების უმრავლესობა ხელისუფლებას ემსახურება. "ლეიბორისტული პარტია" უახლოეს მომავალში ასეთი მოსამართლეების სიას გამოაქვეყნებს და მათ სიმბოლურად საბჭოთა კავშირის მაღალჩინოსან ეჟოვის სახელობის ორდენებს გადასცემს.
წაკითხვა
გია ცაგარეიშვილი ეროსი კიწმარიშვილს ბრალდებებს უყენებს
გამოქვეყნებულია: 2008-11-27 15:17:31
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი რუსეთში საქართველოს ყოფილ ელჩ ეროსი კიწმარიშვილს ბრალდებებს უყენებს. ცაგარეიშვილის განცხადებით, კიწმარიშვილი ჟურნალისტ ნანა ლეჟავას საპრეზიდენტო არჩევნების წინ ლევან გაჩეჩილაძის შტაბის დატოვებასა და მის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებას სთხოვდა. გაერთიანებული ოპოზიციის ხმაურიანად დატოვების სანაცვლოდ კი, საპარლამენტო ოპოზიციის წევრის მტკიცებით, კიწმარიშვილი ლეჟავას დასასვენებლად გამგზავრებასა და კარგ სამსახურს ჰპირდებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა დღეს განუცხადა და დასძინა, რომ ეს ამბავი ოპოზიციაში ყველამ იცის. ცაგარეიშვილს აინტერესებს, რა მოხდა ბოლო 6 თვეში ისეთი, რომ კიწმარიშვილი დღეს ასეთი გულწრფელი აღმოჩნდა.
წაკითხვა
კოკოითი ევროკავშირს ულტიმატუმს უყენებს
გამოქვეყნებულია: 2008-11-27 14:54:44
ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი ევროკავშირს ულტიმატუმს უყენებს. იმ შემთხვევაში, თუ ახალგორთან მომხდარი ინციდენტის გამო, ევროკავშირი რუსეთისა და სეპარატისტული ცხინვალის წინააღმდეგ რაიმე სახის სანქციებს დააწესებს, სეპარატისტები ჟენევაში მიმდინარე კონსულტაციებში მონაწილეობაზე უარს იტყვიან. თბილისში კოკოითის ამ განცხადებას მოსკოვის ნაკარნახევს უწოდებენ და მორიგ პროვოკაციად აფასებენ. პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიას განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთს და მის მფარველობის ქვეშ მყოფ კრიმინალურ დაჯგუფებებს, დიპლომატიურ ენაზე საუბარი არ ესმით. ამის პარალელურად ოსი სეპარატისტების ლიდერი, კიდევ ერთი დავალების შესრულებას ცდილობს. ედუარდ კოკოითი საზღვარს ამაგრებს და სავიზო რეჟიმის დაწესებას აპირებს. კოკოითის მტკიცებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესვლის მსურველ ქართველებს სულ რაღაც სამ თვეში ვიზის აღება მოუწევთ. ქართული მხარე სავიზო რეჟიმის დაწესებას საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს, რადგან ყველა კონვენციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს მის ტერიტორიაზე შეუზღუდავი გადაადგილების უფლება აქვს.
წაკითხვა
Human Rights Watch-ი – რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 18:00:41
"რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ოსმა სეპარატისტებმა ახალგორში ეთნიკური ქართველების დარბევა შეწყვიტონ", - განცხადებას ამის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ავრცელებს. ორგანიზაციის წევრები რუსეთს კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ ქართველებს აქვთ საკუთარ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. "ოსი სეპარატისტები ახალგორში ქართველებს ესხმიან თავს, დროა რუსეთმა საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა", – ამბობს Human Rights Watch-ის რუსული ოფისის ხელმძღვანელი ტანია ლოკშინა. ორგანიზაციის წარმომადგენლები ახალგორში 20 ნოემბერს იმყოფებოდნენ. ისინი პირადად გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას. ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში რეგიონში ეთნიკურად ქართველებზე თავდასხმის რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევაზეცაა საუბარი.
წაკითხვა
მთავრობის სხდომაზე საქართველოსთვის MAP–ის მინიჭების საკითხზე კომენტარები გაკეთდა
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 17:59:02
ერთ კვირაში ბრიუსელში ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ნატო–ში ინტეგრაციის პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, – კომენტარები საქართველოსთვის MAP–ის მინიჭების საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთდა. მინისტრები თვლიან, რომ რუსეთის ფაქტორის გამო არ უნდა შეფერხდეს საქართველოსა და უკრაინას ალიანსში ინტეგრაციის პროცესი. მთავრობის წევრები ნატო–ს მინისტერიალამდე ბოლოჯერ იკრიბებიან.
წაკითხვა
თემურ იაკობაშვილი – საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ამერიკული პიარკომპანიების მიერ დაიგეგმა
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 17:57:45
"საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომი, რომელიც დღემდე გრძელდება, ამერიკული პიარკომპანიების მიერ დაიგეგმა", – ამ განცხადებას რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი აკეთებს და ამბობს, რომ ინფორმაციის დადასტურება შესაძლებელია აღნიშნული კომპანიების ინტერნეტ საიტებზე. "საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომი, რომელიც დღემდე გრძელდება, ამერიკული პიარკომპანიების მიერ დაიგეგმა", – ამ განცხადებას რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი აკეთებს და ამბობს, რომ ინფორმაციის დადასტურება შესაძლებელია აღნიშნული კომპანიების ინტერნეტ საიტებზე.
წაკითხვა
ოტობაია-განმუხურის საზღვარზე განაღმვითი სამუშაოები ხვალისთვის გადაიდო
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 17:56:24
განაღმვითი სამუშაოები, რომელიც ოტობაია-განმუხურის საზღვარზე დღეს უნდა ჩატარებულიყო, ხვალისთვის გადაიდო. ამის მიზეზი ისაა, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმებულიყო გაერო–სა და ევროკავშირის დამკვირვებლების ოტობაიაში გადასვლა, რათა განაღმვითი სამუშაოების თაობაზე მოსახლეობა გაეფრთხილებინათ. ოტობაია-განმუხურის საზღვარი რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა ბოევიკებმა 20 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დროს დანაღმეს. მათ მიერ დატოვებულ ნაღმებზე ორჯერ პირუტყვი აფეთქდა. ვარაუდობენ, რომ რამდენიმე ნაღმი კიდევაა დარჩენილი.
წაკითხვა
ეკა ბესელია კიწმარიშვილის დაპატიმრებას არ გამორიცხავს
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 17:55:26
ეკა ბესელია რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის დაპატიმრებას არ გამორიცხავს. მოძრაობა "ერთიანი საქართველოსათვის" გენერალურ მდივანს ამის საფუძველს კიწმარიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წარმომადგენელთა რეაქცია აძლევს. ბესელიას განცხადებით, საპარლამენტო კომისიამ, რომელიც რუსული აგრესიის შესწავლის მიზნით შეიქმნა, ეროსი კიწმარიშვილის მოსმენის დროს სრული ლუსტრაცია მოახდინა. იგი მიიჩნევს, რომ გუშინდელი სხდომის შემდეგ ყველა დარწმუნდა, რომ კომისია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების გადასარჩენადაა შექმნილი.
წაკითხვა
ეროსი კიწმარიშვილი საზოგადოებას მორიგ საჯარო ჩვენებას მისცემს
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 17:54:25
ორ დღეში რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი საზოგადოებას მორიგ საჯარო ჩვენებას მისცემს. აღნიშნული ჩვენების საჯაროობის უზრუნველყოფაზე ამჯერად ოპოზიცია იზრუნებს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ სწორედ ოპოზიციის ორგანიზებით, 28 ნოემბერს ეროსი კიწმარიშვილი სრულფასოვანი ჩვენების მიცემას შეძლებს და იგი საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა კითხვას გასცემს პასუხს. კუკავას ცნობით, სხდომაზე მოწვეულნი იქნებიან არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კუკავა პაატა დავითაიას თავმჯდომარეობით პარლამენტში მოქმედი აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის გაუქმებას ითხოვს და აცხადებს, რომ კომისიას არ აქვს არავითარი ლეგიტიმაცია და მანდატი, რათა ჩაატაროს მიუკერძოებელი გამოკვლევა.
წაკითხვა
კიწმარიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 17:53:17
რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. კიწმარიშვილი "რუსთავი 2-ის" კუთვნილ წილს მოითხოვს, რომელიც მისი თქმით, სააკაშვილმა 2004 წელს წაართვა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანების შესაძლებლობაზე საუბრისას ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილი არა აქვს და მომავალში საჭიროების მიხედვით იმოქმედებს.
წაკითხვა
ეროსი კიწმარიშვილმა ბრიფინგი გამართა
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 17:52:25
რუსეთის აგრესიის შემსწავლელი პარლამენტის კომისიის სკანდალური სხდომის შემდეგ ეროსი კიწმარიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა. რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა "რია ნოვოსტის" ოფისში განცხადებები სპეციალურად რუსულ ენაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის პრინციპული საკითხია. ეროსი კიწმარიშვილის ბრიფინგს რუსული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ყოფილმა ელჩმა ჟურნალისტებთან რუსულ-ქართული ომის დაწყებაში კვლავ საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა. კიწმარიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო და სააკაშვილის ამ ინიციატივას ამერიკის მხარდაჭერა არ ჰქონია.
წაკითხვა
რუსეთის აგრესიის შემსწავლელი კომისია ვანო მერაბიშვილს უსმენს
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 17:40:43
რუსეთის აგრესიის შემსწავლელი კომისია შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს უსმენს. როგორც კომისიის წევრი გოკა გაბაშვილი განმარტავს, კომისია ასევე მოუსმენს თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს. გარდა ამისა, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის გამოსვლის შემდეგ, აუცილებელი გახდა გრიგოლ ვაშაძის მოსმენაც, რომელიც აგვისტოში უშუალოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში რუსეთთნ დაკავშირებულ საკითხებს კურირებდა. ბოლოს კი კომისიის წინაშე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარსდგება. ამის შემდეგ კომისია დასკვნაზე იმუშავებს.
წაკითხვა