საზოგადოებრივი
104.5 FM
როგორი იქნება ქუთაისის განახლებული აეროპორტი - ვიზიტორი ქვეყნების სტატისტიკა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 20:16:00
2017 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტით 360 ათასამდე მგზავრმა ისარგებლა. 2012 წლიდან მოყოლებული, ეს დინამიკა აღმავალი ტენდენციით იზრდება. სწორედ ამიტომ, ქუთაისის აეროპორტში ცვლილებები იგეგმება. ოთარ გიორგაძე თემის დეტალებით.
წაკითხვა
გომბორის ქედზე ხანძარი ლოკალიზებულია
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 19:02:00
გომბორის ქედზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ რუსიანიდან 10 კილომეტრში ხანძარი ლოკალიზებულია.როგორც პირველ არხს გურჯაანი-საგარეჯოს სატყეო უბნის უფროსმა კობა შათირიშვილმა განუცხადა, 10 ჰექტარზე დამწვარია ხის ფოთოლი. მისივე თქმით, ზედაპირული დაწვისას ფოთლოვანი ტყე არ არის დაზიანებული. ადგილზე რჩება 20 კაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც სატყეო სამმართველოს, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და მოხალისეები არიან. შათირიშვილის თქმით, მორიგეები ხანძრის ახალი კერების გაჩენის თავიდან აცილების მიზნით რჩებიან. ხვალ დილიდან კი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება.
წაკითხვა
გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად ხანძარია
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 16:55:00
ხანძარია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად.როგორც პირველ არხს საგარეჯო-გურჯაანის სატყეო უბნის უფროსმა კობა შათირიშვილმა განუცხადა, დაკვამლიანების ადგილისკენ უკვე მიემართება სატყეო სამმართველოს, სახანძრო სამაშველოსა და ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფი. მისი თქმით, დაზუსტებული ინფორმაცია ხანძრის მასშტაბების შესახებ ცნობილი არ არის.საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ცეცხლი ერთ ჰექტარ ფართობზე ხმელ ბალახს უკიდია და ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
წაკითხვა
სოფელ ართანის ტყეში, ხანძრის ჩაქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად მოხალისეებიც ჩაერთნენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 15:38:00
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ალპურ ზონაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად მოხალისეებიც ჩაერთნენ. მოხალისეთა ჯგუფი 10-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად ხანძრის ჩაქრობას მთის ციცაბო ფერდობებზე ცდილობს. ცეცხლი ხმელ ფოთოლსა და ბალახს უკიდია. ხანძარი ალპურ ზონაში, სპეცტექნიკისთვის მიუდგომელ ადგილშია გაჩენილი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ხანძრის ახალი კერები არ გაჩენილა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, თუ ხანძრის ლოკალიზება დროულად ვერ მოხერხდება, ტყის მასივზე ცეცხლის გავრცელებას არ გამორიცხავენ.
წაკითხვა
თელავში, მშვიდობის ქუჩაზე 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 15:13:00
თელავში, მშვიდობის ქუჩაზე 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დილით ოჯახის წევრებმა იპოვეს და პოლიციას შეატყობინეს. გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი ჯერ უცნობია. როგორც პირველ არხს შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წაკითხვა
ბათუმში, გორგილაძის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, კორპუსის სარდაფში ბენზინგასამართი სადგურიდან ნავთობი ჟონავს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 14:18:00
საპროტესტო აქცია ბათუმში. გორგილაძის 94 ნომერში მცხოვრები მოქალაქეები ირწმუნებიან, რომ ახალაშენებული კორპუსის სარდაფში მეზობლად მდებარე „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურიდან ნავთობი ჟონავს. მოსახლეობა ირწმუნება, რომ სარდაფში წყალი და ნავთობი მაისის თვიდან გროვდება. ამის შესახებ მათ არა ერთხელ მიმართეს ბათუმის მერიას, ბენზინგასამართი სადგურის მფლობელ კომპანიასა და გარემოს დაცვით უწყებებს, თუმცა ამ დრომდე მათგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს, შესაბამისად პრობლემის მოსაგვარებლადაც შესაბამისი ღონისძიებები არ გატარებულა.„მაისიდან გვაწუხებს ეს პრობლემა. სადარბაზოებსა და ბინებში ნავთობის მძაფრი სუნია, ხშირია ინტოქსიკაციის შემთხვევები, რამდენჯერმე მოხვდნენ აქ მცხოვრები ბავშვები სწორედ ინტოქსიკაციის დიაგნოზით საავადმყოფოებში. ჩვენს შეტყობინებებზე დღემდე არც ერთი უწყება არ რეაგირებს“,- ამბობს აქციის მონაწილე თამუნა სიხარულიძე.მოსახლეობა დღეს საკუთარი ძალებით შეეცადა სარდაფიდან წყლის ამოტუმბვას, თუმცა ადგილზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ და მათ ამის საშუალება არ მისცეს. უწყების თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ წყლის ამოტუმბვის შემთხვევაში, მასში შერეული ნავთობი ზღვაში მოხვდება და ეკოლოგიურ პრობლემას შექმნის, თუმცა მათ ადგილზე არ გაუკეთებიათ განმარტება, როგორ ხვდება სარდაფში ნავთობი და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს პრობლემის მოსაგვარებლად.
წაკითხვა
ქალაქ ვალეში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 12:10:00
კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ქალაქ ვალეში.  შენობა, სადაც სხვადასხვა სახელოვნებო ჯგუფი ფუნქციონირებს, ათეული წლებია განახლებას საჭიროებდა. პროექტის ფარგლებში შეკეთდება წყალსადენი სისტემა, გარემონტდება ფასადი და შესრულდება შიდა სარემონტო სამუშაოები. მიმდინარე პროცესი ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა.  
წაკითხვა
საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 11:51:00
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში, მთის ფერდობზე, ტყის ქვედა საფარში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.მათივე ცნობით, ამ დროისათვის, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ნახანძრალ ტერიტორიაზე ნიადაგის პრევენციული დამუშავების პროცესი უკვე დაასრულეს და ადგილზე სამონიტორინგო სამუშაოების ჩატარების მიზნით იმყოფებიან. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან ჩაილურის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხანძრის შესახებ ინფორმაცია სააგენტოში გუშინ შემოვიდა. შსს-ს მეხანძრე-მაშველთა ოპერატიული და პროფესიონალური მოქმედების შედეგად, ტყის მასიურ საფარზე ხანძარი არ გავრცელებულა“,- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
წაკითხვა
სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 11:26:00
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ. როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის კერების დაზვერვა დღეს დილით ვერტმფრენით განხორციელდა და არსებული რეალობის გათვალისწინებით დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები. სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი გამხმარ ბალახს უკიდია.ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ხანძრის კერები სოფლიდან მოშორებით დაახლოებით 12 კილომეტრშია. ჯერ უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი.
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები გახშირდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 21:27:00
ოკუპირებულ აფხაზეთში, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი 16 დანაშაულია დაფიქსირებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 17, ამის შესახებ ინფორმაციას Apsny.ru დე-ფაქტო ძალოვან უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.„იკვეთება არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულებრივი დაჯგუფებების შექმნის ტენდენცია. სოხუმში 2 ასეთი დაჯგუფება გამოვააშკარავეთ“, - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შსს-ს შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე დენის ტანია.ტანიას ინფორმაციით, არასრულწლოვანთა ე.წ. განყოფილებებში აღრიცხვაზე 74 მოზარდია, ძირითადად, რთული ფინანსური მდგომარეობის მქონე ოჯახებიდან, კიდევ 157 მოზარდზე განგაშის სიგნალია მიღებული ოკუპირებული რეგიონის სამი რაიონიდან: გუდუთა, სოხუმი, გალი. დე-ფაქტო ძალოვან უწყებაში ამბობენ, რომ მუშაობა ამ მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს.
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 20:05:00
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. ოპერატიული მოქმედების შედეგად, ხანძარს მასიურ ტყემდე არ მიუღწევია. ხანძრის შედეგად დაიწვა ტყის ქვედა საფარი.  ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
წაკითხვა
ზემო ნიქოზში მეკლდეურთა კლუბის პრეზენტაცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:21:00
სოფელ ზემო ნიქოზში მეკლდეურთა კლუბის პრეზენტაცია გაიმართა. კლუბში ადგილობრივი ახალგაზრდები არიან გაწევრიანებულები და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან. ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ. ქეთევან ციხელაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი ნიქოზის ხელოვნების სკოლასაც ესტუმრნენ.
წაკითხვა
კახეთში ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:18:00
კახეთში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 56-კილომეტრიანი მონაკვეთი დანალექისა და მცენარეებისგან იწმინდება. პროექტის დასრულების შემდეგ, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი უნდა გაუმჯობესდეს.
წაკითხვა
ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში სტაციონარული განყოფილება გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 12:17:00
ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში სტაციონარული განყოფილება გაიხსნა. დეპარტამენტი 50 საწოლზეა გათვლილი. უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საოპერაციო ბლოკებში ონკოლოგიური პაციენტების ქირურგიული მკურნალობა იქნება შესაძლებელი. პაციენტებს ზედამხედველობას ამერიკელი, გერმანელი და დანიელი ექიმ-ონკოლოგების გუნდი გაუწევს. ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში სტაციონარული განყოფილების გახსნით, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ონკოლოგიური პაციენტები შესაბამისი მკურნალობის სრულ სპექტრს რეგიონიდან გაუსვლელად მიიღებენ.
წაკითხვა
პანკისელი და ზემო აჭარაში მცხოვრები ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა თბილისში
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 20:40:00
პანკისის ხეობაში და ზემო აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდა ფოტოგრაფების ნამუშევრებს მასპინძლობს „ღია საზოგადოება საქართველოს” გალერეა. ექსპოზიციაზე 50-მდე ფოტონამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენა ზემო აჭარასა და პანკისის ხეობაში დაარსებული ფოტო კლუბების ფარგლებში ეწყობა. კლუბების წევრები რამდენიმე თვის განამვლობაში სწავლობდნენ ფოტოგრაფიას, კამერასთან მუშაობას, გადაღებას, თეორიულ თუ ტექნიკურ დეტალებს. თათია ბუხრაშვილის სიუჟეტი
წაკითხვა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საბაჟო პუნქტის შესაძლო გახსნის გეგმას თბილისში ეხმაურებიან
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 16:04:00
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საბაჟო პუნქტის შესაძლო გახსნის გეგმას ეხმაურებიან თბილისში. საგარეო უწყების წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულს სამართლებრივი ძალა არ ექნება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინიტროში კი განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ე.წ. საბაჟო პუნქტი მართლაც ამოქმედდება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. მარიამ მენაბდის რეპორტაჟი.
წაკითხვა
„ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ - ბორჯომში პირველი არხის ახალი პროექტის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 15:28:00
პირველი არხის ახალი პროექტის „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი ბორჯომში მიმდინარეობს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან დაახლოებით 50-მდე ბავშვმა გაიარა რეგისტრაცია. მეექვსე კლასელთა შესარჩევი კონკურსი საქართველოს მასშტაბით იმართება, შემდეგი ქასტინგი კი 7 ნოემბერს, დუშეთში გაიმართება.„ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი" ამერიკული კომპანია „მეტრო გოლდენ მაიერის" პროექტია, რომელიც 55 ქვეყანაში განხორციელდა და ყველგან დიდი პოპულარობა მოიპოვა.
წაკითხვა
გორის სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:47:00
გორის სამხატვრო სკოლის  რეაბილიტაცია დასრულდა.  შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ აშენდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. პროექტის ფარგლებში, მთლიანად მოწესრიგდა სამხატვრო სკოლის ექსტერიერი.  ძველი ქვის ფილების ნაცვლად დამონტაჟდა ახალი და  პირვანდელი სახით აღდგა  კიბის საფეხურები.  ზურაბ ალავიძემ დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. ინფრასტრუქტურის მინისტრმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს  განახლებულ გარემოში  სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა.
წაკითხვა
სოფელ ჭითაწყართან მომხდარი კიდევ ერთი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 20:52:00
ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ჭითაწყრის მონაკვეთზე კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მოპედი გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა მოპედის მძღოლი. გარდაცვლილი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ამავე მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული წევრი თამაზ ჟორჟოლიანი ემსხვერპლა. 
წაკითხვა
სოფელ ჭითაწყარში ავარიას ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული წევრი თამაზ ჟორჟოლიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 19:26:00
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში ​- ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს „მიცუბიში პაჯეროსა“ და „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მომხდარის შედეგად, ადგილზე დაიღუპა მსუბუქ ავტომობილში მყოფი ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული წევრი თამაზ ჟორჟოლიანი. რაც შეეხება „ფორდ ტრანზიტში“ მყოფ სამ მგზავრს, ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები და  ექსპერტ-კრიმინალისტები. საკრებულოს წევრად არჩევამდე, თამაზ ჟორჟოლიანი ზუგდიდის გამგებლის მოადგილე იყო. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. 
წაკითხვა