საზოგადოებრივი
104.5 FM
სოფელ ორსანტიაში გოჩა გულაიას სახლს ცეცხლი გაუხსნეს
გამოქვეყნებულია: 2009-05-24 16:38:52
გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში გოჩა გულაიას სახლს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. საცხოვრებელ სახლს დაახლოებით 20–მდე ტყვია მოხვდა. ამ დროს გოჩა გულაიას მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი სახლში იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ, ცეცხლი ოჯახს შესაშინებლად გაუხსნეს. კონკრეტული მიზეზები უცნობია.
წაკითხვა
წვიმამ თელავში 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2009-05-24 16:22:30
ძლიერმა წვიმამ თელავის რაიონში სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უბედური შემთხვევა სოფელ შალაურში მოხდა. ადიდებული ხევიდან ამოვარდნილმა წყალმა "ოპელის" მარკის ავტომანქანა ხევში გადაჩეხა. სამმა მგზავრმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო და ისინი წყალმა წაიღო. სამივე მგზავრის ცხედარი უკვე ნაპოვნია. ქალბატონის ცხედარი წუხელვე იპოვეს, ორი ახალგაზრდა გოგონას ცხედრის პოვნა კი საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლება შეძლეს. ღამით მოსულმა სეტყვამ ზარალი მიაყენა გურჯაანის რაიონს. რამდენიმე სოფელში სეტყვამ მოსავლის 50 პროცენტი გაანადგურა. ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა თელავის რაიონის სოფელ შლაურისა და კურდღელაურის ხევების ადიდება გამოიწვია, წყალმა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები დატბორა. წყალმა შინაური ფრინველი და პროდუქტიც გაიტაცა. ძლიერი ქარიშხლის გამო, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და გზები. გზები დაზიანებულია ასევე ქალაქ თელავის რამდენიმე ქუჩაზეც. მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში სტიქიას საკუთარი ძალებით ებრძოდა.
წაკითხვა
მიხეილ მაჭავარიანი მესტიას ესტუმრა
გამოქვეყნებულია: 2009-05-24 12:45:19
მესტიელები ხე-ტყით სარგებლობის უფლებასა და გზების რეაბილიტაციას ითხოვენ. პარლამენტის ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი მესტიაში ჩავიდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო. მაჭავარიანთან ერთად მესტიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზიაც იმყოფებოდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, მესტიელების პრობლემა უმოკლეს ვადაში გადაწყდება. მაჭავარიანი ადგილობრივებს ხაიში–მესტიის გზის რეაბილიტაციასა და წყლის პრობლემის მოგვარებასაც დაჰპირდა.
წაკითხვა
ბათუმში ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი ჩატარდა
გამოქვეყნებულია: 2009-05-04 14:36:49
ბათუმში ოჯახში დამზადებული ღვინის მეორე საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალზე ღვინის 130 ნიმუში 75-მა მონაწილემ წარმოადგინა, რომელსაც ცნობილი დეგუსტატორები აფასებდნენ. გამარჯვებულები 7 ნომინაციაში გამოვლინდნენ. ფესტივალი ბათუმისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით მეორე წელია ტარდება. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები და ოქროს მედლები აჭარის მთავრობამ, ქალაქის მერიამ და ბიზნესმენთა ჯგუფმა გადასცა.
წაკითხვა
ბორჯომის ხეობაში წიწვოვანი ხეების განაშენიანება გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2009-05-03 14:03:14
რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზიანებულ ბორჯომის ხეობაში წიწვოვანი ხეების განაშენიანების მეორე ეტაპი დაიწყო. სამუშაოებს "საქართველოს ბანკი" ატარებს. ბორჯომის რაიონის სოფელ მზეთამზეში 6 ჰექტარზე 30 000–მდე ძირი ნაძვი და ფიჭვი ბანკის თანამშრომლებმა, მეანაბრეებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ დარგო და სატყეო დეპარტამენტთან ერთად ნარგავების მოვლა-პატრონობასაც შეუდგნენ. ოთხი წლის განმავლობაში ყოველ შემოდგომასა და გაზაფხულზე "საქართველოს ბანკი" ვალდებულებას იღებს, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაამრავლოს ნარგავები. განაშენიანების ადგილი სატყეო ინსტიტუტის სპეციალისტების რეკომენდაციით შეირჩა. ნარგავების მოვლა-პატრონობაც მათი მეთვალყურეობით განხორციელდება.
წაკითხვა
98 წლის სიმონ ასპანიძე დახმარებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2009-04-26 13:21:19
98 წლის სიმონ ასპანიძე დახმარებას ითხოვს. ვალეში მცხოვრები ასპანიძეების ოჯახი აცხადებს, რომ ოჯახის წევრი როსტომ ასპანიძე უკანონოდ იქნა დაკავებული. ოჯახის ნათესავები ამტკიცებენ, რომ დაკავებული ფსიქიურად დაავადებულია და ციხის ნაცვლად მის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებას ითხოვენ. ოჯახის წევრების განცხადებით, მათ დახმარების თხოვნით უკვე მიმართეს ყველა სტრუქტუტრას, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს. დაკავებულის მამა სიმონ ასპინაძე სასამართლოს ახალციხეში გადატანასაც ითხოვს.
წაკითხვა
ნაბაკევში ბერაიების ოჯახს თავს დაესხნენ
გამოქვეყნებულია: 2009-04-26 13:07:31
გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ოთხი ნიღბიანი შეიარაღებული პირი ბერაიების ოჯახს თავს დაესხა. ოჯახის უფროსმა ჯემალ ბერაიამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა. თავდამსხმელებმა ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ოჯახმა დაჭრილის ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში გადმოყვანა მოახერხა, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ჯემალ ბერაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ ისევ მძიმეა.
წაკითხვა
ქარელის რაიონში დევნილებს ონკოლოგიური გამოკვლევები უტარდებათ
გამოქვეყნებულია: 2009-04-25 17:54:42
ქარელის რაიონში ჩასახლებულ დევნილებს უფასო ონკოლოგიური გამოკვლევები უტარდებათ. ეროვნული ონკოლოგიური ცენტრის სხვადასხვა მიმართულების 15–მდე სპეციალისტი დაზარალებულ მოსახლეობას ორი დღის განმავლობაში გამოკვლევებს ჩაუტარებს. აქცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციისა და ონკოლოგიური ცენტრის ინიციატივით ტარდება. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს ქირურგიული ოპერაციები თბილისში უფასოდ ჩაუტარდებათ.
წაკითხვა
ლაგოდეხში ძლიერმა ქარიშხალმა რამდენიმე სოფელი დააზარალა
გამოქვეყნებულია: 2009-04-24 18:27:13
ლაგოდეხის რაიონში ძლიერმა ქარიშხალმა რამდენიმე სოფელი დააზარალა. სოფელ ჰერეთისკარში მთლიანად განადგურდა ნათესები და კიტრის სათბურები, სოფელ ვარდისუბანში საჯარო სკოლის შენობის სახურავი დაზიანდა. ძლიერი ქარიშხალი გუშინ დილით დაიწყო და 10 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილია კომისია, რომელიც ზარალს ითვლის. სტიქიისგან მიყენებული ზარალის ზუსტი რაოდენობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
წაკითხვა
აჭარის მთავრობა აღდგომას ხულოში შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2009-04-19 13:40:47
აჭარის მთავრობა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მაღალმთიან აჭარაში შეხვდა. ადგილობრივ მთავრობასთან ერთად ხულოში თბილისის მერი გიგი უგულავაც ჩავიდა. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სააღდგომო წირვა სხალთის ეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა აღავლინა და მრევლს მშვიდობა და ერთიანობა უსურვა.
წაკითხვა
სოფელ პირველ ოტობაიაში თამაზ ბულისკირია გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2009-04-16 13:20:18
გალის რაიონის სოფელ პირველ ოტობაიაში გარდაცვლილი იპოვეს დაბალი ზონის ე.წ.მესაზღვრეთა ქვედანაყოფის უფროსი თამაზ ბულისკირია. გარდაცვლილი ოტობაიას საშუალო სკოლის ტერიტორიაზე იპოვეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სიკვდილის მიზეზი არის ნარკოტიკული საშუალების დიდი დოზის მიღება. გამოძიება არ ჩატარებულა. არ შეუშვეს არც გაეროს სამხედრო დამკვირვებლები და ცხედარი სასწრაფოდ გადაასვენეს ოჯახში.
წაკითხვა
სეპარატისტებმა სოფელ აძვის საჯარო სკოლა დაარბიეს
გამოქვეყნებულია: 2009-04-13 17:27:50
სეპარატისტებმა გორის რაიონის სოფელ აძვის საჯარო სკოლა დაარბიეს, სცემეს სკოლის დარაჯი და გაიტაცეს კომპიუტერული ტექნიკა. ოსი კრიმინალები სოფელ არცევის მიმართულებით მიიმალნენ. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.
წაკითხვა
თავდასხმა წალინჯიხის რაიონში
გამოქვეყნებულია: 2009-04-12 17:05:34
თავდასხმა მოხდა გვიან ღამით წალინჯიხის რაიონის სოფელ ლიაში. ანზორ და აკაკი საჯაიების ოჯახს 15 შეიარაღებული პირი თავს დაესხა. გალის რაიონის სოფელ საბერიოდან გადმოსულმა თავდამსხმელებმა დანით აწამეს ოჯახის უფროსი, რის შემდეგაც რუსულ-აფხაზური საგუშაგოს მიმართულებით გაიქცნენ. დაზარალებული ანზორ საჯაიას განცხადებით, თავდამსხმელები რუსულად საუბრობდნენ. ადგილზე წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს პოლიციელები მუშაობენ.
წაკითხვა
"საქართველოს ბანკმა" ერგნეთში სკოლა აღადგინა
გამოქვეყნებულია: 2009-04-08 18:26:12
"საქართველოს ბანკმა" ერგნეთში აგვისტოს ომის დროს დაზიანებული კიდევ ერთი სკოლა აღადგინა. განახლებული საჯარო სკოლა განათლების მინისტრმა ნიკა გვარამიამ ბანკის გენერალურ დირექტორთან ერთად გახსნა. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები "საქართველოს ბანკის" დახმარების ფონდმა გასული წლის ნოემბერში დაიწყო. სკოლის სრულ აღდგენაზე, რემონტსა და სრულ აღჭურვაზე 166 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. ამ დროისათვის სკოლაში 26 მოსწავლეა. სკოლა 77 მოსწავლეზეა გათვლილი.
წაკითხვა
ამბროლაურში ინდივიდულაური გამრიცხველიანების პროცესი მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2009-04-05 17:00:12
ამბროლაურში მოსახლეობის ინდივიდულაური გამრიცხველიანების პროცესი მიმდინარეობს. ყველა სახლში ძველის ნაცვლად ახალი, სლოვაკური წარმოების ელექტრომრიცხველი დამონტაჟდება. სამუშაოებს რეგიონში კომპანია "ენერგოპრო ჯორჯია" აწარმოებს. ამბროლაურში 1 000–ზე მეტი აბონენტია, ისინი აქამდე კომუნალური მრიცხველებით სარგებლობდნენ. გამრიცხველიანება ამბროლაურის რაიონში 1 ივლისამდე დასრულდება. ამბროლაურის გარდა, ინდივიდუალური გამრიცხველიანების პორცესი ონშიც დაიწყება. პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში, ზაფხულამდე აღნიშნული რეგიონების გაზიფიცირებაც მოხდება. მიმდინარე სამუშაოები რეგიონში ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა დაათვალიერა.
წაკითხვა
ველისციხეში ხანძარს მოხუცებულის სიცოცხლე ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2009-04-05 16:27:10
გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში გუშინ ღამით გაჩენილ ხანძარს მოხუცებულის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეზობლების თქმით, გაბროშვილების ორსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა, ადგილზე დაგვიანებით მისულმა სახანძრომ კი მისი ჩაქრობა ვერ შეძლო და სახლი მთლიანად დაიწვა. სახლის დაწვის შემდეგ, ოჯახის უფროსს, 70 წლის ბიჭიკო გაბროშვილს გულის შეტევა დაემართა და ადგილზე გარდაიცვალა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროენერგიის მოკლე ჩართვა სახელდება.
წაკითხვა
"ენერგოპროჯორჯიამ" ზუგდიდსა და წალენჯიხაში გამრიცხველიანება დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2009-04-05 13:12:45
"ენერგოპროჯორჯიას" ზუგდუდი-წალენჯიხის სარეაბილიტაციო განყოფილებამ კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების ტრანსფორმატორების განმხოლოების პროცესი და ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაიწყო, რაც ერთ თვეში დასრულდება. ასეთი სულ 40 ობიექტია. გარდა ამისა, "ენერგოპროჯორჯია" აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონის სოფლებში ძველი ამორტიზებული ტრანსფორმატორების ფრანგული წარმოების ახალი ტრანსფორმატორებით შეცვლასა და ელექტროსადენების გამოცვლას იწყებს. საზღვრისპირა სოფლებს ელექტროენერგია ჯერჯერობით აფხაზეთიდან მიეწოდება, რაც მოსახლეობას გარკვეულ დაბრკოლებებს უქმნის. "ენერგოპროჯორჯია" ამ მხრივაც აქტიურ მუშაობას იწყებს.
წაკითხვა
სერგეი ბაღაფში რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2009-04-03 10:46:20
"აფხაზეთის სეპარატისტულმა რესპუბლიკამ და რუსეთმა უკვე გააფორმეს ხელშეკრულება რეგიონში რუსული სამხედრო და საზღვაო ფლოტის განთავსების შესახებ”,- განცხადება დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ერთ-ერთი რუსული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. სერგეი ბაღაფშის თქმით, მიღწეულია შეთანხმება გუდაუთაში რუსი სამხედროებისა და ავიაციის განლაგების შესახებ. ოჩამჩირეში კი საზღვაო ფლოტის განთავსება იგეგმება.
წაკითხვა
აფხაზეთში შესაძლოა ტურისტული სეზონი ჩავარდეს
გამოქვეყნებულია: 2009-04-02 11:15:26
აფხაზეთში შესაძლოა ტურისტული სეზონი ჩავარდეს. სეპარატისტული მთავრობა რუსეთში არსებული ფინანსური კრიზისის გამო ტურისტების საგრძნობ კლებას ელოდება. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ სერგეი ბაღაფშის თქმით, სეზონის ჩავარდნა აფხაზეთის ეკონომიკას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. დე ფაქტო რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელ თენგიზ ლაკერბაიას მიაჩნია, რომ სხვა წლებთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 40 პროცენტით შემცირდება. ფინანსური კრიზისის ფონზე რუსეთის მოქალაქეები დასვენებისთვის საჭირო თანხებს ალბათ ვერ გამონახავენ,– აცხადებს თენგიზ ლაკერბაია.
წაკითხვა
ქვემო ქვიტირის მოსახლეობა სოფლის მიწების გაყიდვას აპროტესტებს
გამოქვეყნებულია: 2009-04-01 17:34:11
წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვემო ქვიტირის მოსახლეობა სოფლის მიწების გაყიდვას აპროტესტებს. ამასთან დაკავშირებით წყალტუბოში დღეს აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, 2007 წლის ივნისში სოფლის გამგეობამ აუქციონი ჩაატარა და მიწის ის ნაკვეთები, რომლებსაც მოსახლეობა წლების განმავლობაში ამუშავებდა, გამგებელთან დაახლოებულმა პირებმა შეიძინეს, შემდეგ კი ერთ-ერთ კერძო პირს მიჰყიდეს. მოსახლეობამ აუქციონის შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა. სოფლის გამგებელი კი სოფლის მოსახლეობის ბრალდებებს უარყოფს.
წაკითხვა