საზოგადოებრივი
104.5 FM
ქუთაისის სამედიცინო სფეროს მუშაკები ქვეყანაში სტაბილურობას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2009-04-01 17:21:20
ქუთაისის სამედიცინო სფეროს მუშაკები ოპოზიციას სიფრთხილისაკენ და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისაკენ მოუწოდებენ. დღეს იმერეთის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში შეკრებილმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ სტაბილურობის შესანარჩუნებლად ყველა ღონე უნდა იხმარონ და არ დაუშვან მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც ქვეყანას 1990–იან წლებში დააბრუნებს. ანალოგიური შეკრება დღესვე სამტრედიის კულტურის სახლშიც გაიმართა, სადაც ინტელიგენციამ პოლიტიკური საკითხების იარაღით გადაჭრის საფრთხე გააპროტესტა.
წაკითხვა
ტყიბულის მოსახლეობა პოლიტიკაში ძალადობას აპროტესტებს
გამოქვეყნებულია: 2009-04-01 13:58:31
ტყიბულის მოსახლეობა პოლიტიკაში ძალადობას აპროტესტებს და ოპოზიციასა და ხელისუფლებას პრობლემების დიალოგის გზით გადაჭრისაკენ მოუწოდებს. ტყიბულის კულტურის სახლში დღეს ინტელიგენციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და პოლიტიკურ პარტიებს თხოვნით მიმართეს, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა შენარჩუნდეს.
წაკითხვა
აფეთქება სოფელ ხურჩაში
გამოქვეყნებულია: 2009-04-01 13:33:17
აფეთქება მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში. მირიან კვარაცხელიას ეზოსთან ჯავშანტრანსპორტიორის ჭურვი აფეთქდა. აფეთქებას წინ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან ავტომატის ჯერი უძღოდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჯავშანტრანსპორტიორები აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ჯარს ჰყავს და სროლა და აფეთქებაც სწორედ მათ მიერ განხორციელდა. აფეთქების მომენტში მირიან კვარაცხელია და მისი რამდენიმე მეზობელი ქუჩაში იდგნენ, შედეგად კვარაცხელიას თვალი დაუზიანდა.
წაკითხვა
პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2009-03-31 16:27:41
პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. "ეს შენობა ისეთი გამჭვირვალეა, როგორი გამჭვირვალეც არის ჩვენი პოლიციის მუშაობა",– განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. პოლიციის შენობა აეროპორტის გზაზე აშენდა. შენობაში განთავსდება მინისტრის ოფისი, ადმინისტრაცია და საპატრულო პოლიცია. შენობა იტალიელი არქიტექტორის დაპროექტებულია. პოლიციის შენობის გახსნის ცერემონიალს შინაგან საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წაკითხვა
ინციდენტი ზუგდიდის რაიონში
გამოქვეყნებულია: 2009-03-30 16:58:56
ინციდენტი მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში. ორი შეიარაღებული აფხაზი, სოფელში გადმოვიდა და მძევლად აიყვანა 42 წლის თენგიზ ჩხეიძე. მათ ასევე გაიტაცეს ტრაქტორი. შემდეგ მძევალი ენგურის ნაპირზე გადმოსვეს და ტრაქტორით გადავიდნენ გალის რაიონის სოფელ დიხაზურაში.
წაკითხვა
აფეთქება გალის რაიონში
გამოქვეყნებულია: 2009-03-30 10:15:50
ინციდენტი მოხდა გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში. ჯერჯერობით დაუდგენელი მოწყობილობა სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზიაში აფეთქდა. აფეთქების შედეგად სამი აფხაზი სამხედრო პირი დაშავდა, მათ შორის ამ მაღაზიის მეპატრონე თამაზ ფოცხორ ოღლი მეტსახელად "გომბო", რომელიც ბოლო პერიოდში აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების დაზვერვის სამსახურის უფროსი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ფოცხორ ოღლი გალისა და ოჩამჩირის რაიონებში სრულად აკონტროლებდა შავ ბიზნესს, სიგარეტის და საწვავის კონტრაბანდას, თხილის ბიზნესს. ინციდენტის მიზეზიც გავლენათა სფეროების გადანაწილებას უკავშირდება.
წაკითხვა
აფეთქების შედეგად ერთი პოლიციელი გარდაიცვალა და ექვსი დაიჭრა
გამოქვეყნებულია: 2009-03-29 16:30:57
დღეს დილით აფეთქების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ბადრი ჯიოშვილი გარდაიცვალა და პოლიციის ექვსი თანამშრომელი დაიჭრა. დაჭრილებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში სასწრაფო ოპერაცია უტარდებათ. აფეთქება ქარელის რაიონის სიფელ დმანში მაშინ მოხდა, როდესაც ქართველი სამართალდამცველები პატრულირებდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც ქართველი პოლიციელები აფეთქდნენ დანაღმული იყო. შემთხვევის ადგილზე მისულ შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებს, ოკუპირებული ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ავნევის პოლიციის უფროსი დაიჭრა. ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე ევროკავშირის დამკვირვებლებს ელიან. ქარელის რაიონში მომხდარ შემთხვევას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება ეხმაურება. "ინფორმაცია, რომელსაც ქართული მხარე ავრცელებს, მორიგი პროვოკაციაა. აფეთქების ხმა საქართველოს საზღვართან მართლაც ისმოდა, თუმცა ზუსტად რა მოხდა იქ ჩვენთვის უცნობია", - აცხადებს სეპარატისტული მთავრობის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. "ეს საქართველოს შიდა საქმეა. რაც შეეხება სასაზღვრო ზონას, მის კონტროლზე ევროკავშირის დამკვირვებლებმა უნდა იზრუნონ", - ამბობს იბრაჰიმ გასეევი.
წაკითხვა
რეგიონებში საზოგადოების წარმომადგენლები საკუთარ აზრს აფიქსირებენ
გამოქვეყნებულია: 2009-03-26 16:52:35
ზუგდიდში, მარტვილსა და ჩხოროწყუში დილიდან შეკრებები იმართება. საზოგადოების წარმომადგენლები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ აზრს აფიქსირებენ. ისინი აცხადებენ, რომ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იარაღის გამოყენება დაუშვებელია. ზუგდიდში, კინოთეატრ "ატრიუმში" შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, კიდევ ერთ შეიარაღებულ დაპირისპირებას ვეღარ გაუძლებს და არ არსებობს მიზანი, რომლის მისაღწევადაც სამოქალაქო დაპირისპირება გამართლებული შეიძლება იყოს. ანალოგიური შეკრებები დღეს შიდა ქართლსა და იმერეთშიც გაიმართა. გორისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტებში შეკრებილი საზოგადოება, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ყველანაირ ძალადობას ეწინააღმდეგებიან და საქართველომ წლების წინ დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროს. "არა ძალადობას", — ასეთი ლოზუნგი გაისმოდა დღეს ქუთაისის უნივერსიტეტში გამართულ შეკრებაზე. შეხვედრის მონაწილეები ქვეყანაში პრობლემების იარაღის გზით გადაჭრის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
წაკითხვა
"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერები კახეთს ესტუმრნენ
გამოქვეყნებულია: 2009-03-25 16:59:22
"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერები დღეს კახეთის რაიონებში ჩავიდნენ. ირაკლი ალასანიამ და ალიანსის სხვა ლიდერებმა შტაბები გურჯაანში, თელავსა და ყვარელში გახსნეს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მათი განცხადებით, ეს შეხვედრები და ადგილზე არსებული პრობლემები მათი ალიანსის სტრატეგიისა და პროგრამების ჩამოყალიბებასა და დახვეწაში დაეხმარება.
წაკითხვა
ქუთაისის დრამატულ თეატრში შეკრებილებმა შექმნილი საფრთხეები გააპროტესტეს
გამოქვეყნებულია: 2009-03-25 16:53:25
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დღეს ქალაქის საზოგადოება შეიკრიბა. პედაგოგებმა, ექიმებმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა პოლიტიკური მიზნებისთვის პარტიების მიერ იარაღის გამოყენება და შექმნილი დაპირისპირების საფრთხეები გააპროტესტეს. მათ ხელისუფლებისა და ოპოზიციისგან პრობლემების კანონიერი გზით გადაჭრა მოითხოვეს.
წაკითხვა
ხანძარი ფოთის ბაზარში
გამოქვეყნებულია: 2009-03-22 14:03:01
გუშინ გვიან ღამით ფოთის კომერციულ ბაზარში კონტეინერს ხანძარი გაუჩნდა. შემთხვევას 75 წლის შოთა ბარათელი ემსხვერპლა. ხანძრის გაჩენის მიზეზად სიგარეტის ნამწვი სახელდება. შოთა ბარათელი ფოთის ბაზარში მტვირთავად მუშაობდა და კონტეინერში ცხოვრობდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება ფოთის პოლიციამ დაიწყო.
წაკითხვა
"ერთიანი საქართველოსთვის" წევრებმა გორში აქცია გამართეს
გამოქვეყნებულია: 2009-03-19 17:13:42
"მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წევრებმა გორში, რაიონული სასამართლოს შენობასთან აქცია გამართეს. ისინი პარტიის აქტივისტის კახა ქარელის დაკავებას აპროტესტებენ. კახა ქარელი სამართალდამცველებმა სოფელ ტყვიავში დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას 25-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ქარელი პოლიტიკური მოტივით დააკავეს. მათივე თქმით, ხელისუფლება უკვე ზრუნავს იმაზე, რომ ხელი შეუშალოს 9 აპრილს დაგეგმილი აქციის ჩატარებას.
წაკითხვა
გალში სროლისა და აფეთქების ხმა ისმოდა
გამოქვეყნებულია: 2009-03-16 10:04:02
სროლისა და აფეთქების ხმა ისმოდა გუშინ საღამოს გალის რაიონის სოფელ საბერიოში. სოფელ ფახულანის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მოსაზღვრე სოფლიდან ჩხუბისა და სროლისა ხმა გაიგონეს. როგორც გაირკვა, რუს ოკუპანტებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოგვიანებით კი უთანხმოება სროლაში გადაიზარდა. ისროდნენ, როგორც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, ასევე ყუმბარმტყორცნებიდან. სოფელ ფახულანში წალენჯიხის რაიონის პოლიციის უფროსი რუსლან შამახია და სოფელ ლიის პოლიციის ქვეგანყოფილების თანამშრომლებიც ჩავიდნენ.
წაკითხვა
დავით ბაქრაძე კახეთს ესტუმრა
გამოქვეყნებულია: 2009-03-12 16:59:35
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს კახეთს სტუმრობდა. დავით ბაქრაძემ რეგიონში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები პირადად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სოფელ პატარძეულში სტიქიის შედეგად დაზიანებული ორკილომეტრიანი ხევი მთლიანად გაიწმინდა და ახალი დამცავი ჯებირებიც აიგო, აშენდა ორი ხიდი, სამუშაოებისთვის 6 400 ლარი დაიხარჯა. დღესვე დავით ბაქრაძემ თვალთხევი და წიფლისხევი დაათვალიერა.
წაკითხვა
"7 ნოემბრის" წარმომადგენლებმა ბათუმში აქცია გამართეს
გამოქვეყნებულია: 2009-03-11 18:11:28
მოძრაობა "7 ნოემბრის" წარმომადგენლებმა ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ქალაქის მერიიდან მთავრობის სახლამდე შეძახილებითა და ტრანსპარანტებით მსვლელობა მოაწყვეს. ისინი გამოუძიებელი მკვლელობების, მათ შორის შავაძის, გირგვლიანისა და რობაქიძის საქმეების გამოძიებას და საქართველოს პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ. ადგილი ჰქონდა სამართალდამცველებთან შელაპარაკებასაც. საბოლოო ჯამში ინციდენტი განიმუხტა. მოძრაობა "7 ნოემბრის" აქცია მთავრობის სახლის წინ 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
წაკითხვა
განმუხურის მცხოვრებლებმა ქუთაისში აქცია გამართეს
გამოქვეყნებულია: 2009-03-09 17:47:31
საპროტესტო აქცია ქუთაისში. სოფელ განმუხურის მცხოვრებლები შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს უფროსთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულ ორგანიზაციას, რომლის ოფისიც ქუთაისში მდებარეობს, განმუხურის მოსახლეობისთვის სულზე 720 ლარი უნდა გადაეხადა. ეს გადაწყვეტილება სააგენტომ გასული წლის აგვისტოში სოფლის ოკუპაციის შემდეგ მიიღო. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, სოფელში თანხა უკვე მიიღო 240-მდე ადამიანმა, 150 განმუხურელი კი, გაურკვეველი მიზეზების გამო კომპენსაციის გარეშე დარჩა. განმუხურელებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოდან ჯერჯერობით არავინ შეხვედრია.
წაკითხვა
სოფელ გარუბანთან ოკუპანტებს ტყვია-წამლის საწყობი აუფეთქდათ
გამოქვეყნებულია: 2009-03-08 16:25:10
ახალგორის რაიონში სოფელ გარუბანთან რუს ოკუპანტებს ტყვია-წამლის საწყობი აუფეთქდათ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, არიან დაშავებულები და დაჭრილები. შემთხვევის ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან. დაუზუსტებელია ისიც, უკავშირდება თუ არა აფეთქება როტაციის პერმანენტულ პროცესს.
წაკითხვა
სოფელ მთისძირის მოსახლეობამ აქცია გამართა
გამოქვეყნებულია: 2009-03-05 18:36:20
გარდაბნის რაიონის სოფელ მთისძირის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია უკვე სამი კვირაა არ მიეწოდება. ამის გამო ადგილობრივებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. დენის გათიშვის მიზეზი 200-ლარიანი დავალიანება გახდა. მოსახლეობა ელექტროენერგიის ჩართვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრწანისის ცენტრალური ტრასის გადაკეტვით იმუქრება. "ენერგოპრო ჯორჯიაში" კი აცხადებენ, რომ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ დავალიანების დაფარვის შემდეგ აღუდგებათ.
წაკითხვა
წყალტუბოს 50 სოფელი 419 000 ლარის დაფინანსებას მიიღებს
გამოქვეყნებულია: 2009-03-04 18:07:34
პრეზიდენტის პროგრამის – "ფული ყველა სოფელს" ფარგლებში წყალტუბოს რაიონის 50 სოფელი 419 000 ლარის ოდენობის დაფინანსებას მიიღებს. მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, თუ რაში დახარჯავს ამ თანხას. სოფლებში ძირითადად გზების, სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების პრობლემებს ასახელებენ. წყალტუბოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა სანებლიძე დღეს პატრიკეთისა და ტყაჩირის მცხოვრებლებს შეხვდა. ამ ორ სოფელს 11 000 ლარი უკვე ჩაერიცხა და როგორც მოსახლეობამ გადაწყვიტა, ამ ფულით სოფლებში სპორტული მოედნები აშენდება.
წაკითხვა
"კომუნისტური პარტიის" ლიდერი პანტელეიმონ გიორგაძე გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2009-03-03 17:24:55
83 წლის ასაკში საქართველოს "კომუნისტური პარტიის" ლიდერი პანტელეიმონ გიორგაძე გარდაიცვალა. პანტელეიმონ გიორგაძე გუშინ საკუთარ სახლში, სავარაუდოდ, ინსულტის შედეგად დაიღუპა. მას შაბათს დაკრძალავენ. ჩამოვა თუ არა მამის დაკრძალვაზე იგორ გიორგაძე, ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, თუკი იგორ გიორგაძე საქართველოში ჩამოვა, მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა განხორციელდება.
წაკითხვა