საზოგადოებრივი
104.5 FM
სამტრედიის რაიონში მამაკაცმა თავი აიფეთქა
გამოქვეყნებულია: 2009-03-02 17:30:43
ტრაგიკული შემთხვევა სამტრედიის რაიონის სოფელ ჭაგანში. 32 წლის გელა ხვიჩიამ ხელყუმბარით თავი აიფეთქა. სოფელში მკვლელობის მოტივზე არ საუბრობენ, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ უბედური შემთხვევა მეგობარ გოგონასთან კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
წაკითხვა
მდინარე რიონზე ჯებირების მშენებლობა იწყება
გამოქვეყნებულია: 2009-03-02 11:37:41
მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი და დამცავი ჯებირების მშენებლობა იწყება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გააკეთა. სამუშაოების დასრულების შემდეგ მდინარის კალაპოტი შეიცვლება, რაც მოსახლეობას და ქუთაისის ისტორიულ ბოტანიკურ ბაღს დაიცავს. ბოტანიკური ბაღის მიწას ბოლო 10 წელია მდინარე რიონი აზიანებს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ერკერმა" პირველადი სამუშაოები უკვე დაიწყო.
წაკითხვა
კახეთში ბერიკაობას აღნიშნავენ
გამოქვეყნებულია: 2009-03-01 17:24:48
კახეთში ბერიკაობას აღნიშნავენ. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელ ჩაილურში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა, მათ შორის ჭიდაობა და სახალხო კონცერტი. სოფელი ჩაილური ერთადერთია, რომელმაც ძველი ტრადიცია შეინარჩუნა. ამ დღესთან დაკავშირებით ბერიკები დღეს თითოეულ ოჯახს სტუმრობდნენ და სახალხო დღესასწაულს პირადად ულოცავდნენ.
წაკითხვა
ალექსანდრე აპლაკოვი და მაია მიმინოშვილი გალის რაიონის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ
გამოქვეყნებულია: 2009-03-01 16:54:08
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გალის რაიონის პედაგოგებსა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ზუგდიდში შეხვდნენ. გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები აბიტურიენტებს 2009 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ სიახლეებზე ესაუბრნენ და მოსწავლეებს დამხმარე კრებულები გადასცეს. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები რეგისტრაციას საკუთარ სკოლებში გაივლიან, სკოლადამთავრებულები კი რესურს-ცენტრებსა და სარეგისტრაციო პუნქტებში. 2009 წლის ეროვნულ გამოცდებზე გალის რაიონიდან 250-მდე აბიტურიენტს ელოდებიან. მათგან ჩარიცხული აბიტურიენტები სოციალური გრანტით დაფინანსდებიან. წელს სოციალური გრანტის ოდენობა 1 500-დან 2 250 ლარამდე გაიზარდა. გამოცდებისთვის რეგისტრაცია 20 მარტს დასრულდება.
წაკითხვა
ქვემო ქართლში გვარჯილას დარიგება გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2009-03-01 16:47:54
ქვემო ქართლის რეგიონში გვარჯილას დარიგების პროცესი გრძელდება. 50 კილოგრამ სასუქს საჩუქრად საქართველოში მცხოვრები 900 000 ოჯახი მიიღებს. 47 000 ტონა გვარჯილა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაკოტრების პირას მყოფი რუსთავის აზოტის ქარხნისგან შეიძინა და ამ გზით ქარხანაში დასაქმებულ 3 000–მდე ადამიანს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნა. სასუქის დარიგება ქვეყნის მასშტაბით თვის ბოლომდე დასრულდება. გვარჯილას დარიგების პროცესს მარნეულის რაიონში დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ცინცაძე და მხარის გუბერნატორი დავით კირკიტაძე დაესწრნენ.
წაკითხვა
ბათუმში წყალმა ორი მეთევზე გაიტაცა
გამოქვეყნებულია: 2009-02-25 11:02:28
გუშინ გვიან ღამით ბათუმში მდინარე ჭოროხის შესართავთან წყალმა ორი მეთევზე გაიტაცა. მოულოდნელად ამოვარდნილი ქარის გამო ჯამბურ სურმანიძე და ზებურ სირაბიძე დინებამ შუა ზღვისკენ წაიღო. თვითმხილველმა შემთხვევის შესახებ სამაშველო სამსახურს შეატყობინა. მაშველებმა დაკარგულები ერთსაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. მეთევზეები გასაბერი ნავით თევზაობდნენ, რაც კანონით იკრძალება. სანაპირო დაცვის სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
წაკითხვა
აფეთქება წალენჯიხის რაიონში
გამოქვეყნებულია: 2009-02-23 17:01:06
ძლიერი აფეთქება წალენჯიხის რაიონის სოფელ ეწერში. გიგლა ფიფიას საცხოვრებელ სახლთან ჯერჯერობით დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. დაზიანებულია ფიფიას საცხოვრებელი სახლი, თუმცა აფეთქებას, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია. მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცავები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ.
წაკითხვა
სენაკში ”რესპუბლიკური პარტიის” ადგილობრივი ორგანიზაციის პრეზენტაცია მოეწყო
გამოქვეყნებულია: 2009-02-23 10:56:45
სენაკში ”რესპუბლიკური პარტიის” ადგილობრივი ორგანიზაციის პრეზენტაცია მოეწყო, რომელსაც პარტიის ლიდერებიც დაესწრნენ. სენაკის ორგანიზაციაში 49 წევრია გაერთიანებული. ადგილობრივ ორგანიზაციას ზურაბ დავითაია უხელმძღვანელებს. სამეგრელოში ეს უკვე მეოთხე რაიონია, სადაც ”რესპუბლიკური პარტიის” ადგილობრივი ორგანიზაციები შეიქმნა. უახლოეს პერიოდში პარტიას დაგეგმილი აქვს ჩხოროწყუსა და ფოთში ორგანიზაციის დაფუძნება.
წაკითხვა
გალში დაჭრილი ”სიმენსის” თანამშრომელი საავადმყოფოდან გაწერეს
გამოქვეყნებულია: 2009-02-23 10:05:28
გალის რაიონის სოფელ ჩეღალში დაჭრილი კომპანია ”სიმენსის” თანამშრომელი გალის საავადმყოფოდან გაწერეს. ის ამჟამად სოფელ საბერიოში იმყოფება, თუმცა ”სიმენსი” უსაფრთხოების გარანტიების მიღებამდე ”ენგურჰესის” ტურბინების სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ განაახლებს. გერმანელი სპეციალისტი ორი დღის წინ ყაჩაღური თავდასხმის დროს დაშავდა. ყაჩაღებმა მას ავტომატის კონდახით სხეულის დაზიანება მიაყენეს.
წაკითხვა
კახეთში მინერალური სასუქის დარიგება მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2009-02-19 17:59:53
კახეთში საგაზაფხულო სამუშაოების დასაწყებად საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში მინერალური სასუქის გვარჯილას დარიგება მიმდინარეობს. თელავის რაიონის სოფელ წინანდალში დღეს დარიგების პროცესში მონაწილეობა თავად კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა მიიღო. კახეთში სულ 150 000 ტომარა გვარჯილა უნდა დარიგდეს და მას რეგიონში მაცხოვრებელი ყველა ოჯახი მიიღებს.
წაკითხვა
სოფელ შაომიანში ჩასახლებულ დაზარალებულებს მიწის ნაკვეთები დაურიგდათ
გამოქვეყნებულია: 2009-02-19 17:54:47
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა მარნეულის რაიონში ჩასახლებული დევნილები მოინახულა. სოფელ შაომიანში ჩასახლებულ, რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ 212 ოჯახს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები დაურიგდათ. თითოეულ ოჯახს ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეხვდა. დევნილებს ნაკვეთები ლოტოტრონის წილისყრის პრინციპით გაუნაწილდათ. მარნეულის რაიონში დღეს საქართველოში აკრედიტებული ელჩებიც ჩავიდნენ.
წაკითხვა
ფოთის ინდმეწარმეებმა აქცია გამართეს
გამოქვეყნებულია: 2009-02-19 17:14:56
ფოთის სავაჭრო ობიექტების მფლობელებმა და ინდმეწარმეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: ჩაითვალოს ფოთი ომის შედეგად დაზარალებულ ქალაქად და მოხდეს საბანკო კრედიტებზე 6–თვიანი შეღავათის დაწესება. აქცია ფოთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ ქალაქის მერიისკენ, სადაც ქალაქის მერს ივანე საღინაძეს შეხვდნენ, რომელიც მათ დაჰპირდა, რომ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ წურწუმია აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს გადასცემს. აქციის ორგანიზატორები არიან "ახალი მემარჯვენეებისა" და "რესპუბლიკელების" ალიანსის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები.
წაკითხვა
ქვემო ნიქოზში წყლის ალტერნატიული რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2009-02-18 18:00:31
ცხინვალის ტერიტორიაზე არსებული წყლის სათავე ნაგებობის გადაკეტვა შიდა ქართლის სოფლებს ვეღარ დააზარალებს. გაზაფხულიდან გორის რაიონის სოფლები სასმელ და სარწყავ წყალს ნიქოზის სათავე ნაგებობიდან მიიღებენ. სოფელ ქვემო ნიქოზში წყლის ალტერნატიული რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს . ამ ნაგებობის მეშვეობით შიდა ქართლის რამდენიმე ათეული სოფლის სარწყავი წყლით მომარაგება მოხდება. პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლის რეგიონში ლადო ვარძელაშვილი ამბობს, რომ რეზერვუარის მშენებლობა, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში დასრულდება, ზუსტად იმ დროს, როდესაც სოფლებში რწყვის სეზონი დაიწყება. რეზერვუარის მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და დაახლოებით 7 მილიონი ლარი ჯდება.
წაკითხვა
მარტვილში "რესპუბლიკური პარტიის" რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა
გამოქვეყნებულია: 2009-02-15 16:39:15
მარტვილში დღეს "რესპუბლიკური პარტიის" რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. პრეზენტაცია პარტიის ლიდერებმა ჩაატარეს, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი წარადგინეს. "რესპუბლიკელებმა" ახალ მემარჯვენეებთან ცოტა ხნის წინ გაფორმებულ ალიანსზე ისაუბრეს. მათი თქმით, ალიანსი თვის ბოლომდე კიდევ გაფართოვდება და ამის შესახებ საზოგადოებას მალე აცნობებენ. მარტვილი სამეგრელოს მესამე რაიონია, სადაც "რესპუბლიკურმა პარტიამ" თავისი ორგანიზაცია შექმნა.
წაკითხვა
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საგურამოს, წილკნის და ქსნის ამბულატორიებს ესტუმრნენ
გამოქვეყნებულია: 2009-02-11 17:34:01
საგურამოს, წილკნის და ქსნის ამბულატორიები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს. სამინისტროს მაღალჩინოსნები პირადად გაეცნენ, რამდენად წარმატებულად ხორციელდება სოფლის ექიმის პროგრამა. პროექტი 2008 წლიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავდა სოფლის ამბულატორიების რეაბილიტაცია-აღჭურვას, ასევე სოფლის ექიმების გადამზადებას. ექიმებთან შეხვედრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სოფლის ამბულატორიები ეტაპობრივად სადაზღვეო სისტემაზე გადავა.
წაკითხვა
ოკუპანტების მიერ დაჭრილი ზურაბ ბოხუას მდგომარეობა სტაბილურია
გამოქვეყნებულია: 2009-02-08 16:54:25
რუსი ოკუპანტების მიერ დაჭრილი ზურაბ ბოხუას მდგომარეობა სტაბილურია. იგი ამჟამად ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფება. ბოხუა აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა ერთობლივი რეიდის დროს დაჭრეს. ზურაბ ბოხუას იმ დროს ესროლეს, როცა ის გალის რაიონის სოფელ ბარღებიდან ნაბაკევის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ბოხუას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული. დაზარალებულს დახმარება ქართველმა სამართალდამცავებმა სოფელ ხუჩაში აღმოუჩინეს.
წაკითხვა
სეპარატისტების მტკიცებით, გატაცებული მალხაზ ბეუქლიშვილი გაათავისუფლეს
გამოქვეყნებულია: 2009-02-08 16:29:59
სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმი ამტკიცებს, რომ გატაცებული მსაჯი მალხაზ ბეუქლიშვილი გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციას "ინტერფაქსი" მარიონეტული ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიტალი გასიევზე დაყრდნობით ავრცელებს. "წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად, ქართველი არბიტრი თავისუფალია. ვმუშაობთ ქართული მხარისადმი მისი გადაცემის მექანიზმზე", – განაცხადა გასიევმა. მისი თქმით, გამტაცებელთა ვინაობის დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამასთან, "ინტერფაქსის" ცნობით, სპეცოპერაცია გუშინ საღამოს ჩატარდა. ქართული მხარე მსაჯის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. შეიარაღებული თავდასხმა თბილისი-სენაკის მაგისტრალზე, სოფელ ორჭოსანთან გუშინ დილით მოხდა. რუსი ოკუპანტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოსულმა შეიარაღებულმა პირებმა "მერსედესის" მარკის ავტომანქანა გააჩერეს. ავტომობილში ფეხბურთის მსაჯები იმყოფებოდნენ, რომლებიც ზუგდიდში კალენდარულ მატჩზე დასასწრებად მიდიოდნენ. კრიმინალებმა მატჩის დელეგატს თამაზ კოსტავას მანქანა წაართვეს, ოთხივე მგზავრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მალხაზ ბეუქლიშვილი მძევლად აიყვანეს და მანქანით, სავარაუდოდ, ორჭოსანის მიმართულებით წაიყვანეს. გატაცებული მალხაზ ბეუქლიშვილის გათავისუფლებისთვის ოსი კრიმინალები 50 000 ლარს ითხოვდნენ.
წაკითხვა
წყალტუბოში სამორინე ”სამი ტუზი” გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2009-02-08 12:46:44
წყალტუბოში სამორინე ”სამი ტუზი” გაიხსნა. რეგიონში სათამაშო ბიზნესი მოსაკრებლისგან 4 წლის წინ ხელისუფლების გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. სამორინესთან ერთად სასტუმრო და რესტორანიც იფუნქციონირებს. სამორინე თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალზე მდებარეობს და მესაკუთრეებს იმედი აქვთ, რომ სტრატეგიული მდებარეობის გამო, კარგად იმუშავებს. გახსნას პარლამენტარები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესმენები დაესწრნენ.
წაკითხვა
რუსეთი აფხაზეთში ცემენტის ქარხნის მშენებლობას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2009-02-05 13:17:32
რუსეთი აფხაზეთში ცემენტის ქარხნის მშენებლობას იწყებს. ოჩამჩირესა და ტყვარჩელში კვლევით სამუშაოებს რუსი გეოლოგები უკვე ატარებენ. ქარხნის მშენებლობისთვის 170 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტირება იგეგმება. აფხაზური მხარის განცხადებით, ამჟამად უკვე მიმდინარეობს სამშენებლო მასალების ხარისხის დამდგენი ლაბორატორიის შექმნა. გასულ წელს დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსულ-აფხაზურ კომპანიებზე ინერტული მასალების გადამუშავების 15 ლიცენზია გასცა.
წაკითხვა
ქუთაისის მერიამ ქარიშხლით დაზარალებული მოსახლეობისათვის შიფერის დარიგება დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2009-02-02 13:13:30
ქუთაისის მერიამ ქარიშხლით დაზარალებული მოსახლეობისათვის შიფერის დარიგება დაიწყო. სტიქიამ ქუთაისში სულ 650 საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი. ზარალმა 350 000 ლარი შეადგინა. ამ თანხის ნახევარი ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. პირველ ეტაპზე შიფერისა და თუნუქის დარიგება მოხდება, მომდევნო ეტაპზე კი მოსახლეობას სხვა მასალებითაც მოამარაგებენ. მერიამ დღეს შიფერი ავტოქარხნის დასახლებაში მიიტანა. ეს ის ადგილია, რომელიც სტიქიამ ყველაზე მეტად დააზიანა.
წაკითხვა