მეტეხის ხიდს 100 000 მოწამის სახელი ეწოდება
გამოქვეყნებულია: 2014-11-13 20:55:00
მეტეხის ხიდს დღეიდან 100 000 მოწამის სახელი ეწოდება. წმინდა 100 000 მოწამისადმი პატივის მისაგებად, ხიდზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა. პარაკლისის დაწყებამდე, თბილისის სხვადასხვა უბნიდან მეტეხის ხიდისაკენ მსვლელობები მოეწყო, კერძოდ: სპორტის სასახლიდან, დიდუბის პანთეონიდან, ვარდების მოედნიდან და ისნიდან. მრევლი ხიდზე ყვავილებითა და სანთლებით მივიდა.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, სასულიერო პირებთან ერთად, ხიდზე პარაკლისი გადაიხადა. ილია მეორემ შეკრებილი მრევლი და სრულიად საქართველო დალოცა.პარაკლისის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, კათოლიკოს-პატრიარქმა და მორწმუნეებმა ხიდიდან მტკვარში ყვავილები ჩაყარეს, ნიშნად 100 000 მოწამის პატივისცემისა და მათი ხსოვნის უკვდავყოფისა.პარაკლისზე დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს წევრები და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია იმყოფებოდნენ.
წაკითხვა