საზოგადოებრივი
104.5 FM
რიკოთის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალა
გამოქვეყნებულია: 2008-12-16 10:37:46
დიდთოვლობის გამო რიკოთის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომანქანებისთვის მოძრაობა დროებით აიკრძალა. მთელი ღამის განმავლობაში დასავლეთის მიმართულების საავტომობილო მაგისტრალს სპეციალური ტექნიკით თოვლისგან წმენდდნენ. გზების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საქართველოს სხვა ავტომაგისტრალებზე მოძრაობა დაშვებულია და გადაადგილებაში მგზავრებს პრობლემები არ შეექმნებათ.
წაკითხვა
მერიის დასუფთავების სამსახურმა მოყინულ გზებზე ტექნიკური მარილი დაყარა
გამოქვეყნებულია: 2008-12-16 10:31:16
თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური მთელი ღამის განმავლობაში მოყინულ გზებზე ტექნიკურ მარილს ყრიდა. მარილი დაიყარა მეტროს სადგურებთანაც. მერიაში ირწმუნებიან, რომ ამ ზამთარს მოსახლეობას გადაადგილებაში პრობლემები არ შეექმნებათ, რადგან მუნიციპალიტეტს საკმარისად აქვს მომარაგებული ტექნიკური მარილი და შესაბამისი ტექნიკა, რომლითაც, მოყინვის შემთხვევაში, ქუჩები გაიწმინდება.
წაკითხვა
თბილისში პირველი თოვლი მოვიდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-15 17:15:20
თბილისში წელს პირველი თოვლი მოვიდა. გუშინ შუა ღამიდან გადაუღებლად თოვს. სრულ მობილიზაციაში იმყოფება მერიის დასუფთავების სამსახური, რომელიც მუშაობის ოცდაოთხსაათიან რეჟიმზეა გადასული. ტექნიკური მარილი დაყრილია დედაქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე. გართულებულია მოძრაობა ბაგებში, წყნეთსა და კოჯორში. როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, თოვა აღმოსავლეთ საქართველოში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
წაკითხვა
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მეტადონით ჩანაცვლების პროგრამა დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2008-12-15 17:13:00
საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ნარკოტიკებზე დამოკიდებული პატიმრებისთვის მეტადონით ჩანაცვლების პროგრამა დაიწყო. პირველ ეტაპზე მეტადონით მკურნალობის კურსს გლდანის მე-8 საპყრობილის 50 პატიმარი გაივლის. ორთვიანი პროგრამის ფარგლებში პატიმრებს მეტადონის გარდა, სხვა სამკურნალო საშუალებებიც დაენიშნებათ და ფსიქოლოგიურ დახმარებასაც მიიღებენ. პროგრამა იმ პატიმრებზე გავრცელდება, რომლებიც დაკავების დროს ინტოქსიკაციურ მდგომარეობაში, ე.წ. ლომკაში იქნებიან. პროექტი იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება და მას გლობალური ფონდი აფინანსებს. დღეს ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რის შედეგადაც მეტადონის პროგრამა ოფიციალურად შევიდა ძალაში.
წაკითხვა
თსუ–ში შალვა ნუცუბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2008-12-15 13:16:35
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში დღეს გამოჩენილი აკადემიკოსის შალვა ნუცუბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს და პარაკლისი გადაუხადეს. შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.
წაკითხვა
გემ "აქსიონზე" ქართველი ენვერ ვარშანიძე გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-15 12:37:59
გემ "აქსიონზე", რომელიც სომალელ მეკობრეებს ჰყავდათ გატაცებული, ქართველი ენვერ ვარშანიძე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ქართველმა მეზღვაურმა თავი მოიკლა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ენვერ ვარშანიძის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ. როგორც სამინისტროში განაცხადეს, გემი, რომელიც მეკობრეებმა 10 ოქტომბერს გაიტაცეს, 12 დეკემბერს გათავისუფლდა და გემის ქართველმა კაპიტანმა "აქსიონის" მფლობელ კომპანიას შემთხვევის შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ მიმართა. ვარშანიძის გარდაცვალების გახმაურების უფლებას კაპიტანს მეკობრეები არ აძლევდნენ.
წაკითხვა
წმ. კვირიკეს ეკლესიამ სამების საკათედრო ტაძარს ხატი შესწირა
გამოქვეყნებულია: 2008-12-14 16:07:00
წმინდა კვირიკეს ეკლესიამ სამების საკათედრო ტაძარს ხატი შესწირა. ღვთისმშობლის ხატი, რომელიც სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრებიდან 31 წლისთავის პატივსაცემად შეიქმნა, თავად პატრიარქმა აკურთხა. ხატი სპეციალურად ამ დღისთვის დაიწერა და ის წმინდა სამების ტაძარში მრევლმა საკუთარი ხელით მიაბრძანა. მსვლელობაში სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. მანამდე კი სამების საკათედრო ტაძარში კათალიკოს-პატრიარქმა საკვირაო წირვა აღავლინა. მისი უწმინდესობის თქმით, საქართველოში მომხდარი ამბები ღვთის ნებაა და უფალი ჩვენს ქვეყანას წყალობას არ მოაკლებს. უწმინდესის თქმით, ქართველი ხალხის ყველაზე დიდი ჯილდო, რომლითაც უფალმა დააჯილდოვა, სიყვარულის გრძნობაა. დღესვე პატრიარქმა გიორგაძეებისა და ონიანების გვარი დალოცა. გარდა ამისა, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს გაწეული ღვაწლისთვის საპატრიარქოს სიგელი, ბიბლია და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი გადაეცა.
წაკითხვა
"ასტრა პარკში" ჟურნალისტებს შორის ჩემპიონატი ჩატარდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-14 12:52:36
გასართობ ცენტრ "ასტრა პარკში" ჟურნალისტებს შორის კარტინგში ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას ოთხი ტელეკომპანიის" "პირველი არხის", "იმედის", "რუსთავი 2–ისა" და "მზის" ჟურნალისტები ღებულობდნენ. ტურნირი როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ცალკე ქალბატონებისთვისაც ჩატადა. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცეს.
წაკითხვა
გელათის აკადემიის შენობის კვლევა დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-14 12:44:06
არქეოლოგებმა გელათის მეცნიერებათა აკადემიის შენობის კვლევა დაასრულეს. დადგინდა, რომ აკადემია XII-XVI საუკუნეებში აკადემიის ფუნქციას ასრულებდა, XVI საუკუნის შემდეგ კი მეფეთა სატრაპეზო გახდა. აქ ნაპოვნია მერხები, 360-ფუტიანი ქვევრი და მრგვალთაღოვანი სარდაფი, რომელსაც სავარაუდოდ, პროდუქტების შესანახად იყენებდნენ. არქეოლოგიური კვლევები გელათის მეცნიერებათა აკადემიის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ჩატარდა. მიმდინარეობს ასევე შენობის გადახურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რისთვისაც ძველ კრამიტს მთელი იმერეთის მასშტაბით აგროვებენ.
წაკითხვა
ანჩისხატი ქართული ტაძარ ახტალაში მიაბრძანეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-14 12:36:51
ტაო–კლარჯეთის, ენგურის ხიდისა და საინგილოს მოლოცვის შემდეგ, ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს, ანჩისხატმა დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე, ძველი ქართული ტაძარი ახტალა მოილოცა. მომლოცველები სადახლოს გამშვებ პუნქტზე გუშინ გვიან ღამით გადმოვიდნენ, მათ ადგილზე ქართველი მესაზღვრეები დახვდათ, რომლებსაც მომლოცველებმა ქართული ხატები და ლოცვები დაურიგეს. დღეს მეუფე ეფრემის ლოცვა–კურთხევით ისინი ბოლნისის ეპარქიას მოილოცავენ.
წაკითხვა
წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ხსენების დღე აღინიშნება
გამოქვეყნებულია: 2008-12-13 17:06:53
მართლმადიდებელი მრევლი წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს. რუსთავში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ჩაატარა. მომლოცველებმა თბილისიდან წამობრძანებული ხატები და ჯვრები ტაძრამდე ქალაქის შესასვლელიდან ფეხით მიაცილეს. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა იქადაგა და კიდევ ერთხელ მოუწოდა მრევლს სულის სიმტკიცისა და მოთმინებისაკენ.
წაკითხვა
გორში ოთხი ჭურვი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-13 16:30:11
გორში, ცენტრალური ხიდის ქვეშ, მდინარე მტკვარში ადგილობრივმა მოსახლეობამ ოთხი ჭურვი იპოვა. ადგილზე მისულია გამნაღმველთა ჯგუფი, რომელმაც აუფეთქებელი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები უკვე ამოიღო წყლიდან. ეს ის ადგილია, სადაც აგვისტოში რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი საგუშაგო იყო განთავსებული და ჭურვებიც, სავარაუდოდ, მაშინ ჩაყარეს მდინარეში. ჭურვები იმ დროს გამოჩნდა, როცა მტკვარში წყლის დონემ დაიკლო.
წაკითხვა
საშობაო კვირეულის დაწყება ევროკავშირის ელჩებმა მუსკომედიის თეატრში აღნიშნეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-13 12:55:54
საშობაო კვირეულის დაწყება ევროკავშირის ელჩებმა მუსკომედიის თეატრში აღნიშნეს. კონცერტზე საშობაო სიმღერებს მუსიკალური ათწლედის ბავშვები ასრულებდნენ. საღამო საქველმოქმედო იყო და შემოწირული თანხა მუსიკალური სკოლის განვითარებას მოხმარდება. საშობაო კონცერტის ბოლოს სანდრა რულოვსმა და ევროკავშირის ელჩებმა იმღერეს.
წაკითხვა
17 წლის გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება სისხლი
გამოქვეყნებულია: 2008-12-12 17:34:10
17 წლის მანანა კალანდარიანს სასწრაფოდ ესაჭიროება მეოთხე ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლი. სისხლის გაღების მსურველებმა დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 893 91 15 57; 899 62 62 67
წაკითხვა
8 000 დაზარალებული ხორცის პროდუქტებს მიიღებს
გამოქვეყნებულია: 2008-12-12 17:14:35
კონფლიქტის ზონიდან დევნილი 8 000 ოჯახი ჰუმანიტარული დახმარების სახით ხორცის პროდუქტებს მიიღებს. მათგან 600 ოჯახი თბილისში, ხოლო დანარჩენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არიან გადანაწილებულნი. დევნილთა დახმარება თურქული საქველმოქმედო ფონდისა და ქართული ორგანიზაცია "სოკოსა" და "გიევის" ორგანიზებით ხორციელდება. თურქებმა დევნილებს აგვისტოს მოვლენების დროსაც გაუწიეს დახმარება. საქველმოქმედო ფონდი უახლოეს მომავალში დევნილების ტანსაცმლით მომარაგებას გეგმავს.
წაკითხვა
პოლონელმა სამართალდამცავებმა ძიუდოისტები გაათავისუფლეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-12 17:10:54
პოლონელმა სამართალდამცავებმა ვარშავაში დაკავებული სამი ქართველი ძიუდოისტი გაათავისუფლეს. ქართველი სპორტსმენები ვარშავაში სექტემბერში სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პოლონელ სამართალდამცავთა განცხადებით, აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება გრძელდება, თუმცა სპორტსმენთა პატიმრობაში დარჩენა საჭირო აღარ არის. საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრების სამი წევრი ვარშავადან თბილისში დღეს დაბრუნდება.
წაკითხვა
კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია იწყება
გამოქვეყნებულია: 2008-12-12 17:02:02
კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ პირადად პარლამენტის ვიცე–სპიკერ რუსუდან კერვალიშვილისგან მოისმინა. პირველი პრეზიდენტის ოჯახი ზვიად გამსახურდიას 70 წლისთავის აღსანიშნავად ემზადება. მანანა არჩვაძე-გამსახურდიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტის 70 წლისთავის აღსანიშნავად კოლხური კოშკის რეკონსტრუქცია აუცილებელია. პარლამენტში შეხვედრას მთაწმინდის მაჟორიტარი არჩილ გეგენავაც ესწრებოდა.
წაკითხვა
სოზარ სუბარმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ანგარიში ჩააბარა
გამოქვეყნებულია: 2008-12-12 16:56:52
სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს 2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიში ჩააბარა. სუბარის 600-გვერდიან მოხსენებაში ყველა ის დარღვევა მოხვდა, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხებოდა, – სიტყვის თავისუფლება, საკუთრების ხელყოფის ფაქტები, ჯანდაცვის მდგომარეობა საპატიმროებში, ასევე განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე პირთა დასჯა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტები. სახალხო დამცველმა ყველა ის ფაქტი დაასახელა, რომლითაც სასამართლო არ დაინტერესდა.
წაკითხვა
მიხეილ სააკაშვილი ბათუმში მეციტრუსეებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-12 16:52:51
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში, მინისტრთა საბჭოს შენობაში მეციტრუსეებს შეხვდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი აჭარაში მეციტრუსეობის განვითარებაა. სააკაშვილის თქმით, რეგიონში ჩაუბარებელი მანდარინი არ უნდა დარჩეს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, წელს, ისევე როგორც შარშან, უკრაინა იქნება ის ძირითადი ქვეყანა, სადაც ქართული მანდარინი გაიგზავნება. ამასთან, ციტრუსი ყაზახეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში გავა. წელს აჭარაში 45 000 ტონაზე მეტი მანდარინი მოვიდა, აქედან 9 000 ტონა უკვე ექსპორტზეა გატანილი. პრეზიდენტის განცხადებით, წელს შემცირდა განბაჟების ფასიც და ერთ ტონაზე ფასმა 800 ლარიდან 600 ლარამდე დაიწია. მეციტრუსეებთან შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ხელვაჩაურში გოგუაძეების ოჯახს ესტუმრება, სადაც მანდარინის ბაღს დაათვალიერებს.
წაკითხვა
გრიგოლ ვაშაძე ილია მეორეს ხვდება
გამოქვეყნებულია: 2008-12-12 16:35:22
საქართველოს კათალიკოს–პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრას მართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. გთავაზობთ ვიდეომასალას.
წაკითხვა