საზოგადოებრივი
104.5 FM
გიგი უგულავამ სოციალური სახლების მშენებლობა დაათვალიერა
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 17:19:24
თბილისის მერმა გიგი უგულავამ ვარკეთილში სოციალური სახლების მშენებლობა დაათვალიერა. სახლების მშენებლობის პროექტის ”სოციალური სახლი დამხმარე კეთილგანწყობილ გარემოში” ფარგლებში ხორციელდება. მშენებლობის ხარჯებს მთლიანად შვეიცარიის მთავრობა აფინანსებს. ასეთი ტიპის სახლები საქართველოში პირველად შენდება და მომავალი წლის დასაწყისიდან სახლებში 28 სოციალურად დაუცველ ოჯახს შეასახლებენ.
წაკითხვა
დიდუბის ბაზრის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 17:15:45
დიდუბის ბაზრის მოვაჭრეებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ბაზრის დირექციის მიერ გაზრდილ გადასახადს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, სხვა მოვაჭრეებისგან განსხვავებით, ორმაგი თანხის გადახდა უწევთ. საპირისპიროს ამტკიცებს მოვაჭრეთა სექციის დირექტორი. მამუკა ველიაშვილის თქმით, მოვაჭრეები ორმაგ გადასახადს მხოლოდ ორი ადგილის აღების შემთხვევაში იხდიან. მოვაჭრეებსა და მათი სექციის დირექტორს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებაში დიდუბის ბაზრის დირექტორიც ჩაერთო. ტრისტან სალარიძის განცხადებით, ხვალიდან მოვაჭრეები გადასახადს ძველებურად, ანუ ადგილში 3 ლარს გადაიხდიან.
წაკითხვა
ახალსოფელში ჩასახლებული დაზარალებულები მოინახულეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 17:04:03
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა ქარელის რაიონის სოფელ ახალსოფელში ჩასახლებული დაზარალებულები მოინახულეს და მათი საცხოვრებელი პირობები დაათვალიერეს. დღესვე 100 ოჯახს 2 ტონამდე საკვები პროდუქტები ჩაუტანეს. ახალსოფელში კოტეჯები სპეციალურად პატარა ლიახვის ხეობიდან გადმოსული მოსახლეობისათვის აშენდა. ჰუმანიტარულ დახმარებას ისინი პერმანენტულად მიიღებენ.
წაკითხვა
საია–მ სარეზერვო ფონდების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 16:55:41
ახალგაზრდა იურისტებმა საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის 2007 წლის სარეზერვო ფონდების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" კვლევის შედეგად საანგარიშო პერიოდში, ორივე ფონდის შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან გადახარჯვას. 2007 წელს პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდებს მხოლოდ 25 მილიონი ლარის განკარგვა შეეძლო, თუმცა გადახარჯვამ კიდევ რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა. დღესვე ახალგაზრდა იურისტებმა საზოგადოებას ასოციაციის ახალი თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი წარუდგინეს.
წაკითხვა
მეკობრეების მიერ დაკავებული 17 ქართველი გათავისუფლებულია
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 16:44:31
მეკობრეების მიერ დაკავებული პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ”აქციონის” ეკიპაჟის წევრი 17 ქართველი გათავისუფლებულია. საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მეკობრეებთან მოლაპარაკებები გემის მფლობელმა კომპანიამ აწარმოა, ასევე აქტიურად იყო ჩართული საქართველოს კონსული ათენში კოტე საბიაშვილი. რა თანხის სანაცვლოდ მოხდა დატყვევებულების გათავისუფლება, ამ ეტაპზე არ სახელდება. საკონსულოს დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, გემის მფლობელმა კომპანიამ სომალის ტერიტორიულ წყლებში უკვე გააგზავნა გემი, რომლითაც დაკავებულებთან საჭირო ნივთებს ჩაიტანენ.
წაკითხვა
ერთი ადამიანი ემსხვერპლა 9-სართულიანი კორპუსის ლოჯიების ჩამონგრევას
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 16:15:37
ერთი ადამიანი ემსხვერპლა ახმეტელის მეტროსთან 9-სართულიანი კორპუსის მიშენებული ლოჯიების ჩამონგრევას. შემთხვევა დღეს მოხდა და ადგილზე თბილისის მერიის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ნგრევის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია დაშავებულების შესახებ ინფორმაცია და ზარალის ზუსტი ოდენობა.
წაკითხვა
ქვემო ქართლში ჰუმანიტარულ დახმარებას ჩაიტანენ
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 13:22:00
ქვემო ქართლში რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას თბილისის მერის მოადგილე ნიკოლოზ ხაჩირაშვილი და ისანი-სამგორის რაიონის გამგებელი შეხვდებიან. ისინი ქართლში ჰუმანიტარულ დახმარებას ჩაიტანენ. თბილისის მერის ინიციატივით, სოფელ შაუმიანის მცხოვრებლებს თბილ ქურთუკებს, შარვლებსა და ზამთრისთვის სხვა საჭირო ნივთებსაც ჩაუტანენ. ჰუმანიტარული დახმარება 100 დაზარალებულ ოჯახს გადაეცემა.
წაკითხვა
რუსეთის პატრიარქს დღეს დაკრძალავენ
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 11:16:16
რუსეთის პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიალი დღეს პირველ საათზე გაიმართება. ალექსი მეორეს, მისი ანდერძის თანახმად, უფლის გამოცხადების ტაძარში დაკრძალავენ. ალექსი მეორე 5 დეკემბერს გარდაიცვალა. მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი რუსული ეკლესიის სათავეში 18 წელი იდგა. დაკრძალვაზე დასასწრებად საქართველოდან საპატრიარქოს დელეგაცია ილია მეორის ხელმძღვანელობით ჩავიდა. საქართველოს პატრიარქმა ალექსი მეორეს მაცხოვრის ტაძარში სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადა.
წაკითხვა
ლიბიაში დაკარგული ქართველი მეზღვაურების ბედი კვლავ გაურკვეველია
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 10:51:57
ლიბიაში დაკარგული ორი ქართველი მეზღვაურის ბედი კვლავ გაურკვეველია. სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. ბოლოს ფრიდონ ტაკიძე და რუსლან ხოზრევანიძე მათმა ერთადერთმა გადარჩენილმა კოლეგამ გემზე ნაპირიდან დაინახა. კატასტროფა ტრიპოლის პორტში 4 დეკემბერს მოხდა, თუმცა მაშველებმა სამუშაოები ღელვის გამო მხოლოდ გუშინ დილით დაიწყეს.
წაკითხვა
ტრაგედია თბილისში
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 10:50:07
ტრაგედია მოხდა თბილისში. ორი ადამიანი დაიღუპა სამტრედიის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად. გარდაცვლილები ცოლ-ქმარი იყვნენ. ზოია და მიხეილ ელმიანები დაღუპვიდან რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინეს. ამ დრომდე უცნობია, ისინი აირის ნამწვით გაიგუდნენ თუ გაზქურის ონკანი დარჩათ გახსნილი.
წაკითხვა
"ქორთიარდ მარიოტში" სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2008-12-08 18:34:11
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. სამეწარმეო კონფერენციის ფარგლებში ამერიკელი და ქართველი ექსპერტები ბიზნესზე ორეინტირებულ 12 საუკეთესო სამეცნიერო პროექტს შეაფასებენ და საგრანტო დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ. საგრანტო პროექტების დაფინანსების ბიუჯეტი 240 000 ლარია. კონკურსი სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული კერძო სექტორის განვითარებას ითვალისწინებს.
წაკითხვა
ფონდმა "ერთგულებამ" და რუსთაველის თეატრმა ტეტუნაშვილების ოჯახს დახმარება გადასცეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-08 18:31:25
სოფელ ტირძნისში ტეტუნაშვილების ოჯახი საკუთარ სახლს დაუბრუნდება. რუსული აგრესიის შედეგად დანგრეული სახლის აღსადგენად მათ თანხა საქველმოქმედო ფონდ "ერთგულებისა" და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ძალებით გადაეცათ. რობერტ სტურუას საიუბილეო კვირეულიდან შემოსული თანხა 20 000 ლარია. ამ თანხით ზურა და ვაჟა ტეტუნაშვილები სახლის სრულ რეაბილიტაციას შეძლებენ. ფონდი "ერთგულება" დაზარალებულების დასახმარებლად მსგავს აქციებს გააგრძელებს.
წაკითხვა
საპატრიარქო სომხური მოსახლეობის დისკრიმინაციის შესახებ განცხადებებს ეხმაურება
გამოქვეყნებულია: 2008-12-08 17:35:53
საქართველოს საპატრიარქო გულისტკივილს გამოთქვამს უკანასკნელ პერიოდში სომხური და საერთაშორისო მედიასაშუალებების მიერ გაკეთებული შეფასებების გამო, სადაც საქართველოში მცხოვრები სომხური მოსახლეობის რელიგიურ დისკრიმინაციაზეა საუბარი. დაძაბულობა კი ლესელიძის ქუჩაზე მდებარე "ჯვრის მამის" სომხური წყაროების მიხედვით, "მორაშენის" ეკლესიის საკითხმა გამოიწვია. ამ ძეგლის წარმომავლობის საკითხზე ქართულ და სომხურ ეკლესიას განსხვავებული მოსაზრებები აქვს. საპატრიარქო ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აკეთებს, სადაც ნათქვამია, რომ 26 ნოემბერს ორი ქვეყნის საპატრიარქოსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პატრიარქიც ესწრებოდა. მიღწეული იყო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ძეგლზე ორმხრივი მორატორიუმი მანამდე გამოაცხადეს, სანამ მეცნიერთა სამუშაო ჯგუფი ძეგლის წარმომავლობას დაადგენს. მიუხედავად ამ შეთანხმებისა სომხეთში საპროტესტო აქცია მაინც გაიმართა.
წაკითხვა
ლიბიაში გემის ჩაძირვის შედეგად საქართველოს მოქალაქეები დაიკარგნენ
გამოქვეყნებულია: 2008-12-08 17:17:07
ლიბიაში გემის ჩაძირვის შედეგად საქართველოს მოქალაქეები უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. სატვირთო გემი, რომელზეც საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფებოდა ქალაქ ტრიპოლის პორტში შტორმის შედეგად ჩაიძირა. გადარჩენილია ერთი ქართველი მეზღვაური გოჩა მჟავანაძე.
წაკითხვა
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ალექსი მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა
გამოქვეყნებულია: 2008-12-08 16:45:48
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ქართულ ენაზე გადაიხადა. ალექსი მეორე სწორედ ამ ტაძარშია დასვენებული. რუსული საინფორმაციო წყაროების ცნობით, განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო რუსეთის ცენტრალურ საკათედრო ტაძარში ქართული მრავალხმიანი გალობის მოსმენა. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დელეგაციის თანხლებით, მოსკოვში გუშინ გაემგზავრა. პატრიარქს აეროპორტში რუსეთის პატრიარქის მოვალეობის შემსრულებელი მიტროპოლიტი კირილი დახვდა. რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორეს, რომელიც 5 დეკემბერს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხვალ დაკრძალავენ.
წაკითხვა
თბილისის აეროპორტმა თვითმფრინავების მიღება დღის მეორე ნახევარში შეძლო
გამოქვეყნებულია: 2008-12-08 16:33:13
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა თვითმფრინავების მიღება მხოლოდ დღეს, დღის მეორე ნახევარში შეძლო. რეისები უკვე შესრულდა მინსკის, ვენის და რიგის მიმართულებით. ფრენის შეფერხება ნისლმა გამოიწვია. უამინდობის გამო გუშინ 04:00 საათის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისი არ შესრულებულა. მგზავრები თვითმფრინავის გაფრენას მთელი ღამის განმავლობაში ელოდებოდნენ.
წაკითხვა
მაჰმადიანური სამყარო ყურბან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2008-12-08 14:11:47
მაჰმადიანური სამყარო დღეს ყურბან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმის მთავარ მეჩეთში მაჰმადიანი მორწმუნეები სალოცავად დილიდან შეიკრიბნენ. ლოცვა აჭარის მუფთამ ჩაატარა. ბაირამობის დღესასწაულზე მაჰმადიანები ღმერთს საკლავს სწირავენ და ხორცს გაჭირვებულებს ურიგებენ. ეს დღესასწაული ბათუმში მცხოვრებ მაჰმადიანებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ მიულოცა და ლოცვასაც დაესწრო.
წაკითხვა
სახალხო დამცველის აპარატს მარნეულის წარმომადგენლობა შეემატება
გამოქვეყნებულია: 2008-12-08 14:03:23
სახალხო დამცველის აპარატს დღეს კიდევ ერთი - მარნეულის წარმომადგენლობა შეემატება. გახსნის ცერემონიალს ომბუდსმენ სოზარ სუბართან ერთად აზერბაიჯანის სახალხო დამცველი ელმირა სულეიმანოვა და ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები დაესწრებიან. აზერბაიჯანისა და საქართველოს სახალხო დამცველები ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდებიან და ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ ვითარებას გაეცნობიან.
წაკითხვა
ადვოკატები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2008-12-08 13:58:08
ანტიკრიზისული საბჭოს ფარგლებში მომუშავე ადვოკატები დღეს საკუთარ რეკომენდაციებს გამოაქვეყნებენ. ადვოკატები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანას ითხოვენ. წინა მოწვევის პარლამენტმა შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი უკვე უყარა. ანტიკრიზისულ საბჭოში იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება ადვოკატების რეკომენდაციებს გაიზიარებს.
წაკითხვა
მშვიდობის ფესტივალის რუსი მონაწილე გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2008-12-07 16:49:21
ტრაგიკულად დასრულდა ღონისძიება – "მშვიდობის გლობალური ფესტივალი 2008 - საქართველო" ერთ–ერთი მონაწილისთვის. რუსი სპორტსმენი, მოსკოვი–პეკინი, მოსკოვი–პარიზის გარბენების მონაწილე ედუარდ იაკოვლევი თბილისში გარბენის დროს უეცრად შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი, თუმცა ექიმების მტკიცებით, მისი დაღუპვის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. გარბენა ფესტივალის ფარგლებში განხორციელდა. ამ აქციის ფარგლებში ასევე პროფკავშირების კულტურის სახლში კონფლიქტის ზონიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვების გამოფენა "მშვიდობის ფრესკა" გაიხსნება. ფესტივალი დღეს კონცერტით დაიხურება. ანალოგიური მშვიდობის ფესტივალი აზერბაიჯანსა და სომხეთშიც გაიმართა, ხოლო საქართველო ამ ფესტივალს პირველად მასპინძლობს.
წაკითხვა