საზოგადოებრივი
104.5 FM
ქართული დელეგაცია ალექსი მეორის დაკრძალვაზე მიემგზავრება
გამოქვეყნებულია: 2008-12-07 16:06:53
ქართული 14–კაციანი დელეგაცია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ალექსი მეორის დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში მიემგზავრება. დელეგაციას, გულზე გადატანილი ოპერაციის მიუხედავად, საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს. მოსკოვში გამგზავრებამდე სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა საკვირაო წირვაში სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორის სული მოიხსენია და აღნიშნა, რომ ის იყო საქართველოს დიდი მეგობარი და გულშემატკივარი. სწორედ საქართველოს პატრიარქი იყო პირველი სასულიერო პირი, რომელმაც რუსულ სამღვდელოებას პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა.
წაკითხვა
თბილისის აეროპორტში ფრენები აღდგენილია
გამოქვეყნებულია: 2008-12-07 15:38:01
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები უკვე აღდგენილია. უამინდობის გამო გადადებული რეისები დღის განმავლობაში შესრულდება. მთელი ღამის განმავლობაში აეროპორტში, ძლიერი ნისლის გამო, რეისები არ შერსრულებულა. ათი რეისიდან მხოლოდ ერთი განხორციელდა. დანარჩენი თვითმფრინავების ნაწილი ერევანსა და ანკარის აეროპორტში დაჯდა, ხოლო ავიაკომპანია "ლუფთჰანზას" თბილისამდე ჩამოსული თვითმფრინავი უკან, მიუნჰენში დაბრუნდა.
წაკითხვა
რუსეთი ალექსი მეორეს ემშვიდობება
გამოქვეყნებულია: 2008-12-07 15:33:29
რუსეთი ალექსი მეორეს ემშვიდობება. მაცხოვრის ტაძართან, სადაც ალექსი მეორის ცხედარია დასვენებული, უზარმაზარი რიგი დგას. მრევლი სულიერ მოძღვარს ემშვიდობება. პანაშვიდები მაცხოვრის ტაძარში 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. მღვდლები, მონაზვნები და მორწმუნეები პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად ყვავილებით ხელში მივიდნენ. ალექსი მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები რუსეთის ყველა ეკლესიაში ტარდება. რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ბრძანების მიხედვით, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებას ეხება, რუსეთში სამშაბათს გასართობი ღონისძიებები შეწყდება. ალექსი მეორეს 9 დეკემბერს მოსკოვის უფლის გამოცხადების ტაძარში დაკრძალავენ. რუსეთის პარტიარქის მოვალეობას დროებით სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი კირილე შეასრულებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ წმინდა სინოდის საგანგებო შეკრებაზე მიიღეს. ახალ პატრიარქს წმინდა სინოდი 6 თვის განმავლობაში აირჩევს. ალექსი მეორე ორი დღის წინ, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწუხარება მომხდართან დაკავშირებით უკვე გამოთქვეს მსოფლიო ლიდერებმა და ეკლესიების მეთაურებმა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებლულ ეკლესიებში კი მისი სულის მოსახსენიებელი წირვა აღავლინეს.
წაკითხვა
გარემოს დაცვის სამინისტრო შიდა ქართლში გამწვანების აქციას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2008-12-06 17:08:44
გარემოს დაცვის სამინისტრო შიდა ქართლში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი მოსახლეობისთვის გამწვანების აქციას იწყებს. პირველი ნერგები დღეს ქარელის რაიონის სოფელ მოხისში გარემოს დაცვის მინისტრმა მოსახლეობასთან ერთად დარგო.
წაკითხვა
ჯონდი ბაღათურია ონკოლოგიურ კლინიკას ეწვია
გამოქვეყნებულია: 2008-12-06 13:51:59
„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ონკოლოგიურ კლინიკას ეწვია. მან მეორე ბავშვთა განყოფილების ავადმყოფები მოინახულა. როგორც "ქართული დასის" ლიდერმა განაცხადა, ონკოლოგიურში 18 წლამდე ბავშვები 100– პროცენტიან დაფინანსებას მიიღებენ. სახელმწიფომ სოციალურად დაუცველთათვის შეღავათებიც დააწესა. ონკოლოგიურ კლინიკაში სულ 28 ბავშვი იმყოფება.
წაკითხვა
საქართველოში მშვიდობის გლობალური ფესტივალი გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2008-12-06 13:46:22
აზერბაიჯანის და სომხეთის შემდეგ მშვიდობის გლობალური ფესტივალი საქართველოში დღეს გაიხსნა. ფესტივალი მსოფლიო ლიდერთა რეკომენდაციების გათვალისწინებით კონფერენციას გამართავს. ფესტივალში ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის არის რუსეთიც. ფესტივალი ორდღიანი იქნება და ხვალ დილის 11 საათზე დაიხურება. მოეწყობა გარბენი ვაკიდან თავისუფლების მოედანზე, ასევე – გამოფენა მშვიდობის თემაზე,გაიმართება საზეიმო კონცერტი. ფესტივალის ორგანიზატორები აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო და მსოფლიო მშვიდობის ფედერაციაა.
წაკითხვა
მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 17:50:14
5 დეკემბერს მსოფლიო მოხალისეთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით, სტუდენტებმა მცხეთის ჯვრის მონასტრის ფერდობი და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. მოხალისეთა საერთაშორისო დღე გაერო–ს ასამბლეის გადაწყვეტილებით, 1985 წლიდან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღინიშნება. აქციაში სახელწოდებით – "პოლიეთილენი ბუნების მტერია" თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ერთად, გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
წაკითხვა
პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის წარმომადგენლები მასწავლებელთა ეთიკის კოდექსს აპროტესტებენ
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 17:38:24
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლებმა მასწავლებელთა კოდექსის თემაზე პრესკონფერენცია გამართეს. პედაგოგთა პროფკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, მასწავლებელთა ეთიკის კოდექსი, შესაძლოა, კიდევ ერთი დასჯის იარაღი გახდეს პედაგოგებისთვის. "სახელმწიფოს მხრიდან, მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის შემუშავება, მასწავლებლების უფლებების შელახვაა", - აცხადებენ პროფკავშირის წარმომადგენლები. 8 დეკემბირდან პედაგოგები ხელმოწერების შეგროვებას და პარლამენტში ინიციატივით შესვლას აპირებენ, რათა ეთიკის კოდექსი არ იქნას დამტკიცებული განათლების სამინისტროს მიერ.
წაკითხვა
კრწანისის სასწავლო ცენტრში ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 17:09:34
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 650 ახალი სამხედრო ჰყავს. კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. მათ ცენტრში ხუთკვირიანი პირველადი მომზადების კურსი გაიარეს. სწავლება ტაქტიკურ, თეორიულ და ფიზიკურ მომზადებას ითვალისწინებდა. ამის შემდეგ ისინი სხვადასხვა ბრიგადებში გადანაწილდებიან და მომზადების მეორე კურსს ადგილზე გაივლიან.
წაკითხვა
კობა სუბელიანი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 17:04:50
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა ჟურნალისტებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის ამ დროისთვის არსებული ანგარიში წარუდგინა. სუბელიანის განცხადებით, კონფლიქტის შედეგად სულ 5 620 ოჯახი დაზარალდა. აქედან 1 120 ოჯახი უკვე შეასახლეს ახლად აშენებულ და გარემონტებულ სახლებში. უახლოეს მომავალში დასრულდება ბინათმშენებლობა წეროვანშიც. უკვე შესახლებულ ოჯახებს საქართველოს ხელისუფლებამ საოჯახო ინვენტარი და პირველადი მოხმარების საგნებიც გადასცა. მინისტრი აცხადებს, რომ ხელისუფლება გააგრძელებს დაზარალებულთა დახმარებას, სანამ ამის საჭიროება იქნება.
წაკითხვა
რუსეთის პატრიარქი გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 16:31:38
დღეს დილით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II, 79 წლის ასაკში პერედელკინის რეზიდენციაში გარდაიცვალა. როგორც რუსული მედია იტყობინება, პატრიარქის გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა. ალექსი მეორე 23 თებერვალს 1929 წელს ტალინში დაიბადა. იგი რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას სათავეში 1990 წლიდან ედგა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების მიხედვით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის ახალი პატრიარქი ექვსი თვის განმავლობაში უნდა აირჩიონ. ალექსი II-ის ნეშტს მოსკოვის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში ალექსი მეორეს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადა.
წაკითხვა
გიგი უგულავამ ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ბაგა-ბაღი მოინახულა
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 13:05:54
თბილისის მერმა გიგი უგულავამ ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ახალგარემონტებული ბაგა-ბაღი მოინახულა. ბაღი თბილისის მერიის და ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის ერთობლივი ძალისხმევით გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით და ატრაქციონებით აღიჭურვა. ეზოში დაიგო ხელოვნური საფარი და დაიდგა დასასვენებელი სკამები. ბაღში სულ 205 აღსაზრდელია, მათ შორის უნარშეზღუდული ბავშვებიც არიან.
წაკითხვა
გია ნოდია ქარელის რაიონს ეწვევა
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 10:53:28
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დღეს ქარელის რაიონს ეწვევა. გია ნოდია პირველ საჯარო სკოლაში სასკოლო ინვენტარის გადაცემას დაესწრება. სკოლას რეაბილიტაცია პრეზიდენტის პროგრამის ”იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში ჩაუტარდა. დღესვე მინისტრი ქარელის მეორე საჯარო სკოლაში პედაგოგებს შეხვდება და 2009 წლის გეგმებს გააცნობს. ვიზიტისას მინისტრი იმ პედაგოგებსაც დააჯილდოვებს, რომლებიც პრეზიდენტის სტიპენდიანტები გახდნენ.
წაკითხვა
ხანძარი ვანის რაიონის სოფელ ყუმურში
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 10:43:58
ვანის რაიონის სოფელ ყუმურში ხანძრის შედეგად 7 ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა. მეხანძრეები, ადგილობრივი მოსახლეობა და სამხედროები ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, თუმცა რამდენიმე კერა მაინც რჩება.
წაკითხვა
გრიგოლ ვაშაძემ ძიუდოს განახლებული ცენტრი მოინახულა
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 17:24:11
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დიღომში შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს განახლებული ცენტრი მოინახულა. ვაშაძემ ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად სპორტის ამ სახეობაში წელს მიღწეულ წარმატებებზე და სამომავალო გეგმებზე ისაუბრა. გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ შოთა ხაბარელს 2008 წლის ევროპის საუკეთესო მწვრთნელად აღიარება მიულოცა. დღესვე გაირკვა, რომ ძიუდოში ევროპის პირველობას ჩოჩიშვილის სახელობის დარბაზი უმასპინძლებს, რომელიც 2009 წელს 12-დან 14 აპრილამდე გაიმართება.
წაკითხვა
თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლები ახალი ინიციატივით გამოდიან
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 17:15:58
თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლები თამბაქოს ნაწარმის რეკლამის სრულ აკრძალვას და გამაფრთხილებელი წარწერის განთავსებას კოლოფის წინა და უკანა მხარის 50 პროცენტზე მოითხოვენ. ალიანსის ინფორმაციით, სიგარეტის მოხმარებისგან საქართველოში ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება. თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ გრიგოლ მგალობლიშვილს მოუწოდებენ პირადად გაეცნოს საქმის ვითარებას.
წაკითხვა
მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის დღეს აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 14:29:27
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის დღეს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია შესრულდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებს წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი ორმოცდაათი წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. წმინდა ანამ უფალს აღუთქვა, თუ წყალობას მიიღებდა, შვილს მასვე შესწირავდა. ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მას ასული - მარიამი ეყოლებოდა, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა. სამი წლის განმავლობაში მარიამი სახლში იზრდებოდა. შემდეგ კი მშობლებმა იგი აღსაზრდელად იერუსალიმში, ტაძარში მიიყვანეს.
წაკითხვა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ წლიური ანგარიში წარმოადგინეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 13:18:02
სახელმწიფო სტრუქტურებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ წლიური ანგარიში წარმოადგინეს. შეხვედრაზე უნარშეზღუდული პირების უფლებების დაცვაზე, მათთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მყოფთა თქმით, აუცილებელია უნარშეზღუდულ პირთა სოციალური პროგრამების დახვეწა და გაუმჯობესება. ინვალიდებთან დაკავშირებით წლიური ანგარიში სახელმწიფო სტრუქტურებმა დღეს პირველად წარმოადგინეს.
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებელი 4 დეკემბრიდან განახლებულ ეთერს იწყებს
გამოქვეყნებულია: 2008-12-02 17:58:00
საზოგადოებრივი მაუწყებელი ხუთი დღით ეთერს წყვეტს. 4 დეკემბრიდან კი მაყურებელს უკვე "პირველი არხის" სახელით დაუბრუნდება. განახლებული არხის სლოგანია – "პირველი არხი განწყობისთვის". განწყობის შექმნას კი არხის ხელმძღვანელები 31 გადაცემით შეეცდებიან. გასართობი და შემეცნებითი გადაცემების პარალელურად, ეთერში პოლიტიკური თოქ-შოუებიც გავა. 11 იანვრიდან კი "პირველ არხს" ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას საკვირაო ანალიტიკური გადაცემაც შეუერთდება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე არხის გენერალურმა დირექტორმა ლევან ყუბანეიშვილმა განაცხადა.2004 წელს მაუწყებლობის კანონის მიღებით დაიწყო საქართველოს ტელევიზიის სახელმწიფო დაქვემდებარებიდან საზოგადოებისაში გადაყვანის პროცესი. 2005 წელს საქართველოს პარლამენტმა აირჩია მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, რომელიც ცხრა წევრისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანი, თამარ კინწურაშვილი, „თავისუფლების ინსტიტუტიდან“, მოგვიანებით სსმ-ის პირველ გენერალურ დირექტორად აირჩიეს. 2008 წლის 4 აპრილიდან, 2009 წლის 20 ივლისამდე თანამდებობა ლევან ყუბანეიშვილს ეკავა. 2009 წლის 10 აგვისტოდან 2012 წლის 13 დეკემბრამდე სსმ-ის გენერალური დირექტორი იყო გიორგი ჭანტურია
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებელი 4 დეკემბრიდან განახლებულ ეთერს იწყებს
გამოქვეყნებულია: 2008-11-28 12:48:13
საზოგადოებრივი მაუწყებელი ხუთი დღით ეთერს წყვეტს. 4 დეკემბრიდან კი მაყურებელს უკვე "პირველი არხის" სახელით დაუბრუნდება. განახლებული არხის სლოგანია – "პირველი არხი განწყობისთვის". განწყობის შექმნას კი არხის ხელმძღვანელები 31 გადაცემით შეეცდებიან. გასართობი და შემეცნებითი გადაცემების პარალელურად, ეთერში პოლიტიკური თოქ-შოუებიც გავა. 11 იანვრიდან კი "პირველ არხს" ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას საკვირაო ანალიტიკური გადაცემაც შეუერთდება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე არხის გენერალურმა დირექტორმა ლევან ყუბანეიშვილმა განაცხადა.
წაკითხვა