საზოგადოებრივი
104.5 FM
გოლდენ სტეიტის დამაჯერებელი გამარჯვება დენვერის წინააღმდეგ [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 11:46:00
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ზედიზედ მესამე გამარჯვებას მიაღწია გოლდენ სტეიტ „უორიორზმა“. ოკლენდელებმა სტუმრად დენვერ „ნაგეტსი“ 19 ქულის სხვაობით, ანგარიშით 127-108 დაამარცხეს. მოქმედი ჩემპიონის ქართველმა ლეგიონერმა ძირითად ხუთეულში დაიწყო. ზაზა ფაჩულიამ 14 წუთში: რვა ქულა, ხუთი მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. სტივ კერის გუნდმა, გადამწყვეტ უპირატესობას მესამე მეოთხედში მიაღწია, რომელშიც 43-21 მოიგო. ამის შემდეგ, „უორიორზსს“ თამაშის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია. 25 ქულა, შვიდი მოხსნა და შვიდი შედეგიანი გადაცემა კევინ დურანტის ანგარიშზეა. სტეფ კარიმ 22 ქულა და 11 ზუსტი პასი მიითვალა აქტივში. მიმდინარე რეგულარულ სეზონში, ეს გოლდენ სტეიტის მეშვიდე გამარჯვება აღმოჩნდა. კალიფორნიელები ჰიუსტონ „როკეტსთან“ ერთად, დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ. მორიგ მატჩს „უორიორზი“ საკუთარ „ორეკლ არენაზე“ მაიამი „ჰიტის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
წაკითხვა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 09:54:00
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. ბერძნულ კრეტაზე მიმდინარე პირველობის მე-6 ტურში, ჩვენმა გუნდმა ერთ-ერთ კონკურენტს ესპანეთს "მშრალი" ანგარიშით სძლია - 4:0 და 12 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. თავიანთი პარტიები მოიგეს - ნანა ძაგნიძემ, ნინო ბაციაშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა და სალომე მელიამ.ამავე ტურში, ლიდერმა რუსეთმა 3:1 მოუგო იტალიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საქართველო რუსეთს ისევ ერთი ქულით ჩამორჩება. 10-10 ქულით მესამე ადგილს იყოფენ - პოლონეთი და თურქეთი.მერვე ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე პოლონეთი იქნება, რუსეთი კი თურქეთს შეხვდება. ევროპის გუნდური ჩემპიონატი ორშაბათს დასრულდება.
წაკითხვა
არიენ რობენი „ბაიერნის“ ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 02:52:00
უქმეებზე გერმანიის ჩემპიონატში მე-11 ტური მიმდინარეობს. გაიმართა ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც "დორტმუნდმა" შინ მიიღო "ბაიერნი". ამ მატჩში დადასტურდა დორტმუნდელთა კრიზისი - მათ ზედიზედ მეოთხედ ვერ მოიგეს და ამ ოთხ მატჩში მესამედ წააგეს."ბაიერნი" არიენ რობენის, რობერტ ლევანდოვსკისა და დავიდ ალაბას გოლებით 67-ე წუთისთვის 3:0-ს იგებდა. "დორტმუნდმა" ერთადერთი საპასუხო გოლი 88-ე წუთზე გაიტანა, რომელიც ბარტრას ანგარიშზეა - 1:3.რობენმა 93-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში "ბაიერნის" მაისურით და ამით კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი გახდა. ჰოლანდიელმა ბრაზილიელ ჯოვანი ელბერს გაუსწრო.მიუნხენელები 26 ქულით ლიდერობენ, "დორტმუნდს" კი 20 ქულა აქვს და მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა. მეორე ადგილზეა "ლაიპციგი" 22 ქულით, რომელმაც 2:1 მოუგო "ჰანოვერს".
წაკითხვა
ლოს ანჯელეს „კლიპერსის“ მესამე მარცხი მიმდინარე სეზონში
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 02:28:00
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე რეგულარულ სეზონში ლოს ანჯელეს „კლიპერსმა“ მესამე მარცხი განიცადა. კალიფორნიულმა კლუბმა საკუთარ „სტეიპლზ ცენტრში“ მემფის „გრიზლისთან“ წააგო.დასავლეთ კონფერენციის გუნდების დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. სტუმრები, თითქმის, მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა სოლიდური სხვაობით დაწინაურებას ვერ ახერხებდნენ. მეოთხე მეოთხედის შუა ნაწილში „კლიპერსი“ ოთხ ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს და თამაშს ინტრიგა დაუბრუნდა. მემფისელთა მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ლიდერები მაიკლ კონლი და მარკ გასოლი მალევე დააბრუნა მოედანზე და სწორედ ეს აღმოჩნდა მატჩის გარდამტეხი მომენტი. კონლიმ ზედიზედ ორი რთული ბურთი ჩააგდო, რასაც გასოლის შორეული ზუსტი სამქულიანი მოყვა და „გრიზლი“ 11 ქულით გაიქცა. მასპინძლებმა დარჩენილ დროში ვეღარ შეძლეს შეხვედრის შემოტრიალება და 104-113 დამარცხდნენ. გამარჯვებულთა შორის მაიკლ კონლიმ 22 ქულა მოაგროვა. მარ გასოლის მონაგარმა კი 21 ქულა შეადგინა. „კლიპერსის“ რიგებში, მორიგი ორმაგი დუბლი გააკეთა ბლეიკ გრიფინმა, რომლის ანგარიშზეც 30 ქულა და 11 მოხსნა დაფიქსირდა. ამ წაგების შემდეგ, ლოს ანჯელესის კლუბი, დასავლეთ კონფერენციაში, მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდა. მემფის გრიზლი, ამ მომენტისთვის, ჰიუსტონ „როკეტსის“ შემდეგ, იმავე კონფერენციაში, მეორე პოზიციაზე იმყოფება.
წაკითხვა
„ბარსელონამ“ ალკასერის დუბლით „სევილიას“ მოუგო, მესიმ მე-600 მატჩი ჩაატარა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 02:13:00
ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში "ბარსელონამ" მეათე გამარჯვება მოიპოვა. კატალონელებმა საკუთარ მოედანზე "სევილია"ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. გამარჯვებულთა რიგებში დუბლი პაკო ალკასერმა შეასრულა​, ხოლო სტუმართა შორის გვიდო პისარომ გამოიჩინა თავი."ბარსელონას" შემადგენლობაში მე-600 მატჩი ჩაატარა ლიონელ მესიმ. არგენტინელს ესპანეთის ჩემპიონატში 392 მატჩი დაუგროვდა, 119 - ჩემპიონთა ლიგაზე, 62 - ესპანეთის თასზე, 17 - ესპანეთის სუპერთასზე, 5 - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და 4 - უეფას სუპერთასზე. ამ დროის განმავლობაში, მესიმ 523 გოლი გაიტანა.„ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატს 31 ქულით ლიდერობს. მას ოთხი ქულით ჩამორჩება მეორე ადგილზე მყოფი "ვალენსია", რომელმაც მე-11 ტურში პარეხოს, როდრიგოსა და მინას გოლებით გაანადგურა "ლეგანსესი". "ვალენსიასთვის" ეს იყო ზედიზედ მეშვიდე მოგება, რითაც 1947 წლის საკლუბო რეკორდი გაიმეორა.
წაკითხვა
დუდა სანაძის „პისტოია“ საკუთარ მოედანზე „კანტუსთან“ დამარცხდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 01:57:00
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-6-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო „ფლექს პისტოიამ“. დუდა სანაძის გუნდი, საკუთარ მოედანზე, „კანტუსთან“ ანგარიშით 82-93 დამარცხდა. მასპინძელთა ქართველი ლეგიონერი შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. სანაძემ 20 წუთში: 10 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა აქტივში. სტუმრებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე 16-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ. მესამე მეოთხედში „პისტოიამ“ ჩამორჩენა ოდნავ შეამცირა, თუმცა ეს საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.„კანტუს“ შემადგენლობაში საუკეთესო რენდი ქოლფეიფერი გახლდათ, ამერკიელმა კალათბურთელმა 36 ქულა გააკეთა. „პისტოიას“ რიგებში 26 ქულით მარკუს კენედი გამოირჩა. ვიჩენცო ესპოზიტოს გუნდი „სერია ა-„ში მომდევნო შეხვედრას მანუჩარ მარკოიშვილის „რეჯინას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
წაკითხვა
შვედეთთან პლეი ოფის მატჩებისთვის იტალიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 01:50:00
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ შვედეთთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საპლეიოფო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. მატჩები მომავალ წელს, 10 და 13 ნოემბერს ჩატარდება.სიაში მოხვდა "ნაპოლის" ნახევარმცველი ჟორჟინიო. ცოტა ხნის წინ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ფეხბურთელმა ბრაზილიის ნაკრებში თამაში აირჩია.იტალიის ნაკრების სრული შემადგენლობა ასეთია:მეკარეები - ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი"), მატია პერინი ("ჯენოა"), ჯანლუიჯი დონარუმა ("მილანი");მცველები - დავიდე ასტორე ("ფიორენტინა"), ლეონარდო სპინაცოლა ("ატალანტა"), დანილო დ'ამბროზიო ("ინტერი"), მატეო დარმიანი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), ლეონარდო ბონუჩი ("მილანი"), დანიელე რუგანი, ანდრეა ბარძალი, ჯორჯო კიელინი (ყველა - "იუვენტუსი"), დავიდე ძაპაკოსტა ("ჩელსი");ნახევარმცველები - მარკო პაროლო ("ლაციო"), ფედერიკო ბერნარდესკი ("იუვენტუსი"), ალესანდრო ფლორენცი, დანიელე დე როსი (ორივე - "რომა"), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ანტონიო კანდრევა, რობერტო გალიარდინი (ორივე - "ინტერი"), ჟორჟინიო ("ნაპოლი");ფორვარდები - ედერი ("ინტერი"), ჩირო იმობილე ("ლაციო"), ანდრეა ბელოტი ("ტორინო"), მანოლო გაბიადინი ("საუთჰემპტონი", ინგლისი), სტეფან ელ-შაარავი ("რომა"), ლორენცო ინსინიე ("ნაპოლი"), სიმონე ძაძა ("ვალენსია", ესპანეთი).
წაკითხვა
„ბარბაროსები“ ახალ ზელანდიასთანაც დამარცხდნენ (ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 00:40:00
რაგბის კლუბი „ბარბაროსები“ 28 ოქტომბერს ავსტრალიასთან დაძაბულ შეხვედრაში 28:31 დამარცხდა, ერთი კვირის შემდეგ კი გამორჩეულთა გუნდმა მსოფლიო რეიტინგის პირველ ადგილოსან „ოლ ბლექს“-თან ითამაშა.მატჩი საინტერესოდ დაიწყო და „ბარბაროსები" მალევე ორი ლელოთი (მოუნგა 9', ბრიჯი 15') დაწინაურდნენ. მე-18 წუთზე ერთი ლელო ტიჯეი პირენარამ ვაისაკე ნაჰოლოს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გაქვითა.ტაიმის დასრულებამდე „ბარბაროსებმა" კიდევ ერთი ლელოს დადება მოასწრეს (კარტერი 29'), თუმცა თავადაც გაუშვეს (ფიფიტა 35') და შესვენებაზე მხოლოდ შვიდქულიანი უპირატესობით გავიდნენ.დაპირისპირების მეორე ნახევარში უკვე ახალ ზელანდიელები დომინირებდნენ. "შავებმა" ათწუთიან მონაკვეთში მეტოქეს სამი გარდასახული ლელო დაუდეს (ლაუმაპე 54', კეინი 56', ჰარისი 59') და კომფორტული, 16-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.მატჩის ბოლო წუთზე ბრიჯმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში - "ბარბაროსები" 22:31 ახალი ზელანდია - დააფიქსირა.
წაკითხვა
გლაზგოს „სელტიკმა“ ბრიტანეთის რეკორდი დაამყარა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 21:07:00
​შოტლანდიის ჩემპიონმა „სელტიკმა“ წაუგებელი მატჩების სერიის მხრივ საკუთარი რეკორდი განაახლა. ამ შემთხვევაში, იგულისხმება შიდა არენაზე ჩატარებული მატჩები - შოტლანდიის ჩემპიონატი, შოტლანდიის თასი, ლიგის თასი და ა.შ.შაბათს "სელტიკმა" შოტლანდიის ჩემპიონატის მორიგ ტურში "სენტ ჯონსტონი" გაანადგურა 4:0, რის შემდეგაც, გლაზგოური გრანდის წაუგებელმა სერიამ 63 მატჩი შეადგინა. ეს საუკეთესო შედეგია არა მხოლოდ შოტლანდიაში, არამედ, მთელს ბრიტანეთში.წინა რეკორდი, რომელიც 1917 წელს იყო დამყარებული, ასევე "სელტიკს" ეკუთვნოდა.
წაკითხვა
გვარდიოლა ესპანელ და კატალონელ პოლიტიკოსებს მიმართავს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 21:04:00
„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ შეწუხებულია დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, ესპანეთის მთავრობის მიერ კატალონიის რამდენიმე ხელმძღვანელის დაპატიმრების გამო. მისი სიტყვებით, ორივე მხარის წარმომადგენლები უნდა მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას.„სასურველია, გამოუშვან ის კატალონელი პოლიტიკოსები, რომლებიც ესპანეთის მთავრობამ დააპატიმრა. ვწუხვარ ამის გამო, რადგან ასეთი რამ ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება შეემთხვეს. მათ მხოლოდ საკუთარი აზრი გამოხატეს. მათ, უბრალოდ, შეასრულეს წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც კატალონელთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებას გამოხატავს. მაშინებს ის, რომ დემოკრატიის განვითარების მხრივ ესპანეთი უკან იხევს.ესპანეთისა და კატალონიის წარმომადგენლები უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. აუცილებელია რეფერენდუმის პირობების შეთანხმება, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რთული იქნება ამ სიტუაციის მოგვარება“, - ამბობს გვარდიოლა სააგენტო "როიტერსთან“ ინტერვიუში.
წაკითხვა
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში, შესაძლოა, ნარკოტიკები დაუშვან
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 20:44:00
ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) მოთამაშეთა პროფკავშირი თერაპიული მიზნებისთვის მარიხუანას ლეგალიზაციის საკითხს წამოწევს, ამის შესახებ გამოცემა TSN წერს.მსგავსი გადაწყვეტილება კანადის ტერიტორიაზე 2018 წლის პირველი ივლისიდან მარიხუანას ლეგალიზაციას უკავშირდება. ეს ნარკოტიკი არ შედის აკრძალული პრეპარატების რიცხვში, მაგრამ მისი გამოყენება აკრძალულია NHL-სა და პროფკავშირის მიერ წამოწყებული პროგრამით, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებას ებრძვის.როგორც ირკვევა, ჯერჯერობით, ლიგა მხარს არ უჭერს ამ იდეას, მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ მარიხუანა მოთამაშეს ეხმარება ტკივილის გაყუჩებაში, NHL დაფიქრდება მის გამოყენებაზე.26 ოქტომბერს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყოფილი კომისარი დევიდ სტერნი ასევე გამოვიდა მარიხუანას ლეგალიზაციის წინადადებით. სააგენტო Assotiated Press-თან კომენტარში მან აღნიშნა, რომ ეს ნარკოტიკი, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას სამედიცინო მიზნებით.
წაკითხვა
2018 წლის ნოემბერში „ბორჯღალოსნები“ იტალიასთან ითამაშებენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 19:39:00
მომავალი წლის ტესტ მატჩებზე საქართველოს რაგბის კავშირისა და გულშემატკივრთა შეხვედრაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე გაირკვა, რომ 2018 წლის ივნისში იქნება ტურნე იაპონიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე. ჯერჯერობით უცნობია, რომელ გუნდებს დაუპირისპირდებიან "ბორჯღალოსნები". გარდა ამისა, 31 მაისს გაიმართება შეხვედრა თბილისში, თუმცა მომავალი მეტოქის ვინაობა ბაჩო ხურციძემ სიურპრიზად დატოვა. 2018 წლის ნოემბერში საქართველოს ორი კუნძულელი ეწვევა და ერთ თამაშს იტალიასთან, სტუმრად გამართავს. ამ თამაშის ჩატარების დრო და ზუსტი ადგილი ჯერჯერობით უცნობია.
წაკითხვა
დიდიე დეშამი ქარიმ ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნებას არ აპირებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 17:54:00
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მიანიშნა, რომ არ აპირებს ეროვნულ გუნდში მადრიდის "რეალის" ფორვარდის ქარიმ ბენზემას მიწვევას. ამ დღეებში ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ძალიან უნდა ნაკრებში დაბრუნება. „მე არ მინახავს ბენზემას ეს ინტერვიუ, რადგან გაზეთებს იშვიათად ვუყურებ“, - განაცხადა ფრანგების მწვრთნელმა. „თქვენ იცით ჩემი პოზიცია ბენზემას საკითხზე და ის უცვლელი რჩება“, - აღნიშნა მან. ბენზემა თითქმის წელიწად-ნახევრია მოკვეთილია ნაკრებიდან იმის გამო, რომ თანაგუნდელ მატიო ვალბუენას სექსუალური ხასიათის ვიდეოთი აშანტაჟებდა. საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიოს 2018 ჩემპიონატის საგზური გარანტირებული აქვს.
წაკითხვა
„შუქურა“-„ლოკომოტივი“ ანგარიშით 2:2 დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 17:08:00
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტურში ქობულეთის „შუქურა“ სენსაციასთან ახლოს იყო - გათამაშების აუტსაიდერს გადათამაშებაში მონაწილეობის შანსი გაუჩნდა და თბილისში, „ლოკომოტივთან“ მოედანზე მოსაგებად გავიდა.59-ე წუთისთვის სტუმრები ბრაზილიელი ლეგიონერების, მარსელინიოსა და ჯეფინიოს გოლებით 2:1 დაწინაურდნენ – თბილისელთანაგან თავი 26-ე წუთზე გიორგი რეხვიაშვილმა გამოიჩინა. მაგრამ 72-ე წუთზე "ლოკომოტიველმა" გეგა დიასამიძემ წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა - 2:2, რაც ქობულეთელებისთვის კატასტროფის ტოლფასი შედეგი გახლდათ. "ლოკომოტივმა" 53 ქულა დააგროვა, მე-5 ადგილზეა და "საბურთალოს" დაეწია. "შუქურას" კი 18 ქულა აქვს, კონკურენტ "კოლხეთს" უკვე 5 ქულით ჩამორჩა და დარჩენილ 3 შეხვედრაში მხოლოდ მოგებები სჭირდება, გადათამაშებაში რომ მოხვდეს.
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „კოლხეთმა“ ხუთი თვის შემდეგ პირველად მოიგო
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:40:00
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური ფოთში გამართული შეხვედრით დაიწყო - „კოლხეთმა“ „პარკ-არენაზე“ გორის „დილას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე კოლხების უკრაინელთა თავდამსხმელმა იგორ ბროვკომ გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი მოგება მოუტანა.ფოთელებმა 27 მაისს შემდეგ პირველად მოიგეს, 23 ქულა დააგროვეს და გადათამაშებაში მოხვედრის დიდი შანსი გააჩნიათ. „დილა“ კი,, 37 ქულით ისევ მე-7 პოზიციაზეა.
წაკითხვა
„მაორი ოლ ბლექსმა“ კანადა გაანადგურა, ავსტრალიამ კი იაპონიას სძლია
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:37:00
"მაორი ოლ ბლექსმა", კანადა, რომელიც ნოემბრის ტესტებზე "ბორჯღალოსნებსაც" დაუპირისპირდება, 51:9 გაანადგურა. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ "შავები" შეხვედრის მანძილზე დომინირებდნენ. მათ პირველ ტაიმში სამი, ხოლო მეორე ტაიმში ოთხი ლელო დადეს, თავად კი არც ერთი არ გაუშვიათ.გამორჩეული იყო მგეზავი იჰაია ვესტი, რომელმაც 16 ქულას მოუყარა თავი (ორი ჯარიმა, ხუთი გარდასახვა). კანადელთა ქულები ბროკ სტალერმა სამი საჯარიმო დარტყმით პირველივე ტაიმში მოიპოვა.უფრო სანახაობრივი გამოდგა შეხვედრა ავსტრალიასა და იაპონიას შორის. ამ მატჩის პირველ ტაიმშიც ფავორიტები დომინირებდნენ. "ვოლაბებმა" "საკურებს" ხუთი უპასუხო ლელო დაუდეს და შესვენებაზე 32 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.იაპონელები მეორე ტაიმში გამოცოცხლდნენ და მეტოქის ოთხი ლელოს პასუხად სამი თავადაც დადეს, თუმცა რა თქმა უნდა ამას თამაშის საბოლოო შედეგზე გავლენა არ ჰქონია.მატჩის საბოლოო ანგარიში - ავსტრალია 63:30 იაპონია.სათამაშო დღის ბოლო ტესტ მატჩში ერთმანეთს ახალი ზელანდია და ბარბაროსები დაუპირსპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
წაკითხვა
ქართველი პარა-ფრენბურთელები ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:23:00
ქართველი პარა-ფრენბურთელები ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. შეხვედრები 4-12 ნოემბერს გაიმართება და მასში 13 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ქართველი მჯდომარე ფრენბურთელები ჯგუფურ ეტაპზე ბოსნიასთან, სერბეთთან და უნგრეთთან ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები პარა-ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობს. ეროვნული ნაკრები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული  ქართველი სამხედროებითაა დაკომპლექტებული. სპორტსმენებს გამგზავრების წინ წარმატება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა უსურვა.
წაკითხვა
რაგბი ლიგის მსოფლიო თასზე ტონგამ სამოა დაამარცხა,
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:09:00
რაგბი ლიგის მსოფლიო თასზე ტონგამ სამოა დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა. მატჩი ახალ ზელანდიაში, ვაიკატოს სტადიონზე გაიმართა, სადაც ორივე გუნდს მრავლად ჰყავს გულშემატკივარი.ტონგელთაგან გამორჩეული კვლავ NRL-ის ვარსკვლავი მაიქლ ჯენინგსი იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა. პირველი ტაიმის მიწურულს ლეიუას შანსი ჰქონდა სამოა წინ გაეყვანა, თუმცა ლელო ვიდეო რეფერიმ არ ჩათვალა. პასუხად, ტაიმის დასრულებამდე ტონგამ გარდასახული ლელო და ჯარიმა მიითვალა და ნახევარი 14:6 მოიგო.მეორე ტაიმშიც ორივე გუნდი აქტიურობდა. სამოელებმა ორი ლელო დადეს, თუმცა მეტოქის შეტევები ვერ მოიგერიეს და თავად სამი გაუშვეს.საბოლოო ანგარიში 32:18 ტონგელთა სასარგებლოდ.ტურის პირველ შეხვედრაში ავსტრალიამ საფრანგეთი 52:6 გაანადგურა.გამანადგურებელი ანგარიში დაფიქსირდა შოტლანდიისა და ახალი ზელანდიის დაპირისპირებაშიც. "კივებმა" სკოტებს 74:6 მოუგეს.პირველ ტურში საფრანგეთის დამარცხების შემდეგ ლიბანი ინგლისთანაც ძალიან მოტივირებული გამოვიდა და 25-ე წუთამდე საყაიმო ანგარიშის შენარჩუნებაც მოახერხეს, თუმცა შემდეგ ტურნირის ფავორიტებმა იმძლავრეს და დამაჯერებლად 29:10 მოიგეს.ტურის დარჩენილი შეხვედრები ხუთ ნოემბერს გაიმართება.
წაკითხვა
League of Legends-ში მსოფლიო ჩემპიონი Samsung Galaxy-ა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 14:23:00
მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ელექტრონული სპორტის League of Legends-ის მსოფლიო თასი კორეული გუნდი Samsung Galaxy-ს გამარჯვებით დასრულდა.ფინალური წყვილი 2016 წლის შემდეგ არ შეცვლილა - გადამწყვეტ შეხვედრებში ერთმანეთს კვლავ ორი კორეული მონსტრი SKT T1 და Samsung დაუპირისპირდნენ.SKT-ს გუნდის არსებობის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატის პლეიოფის სტადიაზე არც ერთი გათამაშება არ ჰქონდათ წაგებული, მათ ნახევარფინალში ჩინური "RNG" დაამარცხეს და ფინალშიც ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მით უმეტეს, რომ მათ მეტოქეს ჯგუფურ ეტაპზე RNG-მ მოუგო. მოლოდინები არ გამართლდა და Samsung-მა Faker-ის გუნდს მარტივად, სამ შეხვედრაში 3:0 სძლია.ტურნირის საპრიზო თანხა 4,072,101 ა.შ.შ დოლარია, საიდანაც გამარჯვებულს ფონდის 37.5% შეხვდა.
წაკითხვა
ვაწაძის გოლმა „სილკებორგს“ ქულა მოუტანა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 13:49:00
მათე ვაწაძემ დანიის საფეხბურთო სუპერლიგაში ისევ გაიტანა და "სილკებორგს" ქულა შეუნარჩუნა.დანიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურში ვაწაძის და დავით სხირტლაძის "სილკებორგმა" "ჰორსენსი" მიიღო და შეხვედრა 2:2 დაასრულა. სხირტლაძე "სილკებორგის" ძირითად შემადგენლობაში იყო და მსაჯის მიერ დამატებულ დროში შეცვალეს. ვაწაძე კი მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა. 84-ე წუთზე, როდესაც ქართველების მეტოქე 2:1-ს იგებდა, ვაწაძემ "ჰორსენსის" კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. "სილკებორგმა" 15 ტურში 14 ქულა დააგროვა და 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა. ვაწაძე ამ გუნდში წლეულს ჩაირიცხა და ჩემპიონატის 6 ტურში 3 გოლი გაიტანა, თასზე კი 2 თამაშში - 2 გოლი.მათე ვაწაძის გოლი 2:16-დან
წაკითხვა