საზოგადოებრივი
104.5 FM
მეორე არხი იმერულ დერბის შემოგთავაზებთ
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 13:09:00
4-5 ნოემბერს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტურის მატჩები გაიმართება. ტურის პირველ შეხვედრაში ფოთში ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი გუნდები ითამაშებენ: „კოლხეთი“ „პარკ-არენაზე" გორის „დილას“ უმასპინძლებს. ფოთელებმა ბოლოს 27 მაისს მოიგეს. არის რეალური შანსი, რომ მათ გადათამაშების ზონაში ადგილი ვერ შეინარჩუნონ და ლიგიდან პირდაპირ გავარდნენ, ამიტომ მოგება ჰაერივით სჭირდებათ. „დილას“ კი გადათამაშების ზონას 4 ქულა აშორებს და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. აუტსაიდერი ქობულეთის „შუქურა“ თბილისში „ლოკომოტივს“ ესტუმრება. გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფ ქობულეთელებს კი გადათამაშებაში მონაწილეობის შანსი აქვს. "ლოკომოტივს" კი ევროპის ლიგის მოსაპოვებლად დარჩენილ შეხვედრებში ქულების მაქსიმუმის დაგროვება სჭირდება. 33-ე ტურის დანარჩენი სამი შეხვედრა 5 ნოემბერს გაიმართება: თბილისის „საბურთალომ“ ზაფხულის შესვენების შემდეგ 14 შეხვედრიდან 8 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 2 წააგო. გია ჭიაბრიშვილის გუნდი, "ლოკომოტივის“ მსგავსად, ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის. თბილისელები „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ საჩხერის „ჩიხურას“ მიიღებენ - მათ ევროპის ლიგაზე მოსახვედრად მხოლოდ მოგება აწყობთ.ლიგის ლიდერი თბილისის „დინამო“ უშუალო კონკურენტს, ქუთაისის „ტორპედოს“ მხოლოდ 4 ქულით უსწრებს და ჩემპიონობის მოსაპოვებლად დარჩენილ შეხვედრებში მხოლოდ მოგებები სჭირდება. თბილისელები საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამოს“ შეხვდებიან, რომელიც გათამაშების ზონიდან თავის დაღწევას ცდილობს და შანსის გამოყენებას შეეცდება. ტური იმერული დერბით დასრულდება - ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მეორეადგილოსანი (64 ქულა) „ტორპედო“ მესამეზე მყოფ „სამტრედიას“ უმასპინძლებს (61 ქულა) - შესაძლოა, შეხვედრამ საჩემპიონო ბრძოლაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ასე რომ, ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს მეორე არხი 19:00 საათზე შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
„ბოსტონ სელტიქსმა“ ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 11:33:00
„სელტიქსი“ წარმატებულ თამაშს განაგრძობს. ბოსტონელებმა რეგულარული სეზონის მორიგი მატჩი, დღეს, დილით დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტის, ოკლაჰომა „სითი თანდერის“ წინააღმდე სტუმრად გამართეს და ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 18 ქულის სხვაობით ლიდერობდნენ. მეორე ნახევრიდან მოყოლებული სტუმრებმა მეთოდურად დაიწყეს ჩამორჩენის აღმოფხვრა და საბოლოო 101-94 მოიგეს. „სელტიქსს“ კაირი ირვინგმა ულიდერა. გუნდის მთავარმა ვარსკვლავმა 25 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა გააკეთა. 20 ქულა მოიპოვა ალ ჰორფორდმა. ოკლაჰომაში საუკეთესო მაჩვენებელი პოლ ჯორჯს ჰქონდა. ფორვარდის ანგარიშზე 25 ქულა და 10 მოხსნაა. ასევე, ორმაგი დუბლი შეასრულა რასელ უესტბრუკმა, რომელმაც 19 ქულას, 11 შედეგიანი გადაცემა და 6 მოხსნა მიამატა. „სითი თანდერი“ ამ ეტაპზე საკუთარ კონფერენციაში მხოლოდ მეათე პოზიციაზეა. ბოსტონ „სელტიქსი“ კი, აღმოსავლეთში ლიდერობს.
წაკითხვა
ლებრონ ჯეიმსის 57 ქულა - „კავალიერსმა“ „ვაშინგტონ უიზარდსი“ დაამარცხა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 11:31:00
ზედიზედ ხუთი მარცხის შემდეგ, დღეს, გამთენიისას კლივლენდ „კავალიერსმა“ გამარჯვება მოიპოვა, რომელმაც გასვლაზე ვაშინგტონ „უიზარდსი“ ანგარიშით 130-122 დაამარცხა. ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი ლებრონ ჯეიმსი გახლდათ. გუნდის ლიდერმა ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირა. „მეფის“ ანგარიშზე: 57 ქულა, 11 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაა. ლებრონ ჯეიმსისთვის 57 მოპოვებული ქულა, მისი კარიერის მეორე საუკეთესო სტატისტიკური მაჩვენებელია. ყველაზე მეტი ლებრონმა მაიამი „ჰიტის“ მაისურით 2014 წელს მოაგროვა, როდესაც შარლოტს 61 ქულა ჩაუგდო. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, სტუმრები მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს. 20 ქულა გააკეთა დერეკ როუზმა, ხოლო ჯაე კრაუდერის ანგარიშზე, 17 ქულა და 7 მოხსნა დაფიქსირდა. ვაშინგტონში, საუკეთესო მაჩვენებელი ბრედლი ბილს ჰქონდა, რომელმაც 36 ქულა მოიპოვა. „კავალიერსი“ ამ მოგების შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზე იმყოფება. ტაირონ ლიუს გუნდი მორიგ მატჩს საკუთარ დარბაზში ატლანტა „ჰოქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
წაკითხვა
„ევროლიგის“ მეხუთე ტური „ბარსელონა“-„ოლიმპიაკოსის“ შეხვედრით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 02:20:00
საკალათბურთო „ევროლიგაზე“, მეხუთე ტურის დასკვნით შეხვედრაში, „ბარსელონამ“ საკუთარ დარბაზში პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ მიიღო და დიდი სხვაობით, ანგარიშით 73-51 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტურნირზე, ეს ბერძნული გუნდის პირველი წაგება იყო. თანაბარი და დაბალშედეგიანი პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლებმა დაცვაში აგრესიულ თამაშს მოუმატეს, რასაც სტუმართა მხრიდან არაერთი დაკარგვა მოჰყვა. თავის მხრივ, „ბარსას“ კალათბურთელები შეტევაში კარგად გამოიყურებოდნენ და ბოლო მეოთხედის დასკვნითი ნაწილი სრულ ფორმალობად აქციეს. გამარჯვებულთა შორის, 13 ქულა კევინ სერაფინმა მოიპოვა. პიერ ორიოლას ანგარიშზე 11 ქულა და 3 მოხსნაა.„ოლიმპიაკოსის“ რიგებში, იანის პაპაპეტრუ იყო საუკეთესო 11 ქულით. სიტო ალონსოს გუნდისთვის ეს მიმდინარე გათამაშებაზე მეორე გამარჯვება გამოდგა. კატალონიელები, მომდევნო ტურში სტამბოლის „ეფესს“ უმასპინძლებენ.
წაკითხვა
საქართველოს ფუტსალის ლიგაში ახალი სეზონი დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 01:23:00
დღეს, თბილისის ძველ სპორტის სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017-2018 წლების სეზონის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. "აგორა" - "ბათუმის უნივერსიტეტი" 6:3"ტატიშვილის კლინიკა" - "თბილისი" 6:1გულრიფში "კოლხი" - "აფხაზეთი" 3:3"სტუ-თელასი" - "წყალტუბო" 8:2წლევანდელი გათამაშებაში რვა გუნდი მონაწილეობს - სამი წრის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ოთხი საუკეთესო იბრძოლებს. 1/2-ფინალურ, ფინალურ და მე-3 ადგილისთვის შეხვედრებში გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული მემორანდუმი გაგრძელდა და ფუტსალის ლიგის რიგით მესამე სეზონსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ. ახალი სეზონიდან ლიგის პარტნიორი საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი გახდა და ჩემპიონატი მისი თანადაფინანსებით ჩატარდება.ახალ სეზონზე საპრიზო ფონდიც გაიზარდა - ფრესა და მოგებაზე გუნდებს შარშანდელზე მეტი ბონუსები დაერიცხებათ. ასევე დამატებითი ფულადი წახალისების მიზნით, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გუნდები საწევრო გადასახადისგან გათავისუფლდნენ. 
წაკითხვა
მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილ ფორვარდი კოკაინის მოხმარებაზე ჩავარდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 01:18:00
პერუს ნაკრების ფორვარდმა პაოლო გერერომ არგენტინასთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის შემდეგ, დადებითი დოპინგ-სინჯი ჩააბარა. როგორც ESPN ჟურნალისტ ფრანსისკო ველესზე დაყრდნობით წერს, მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილ და "ფლამენგოს" ამჟამინდელ ფორვარდს კოკაინის მოხმარების კვალი აღმოუჩინეს.პაოლო გერეროს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ის 11 და 16 ნოემბერს ახალი ზელანდიის წინააღმდეგ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის პლეი ოფში ვერ ითამაშებს.
წაკითხვა
ჯანო ანანიძე რეაბილიტაციას საქართველოში აგრძელებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 01:16:00
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე თბილისში იმყოფება, სადაც ტრავმირებულ ფეხზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას აგრძელებს. ამის შესახებ, თავად ფეხბურთელმა დაწერა საკუთარ "ინსტაგრამზე".ქართველ ფეხბურთელს ოპერაცია 14 ოქტომბერს რომში ჩაუტარდა. როგორც მაშინ "სპარტაკის" პრეს-სამსახურმა დაწერა, ანანიძეს ხანგრძლივი რეაბილიტაცია ესაჭიროება. მოედანზე დაბრუნების კონკრეტული ვადა თაბაშირის მოხსნის შემდეგ გახდება ცნობილი.ჯანო ანანიძემ ტრავმა 23 სექტემბერს, რუსეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში, "ანჟის" წინააღმდეგ მატჩში მიიღო. ამ სეზონში ნახევარმცველმა შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.
წაკითხვა
მოსკოვის „ცსკა“-მ კაუნასის „ჟალგირის“ დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 01:02:00
„ევროლიგის“ მეხუთე ტურის დღევანდელი სათამაშო დღის პირველი მატჩი მოსკოვში შედგა. „ცსკას“ და ჟალგირისის თამაში საკმაოდ საინტერესო გამოდგა. მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ. კაუნასელებმა ბოლომდე იბრძოლეს და შეხვედრის უკანასკნელ ორ წუთს ინტრიგა შესძინეს, თუმცა ბოლო წამებზე დიმიტრის იტუდისის გუნდმა მაინც მოახერხა მცირე უპირატესობის შენარჩუნება და თამაში 94-91 მოიგო. გამარჯვებულ გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი უილ კლაიბერნს ჰქონდა. ამერიკელმა კალათბურთელმა 26 ქულა გააკეთა. ორმაგი დუბლი შეასრულა ნანდო დე კოლომ. ფრანგმა უკნახაზელმა 25 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა აქტივში. ხუთი ტურის შემდეგ, „ცსკას“ ოთხი მოგება და ერთი მარცხი აქვს. მომდევნო მატჩს მოსკოველები კვლავ საკუთარ დარბაზში, ესპანური „ვალენსიას“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.
წაკითხვა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 01:02:00
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე. ჩვენმა გუნდმა ბერძნულ კრეტაზე, პირველობის მე-6 ტურში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, უკრაინას სძლია - 2.5:1.5 და 10 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.ნინო ბაციაშვილმა ნატალია ჟუკოვა დაამარცხა, დანარჩენი სამი კი ყაიმით დასრულდა: ნანა ძაგნიძე-ანა მუზიჩუკი, ბელა ხოტენაშვილი-ანა უშენინა, ლელა ჯავახიშვილი-ინა გაპონენკო.ამავე ტურში, ლიდერმა რუსეთმა ფრედ ითამაშა პოლონეთის ნაკრებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი რუსებს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. ცხრა-ცხრა ქულით მესამე ადგილს იყოფენ - ესპანეთი, პოლონეთი და იტალია.მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე ესპანეთი იქნება, რუსეთი კი იტალიას შეხვდება.
წაკითხვა
ზაურ სვანაძე ბაქოს გუნდიდან გაუშვეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 00:58:00
ზაურ სვანაძე ბაქოს ,,კესლას” (ადრე “ინტერი”) მთავარი მწვრთნელი აღარ არის, გუნდს მისი ასისტენტი რამაზ სვანაძეც დატოვებს - ეს ინფორმაცია აზერბაიჯანული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. როგორც გაირკვა, კლუბის ხელმძღვანელები ქართველ სპეციალისტს შეხვდნენ და ხელშეკრულების ორმხრივად გაწყვეტაზე დაითანხმეს.ზაურ სვანაძე ბაქოს გუნდში მთავარ მწვრთნელად 2015 წელს დაინიშნა, როდესაც პოსტი კახა ცხადაძემ დატოვა და საქართველოს ნაკრები ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ბაქოელები ევროპა ლიგაზე ორჯერ მოხვდნენ. თუმცა, წლევანდელი სეზონი წარუმატებელი გამოდგა. გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ეს შედეგებზეც აისახა. ბოლო ტურში ,,კესლამ” საშინაო შეხვედრა “ქიაფაზთან” 0:2 დათმო, 8-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა და კლუბის ხელმძღვანელობა შედეგებით უკმაყოფილო დარჩა.
წაკითხვა
არაბიძე ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდება, ჩაკვეტაძე ტრავმირებულია
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 00:40:00
საქართველოს 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები 6 ნოემბრიდან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს. გუნდი 10 და 14 ნოემბერს ფინეთისა და ლიტვის 21-წლამდე ნაკრებებს უმასპინძლებს.2 ნოემბერს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სიაში არ იყვნენ დონეცკის "შახტარის" შემტევი გიორგი არაბიძე და ბელგიური "გენტის" ახალწვეული გიორგი ჩაკვეტაძე.როგორც გაირკვა, ორივეს ტრავმა ჰქონდა, თუმცა უკრაინაში ჩატარებული განმეორებითი გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არაბიძეს სერიოზული არაფერი სჭირდა და დონეცკის "შახტარის" შემტევი ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდება. გიორგი ჩაკვეტაძე კი ტრავმირებულია და ქართველ ახალგაზრდებს ვერ დაეხმარება.
წაკითხვა
ნიკა კაჭარავას წარმატებული მატჩი - გოლი, საგოლე და მოპოვებული პენალტი
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 00:36:00
კელჩეს "კორონამ" პოლონეთის ექსტრაკლასას (საფეხბურთო უმაღლესი ლიგა) მე-15 ტურში ვროცლავის "შლიონსკს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა 3:0. ამ წარმატებაში კი მთავარი როლი საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ შეასრულა.23 წლის თავდამსხმელმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მწვრთნელმა 76-ე წუთზე შეცვალა. მანამდე კი "კორონას" სამივე გოლში მონაწილეობდა. მასპინძლებმა ანგარიში 26-ე წუთზე ქართველის მოპოვებული პენალტით გახსნეს. 67-ე წუთზე კაჭარავამ თავად გაიტანა, ხოლო 72-ე წუთზე მისი გადაცემით მესამე გოლი გავიდა.კაჭარავამ პოლონეთის ჩემპიონატის გასულ ტურში დუბლი შეასრულა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. "კორონამ" კი 25 ქულა დააგროვა და 16 გუნდში მე-2 ადგილზეა.
წაკითხვა
გიორგი შერმადინის 13 ქულა და „უნიკახას“ გამარჯვება სტამბოლში
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 00:30:00
საკალათბურთო „ევროლიგის“ მე-5-ე ტურის შეხვედრაში გიორგი შერმადინის მალაგას „უნიკახამ“ გასვლაზე სტამბოლის „ეფესი“ დაამარცხა. ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ესპანური კლუბის ქართველმა ცენტრმა შეიტანა. შერმადინმა თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოან პლაზამ, კვლავ არ მისცა დიდი სათამაშო დრო. ამის მიუხედავად, გიორგის მონაგარმა 18 წუთში: 13 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შეადგინა. უშუალოდ თამაში საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ბოლო მეოთხედის წინ, მასპინძლები 6 ქულის სხვაობით ლიდერობდნენ. დასკვნითი ათწუთიანი მონაკვეთი მალაგელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მატჩი საბოლოო გამარჯვებით დაასრულეს - ანგარიშით 79-75. შერმადინის მსგავსად, 13-13 ქულა გააკეთეს რეი მაკოლუმმა და ნემანია ნედოვიჩმა. მასპინძელთა შორის ორმაგი დუბლი შეასრულა ვლადიმერ შტიმაცმა. სერბმა ცენტრმა 17 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა აქტივში. „უნიკახას“, ხუთი ტურის შემდეგ, ორი მოგება და სამი მარცხი აქვს. მალაგას გუნდი მომდევნო შეხვედრაში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებს.
წაკითხვა
ლისაბონმა და სტამბოლმა გამოთქვეს სურვილი, 2020 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლონ
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 21:32:00
ლისაბონმა ("ეშტადიუ დუ ბენფიკა") და სტამბოლმა ("ათათურქი") გამოთქვეს სურვილი, 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლოს. პრეტენდენტთა საგანაცხადო კამპანია 2017 წლის 22 სექტემბერს დაიწყო და 31 ოქტომბერს დასრულდა.საბოლოო არჩევანს უეფას აღმასრულებელი კომიტეტი 2018 წლის ივნისში გააკეთებს.2018 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს კიევი უმასპინძლებს, 2019 წელს - მადრიდი.
წაკითხვა
ჩოგბურთელი კაროლინ ვოზნიაცკი და „სან ანტონიოს“ კალათბურთელი ქორწინდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 21:32:00
დანიელი ჩოგბურთელი კაროლინ ვოზნიაცკი დაNBA-ის კლუბის "სან ანტონიოს" ცენტრი დევიდ ლისი დაინიშნენ. ამის შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს მესამე ჩოგანმა საკუთარი "ინსტაგრამის" გვერდზე გაავრცელა. „ეს ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში. ვუთხარი "დიახ" ჩემს მეორე ნახევარს", - დაწერა ვოზნიაცკიმ. ცოტა ხნის წინ, დანიელმა ჩოგბურთელმა 2017 წლის სეზონი ტრიუმფალურად დაასრულა, მან WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო.
წაკითხვა
რაფაელ ნადალი პარიზის „მასტერსს“ ტრავმის გამო გამოეთიშა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 21:13:00
მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი ​პარიზის "მასტერსზე" თამაშის გაგრძელებას ვერ ახერხებს. ესპანელმა ჩოგბურთელმა, მუხლის ტრავმის გამო, სერბი ფილიპ კრაინოვიჩის წინააღმდეგ მეოთხედფინალური მატჩის თამაში ვერ შეძლო. ​ნადალს ეს ტრავმა პაბლო კუევასთან მატჩის წინა წრეში გაურთულდა.„ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება და ნაღვლიანი სიტუაციაა. რაც შემეძლო, ყველაფრის გაკეთება ვცადე, მაგრამ გუშინდელმა პროცედურებმა არ მიშველა. ფიზიკურად ვერ შევძლებდი პარიზში კიდევ სამი მატჩის თამაშს“, - განაცხადა ნადალმა პრესკონფერენციაზე.კითხვას როგორ აფასებს ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირზე გამოსვლის შანსებს, ესპანელმა უპასუხა: „გავაკეთებ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პერსპექტივა“.რაფაელ ნადალმა, პარიზის "მასტერსზე" პირველი მატჩის მოგების შემდეგ, 2017 წლის პირველი ნომრის რანგში დასრულება გაინაღდა. 
წაკითხვა
პირველი არხი საკალათბურთო სუპერლიგის მატჩებს წარმოგიდგენთ
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 16:39:00
 ქართული კალათბურთის მოყვარულებს პირველ არხზე საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის საინტერესო მატჩების ხილვის საშუალება ექნება. 4 ნოემბერს, 14:00 საათზე პირველი არხი ეროვნული ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩს შემოგთავაზებთ. „ოლიმპის“ მეტოქე მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო“ იქნება. პირველი არხი სუპერლიგის ყველა ტურის ცენტრალურ მატჩს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
ლილარდმა "პორტლენდს" ბოლო წამზე მოაგებინა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:16:00
"იუტასთან" და "ტორონტოსთან" წაგებული მატჩების შემდეგ "პორტლენდი" საკუთარ არენაზე ლოს ანჯელეს "ლეიკერსს" დაუპირისპირდა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში დემიენ ლილარდის მიერ ბოლო წამზე ნასროლი 3 ქულიანით სძლია. "პორტლენდის" ლიდერმა ჯამში 32 ქულა დააგორვა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ნურკიჩის ანგარიშზე 28 ქულაა. სტუმართა შორის ყველაზე მეტი 27 ქულით ბრუკ ლოპესმა ჩააგდო. მომდევნო მატჩს "პორტლენდი" 6 ნოემბერს "ოკლაჰომას" წინააღმდეგ ჩაატარებს. "ლეიკერსი" კი 4 ნოემბერს "სტეიპლს ცენტრში" "ბრუკლინს" უმასპინძლებს.
წაკითხვა
"გოლდენ სტეიტმა" "სან ანტონიოს" შანსი არ დაუტოვა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 11:56:00
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი ორი შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური მატჩი ტეხასში ჩატარდა. "სან ანტონიო სპურსმა" საკუთარ არენაზე მოქმედი ჩემპიონი "გოლდენ სტეიტი" მიიღო და 20 ქულის სხვაობით 112-92 დამარცხდა. "უორიორსის" რიგებში სასტარტო ხუთეულში დაიწყო მატჩი ქართველმა ცენტრმა. ზაზა ფაჩულიამ მოედანზე გატარებულ არასრულ 14 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. კელი ტომპსონმა საკუთარ გუნდს 27 ქულა შესძინა. კევინ დიურანტის ანგარიშზე 24 ქულაა, სტეფ კარიმ კი პირად აქტივში 21 ქულა ჩაიწერა. გრეგ პოპოვიჩის გუნდში საუკეთესო ლამარკუს ოლდრიჯი გამოდგა, რომელმაც 24 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.
წაკითხვა
მადრიდის „რეალი“ საკუთარ მოედანზე რუსულ „ხიმკისთან“ დამარცხდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 02:08:00
საკალათბურთო „ევროლიგის“ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთმა ფავორიტმა მადრიდის „რეალმა“, მეხუთე ტურში პირველი მარცხი განიცადა. სამეფო გუნდმა საკუთარ მოედანზე მოულოდნელად რუსულ „ხიმკისთან“ წააგო. სტუმრები თავიდანვე უკეთ გამოიყურებოდნენ და ბოლო მეოთხედის წინ, 7ქულიან უპირატესობას ფლობდნენ. დასკვნით პერიოდში მასპინძლებმა თამაში დაძაბეს და ერთ ეპიზოდში მეტოქეს ორ ქულიან დისტანციაზეც მიუახლოვდნენ, თუმცა „ხიმკიმ“ ალექსეი შვედის კარგი თამაშის წყალობით საბოლოო გამარჯვებას მიაღწია, ანგარიშით 86-80. შვედის მონაგარმა ამ შეხვედრაში 20 ქულა, ხუთი ზუსტი პასი და სამი მოხსნა შეადგინა. ჯეიმს ანდერსონის ანგარიშზე 16 ქულაა. მადრიდელთა შორის, საუკეთესო მაჩვენებელი ლუკა დონჩიჩს ჰქონდა. 18 წლის სლოვენიელმა კალათბურთელმა 12 ქულა, შვიდი მოხსნა და სამი შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში. ორივე გუნდი ხუთი ტურის შემდეგ, ოთხ-ოთხი გამარჯვებით და თითო წაგებით სატურნირო ცხრილის სათავეშია. ამ ეტაპზე, ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი პირეოსის „ოლიმპიაკოსია“. ბერძნული გუნდი მეხუთე ტურის შეხვედრას ხვალ „ბასრელონას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
წაკითხვა