საზოგადოებრივი
104.5 FM
საქართველოს მორაგბეთა 21 წლამდე ნაკრები რუმინეთის გუნდთან დამარცხდა
გამოქვეყნებულია: 2009-05-10 13:21:21
საქართველოს მორაგბეთა 21 წლამდე ნაკრები მადრიდში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში მოქმედ ჩემპიონ რუმინეთის გუნდთან დამარცხდა. ნიკოლოზ ჭავჭავაძის მორაგბეები მე-18 წუთზე 17-0 იგებდნენ. შეხვედრის პირველ ნახევარში ლელოები გოდერძი ჯოგლიძემ და არჩილ კობაურმა დადეს. საბოლოოდ კი ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ასპარეზობის გადამწყვეტ შეხვედრაში 27-20 დამარცხდნენ და ჩემპიონატის მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ. საქართველოს ნაკრები თბილისში დღეს გვიან ღამით დაბრუნდება.
წაკითხვა
საქართველოს 21 წლამდე მორაგბეთა ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს
გამოქვეყნებულია: 2009-05-09 14:03:41
საქართველოს 21 წლამდე მორაგბეთა ნაკრები დღეს მადრიდში ევროპის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს. გადამწყვეტ შეხვედრაში ახალგაზრდა ბორჯღალოსნების მეტოქე რუმინეთის გუნდი იქნება. ნახევარფინალურ ეტაპზე, რუსეთთან მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, დღევანდელ შეხვედრას საქართველოს ნაკრების ორი მორაგბე ვიქტორ კოლელიშვილი და ლადო გუნიავა გამოტოვებენ. მათ ნაცვლად რუმინეთის წინააღმდეგ ლექსო იორდანიშვილი და ბექა ნიკოლაიშვილი ითამაშებენ. სასტარტო შემადგენლობაში იქნება ლევან მირცხულავაც. საქართველო–რუმინეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა დაპირისპირება მადრიდში თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე გაიმართება.
წაკითხვა
21 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებს
გამოქვეყნებულია: 2009-05-06 14:58:07
საქართველოს 21 წლამდე მორაგბეთა ნაკრები დღეს მადრიდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. ახალგაზრდა ბორჯღალოსნების მეტოქე რუსეთის გუნდი იქნება. ნიკოლოზ ჭავჭავაძის მორაგბეებმა ჩემპიონატის პირველივე შეხვედრაში მასპინძელი ქვეყნის ნაკრები 35-26 დაამარცხეს. რუსეთმა კი გათამაშებიდან უკრაინის გუნდი გამოთიშა. მეორე ფინალისტის ვიანობას რუმინეთისა და პორტუგალიის ნაკრები გუნდები გაარკვევენ. ქართველ და რუს მორაგბეთა დაპირისპირება თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
წაკითხვა
ახალი სპორტული ცენტრი თბილისში
გამოქვეყნებულია: 2009-04-27 17:45:59
თბილისში ახალი სპორტული ცენტრი გაიხსნა. განახლებული კომპლექსი სოფელ დიღომში თბილისის მერმა გიგი უგულავამ და კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ გახსნეს. კომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა აგებული. შენობა რამდენიმე საჭიდაო დარბაზსა და ორ სპორტულ მოედანს მოიცავს. პროექტის ფარგლებში სულ 12 კომპლექსი აშენდება. აქედან ოთხის მშენებლობის ხარჯები კომპანია "ველაჯიომ" გაიღო. მერიის ინიციატივით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში 80 მწვრთნელს 500–ლარიანი ხელფასი დაენიშნა.
წაკითხვა
მადრიდის „რეალმა“ სტუმრად სევილიას სძლია
გამოქვეყნებულია: 2009-04-27 13:36:21
ტალონიური კლუბის უშუალო კონკურენტმა მადრიდის "რეალმა" სტუმრად სევილიას სძლია. მე-17 წუთზე მასპინძლები რენატომ დააწინაურა. თუმცა სევილიამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. სამეფო კლუბის შემადგენლობაში რაული საუკეთესო იყო. გუნდის კაპიტანმა "ჰეთრიკი" შეასრულა, რითაც მადრიდელთა წარმატება განაპირობა. შეხვედრის ბოლოს თითო გოლი ორივე გუნდის კარში გავიდა. "რეალმა" სევილიაში 4:2 გაიმარჯვა და "ბარსელონასთან" ქულათა სხვაობა 4–მდე შეამცირა. ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მთავარი შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე "რეალსა" და "ბარსელონას" შორის 3 მაისს გაიმართება.
წაკითხვა
კატალონიის "ბარსელონამ" ბოლო ცხრა შეხვედრაში პირველი ქულები დაკარგა
გამოქვეყნებულია: 2009-04-27 13:32:44
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში კატალონიის "ბარსელონამ" ბოლო ცხრა შეხვედრაში პირველი ქულები დაკარგა. გუარდიოლას გუნდმა ვალენსიაში ადგილობრივი კლუბის წინააღმდეგ ითამაშა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. შეხვედრაში პირველი გოლი მესის ზუსტი დარტყმით გავიდა, თუმცა მასპინძლებმა ტაიმის ბოლოს მოწინააღმდეგის კარში ორი გოლის გატანა შეძლეს. მატჩის საბოლოო ანგარიში ტიერი ანრიმ 86-ე წუთზე დააფიქსირა.
წაკითხვა
ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამოქვეყნებულია: 2009-04-27 13:27:16
სპორტის სასახლეში გამართულ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპირველობის ბოლო დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის პრიზიორი გახდა. ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა ფინალური ორთაბრძოლა ბელორუს ძიუდოისტთან იპონით დათმო. თბილისში პირველად ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ ნესტორ ხერგიანი და 81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლევან წიკლაური. საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპირველობაზე ვერც ერთი მედლის მოპოვება ვერ მოახერხა.
წაკითხვა
ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2009-04-26 16:36:43
ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის მესამე დღეს უძლიერესი სპორტსმენები მამაკაცთა და ქალთა შორის ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. სპორტის სასახლის ტატამზე ოქროს მედლისათვის 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი იჭიდავებს. გადამწყვეტ ორთაბრძოლას ქართველი ძიუდოისტი ბელორუსი ანდრეი კაზუსიონაკის წინააღმდეგ გამართავს. ქალთა შორის ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ირინა ლეონიძე იასპარეზებს. მედლის გარეშე დარჩა ორი ქართველი ძიუდოისტი. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველივე შეხვედრა ლომერ ჟორჟოლიანმა დათმო. მძიმე წონაში კი ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში ადამ ოქრუაშვილი დამარცხდა. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ორთაბრძოლები 17:00 საათზე დაიწყება, რომელსაც პირველი არხი მაყურებელს პირდაპირ ეთერში შესთავაზებს.
წაკითხვა
სპორტის სასახლეში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2009-04-25 16:56:49
ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის მეორე დღეს, უძლიერესი სპორტსმენები მამაკაცთა და ქალთა შორის ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან წიკლაური ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლას ფრანგი აქსელ კლერკის წინააღმდეგ გამართავს. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველივე შეხვედრაში დამარცხდა თენგიზ პაპოშვილი. თბილისის სპორტის სასახლეში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის ბრძოლა 17:00 საათზე განახლდება. ფინალურ შეხვედრებს პირველი არხი მაყურებელს პირდაპირ ეთერში შესთავაზებს.
წაკითხვა
სპორტის სასახლეში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2009-04-24 19:12:24
თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მედლებისთვის მებრძოლი სპორტსმენების ვინაობა გაირკვა. უძლიერესი ძიუდოისტები მამაკაცთა ორ და ქალთა სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. ფინალური ორთაბრძოლის დაწყებამდე, გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ასპარეზობის პირველ დღეს ნესტორ ხერგიანი მესამე ადგილისთვის გადამწყვეტ შეხვედარას ჰოლანდიელი სპორტსმენის წინააღმდეგ ჩაატარებს. ნესტორ ხერგიანი ნახევარ–ფინალში ქართველ სპორტსმენ გიორგი ზანთარიასთან დამარცხდა, რომელიც ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის სახელით ასპარეზობდა.
წაკითხვა
ნიკა რურუამ სპორტის სასახლე დაათვალიერა
გამოქვეყნებულია: 2009-04-23 17:50:44
ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი თბილისის სპორტის სასახლე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ დაათვალიერა. სპორტის სასახლეში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამი ტატამი დაიგო. ევროპის პირველობაზე ძიუდოში 40 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. ჩემპიონატზე 50-ზე მეტი უცხოელი ჟურნალისტია აკრედიტებული. ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის საზეიმო გახსნის ცერემონია სპორტის სასახლეში ხვალ გაიმართება. კონტინენტის უძლიერესი სპორტსმენები თბილისში 24-26 აპრილს გამოვლინდებიან.
წაკითხვა
თბილისი ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
გამოქვეყნებულია: 2009-04-21 17:55:14
თბილისი ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ტურნირისთვის სპორტის სასახლეში ბოლო ერთი თვის განმავლობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ჩემპიონატისთვის მზადებას საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები აკვირდებიან. საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სპორტის სასახლეში 80- სანტიმეტრიანი სიმაღლის სცენაზე სამი ტატამი დამონტაჟდა. ჩემპიონატში მონაწილეობას ევროპის 38 ქვეყანა მიიღებს. კონტინენტის პირველობაზე 50–მდე უცხოელი ჟურნალისტია აკრედიტებული. ასპარეზობა 24–დან 26 აპრილის ჩათვლით თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება. დღიური აბონიმენტის ფასი 10 ლარი იქნება. ჩემპიონატის ფინალური ორთაბრძოლების პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
ლივერპულის "ევერტონმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა
გამოქვეყნებულია: 2009-04-20 13:20:58
ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ლივერპულის "ევერტონი" და ლონდონის "ჩელსი" ითამაშებენ. გადამწყვეტ შეხვედრაში ასპარეზობის უფლება "ევერტონმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხებით მოიპოვა. უემბლის სტადიონზე გამართული ნახევარფინალური დაპირისპირება "მანჩესტერსა" და "ევერტონს" შორის გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. თერთმეტმეტრიანების სერია უფრო ზუსტად "ევერტონის" ფეხბურთელებმა შეასრულეს და ფერგიუსონის გუნდს 4:2 სძლიეს. ლივერპულური გუნდი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში 1995 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს. "ევერტონისა" და "ჩელსის" საფეხბურთო დაპირისპირება 30 მაისს შედგება.
წაკითხვა
ევროპის ჩემპიონატზე კარატეში ორმა ქართველმა სპორტსმენმა გაიმარჯვა
გამოქვეყნებულია: 2009-04-15 11:15:09
ჰააგაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე აიშიხარა კარატე დოში, ორ წონით კატეგორიაში, ქართველმა სპორტსმენებმა ოქროს მედლები მოიპოვეს. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი დავით ქირიამ მოიპოვა, 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონი ლადო თოლორაია გახდა. ქართველი სპორტსმენები ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატისათვის ემზადებიან, რომელიც 30 მაისს ჰოლანდიის ქალაქ ასენში გაიმართება.
წაკითხვა
რუმინეთის რაგბის კავშირის კომიტეტმა ჩხუბში მონაწილე სპორტსმენები დასაჯა
გამოქვეყნებულია: 2009-04-14 13:42:32
რუმინეთის სარაგბო ჩემპიონატში ბუქარესტის "დინამოსა" და კონსტანცას "ფარულს" შორის მოხდარი ინციდენტი ადგილობრივმა რაგბის კავშირის კომიტეტმა განიხილა და ჩხუბში მონაწილე სპორტსმენები დასაჯა. კონსტანცას კლუბში ხუთი ქართველი სპორტსმენი ირიცხება. შემთხვევის შედეგად კი სამი ქართველი მორაგბე დაშავდა. რუმინეთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა რუმინელ მორაგბეებთან ერთად ქართველი სპორტსმენებიც დასაჯა. ბიძინა სამხარაძეს 10- მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 1000 რუმინული ლეი დააკისრეს. შვიდ თამაშს გამოტოვებს და 600 ლეის გადახდა მოუწევს გიორგი ხოსიტაშვილსაც. სადისციპლინო კომისიამ "ფარულის" პრეზიდენტიც დასაჯა. დისკვალიფიცირებულია ბუქარესტის "დინამოს" 7 მორაგბე.
წაკითხვა
რუმინეთის სარაგბო ჩემპიონატის მატჩი ჩხუბის გამო ჩაიშალა
გამოქვეყნებულია: 2009-04-13 18:01:54
რუმინეთის სარაგბო ჩემპიონატის მატჩი ბუქარესტის "დინამოსა" და კონსტანცას "ფარულს" შორის ჩხუბის გამო ჩაიშალა. ქალაქ კონსტანცას კლუბში ხუთი ქართველი მორაგბე ირიცხება. შემთხვევის შედეგად გიორგი ხოსიტაშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი და კახაბერ უჩავა დაშავდნენ. რუმინელთა მხრიდან ინციდენტის მთავარი სამიზნეები ქართველი მორაგბეები იყვნენ. რუმინული პრესის ინფორმაციით, ბუქარესტის "დინამოს" მორაგბეებს სათადარიგო მოთამაშეებიც ქართველთა წინააღმდეგ განაწყობდნენ. ჩაშლილი მატჩის შესახებ რუმინეთის რაგბის კავშირში დღეს იმსჯელებენ. ინციდენტში მონაწილე მორაგბეები, სავარაუდოდ, მკაცრად დაისჯებიან. საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რუმინეთის გუნდი 14 მარტს თბილისში 28:23 დაამარცხა და ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელი გახდა.
წაკითხვა
ფეხბურთის გულშემატკივრები ნოდარ ახალკაცის გადადგომას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2009-04-08 18:48:53
მოძრაობა "ჩვენი ფეხბურთი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ფეხბურთის ფედერაციასთან მოძრაობის აქტივისტებმა და ფეხბურთის გულშემატკივრებმა აქცია გამართეს. ქართულ ფეხბურთში შექმნილ მძიმე ვითარებას ისინი ფედერაციას და მის ხელმძღვანელ ნოდარ ახალკაცს უკავშირებენ. ფედერაციის ხელმძღვანელი ნოდარ ახალკაცი მომიტინგეებს არ შეხვედრია, რადგან იგი თბილისში არ იმყოფება. აქციის მონაწილეებს ფედერაციის აღმასრულებელი მდივანი რევაზ არველაძე შეხვდა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 30 აპრილამდე ფეხბურთის ფედერაციიდან იქნება პასუხი, გაიმართება თუ არა ვადამდელი არჩევნები. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ფედერაციიდან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, აქციები გაგრძელდება.
წაკითხვა
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2009-04-07 13:47:00
ევროპის ორ ქალაქში უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართება. ესპანური "ვილიარელი" გასულ სეზონზე განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას ლონდონის "არსენალთან" შეეცდება. ბრიტანული კლუბის წინააღმდეგ კასორლა ვერ ითამაშებს. ესპანელი ფეხბურთელი "ალმერიასთან" შეხვედრაში დაშავდა. არსენ ვენგერის გუნდს 2 წამყვანი ფეხბურთელი დაუბრუნდა. ფაბრეგასი და ემანუელ ადებაირო დღეს ელ მადრიგალზე საკუთარ კლუბს წარმატების მიღწევაში დაეხმარებიან. ძირითად შემადგენლობაში უოლკოტიც ითამაშებს. საინტერესო შეხვედრა გაიმართება ოლდ ტრაფორდზე. "მანჩესტერ იუნაიტედის" მეტოქე პორტუ იქნება. დღევანდელ შეხვედრას ტრავმის გამო დიმიტრი ბერბატოვი გამოტოვებს. მეოთხედფინალური შეხვედრები თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
წაკითხვა
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" შორის მემორანდუმი გაფორმდა
გამოქვეყნებულია: 2009-04-07 13:39:09
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" შორის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების საზეიმო ცერემონიალი მცხეთაში გაიმართა, რომელსაც ქართველ მოჭადრაკეებთან ერთად აზერბაიჯანის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მემორანდუმის თანახმად, ფედერაციის ახალი გენერალური სპონსორი "სოკარ ენერჯი ჯორჯია" ქართველ მოჭადრაკეებს საერთაშორისო ტურნირებზე დააფინანსებს.
წაკითხვა
ქართველი მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატიდან მედლებით დაბრუნდნენ
გამოქვეყნებულია: 2009-04-04 17:27:40
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. ვილნიუსში გამართულ ევროპის პირველობაზე საუკეთესო შედეგი ბესიკ გოჩაშვილს ჰქონდა, მესამე ადგილზე კი მალხაზ ქურდიანი და მალხაზ მუზიაშვილი გავიდნენ. დღეს ლიტვის დედაქალაქში უძლიერესი სპორტსმენები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. 66 კგ წონით კატეგორიაში მანუჩარ ცხადაია მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. გადამწყვეტ შეხვედრებს პირველი არხი 19 საათზე შემოგთავაზებთ.
წაკითხვა