საზოგადოებრივი
104.5 FM
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მორიგი შეხვედრა გამართა
გამოქვეყნებულია: 2009-04-02 13:26:51
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგი შეხვდრა გამართა. ექტორ რაულ კუპერის გუნდი ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე მონტენეგროს საფეხბურთო ნაკრებს დაუპირისპირდა და გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო. მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული 7 მატჩიდან 3 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. შესარჩევი ეტაპის მე-8 ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. ბულგარეთმა კვიპროსს 2-0 სძლია. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა იტალიამ კი ირლანდიას უმასპინძლა და ფრედ 1-1 ითამაშა. ექტორ რაულ კუპერის გუნდი მორიგ ოფიციალურ შეხვედრას იტალიის ნაკრების წინააღმდეგ 5 სექტემბერს გამართავს.
წაკითხვა
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს
გამოქვეყნებულია: 2009-04-01 14:26:07
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მედლებისათვის ბრძოლას აგრძელებს. ზაზა თურმანიძის გუნდი დღეს საერთაშორისო შეჯიბრზე დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად მალზახ ქურდიანი, გელა საღირაშვილი და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა კურტანიძე იბრძოლებენ. ლიტვიდან ფინალური ორთაბრძოლების პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი მაყურებელს 19:00 საათიდან შესთავაზებს.
წაკითხვა
საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მერვე ჯგუფის შეხვედრები გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2009-04-01 14:22:23
მსოფლიოს 2010 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მერვე ჯგუფში დღეს ორი შეხვედრა გაიმართება. ბულგარეთი კვიპროსს უმასპინძლებს. საინტერესო მატჩი გაიმართება იტალიაში. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საკუთარ მოედანზე ირლანდიას დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრაში სპეციალისტები ფავორიტად მარჩელო ლიპის გუნდს ასახელებენ. ტრავმის გამო დღევანდელ შეხვედრაში იტალიელი ანტონიო დინატალე ვერ ითამაშებს. ჯოვანი ტრაპატაონის ნაკრებს კი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დემიენ დაფი დააკლდება. იტალიელები 13 ქულით შესარჩევი ეტაპის მერვე ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფებიან. ირლანდია კი 11 ქულით მეორე პოზიციაზეა.
წაკითხვა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მონტენეგროს გუნდს დაუპირისპირდება
გამოქვეყნებულია: 2009-04-01 14:16:27
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მორიგ ოფიციალურ შეხვედრას მონტენეგროს წინააღმდეგ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართავს. ზორან ფილიპოვიჩის გუნდს დღევანდელ შეხვედრაში სამი ფეხბურთელი დააკლდება. საქართველოს ერონული ნაკრების წინააღმდეგ ტრავმის გამო, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მარკო ვუჩინიჩი ვერ ითამაშებს.მონტენეგრომ ბოლო მატჩი საკუთარ მოედანზე იტალიასთან 0:2 წააგო და ორი ქულით ჯგუფში მეხუთე ადგილზეა. წლის პირველ საშინაო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმებისა და გაფრთხილებების გამო გამოტოვებს. საქართველოსა და მონტენეგროს საფეხბურთო დაპირისპირება ეროვნულ სტადიონზე დღეს 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელს პირველი არხი შესთავაზებს.
წაკითხვა
პირველი არხის გუნდმა ბოულინგის ტურნირში გაიმარჯვა
გამოქვეყნებულია: 2009-03-30 11:56:29
პირველი არხის გუნდმა ტელევიზიებს შორის ბოულინგის ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა. ტურნირი წყნეთში მდებარე გასართობ ცენტრ "კოპალას" ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობა ხუთი ტელევიზიის გუნდმა მიიღო. მათ შორის საუკეთესო შედეგი საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, მეორე ადგილი კი ტელეკომპანია "ალანიას" გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულებს ტურნირის თასი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. როგორც შეჯიბრის ორგანიზატორები აცხადებენ, ტურნირი სისტემატურად გაიმართება.
წაკითხვა
იტალიის ნაკრებმა მონტენეგროს სძლია
გამოქვეყნებულია: 2009-03-29 13:43:51
შესარჩევი ეტაპის მე-8 ჯგუფში მონტენეგროსა და იტალიის მატჩი მსოფლიო ჩემპიონთა გამარჯვებით დასრულდა. სტუმრები 11-ე წუთზე პირლოს თერთმეტმეტრიანი დარტყმით დაწინაურდნენ. გაშვებული გოლის შემდეგ მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. იტალიის ნაკრებმა შეხვედრის დასრულებამდე 17 წუთით ადრე პაცინის მეორე გოლით საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა. მონტენეგროსთან გამარჯვებით იტალიის ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე ლიდერობა განიმტკიცა. საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩები 1 აპრილს გაიმართება.
წაკითხვა
საქართველოს ნაკრები კვიპროსის გუნდთან დამარცხდა
გამოქვეყნებულია: 2009-03-29 13:34:48
მსოფლიოს 2010 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართა. ევროპის ზონის მე-8 ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა მორიგი შეხვედრა წააგო. ლარნაკაში გამართული მატჩის 33-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ. შეხვედრის განახლების შემდეგ კვიპროსელებმა ლომაიას კარში მეორე გოლის გატანა მოახერხეს. ქართველთაგან ერთადერთი შედეგიანი დარტყმა მატჩის 71-ე წუთზე ლევან კობიაშვილმა განახორციელა. კვიპროსელთა კარი გუნდის კაპიტანმა ზუსტი თერთმეტმეტრიანი დარტყმით აიღო. შესარჩევ ჯგუფში კუპერის გუნდმა მე-6 მატჩი ჩაატარა და მეოთხედ დამარცხდა. კვიპროსთან წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო ადგილზე ჩამოქვეითდა.
წაკითხვა
საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში რუსთავის ავტოდრომზე ახალი წესებით დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2009-03-28 16:18:59
საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში დღეს რუსთავის ავტოდრომზე ახალი წესებით დაიწყო და ახლაც გრძელდება. წრიულ რბოლაში დღეს მხოლოდ 2 – ჯითი და მონო კლასი მონაწილეობდა. რბოლის შედეგები წელს არა ავტომანქანის ძრავაზე, არამედ მრბოლელზე იქნება დამოკიდებული. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს რბოლაში მონაწილეები გაცილებით მეტნი არიან. 24 მონაწილედან ერთი ქალბატონია.
წაკითხვა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 შეხვედრას გამართავს
გამოქვეყნებულია: 2009-03-28 13:36:13
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 შეხვედრას დღეს გამართავს. ექტორ რაულ კუპერის გუნდი ლარნაკაში კვიპროსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. კვიპროსელთა წინააღმდეგ ტრავმის გამო კახა კალაძე და ლევან ყენია ვერ ითამაშებენ. დღევანდელი მატჩი შესაძლოა ზურაბ მენთეშაშვილმაც გამოტოვოს. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენს ჯგუფში დღეს კიდევ 2 შეხვედრა გაიმართება. ირლანდია ბულგარეთს უმასპინძლებს, ჩერნოგორია კი საკუთარ მოედანზე ჯგუფის ლიდერს იტალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოსა და კვიპროსის ეროვნული გუნდების დაპირისპირების პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი 22 საათზე შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამახანაგური მატჩი გამართა
გამოქვეყნებულია: 2009-03-28 13:25:44
საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა, ახალი მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით, პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ცხადაძის გუნდი კვიპროსის 21-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.
წაკითხვა
ბორჯღალოსნები საქართველოში დაბრუნდნენ
გამოქვეყნებულია: 2009-03-23 16:35:52
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უკრაინიდან საქართველოში გუშინ ღამით დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბორჯღალოსნებს უამრავი გულშემატკივარი დახვდა. ქართველ მორაგბეებს რუსეთის ეროვნული გუნდის დამარცხება ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიულოცეს. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გუშინ ერთა თასის გათამაშების მე-5 მატჩში რუსეთის ნაკრებს 29:21 სძლია. ნეიტრალურ მოედანზე, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში გამართულ შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა 5 ლელოს გატანა მოახერხეს. რუსეთის დამარცხების შემდეგ, ეროვნული გუნდი სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციას იკავებს. ტიმ ლეინის მორაგბეები მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატზე გასასვლელად ბრძოლას მომავალი წლიდან განაახლებენ.
წაკითხვა
ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხეს
გამოქვეყნებულია: 2009-03-22 17:50:32
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა თასის გათამაშებაზე მორიგი შეხვედრა გამართა. ქართველმა ბორჯღალოსნებმა რუსეთის ეროვნული გუნდი 29:21 დაამარცხეს. შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში გაიმართა. მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 4 მატჩიდან 3 მოიგო და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. რუსეთის ნაკრებმა კი დღემდე გამართულ სამივე შეხვედრაში წარმატებით იასპარეზა და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე იმყოფება. ბოლო 15 წლის განმავლობაში რუსეთ–საქართველოს შორის 12 მატჩი გაიმართა და ბორჯღალოსნებმა 10 შეხვედრაში რუსეთის დამარცხება შეძლეს.
წაკითხვა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი შეხვედრას რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს
გამოქვეყნებულია: 2009-03-21 13:30:40
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი ერთა თასის მორიგ შეხვედრას რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ბორჯღალოსნები დღეს ქართველ გულშემატკივრებთან ერთად უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ჩარტერული რეისით გაემგზავრნენ. ერთა თასის მიმდინარე გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა 4 მატჩიდან 3 მოიგო და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. რუსეთის ნაკრებმა კი დღემდე გამართულ სამივე შეხვედრაში წარმატებით იასპარეზა და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე იმყოფება. ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში რუსეთ–საქართველოს შორის 11 მატჩი გაიმართა და ბორჯღალოსნებმა 9 შეხვედრაში რუსეთის დამარცხება შეძლეს. საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება ხვალ თბილისის დროით 16 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას მარიუპოლიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
თბილისის მერიამ ძიუდოს ფედერაციას ახალი სპორტული ცენტრი გადასცა
გამოქვეყნებულია: 2009-03-20 18:04:59
თბილისის მერიამ ძიუდოს ფედერაციას ახალი სპორტული ცენტრი გადასცა. სპორტული ცენტრი მერიის დაფინანსებით გარემონტდა. სარემონტო სამუშაოები რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში შევიდა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დარბაზი. ცენტრში 200 მოჭიდავე ვარჯიშობს და 22 მწვრთნელ-მასწავლებელი ემსახურება. ცენტრის გადაცემის პრეზენტაციას თბილისის მერი გიგი უგულავა და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკა რურუა დაესწრნენ.
წაკითხვა
ევროპის სტადიონებზე უეფას თასის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები ჩატარდა
გამოქვეყნებულია: 2009-03-19 13:33:27
ევროპის სტადიონებზე უეფას თასის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი ორი მატჩი ჩატარდა. ამსტერდამის "აიაქსსა" და მარსელის "ოლიმპიკს" შორის გამართულ შეხვედრაში ჰოლანდიელები ოცდამეცამეტე წუთზე დაწინაურდნენ. ზუსტად ორ წუთში მამადუ ნიანგის ზუსტი დარტყმით ანგარიში გათანაბრდა. მეორე ტაიმში "აიაქსის" ფეხბურთელმა სულეიმანმა მარსელის კარში მეორე გოლი გაიტანა და შეხვედრაში დამატებითი დრო დაინიშნა. მატჩი საბოლოოდ ფრანგული კლუბისთვის სასურველი შედეგით დასრულდა. ასმეცხრე წუთზე ფრანგებმა ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრეს და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს. ორი მატჩის ჯამში მარსელის "ოლიმპიკმა" მეტოქეს 4:3 სძლია. მეოთხედფინალში ითამაშებს ბრემენის "ვერდერიც". უეფას თასის დარჩენილი 6 შეხვედრა დღეს გაიმართება.
წაკითხვა
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2009-03-16 13:03:16
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩები გაიმართა. ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის შემდეგ, "რეალმა" ბილბაოში ადგილობრივი "ატლეტიკი" 5:2 დაამარცხა. "ბარსელონამ" სტუმრად "ალმერიას" 2:0 სძლია. საპრიზო ადგილებზე მყოფ გუნდებს შორის ქულები მხოლოდ "სევილიამ" დაკარგა.
წაკითხვა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ერთა თასის მეოთხე შეხვედრას რუმინეთის წინააღმდეგ მართავს
გამოქვეყნებულია: 2009-03-14 16:20:38
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ერთა თასის მეოთხე შეხვედრას რუმინეთის წინააღმდეგ მართავს. ერთა თასის გათამაშებაზე საქართველოს ნაკრები ორი მოგებისა და ერთი ფრეს შემდეგ მეორე პოზიციას იკავებს. რუმინეთი მესამე ადგილზე იმყოფება. რაგბის კავშირის ინიციატივით, შეხვედრაზე დასწრება უფასოა. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი გთავაზობთ.
წაკითხვა
უეფას ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა
გამოქვეყნებულია: 2009-03-12 13:41:02
უეფას ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოლდ ტრაფორდზე მილანის "ინტერი" 2-0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. საინტერესო შეხვედრა გაიმართა იტალიაშიც. "არსენალმა" ლუჩიანო სპალეტის გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა და 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. "ბარსელონამ" ნოუ-კამპზე "ლიონს" 5-2 სძლია. "პორტუსა" და "ატლეტიკოს" დაპირისპირება ფრედ 0-0 დასრულდა. ორი შეხვედრის ჯამში კი მეოთხედფინალში "პორტუ" გავიდა. ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპის კენჭისყრა 20 მარტს გაიმართება.
წაკითხვა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2009-03-10 13:35:26
ევროპის სტადიონებზე უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის 4 განმეორებითი მატჩი გაიმართება. დიდ ინტერესს იწვევს ინგლისურ-იტალიური კლუბების დაპირისპირება. ტურინის "იუვენტუსი" სტემფორდ ბრიჯზე 1-0 წაგების შემდეგ დღეს საკუთარ მოედანზე ლონდონის "ჩელსის" დამარცხებას შეეცდება. შემადგენლობის მხრივ პრობლემები აქვს კლაუდიო რანიერის გუნდს. ტრავმის გამო დღევანდელ მატჩს მოჰამედ სისოკო და კამორანეზი გამოტოვებენ. საეჭვოა მარკო მარკიონის თამაშიც. ლონდონურ კლუბს კი, სავარაუდოდ, ნიკოლა ანელკა და პაულო ფერეირა ვერ დაეხმარებიან. ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად კიდევ ერთი ინგლისური კლუბი იბრძვის. "ლივერპული" დღეს "რეალს" უმასპინძლებს. ალიანს არენაზე "ბაიერნი" "სპორტინგს" დაუპირისპირდება. "პანათინაიკოსი" კი "ვილიარეალს" ეთამაშება.
წაკითხვა
ჟურნალისტებს შორის გიგანტურ სლალომში შეჯიბრი ჩატარდა
გამოქვეყნებულია: 2009-03-09 14:31:14
ფესტივალ "ნიამორის" ფარგლებში ჟურნალისტებს შორის გიგანტურ სლალომში შეჯიბრი ჩატარდა. ტურნირზე სხვადასხვა ტელევიზიებისა და რადიოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ტრადიციულ შეჯიბრში გამარჯვებულები გოგონებსა და ვაჟებს შორის გამოვლინდნენ. ქალბატონებში პირველობა არავის დაუთმო სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი–2–ის" წარმომადგენელმა ქეთი ებანოიძემ. მამაკაცთა შორის კი მამუკა გოგლიძემ გაიმარჯვა. საპრიზო მესამე ადგილს დასჯერდა პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" სპორტული ბლოკის წამყვანი ნიკოლოზ ბერაძე. გამარჯვებულებს ორგანიზატორებისგან თხილამურები და სიგელები გადაეცათ.
წაკითხვა