საზოგადოებრივი
104.5 FM
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ერთა თასის მეორე მატჩს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს
გამოქვეყნებულია: 2009-02-14 13:50:13
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ერთა თასის მეორე მატჩს პორტუგალიის წინააღმდეგ დღეს გამართავს. ბორჯღალოსნებს ტრავმის გამო დავით ზირაქაშვილი დააკლდებათ. სტუმრები კი საბრძოლო შემადგენლობით ითამაშებენ. საქართველოსა და პორტუგალიის სარაგბო გუნდებს შორის გამართული 12 შეხვედრიდან 8 ქართველების გამარჯვებით დასრულდა. ერთა თასის 2009–10 წლების სეზონში ბორჯღალოსნებმა გერმანიას სტუმრად 38:5 სძლიეს. პორტუგალია კი რუსეთთან 14:18 დამარცხდა. საქართველოსა და პორტუგალიის სარაგბო დაპირისპირებაზე დასასწრები ბილეთის ფასი 2 – 5 ლარს შეადგენს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 16 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
ესპანეთისა და ინგლისის ეროვნული გუნდების ამხანაგური შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2009-02-12 13:45:59
სევილიაში ესპანეთისა და ინგლისის ეროვნული გუნდების ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. ფაბიო კაპელოს გუნდმა საკუთარ კარში ორი უპასუხო გოლი გაუშვა. შეხვედრაში ანგარიში 36-ე წუთზე დევიდ ვილამ გახსნა. ანგარიშის სხვაობა ორამდე მატჩის მეორე ტაიმში ფერნანდო ლორენტემ თავური დარტყმით გაზარდა. ინგლისის ნაკრებმა ესპანელებს ბოლოს 2001 წელს სძლია. მაშინ ბრიტანელებმა ესპანეთს 3:0 მოუგეს.
წაკითხვა
ირლანდიის ნაკრებმა საქართველოს ნაკრები დაამარცხა
გამოქვეყნებულია: 2009-02-12 13:42:38
ირლანდიის ნაკრებმა საქართველოს ნაკრები ისევ დაამარცხა. ჰექტორ რაულ კუპერის გუნდი 70 წუთის განმავლობაში ალექსანდრე იაშვილის გოლით თამაშს იგებდა, თუმცა არბიტრის გაუგებარი გადაწყვეტილების შემდეგ ირლანდიელებს შრომა დაუფასდათ. მატჩი ანგარიშით – 2:1 დასრულდა. გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ტრაპატონის გაწვრთნილი გუნდი ქულებით მერვე ჯგუფის ლიდერს, იტალიის ნაკრებს გაუთანაბრდა. ქართველ ფეხბურთელებს კი პრესტიჟისთვის ბრძოლა დარჩენიათ.
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ირლანდიის გუნდს დაუპირისპირდება
გამოქვეყნებულია: 2009-02-11 14:02:07
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს დუბლინში საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მე-5 მატჩს ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. ექტორ რაულ კუპერის გუნდს ტრავმების გამო ლევან ყენია, ლევან მჭედლიძე და ლაშა სალუქვაძე ვერ დაეხმარებიან. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ირლანდია 7 ქულით მეორე ადგილზეა. საქართველოს ნაკრები კი 2 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს. ირლანდიისა და საქართველოს საფეხბურთო გუნდები საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს მეოთხედ დაუპირისპირდებიან. ბოლო მატჩი, რომელიც თბილისის ნაცვლად გერმანიის ქალაქ მაინცში გაიმართა ჯოვანი ტრაპატონის გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. დუბლინის "კროუკ პარკზე" დღეს შეხვედრა თბილისის დროით 23:40 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელს პირველი არხი შესთავაზებს.
წაკითხვა
ლუიშ ფილიპე სკოლარი "ჩელსის" მწვრთნელი აღარ არის
გამოქვეყნებულია: 2009-02-10 14:13:55
ლუიშ ფილიპე სკოლარი "ჩელსის" მწვრთნელი აღარ არის. ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება გუნდის ბოლო დროს ნაჩვენები შედეგების შემდეგ გადაწყვიტა. "ჩელსიმ" პრემიერლიგის ბოლო ტურში საკუთარ ”სტემფორდ ბრიჯზე” "ჰალი" ვერ დაამარცხა, რასაც გულშემატკივართა დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. მიმომხილველების ცნობით, ბრაზილიელი სპეციალისტის შემცვლელად ავრაამ გრანტის, გუს ჰიდინკისა და ჯანფრანკო ძოლას კანდიდატურები განიხილება. ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე არისტოკრატებს სკოლარის თანაშემწე რეი უილკინსონი უხელმძღვანელებს. ლუიშ ფელიპე სკოლარი ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელად 2008 წლის ივნისში დაინიშნა.
წაკითხვა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ერთა თასის გათამაშებაზე პირველ შეხვედრას გამართავს
გამოქვეყნებულია: 2009-02-07 13:58:43
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს ერთა თასის გათამაშებაზე პირველ შეხვედრას გამართავს. ტიმ ლეინის გუნდი ჰაიდელბერგში გერმანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. დღევანდელ მატჩს ტრავმის გამო სიმონ მაისურაძე გამოტოვებს. მის ნაცვლად კი ეროვნულ გუნდში გიორგი შკინინი ითამაშებს. ერთა თასის გათამაშება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირიცაა, რომელიც 2011 წელს ახალ ზელანდიაში გაიმართება. საქართველოსა და გერმანიის ნაკრები გუნდების დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.
წაკითხვა
ესპანეთის სამეფო თასზე პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2009-02-06 14:04:37
ესპანეთის სამეფო თასზე "ბარსელონასა" და "მალიორკას" შორის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა. ნოუ კამპის სტადიონზე მატჩი კატალონიური კლუბის უპირატესობით წარიმართა და გუარდიოლას გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გთავაზობთ ვიდეომასალას.
წაკითხვა
მორიგი მატჩები გაიმართა ინგლისის ასოციაციის თასის გათამაშებაზე
გამოქვეყნებულია: 2009-02-05 14:03:54
მორიგი მატჩები გაიმართა ინგლისის ასოციაციის თასის გათამაშებაზე. ჩემპიონატის მეოთხე ეტაპზე "ევერტონმა" საკუთარ მოედანზე "ლივერპულს" უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. 90 წუთის განმავლობაში გოლის გატანის რეალური შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა შეხვედრაში ერთადერთი გოლი დამატებით დროში "ევერტონის" 19 წლის ნახევარმცველმა დან გოსლენგმა გაიტანა. "ევერტონი" მომდევნო შეხვედრას "ასტონ ვილას" წინააღმდეგ გამართავს.
წაკითხვა
ესპანეთში სამეფო თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2009-02-05 14:01:02
ესპანეთში სამეფო თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა. რამონ სანჩეს პისხუანზე "სევილია" ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდა და მეტოქე 2-1 დაამარცხა. მატჩის 43-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. "ატლეტიკის" კარში პირველი გოლი თავური დარტყმით ფერნანდო ლორენტემ გაიტანა. შეხვედრის მეორე ნახევარში "სევილიის" ფეხბურთელებმა ანაგარიში გაათანაბრეს. სტუმართა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ალდო დუშერმა ისარგებლა და 1-1 გახდა. მატჩის გადამწყვეტი გოლი შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე აკოსტამ გაიტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. "სევილიასა" და "ატლეტიკის" განმეორებითი მატჩი 4 მარტს გაიმართება. თასის მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს "ბარსელონა" და "მალიორკა" დაუპირისპირდებიან.
წაკითხვა
რუსთავის ავტოდრომზე ავტოკინო იფუნქციონირებს
გამოქვეყნებულია: 2009-02-01 13:15:33
რუსთავის ეროვნულ ავტოდრომზე დღეიდან ავტოკინო იფუნქციონირებს. კინოსა და რალის მოყვარულებს ავტოდრომზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე, ახალი ფილმების ნახვის საშუალება ექნებათ. ფილმის ჩვენების პარალელეურად, გამოცდილი მრბოლელები სხვადასხვა საჩვენებელ ტრიუკებს გამართავენ. მაყურებლეთათვის სპეციალურად გამოყოფილ ავტოსადგომზე ერთი მანქანის შესვლის ღირებულება 10 ლარი იქნება. მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად განხორციელდა, რომლის იდეის ავტორი საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციაა. ავტოკინო რუსთავის ეროვნულ ავტოდრომზე დღეს 21:00 საათზე საზეიმოდ გაიხსნება, სადაც ფილმ "ტოკიო დრიფტის" ჩვენება გაიმართება.
წაკითხვა
თბილისის ძიუდოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
გამოქვეყნებულია: 2009-01-31 15:07:30
თბილისის ძიუდოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. დღეს ძიუდოს აკადემიაში გამართულ ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტად, 4 წლის ვადით, ისანი–სამგორის რაიონის გამგებელი თემურ გრიგალაშვილი აირჩიეს. დღესვე გახდა ცნობილი სამი ვიცე–პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის ვინაობა. ფედერაციის ახალი პრეზიდენტის განცხადებით, მისი მთავარი პრიორიტეტი თბილისში რაც შეიძლება ბევრი ძიუდოს დარბაზის გახსნა იქნება. ევროპის ჩემპიონატს ძიუდოში თბილისი აპრილში უმასპინძლებს.
წაკითხვა
ქართულ სატელევიზიო სივრცეში პირველად, საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია შედგება
გამოქვეყნებულია: 2009-01-30 17:50:41
ქართულ სატელევიზიო სივრცეში პირველად, საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია შედგება. პირველ თებერვალს ტელეკომპანია "მზე" ფეხბურთის გულშემატკივარს საფრანგეთის ჩემპიონატის ორ შეხვედრას პირდაპირ ეთერში შესთავაზებს. პროექტის ავტორი ”ლაშა დვალიშვილის სტუდიაა”, რომელიც მომავალი კვირიდან პირდაპირ რეპორტაჟებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატის საფეხბურთო მიმოხილვებსაც მოამზადებს.
წაკითხვა
ესპანეთის სამეფო თასზე განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2009-01-30 13:43:03
ესპანეთის სამეფო თასზე განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. ქვეყნის საფეხბურთო თასისთვის ბრძოლას "მალიორკა", ბილბაოს "ატლეტიკი", "სევილია" და "ბარსელონა" განაგრძობენ.
წაკითხვა
ძიუდოისტთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ქართველმა სპორტსმენებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს
გამოქვეყნებულია: 2009-01-26 13:39:06
ძიუდოისტთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ქართველმა სპორტსმენებმა სამი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საუკეთესო ძიუდოისტები ამირან პაპინაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და ადამ ოქრუაშვილი გახდნენ. თბილისის მსოფლიო თასზე გამარჯვებულ სპორტსმენებს ეროვნულ გუნდში მოხვედრის რეალური შანსი მიეცათ. ორდღიან საერთაშორისო ტურნირს ძიუდოს ევროპის ფედერაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც შეჯიბრის საორგანიზაციო მხარე შეაფასეს. 24-26 აპრილს თბილისის სპორტის სასახლე ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
წაკითხვა
სპორტის სასახლეში ძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2009-01-25 16:22:25
თბილისში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო თასზე დღეს უძლიერესი სპორტსმენები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად ლევან წიკლაური იაპონელ სპორტსმენს შეხვდება. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ჩემპიონობისათვის ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი და ბელორუსი სპორტსმენი იბრძოლებენ. წარუმატებლად იასპარეზა ოთხივე ქართველმა ძიუდოისტმა 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ქართული ფინალი გაიმართება მძიმე წონაში, სადაც ლაშა გუჯეჯიანი ადამ ოქრუაშვილს დაუპირისპირდება. მსოფლიო თასის გადამწყვეტ შეხვედრებს თბილისის სპორტის სასახლიდან მაყურებელს "პირველი არხი" პირდაპირ ეთერში 17:00 საათიდან შესთავაზებს.
წაკითხვა
ძიუდოისტთა მსოფლიო თასზე დღეს უძლიერესი სპორტსმენები სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან
გამოქვეყნებულია: 2009-01-24 17:34:19
თბილისში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო თასზე დღეს უძლიერესი სპორტსმენები სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. მსუბუქი წონითი კატეგორიის ფინალში ქართველი სპორტსმენები იასპარეზებენ. გადამწყვეტი ორთაბრძოლა ამირან პაპიაშვილსა და ლევან ჩუბინიძეს შორის შედგება. 66 კგ-ში ჩემპიონობისთვის ნესტორ ხერგიანი და რუსი სპორტსმენი იბრძოლებენ. ზაზა კედელაშვილი კი ფინალურ შეხვედრას უკრაინელ ვლადიმერ სოროკას წინააღმდეგ გამართავს. ძიუდოისტთა მსოფლიო თასის ფინალური ორთაბრძოლები სპორტის სასახლეში 17 საათზე დაიწყება, რომელსაც პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
აგვისტოს მოვლენების შემდეგ თბილისში პირველად ჩამოვიდნენ რუსი სპორტსმენები
გამოქვეყნებულია: 2009-01-23 13:12:21
აგვისტოს მოვლენების შემდეგ თბილისში პირველად ჩამოვიდნენ რუსი სპორტსმენები. რუსი ძიუდოისტები 24-25 იანვარს მონაწილეობას თბილისის მსოფლიო თასის გათამაშებაში მიიღებენ. წელს რუსეთის სახელით ტატამზე ორი ქართველი იური ომაძე და რობერტ მშვიდობაძე იჭიდავებს. რუსეთის გარდა, ტურნირში 19 ქვეყნის უძლიერესი ნაკრები მონაწილეობს. მსოფლიოს თასის გათამაშებას შაბათ–კვირას თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს, გადამწყვეტი შეხვედრების პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
ევროპის თასის გათამაშების მორიგი შეხვედრები გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2009-01-22 13:21:40
ევროპის წამყვან საფეხბურთო ლიგებში თასის გათამაშების მორიგი შეხვედრები გაიმართა. "ტოტენჰემ ჰოთსპურმა" ინგლისის ლიგის თასის ფინალში გასვლის უფლება მოიპოვა. ესპანეთის სამეფო თასზე კი "ვალენსიასა" და "სევილიას" დაპირისპირება მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.
წაკითხვა
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის ლიგის თასის ფინალში ითამაშებს
გამოქვეყნებულია: 2009-01-21 13:19:58
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის ლიგის თასის ფინალში ითამაშებს. ფერგიუსონის გუნდმა ნახევარფინალში ლიგის ჩემპიონს "დერბი ქაუნთის" 4:2 მოუგო. შეხვედრის პირველი ტაიმი "მანჩესტერის" სრული უპირატესობით წარიმართა. საწყის 45 წუთში გოლები ნანიმ, ოშიმ და ტევესმა გაიტანეს. მე-80 წუთზე "დერბიმ" ერთი ბურთი ზუსტი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაქვითა. შეხვედრის ბოლოს "დერბის" კარში გოლი კრიშტიანუ რონალდომაც გაიტანა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი ბარნესმა დააფიქსირა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ორი შეხვედრის ჯამში მეტოქეს 4:3 სძლია. ლიგის თასის ფინალურ ორთაბრძოლაში ფერგიუსონის გუნდი "ტოტენჰემისა" და "ბარნლის" საფეხბურთო კლუბებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
წაკითხვა
უძლიერესი ფალავნები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ
გამოქვეყნებულია: 2009-01-21 13:10:50
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატზე ასპარეზობის პირველ დღეს ორთაბრძოლები ფავორიტი სპორტსმენების გარეშე ჩატარდა. უძლიერესი ფალავნები გუშინ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
წაკითხვა