საზოგადოებრივი
104.5 FM
ტორპედოელი გრიგოლ დოლიძე რეკორდს უახლოვდება - 35 წლის ფეხბურთელი თასის ფინალში მეშვიდედ გავიდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 01:37:00
ქუთაისის „ტორპედომ” საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში თბილისის „დინამო” პენალტების სერიაში დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც საჩხერეს „ჩიხურას” შეხვდება.ქუთაისელები თავისი არსებობის ისტორიაში ფინალში მერვედ გავიდნენ, ხოლო “ტორპედოს” ფლანგის შემტევი გრიგოლ დოლიძე – მეშვიდედ და თუ საჩხერლებთან ითამაშებს, ამ გათამაშების ინდივიდუალური რეკორდს გაიმეორებს. აქამდე 7-ჯერ ფინალში მხოლოდ “დინამოს” მეკარე ირაკლი ზოიძემ და თენგო ჩიკვილაძემ ითამაშეს. ამ უკანასკნელმა ეს “ამერის”, ბოლნისის “სიონისა” და ქუთაისის “ტორპედოს” შემადგენლობებში გამოსვლის დროს მოახერხა.„მიხარია, თასის ფინალში გასვლის რაოდენობით ერთ-ერთი რეკორდსმენი თუ გავხდები. სამი ფინალი “ამერში” ვითამაშე, ორი – ქუთაისის “ტორპედოში”, ერთი - “სამტრედიაში”. ამ ექვსი ფინალიდან სამი მოვიგე, თასი ორჯერ “ამერში” ავწიე, შარშან კი - “ტორპედოში”. პირველად ფინალში გამოსვლა 2006 წელს მომიხდა, როდესაც “ამერმა” “ზესტაფონს” პენალტების სერიით 4:3 მოუგო. კარიერას მალე დავასრულებ და ფეხბურთიდან ტიტულები და მსგავსი სტატისტიკა დამრჩება. მიხარია, ჩემს კარიერაში კი საკმაოდ ბევრი ტუტული მოვიპოვე” – ამბობს პირველ არხთან 35 წლის გრიგოლ დოლიძე.
წაკითხვა
„საბურთალოს“ მწვრთნელი - უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე სერბეთის ჩემპიონთან რთული განმეორებითი შეხვედრა გველის
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 01:12:00
უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის II შესარჩევი ეტაპი „საბურთალომ“ დამაიმედებლად დაიწყო. საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული სტარა-პაზოვაში სერბურ “ბროდარცს” ესტუმრა და შეხვედრა 1:1 დაასრულა.მატჩის შემდეგ თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რევაზ გოცირიძემ კომენტარი გააკეთა.„სტუმრად ფრე მისაღები შედეგია. საერთოდ, სერბები ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევიან და „ბროდარაციც“ ასეთი გუნდი აღმოჩნდა, ხისტ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობდა. პირველი ტაიმი არ იყო ისეთი, როგორიც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი. მეორეში თამაში გამოვასწორეთ და მთლიანად ჩვენი უპირატესობით წარიმართა. მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. თბილისში, 22 ნოემბერს, რთული განმეორებითი შეხვედრა გველის. დღევანდელ მატჩს გავაანალიზებთ და მეტოქეს სასურველ ტაქტიკას დავუპირისპირებთ”, - ამბობს გოცირიძე.
წაკითხვა
გუგა კიბორძალიძე უზბეკურ ჭიდაობა კურაშში მსოფლიო ჩემპიონია
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 23:18:00
ქართველი ძიუდოისტი, ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე -ჩემპიონი გუგა კიბორძალიძე ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ უზბეკურ ჭიდაობა კურაშში მსოფლიო ჩემპიონია. ქართველმა ფალავანმა ოქროს მედალი ყველაზე პრესტიჟულ აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მოიპოვა. 66 კგ-ში მოასპარეზე გიორგი ქალდანი კი ასტანაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია.
წაკითხვა
დევისის თასზე საქართველოს მეტოქე ცნობილია
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 22:33:00
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციაში დევისის თასის 2018 წლის გათამაშების წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე გაირკვა.შეგახსენებთ, რომ საქართველო II ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში თამაშობს და 2018 წელს, პირველი წრის შეხვედრას 3-4 თებერვალს ჩაატარებს მაროკოს წინააღმდეგ. წილისყრის მიხედვით, მასპინძლები აფრიკელები იქნებიან. შესაბამისად, მათ უნდა აარჩიონ კორტის საფარი.თუ საქართველოს ნაკრებმა, რომელიც თავის ჯგუფში მე-8 ნომრად არის განთესილი, მაროკოს დამარცხება მოახერხა, მეორე რაუნდში პირველ ნომრად განთესილ რუმინეთსა და ლუქსემბურგს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ხოლო წაგების შემთხვევაში, II ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად, საქართველო ამავე წყვილში დამარცხებულ გუნდს დაუპირისპირდება.
წაკითხვა
„საბურთალო 2“ უეფა-ს ახალგაზრდული ლიგაზე სერბეთის ჩემპიონს გასვლაზე დაუზავდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 22:07:00
„საბურთალო 2“ უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩში სტარა-პაზოვას „სპორტცენტრში”, სერბეთში 19-წლამდელთა ჩემპიონ “ბროდარაცს” შეხვდა და 1:1 ითამაშა.თბილისელებმა კარგი თამაში ჩაატარეს და პირველივე ტაიმში უფრო მეტი მომენტი შექმნეს, ვიდრე სერბებმა, მაგრამ ანგარიში “ბროდარაცმა” 21-ე წუთზე გახსნა – “საბურთალოს” კარი სრჟან კოჩიჩმა აიღო 1:0.მეორე ტაიმში თბილისელებმა კიდევ უფრო აქტიურად შეუტიეს და საბოლოოდ მიზანსაც მიაღწიეს. რევაზ გოცირიძის გუნდის სახიფათო შეტევა ბექა ნიკოლაშვილმა გოლით დაასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა 1:1.სერბულ კლუბთან გასვლაზე ფრე “საბურთალო 2”-ის შანსია, პლეი-ოფში გასასვლელად რომ იბრძოლოს. განმეორებითი შეხვედრა თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 22 ნოემბერს გაიმართება.საინტერესოა, რომ "საბურთალო 2”-მა მიმდინარე გათამაშებაში მესამე შეხვედრა ჩაატარა და ერთიც არ წაუგია. პირველ შესარჩევ ეტაპზე თბილისელებმა თურქული “ბურსასპორი” გასვლაზე 1:0 დაამარცხეს, შინ კი 1:1 დაასრულეს.
წაკითხვა
ფიბა ევროპის თასზე „დინამომ“ კიდევ ერთი მატჩი წააგო
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 22:03:00
კალათბურთში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ფიბა ევროპის თასის გათამაშების მორიგ შეხვედრაში დამარცხდა. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა ამჯერად თურქულ “ისტანბულთან” გასვლითი მატჩი დიდი ანგარიშით 52:72 წააგო.თბილისის „დინამოს” შემადგენლობაში საუკეთესო ლევან ფაცაცია იყო, რომელმაც გუნდს 12 ქულა, ორი მოხსნა და პასი შესძინა. ფაცაციას გარდა, 10 ქულიან ზღვარს ვერც ერთი „დინამოს” კალათბურთელი ვერ გადასცდა. „დინამო“ ფიბა ევროპის თასის გათამაშების E ჯგუფში სამი ტურის შემდეგ ბოლო მეოთხე ადგილზეა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს თბილისში ბულგარეთის “ლუკოილ აკადემიკთან” ჩაატარებს.
წაკითხვა
ქუთაისის „ტორპედომ“ „დინამო“ დაამარცხა და საქართველოს თასის ფინალში გავიდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 21:55:00
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ორივე ფინალისტი ცნობილია. პირველი ნახევარფინალური შეხვედრა მარტვილის სტადიონზე გაიმართა და ხონის „იმერეთი“ საჩხერის „ჩიხურასთან“ 0:5 დამარცხდა.ფინალში საჩხერელთა მეტოქე ქუთაისის „ტორპედო“ იქნება. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში, რომელიც ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. „ტორპედო“ თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა.შეხვედრის გამარჯვებული ვერც ძირითად 90 წუთში გამოვლინდა და ვერც დამატებით დროში. დაინიშნა პენალტების სერია. ქუთაისელთა მეკარე როინ კვასხვაძემ დავით კობოურის ბოლო დარტყმა მოიგერია, ხოლო ტორპედოელთა მცველმა ვაჟა ტაბატაძემ პენალტი გამოიყენა, მასპინძლებმა 5:4 მოიგეს და ფინალში გავიდნენ.
წაკითხვა
„სიტი“ გვარდიოლას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 21:52:00
პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ინგლისის ჩემპიონატის ლიდერი „მანჩესტერ სიტი“ კონტრაქტს გააგრძელებს მთავარ მწვრთნელთან ხოსეპ გვარდიოლასთან. ესპანელ სპეციალისტთან მოქმედი ხელშეკრულება 2018-19 წლების სეზონის ბოლომდეა ძალაში.როგორც Goal იტყობინება, ამ სეზონის დასრულების შემდეგ, კონტრაქტი სამი წლით გახანგრძლივდება."სიტის" ხელმძღვანელობა კმაყოფილია გვარდიოლას მუშაობით, რომელიც ინგლისში მეორე სეზონს ატარებს. ოქტომბერში გუნდმა პრემიერლიგაში ხუთიდან ხუთი მატჩი მოიგო და ხუთი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ იუნაიტედს". გარდა ამისა, გვარდიოლას გუნდს სამიდან სამი მოგება აქვს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
წაკითხვა
სკანდალი ოლიმპიურ სამყაროში - რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის მედლები ჩამოართვეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 20:54:00
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიამ, დენის ოსვალდის ხელმძღვანელობით, რუს მოთხილამურეებზე პირველი ვერდიქტი გამოიტანა, რომელიც სერიოზულად აზარალებს რუსეთის ნაკრების შედეგებს 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე. კერძოდ, თხილამურებით მორბენლები - ალექსანდრ ლეგკოვი და ევგენი ბელოვი დამნაშავედ ცნეს ანტისადოპინგო წესების დარღვევაში და მათ მიმართ მკაცრი სანქციები გამოიტანეს. გაუქმდა ლეგკოვისა და ბელოვის შედეგები 2014 წლის ოლიმპიადაზე. განსაკუთრებით ლეგკოვი დაზარალდა, რადგან მას ოქრო ჰქონდა მოპოვებული 50 კილომეტრზე რბენაში და ვერცხლი - 4x10 კილომეტრზე ესტაფეტაში. ეს შედეგები გაუქმებულია და სპორტსმენს ორივე მედლის დაბრუნება მოუწევს. ასევე, უნდა დააბრუნონ ვერცხლის მედლები ესტაფეტაში მონაწილე სხვა მოთხილამურეებმა. ჯერჯერობით არ არის მიღებული გადაწყვეტილება, გადაეცემათ თუ არა ეს მედლები სხვა მორბენლებს. ამას ემატება ისიც, რომ ლეგკოვსა და ბელოვს სამუდამო დისკვალიფიკაცია გამოუწერეს და ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ 2018 წლის ზამთრის თამაშებში.
წაკითხვა
რაფაელ ნადალი 2017 წელს პირველი ჩოგანს რანგში დაასრულებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 20:18:00
ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი 2017 წლის ბოლომდე შეინარჩუნებს მსოფლიოს პირველი ჩოგანის სტატუსს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ნადალმა პარიზის „მასტერსის“ სასტარტო შეხვედრაში სამხრეთკორეელი ჰიეონ ჩუნგი დაამარცხა და ახლა მიუღწეველია რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი როჯერ ფედერერისთვის. ესპანელისა და კორეელის შეხვედრა საათსა და 48 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში აზიელმა გააკეთა პირველი ბრეიკი, მაგრამ შემდეგ ნადალმა შეძლო ზედიზედ ოთხი გეიმის აღება და პარტიის მოგება. მეორე სეტში ჩუნგს თითქმის არ ჰქონია ბრეიკის შანსი, ნადალმა კი ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება - 7:5, 6:3. მერვედფინალში ნადალის მეტოქე ურუგვაელი პაბლო კუევასი იქნება.
წაკითხვა
ქარიმ ბენზემა - იმედი მაქვს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშებ
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 18:55:00
მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა, ქარიმ ბენზემამ აღიარა, რომ ოცნებობს საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნებაზე. როგორც ბენზემამ აღნიშნა, სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატში. ინფორმაციას გაზეთი AS ავრცელებს.„რა თქმა უნდა, ნაკრებში დაბრუნების სურვილი მაქვს. რომელი ფეხბურთელი არ ოცნებობს მსოფლიოს ჩემპიონატში თამაშზე?! იმედი მაქვს, შევძლებ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად რუსეთში თამაშს. კლუბში მაქსიმალურად მონდომებული ვარ. ვნახოთ, როგორი იქნება საბოლოო შედეგი“, - აღნიშნა ბენზემამ.AS-ის ინფორმაციით, ფორვარდი დაახლოებით წელიწადნახევარია მოკვეთილია ნაკრებიდან იმის გამო, რომ სექსუალური ხასიათის ვიდეოთი აშანტაჟებდა ნაკრებში თავის თანაგუნდელს, მატიო ვალბუენას. სწორედ ამის გამო, "რეალის" ფეხბურთელმა გამოტოვა შარშან, საშინაო ევრო 2016.
წაკითხვა
ნოვაკ ჯოკოვიჩი "გოლდენ სტეიტის" თამაშს დაესწრო
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 18:52:00
"ლოს ანჯელეს კლიპერსისა" და "გოლდენ სტეიტის" ორი დღის წინანდელ შეხვედრას მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაესწრო. ამ მომენტისთვის კლასიფიკაციის მეექვსე ნომერმა "უორიორზის" ლიდერთან სტეფ კარისთან გადაიღო ფოტო, მატჩის შემდეგ კი აღფრთოვანება ვერ დამალა ორგზის MVP-ის თამაშით."ძალიან გავერთე ამ მატჩის ხილვით. როცა კარის უცქერ, გეჩვენება, რომ კალათბურთი იოლი თამაშია, არადა, მის წინააღმდეგ მეტოქეები განსაკუთრებული მონდომებით იცავენ თავს. მის მიმართ უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ", - განაცხადა სერბმა.ნოვაკ ჯოკოვიჩმა საჩუქარიც მიიღო - თავისი თანამემამულის მილოშ ტეოდოშიჩის მაისური. "კლიპერსის" მცველი, ამჟამად, ტრავმის გამო არ თამაშობს.
წაკითხვა
დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრების მწვრთნელსა და ფეხბურთელს დაუპირისპირდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 18:48:00
ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი და ეროვნული გუნდის ფეხბურთელი მაურო იკარდი გააკრიტიკა."ქვეყნის ფეხბურთის ასოციაცია არ უნდა უხდიდეს 4.5 მილიონ ევროს მწვრთნელს, რომელსაც არ შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროზე გარანტიის მიცემა.სამპაოლიმ ეკვადორთან მატჩზე ჯადოქარი ჩაიყვანა. ეს ისევე ამაზრზენი იყო, როგორც ტრავმირებული იკარდის გამოძახება იგუაინის ნაცვლად, რომელსაც რეგულარულად გააქვს გოლები. იკარდიც არც კი თამაშობდა, მაგრამ გუნდში იყო.არ შეიძლება განაცხადის მიღმა დატოვო აგუერო და ნაკრებში მიიწვიო ის, ვინც მეგობარს ცოლი წაართვა. ის, ვინც აქტიურად ცდილობს ფეხბურთში ჩარევას და მის აგენტად მუშაობს.ვანდა ნარამ სამჯერ დაურეკა ედგარდო ბაუსას, ოთხჯერ - ხერარდო მარტინოს. თავად მწვრთნელები და მათი ასისტენტები მიყვებოდნენ ამას. არ ვიცი, რამდენჯერ დაურეკა ვანდამ სამპაოლის", - განუცხადა წამყვან არგენტინულ გაზეთ Clarin-ს მარადონამ.
წაკითხვა
"პსჟ" ჩემპიონთა ლიგის ახალი ფავორიტია
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 18:45:00
მას შემდეგ, რაც "პარი სენ-ჟერმენი" ვადაზე ადრე გავიდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში, ეს გუნდი ბუკმეიკერთა აზრით, ტურნირის მთავარი ფავორიტი გახდა. პარიზელებს ოთხიდან ოთხი მოგება აქვთ და ახალი რეკორდის ავტორებიც არიან - აქამდე, არც ერთ გუნდს არ გაუტანია ოთხი ტურის შემდეგ 17 გოლი.ამ მომენტისთვის, "პსჟ"-ის გამარჯვებას ჩემპიონთა ლიგაზე აქვს 4.7 კოეფიციენტი. ტურნირის წინ, უნაი ემერის გუნდის შანსები განიხილებოდა, როგორც 6.5.ახალი კოეფიციენტების მიხედვით, მეორე ადგილზეა მოქმედი ჩემპიონი მადრიდის "რეალი" - 5.3. მესამე ადგილი უკავია "მანჩესტერ სიტის" - 6.5.შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე - მეოთხედფინალში გასვლაა. ამ ზაფხულს, გუნდმა 420 მილიონი ევრო დახარჯა ნეიმარისა და კილიან მბაპეს შესაძენად.
წაკითხვა
ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცეცხლი საბერძნეთიდან სამხრეთ კორეაში ჩაიტანეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 17:15:00
ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცეცხლი საბერძნეთიდან სამხრეთ კორეაში ჩაიტანეს.ოლიმპიური ცეცხლი სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრმა ნაგიონ ლიმ და ფიგურულ სრიალში ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა კიმ იუ ნამ ჩაიბარეს. პირველი მეჩირაღდნის პატივი 13 წლის კორეელ მოციგურავეს იუ იუნს ერგო, რომელმაც 200 მეტრი გაირბინა და ჩირაღდანი ესტაფეტის მომდევნო მონაწილეს ცნობილ კომიკოსს იო ჯი-სიკს გადასცა.2018-კილომეტრიან ცეცხლოვან ესტაფეტის მონაწილე 7 500 ადამიანი იქნება. ქალაქ ინჩხონის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ საზეიმო ცერემონიაში სამხრეთ კორეის მთავრობის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, „პიონჩანგ-2108“-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები, ვეტერანი ოლიმპიელები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები და გულშემატკივრები მონაწილეობდნენ.სამხრეთ კორეის 8 პროვინციასა და 20 დიდ ქალაქში 100-დღიანი მოგზაურობის შემდეგ ოლიმპიურ ცეცხლს პიონჩანგის ოლიმპიურ სტადიონზე 2018 წლის 9 თებერვალს, თამაშების გახსნის ცერემონიაზე აანთებენ.
წაკითხვა
4 -5 ნოემბერს სტარტს აიღებს საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ჩემპიონატის 2017-2018 წლების სეზონი
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 16:52:00
2017 წლის 4 -5 ნოემბერს სტარტს აიღებს საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ჩემპიონატის 2017-2018 წლების სეზონი.პირველად საქართველოში, დაიწყება 18-წლამდე მამაკაცთა შორის ჩემპიონატი და მასში მონაწილეობას მიიღებს, 1 ბათუმის, 1 ქუთაისის და 1 თბილისისა და ბაკურიანის გაერთიანებული გუნდები.პირველი ეტაპის თამაშები ჩატარდება, ქალაქ ბათუმში არსებულ ყინულის მოედანზე, შაბათს, 4 ნოემბერს, 19:00-22:00, და კვირას, 5 ნოემბერს, 09:00-12:00 საათზე2017 წლის 7 ნოემბერს, სამშაბათს გაიმართება საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის ყრილობის რიგგარეშე კრება, სადაც განხილული იქნება სამი საკითხი:ჩემპიონატის პირველი ეტაპის განხილვაჩემპიონატის შემდეგი ორი ეტაპის თარიღების დადგენა13 ნოემბერს ჩანიშნული სასამართლოსთვის საბოლოო მოსამზადებელი საკითხების განხილვა.
წაკითხვა
საჩხერის „ჩიხურა“ საქართველოს თასის პირველი ფინალისტია
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 16:44:00
მარტვილის სტადიონზე, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში პირველად, 1/2 ფინალში რანგით მესამე ლიგის გუნდმა ითამაშა. ხონის „იმერეთი“ საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდა.ხონელებმა სასწაული ვეღარ მოახდინეს და 0:5 დამარცხდნენ. „ჩიხურამ” პირველივე ტაიმში მეტოქის კარი სამჯერ აიღო. მე-18 წუთზე ანგარიში ლევან კაკუბავამ გახსნა, 23-ე წუთზე თავი დიმიტრი ტატანაშვილმა გამოიჩინა, ხოლო მიშიკო სარდალიშვილმა „იმერეთის” კარი მესამედ 36-ე წუთზე აიღო. მან (78-ე წუთზე) და ტატანაშვილმა (88-ე წუთი) მეორე ტაიმში დუბლი შეასრულეს, საჩხერელებმა გაიმარჯვეს და თასის ფინალში ბოლო წლებში მესამედ გავიდნენ.ფინალში საჩხერელთა მეტოქე მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში გაირკვევა, რომელიც ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დღესვე გაიმართება, სადაც ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება.
წაკითხვა
ინგლისის რაგბის კავშირი LGBT პირებს თანადგომას უცხადებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 14:08:00
ინგლისის რაგბის კავშირმა და „პრემიერშიპ რაგბიმ“ LGBT პირებს მხარდაჭერა გამოუცხადა. სავარაუდოდ, პრემიერშიპში მოასპარეზე მორაგბეები ნოემბრის ერთ-ერთ მატჩს ცისარტყელის სამკლაურით ჩაატარებენ, რითიც ღიად დააფიქსირებენ საკუთარ თანადგომას LGBT ადამიანების მიმართ. ასევე ცნობილი გახდა, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრების მორაგბეები „ტვიკენჰემზე“ 25 ნოემბერს სამოას წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას სწორედ ცისარტყელის სამკლაურებით ჩაატარებენ. სტადიონზე ასევე ანტიჰომოფობიური ვიდეორგოლები გავა.
წაკითხვა
კალათბურთში თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში "ჰიუნდაი" და "დინამო" შეხვდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 12:47:00
გრძელდება კალათბურთში დედაქალაქის ჩემპიონატი 14-წლამდელთა შორის, რომელსაც თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ატარებენ. ფინალში ერთმანეთს „ჰიუნდაი“ და „დინამო“ შეხვდებიან. დედაქალაქის ჩემპიონი 2 ნოემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გამოვლინდება, სადაც ასევე გაირკვევა ბრინჯაოს მედლების მფლობელი გუნდის ვინაობა.„ჰიუნდაი“ – „დინამო“ ფინალი, მანამდე კი მესამე ადგილისთვის „ჰიუნდაი 2“ და „იბერი შეხვდებიან. ორივე მატჩი 2 ნოემბერს ოლიმპიურ სასახლეში - 16:00 საათიდან გაიმართება.
წაკითხვა
საბერძნეთში ორმა გულშემატკივარმა მატჩის მსვლელობისას მესის აკოცა და "სელფიც" გადაიღო
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 10:55:00
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში "ოლიმპიაკოსისა" და "ბარსელონას" მატჩის მსვლელობისას, ბერძენი გულშემატკივრები ორჯერ უპრობლემოდ შეიჭრნენ მოედანზე.თამაშის დასაწყისში, როცა კატალონელთა ფორვარდი ლიონელ მესი კუთხურის მოსაწოდებლად ემზადებოდა, მასთან ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მიირბინა, რომელმაც ჯერ ხელი მოხვია და შემდეგ აკოცა არგენტინელს.მეორე ტაიმში უკვე სხვა გულშემატკივარმაც მიირბინა მესისთან და მასთან სელფი გადაიღო. ორივე შემთხვევაში, სტიუარდებმა ხელი ვერ შეუშალეს მაყურებლების მოედანზე შეჭრას, რის შემდეგაც, თამაში გაგრძელდა.
წაკითხვა