საზოგადოებრივი
104.5 FM
ძლიერი სეტყვა კახეთში - თელავის რაიონში ზარალს ითვლიან
გამოქვეყნებულია: 2017-09-26 12:20:00
კახეთში ზარალს ითვლიან. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა თელავის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი დააზარალა. ართანაში, ნაფარეულში, გულგულაში, ვარდისუბანსა და კურდღელაურში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ვენახებია განადგურებული. 
წაკითხვა
რას ნიშნავს მაღლა აწეული მუშტი მიწისძვრის შემდეგ მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 17:28:00
მეხიკოში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, სამაშველო სამუშაოების ამსახველ ფოტოებში ხშირად ჩანდნენ ადამიანები, რომელთაც მაღლა აწეული ხელები მუშტად ჰქონდათ შეკრული. „ბი-ბი-სის“ განმარტებით, ეს მაშველების სასიგნალო ნიშანია და სიჩუმეს ნიშნავს. როცა ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილი და მათი პოვნა მხოლოდ ხმითაა შესაძლებელი, მაშველები ხელებს მაღლა წევენ და მუშტად კრავენ. ამ „სიგნალს“ გარშემომყოფებიც უერთდებიან და გარშემო სრული სიჩუმე წამიერად დგება. ასეთი საშუალებით მაშველები დაზარალებულის ხმის მიხედვით ცდილობენ მისი ადგილმდებარეობის გამოცნობას და შველას. არსებობს კიდევ ორი სასიგნალო ნიშანი: მაღლა აწეული ხელი გაშლილი მტევნით, რომელიც ნიშნავს - არავინ გაინძრეს ადგილიდან. ეს მნიშვნელოვანი ჟესტია მაშველებისთვის - როცა ისინი სახიფათო მონაკვეთზე მუშაობენ. მეორე კი მაღლა აწეული საჩვენებელი თითია, რაც ნიშნავს - მუშაობას დავუბრუნდეთ. ამ „სიგნალს“ მაშველები იყენებენ, როცა ნანგრევებში მოქცეული გადარჩენილის ადგილსამყოფელი დაზუსტდება ან საბოლოოდ დარწმუნდებიან, რომ ნანგრევებიდან არავის ხმა არ ისმის. 
წაკითხვა
სოფელ ქობულეთში 70-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 11:58:00
სოფელ ქობულეთში ამ დროისთვის გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება 70-მდე ოჯახი. უხვი ნალექის გამო, მძიმე ვითარება სწორედ ამ სოფელში შეიქმნა. შიდა სასოფლო გზების დიდი ნაწილი დამეწყრილია. მძიმე სიტუაციაა ასევე სოფელ სამებაშიც, სადაც მთის ფერდობი ჩამოიშალა და რამდენიმე ოჯახს საფრთხე შეუქმნა. ქობულეთში საცხოვრებლის დაკარგვის საფრთხე სულ 11 ოჯახს შეექმნა, მათგან ექვსი ევაკუირებულია. ამ დროისთვის 1500 აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია.სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში საგანგებო შტაბი მუშაობს. სტიქიის ზონებში სპეციალური ჯგუფები მუშაობენ. მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები. მეწყრული პროცესები ქობულეთში გვიან ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად გააქტიურდა. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ისევ წვიმს.
წაკითხვა
ქობულეთში, მეწყრული პროცესების გამო, ექვსი ოჯახი საკუთარი სახლებიდან ევაკუირებულია
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 10:56:00
ქობულეთში გვიან ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, ექვსი ოჯახი საკუთარი საცხოვრებლებიდან ევაკუირებულია. ეროზიულმა პროცესმა პრობლემა 11 ოჯახს შეუქმნა. მიწის მასა რამდენიმე საცხოვრებელ სახლში შევიდა. მეწყერში მოყვა ერთი მსუბუქი ავტომანქანაც, საიდანაც მაშველებმა ორი მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციათა შტაბში სულ 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა, რომლებზეც შემთხვევის ადგილებზე გასულმა სამაშველო ბრიგადებმა მოახდინეს რეაგირება. სტიქიის შედეგად, დაზიანდა შიდა და ცენტრალური სასოფლო გზები სოფელ ქობულეთში, ზედა სამებაში, წყავროკაში, ზენითსა და კონდიდში. ამ დრომდე 1500-ზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. უკვე შეიქმნა სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან განახლდა. დღის განმავლობაში ჩახერგილი გზების გასაწმენდად შვიდი ერთეული მძიმე ტექნიკა იმუშავებს, ასევე მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა.
წაკითხვა
ადიგენის რაიონში ამ დროისთვის ხანძარმა შვიდ ჰექტრამდე ტერიტორია გაანადგურა
გამოქვეყნებულია: 2017-09-23 20:07:00
უკვე მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან ადიგენის რაიონში. ცეცხლი ღიღვის მთის ფერდობზეა მოდებული. ვითარებას ძნელად მისადგომი რელიეფი ართულებს. ძირითად კერებამდე მისასვლელი გზა სპეციალური ტექნიკით გაიჭრა. ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას სამაშველო ჯგუფები ადიგენიდან, ხარაგაულიდან და თბილისიდან. ამ დროის მონაცემებით, ხანძარმა დაახლოებით შვიდ ჰექტრამდე ტერიტორია გაანადგურა. 
წაკითხვა
არჯევანიძის ტყეში ძლიერი ქარის გამო ცეცხლის რამდენიმე ახალი კერა გაჩნდა - რა ვითარებაა წაღვერში
გამოქვეყნებულია: 2017-09-23 20:05:00
ბორჯომის რაიონი ისევ სტიქიის ზონად რჩება. არჯევანიძის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. დაბა წაღვერში მთელი დღის განმავლობაში ძლიერი ქარი იყო, რამაც ცეცხლის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი. გაჩნდა რამდენიმე ახალი კერა. ყველაზე რთული ვითარება ამ დროისთვის მუხრანის მთის ფერდობზეა. სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალ ძალასთან ერთად, ჩართული იყო ავიაციაც. ქართულ საფრენ აპარატს აზერბაიჯანული ვერტმფრენიც დაეხმარება. ამ დროის მონაცემებით, დასახლებულ ტერიტორიამდე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ბორჯომის რაიონში რჩება „მოამბის“ გადამღები ჯგუფი.  ნინო ფისაძე დეტალებით. 
წაკითხვა
ბორჯომის ხეობაში ნახანძრალ ტერიტორიაზე ვითარებას სპეციალური კომისია სწავლობს
გამოქვეყნებულია: 2017-09-23 16:10:00
ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტერიტორიის წინასწარი შეფასება განხორცილედა. დაიგეგმა სამომავლო აქტივობებიც. ვითარებას სპეციალური კომისია სწავლობს. ზუსტი ფართობი, დაზიანების კატეგორია, ტერიტორიაზე არსებული ნიადაგური და გეოლოგიური მდგომარეობა, ასევე გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ დაზუსტებული მონაცემები ცნობილი დეტალური შესწავლის შემდეგ გახდება. დასკვნები და რეკომენდაციები ასევე, სამოქმედო გეგმა ღიად იქნება განხილული, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. წინასწარი მონაცემებით, ნახანძრალი ფართობი 752 ჰექტარს შეადგენს, საიდანაც 525 ჰექტარი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ხანძრით განადგურებული ტყის ტერიტორიაა.
წაკითხვა
წაღვერში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება - ცეცხლის მთავარი კერა მუხრანის მთის ფერდობზეა
გამოქვეყნებულია: 2017-09-23 16:05:00
დაბა წაღვერში ვითარება ისევ რთულია. ხანძრის მთავარი კერა ამ დროისთვის მუხრანის მთის ფერდობზეა. ბორჯომის რაიონში ძლიერი ქარია, რაც ცეცხლის გავრცელებას უწყობს ხელს. სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. პროცესში ჩართულია ავიაციაც. ადგილზე რჩებიან მეხანძრე- მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. სტიქიის ზონაში იმყოფება ინფრასტრუქტურის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ბოლო ინფორმაციით, დასახლებულ ტერიტორიამდე, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. 
წაკითხვა
ხანძარი ადიგენის რაიონში - ღიღვის ტყის ფერდობზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-23 12:07:00
ხანძარი ადიგენის რაიონშიც. ღიღვის ტყის ფერდობზე მაშველები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ. ამ წუთებში ადგილზე 40 მაშველი -მეხანძრე და 10-მდე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. „112-ი“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტშიაცხადებენ, რომ ამ დროისთვის ცეცხლის ღია კერები არ არსებობს და სიტუაცია კონტროლირებადია. ხანძრთან ბრძოლა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ მომენტისთვის ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. 
წაკითხვა
არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას ვერტმფრენი ცდილობს - რა ვითარებაა წაღვერში
გამოქვეყნებულია: 2017-09-23 12:05:00
წაღვერში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა. პროცესში ავიაციაც ჩაერთო. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი წიწვოვან ტყეში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს. ადგილზე რჩებიან მეხანძრე- მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300-მდე წარმომადგენელი, ასევე 200 მეხანძრე-მაშველი.არჯევანიძის ტყეში მაღალი გამავლობის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა მობილიზებული. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სალიკვიდაციო ღონისძიებები. მეხანძრეები ცეცხლის კერებამდე მისასვლელ გზებს ჭრიდნენ. ვითარებას ქარი და ძნელად მისადგომი რელიეფი ართულებს.  რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, ხომ არ არის საშიშროება ცეცხლი დასახლებულ ტერიტორიას მიუახლოვდეს - ნინო ფისაძე დეტალებით.
წაკითხვა
არჯევანიძეების ტყის წიწვოვანი ნაწილი იწვის - რა ვითარებაა წაღვერში
გამოქვეყნებულია: 2017-09-22 20:05:00
ერთი თვის შემდეგ ბორჯომის ხეობა ისევ სტიქიის ზონაა. ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები წაღვერში არიან მობილიზებულები. იწვის არჯევანიძეების ტყის წიწვოვანი ნაწილი. ჯერ უცნობია, ეს არის აგვისტოში ნახანძრალი ტერიტორია, თუ ცეცხლის ახალი კერაა გაჩენილი. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.ნინო ფისაძე დეტალებით.
წაკითხვა
23-24 სექტემბერს საქართველოში ძლიერი წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი
გამოქვეყნებულია: 2017-09-22 10:35:00
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი, ზოგან, შესაძლებელია, ძლიერი. ამინდის გაუარესებას სინოპტიკოსები 23 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 24 სექტემბრის დილამდე პროგნოზირებენ.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22–24 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში შესაძლებელია 2–3 ბალიანი ღელვა.
წაკითხვა
მექსიკაში დამანგრეველმა მიწისძვრამ, ბოლო მონაცემებით, 248 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
განახლებულია: 2017-09-20 18:26:00
მექსიკაში დამანგრეველმა მიწისძვრამ ბოლო მონაცემებით 248 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ხელისუფლება შიშობს, რომ მათი რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან დაზარალებულები. სამაშველო ოპერაციები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მოქალაქეები დახმარებას ერთმანეთს უწევენ. სტიქიის ზონაში მობილიზებულია არმიაც. მექსიკას დახმარებას სთავაზობენ როგორც მეზობელი, ასევე ოკეანისმიღმა ქვეყნები. 
წაკითხვა
ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია - რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 16:07:00
თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.  ცეცხლი ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის სიახლოვეს, ბალახებსა და ბუჩქებს მოედო. არსებობდა მისი გავრცელების საფრთხე, თუმცა სადგურის თანამშრომლებმა მეხანძრეების მისვლამდე ტერიტორიის დაცვა შეძლეს. ცეცხლის გაჩენის მიზეზად მოქალაქეთა დაუდევრობას ასახელებენ ნავთობკომპანიის წარმომადგენლები, თუმცა თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი წინასწარი შეფასებისგან თავს იკავებს. ნავთობკომპანიის წარმომადგენლის განმარტებით,  ავტოგასამართ სადგურზე დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა,  საწვავის ავზამდე ცეცხლს არ მიუღწევია. ოფიციალური მონაცემებით, იწვოდა 1500-დან 2000 კვ.მ-მდე ტერიტორია. ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 15 მეხანძრე-მაშველი.
წაკითხვა
დამანგრეველი მიწისძვრა მექსიკაში - 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებმა 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 12:03:00
დამანგრეველი მიწისძვრა მექსიკაში -  7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებმა 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ხელისუფლება შიშობს, რომ მათი რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან დაზარალებულები. სამაშველო ოპერაცია 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. დაზარალებული რეგიონები მოინახულა ქვეყნის პრეზიდენტმა. მექსიკას თანაგრძნობას უცხადებენ მსოფლიო ლიდერები
წაკითხვა
ქარიშხალი „მარია“ მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა და კუნძულ დომინიკას დაატყდა თავს
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 07:28:00
ქარიშხალი „მარია“ მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა და კუნძულ დომინიკას დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე საათში 350 კილომეტრს აღწევს. ქარიშხალმა დომონიკაზე წყალდიდობა გამოიწვია. დანგრეულია სახლები. „ჩემს სახლს ქარმა სახურავი ახადა. მე ქარიშხალს ვარ მინდობილი. სახლი იტბორება“, - დაწერა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” დომინიკის პრემიერ-მინისტრმა. ამჟამად ქარიშხალი „მარია“ პუერტო-რიკოსკენ მიემართება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ეს ბოლო 85 წლის განმავლობაში პუერტო-რიკოზე ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნება. პუერტო-რიკოს გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც მოსალოდნელია, სტიქია კუნძულს 20 სექტემბერს დაატყდება თავს. შეგახსენებთ, „მარიამდე“, კარიბის ზღვის კუნძულებსა და ფლორიდის შტატს ქარიშხალი „ირმა” დაატყდა თავს. სტიქიამ რამდენიმე კუნძული მთლიანად გაანადგურა.
წაკითხვა
ტროპიკული შტორმი „მარია“ გაძლიერდა და კარიბის კუნძულებისკენ მიემართება
გამოქვეყნებულია: 2017-09-18 23:19:00
ტროპიკული შტორმი „მარია“ მესამე კატეგორიის ქარიშხლამდე გაძლიერდა და კარიბის ზღვის აუზის კუნძულებისკენ მიემართება. ამჟამად „მარია“ კუნძულ ბარბადოსიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 225 კილომეტრშია. ქარის სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევს. სტიქიის დარტყმისთვის უკვე ემზადება პუერტო რიკო. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარიშხალი სანაპიროს 19 სექტემბერს მიაღწევს. მეტეოროლოგების გათვლით, „მარია“ იმავე მარშრუტით მოძრაობს, რაც ქარიშხალმა „ირმამ“ გაიარა, რომელმაც კარიბის ზღვის კუნძულები გაანადგურა და ფლორიდა დააზარალა.
წაკითხვა
იაპონიას ტაიფუნი „თალიმი“ დაატყდა თავს
გამოქვეყნებულია: 2017-09-18 00:39:00
იაპონიას ტაიფუნი „თალიმი“ დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე საათში 120 კილომეტრს აღწევს. ქარიშხალს თან ძლიერი წვიმაც ახლავს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოესი ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში შესაძლოა, თვენახევრის ნორმა ნალექი მოვიდეს. სტიქიას უკვე მოჰყვა მეწყერი კუნძულ კიუსიუზე. ვრცელდება ინფორმაცია ნგრევის შესახებაც. უსაფრთხოების მიზნით, სამხრეთ რეგიონებიდან 230 000-მდე ადგილობრივი მოსახლის ევაკუაციაც განხორციელდა. სტიქიის გამო, ასობით ავია და სარკინიგზო რეისი გაუქმდა.წყარო: „ევრონიუსი“
წაკითხვა
გურჯაანის რაიონში მეხანძრე-მაშველები სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-16 20:11:00
ხანძარი ლოკალიზებულია გურჯაანის რაიონში. სოფელ ბაკურციხის მახლობლად ცეცხლი საძოვრებს და ბუჩქნარს მოედო. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მაშველები ამ წუთისთვის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებენ. დამწვარია დაახლოებით ერთი ჰექტარი მიწის ფართობი. ცეცხლის ჩაქრობაში მეხანძრეებს მოხალისეებიც ეხმარებიან.  
წაკითხვა
ხახაბოს მთის ფერდობზე ცეცხლის ლოკალოზებას ქარი ართულებს
გამოქვეყნებულია: 2017-09-16 20:10:00
ხახაბოს მთის ფერდობზე წიწვოვანი ტყე იწვის. ვითარებას ქარი ართულებს, რამაც უკვე ლოკალიზებული კერების აალება გამოიწვია. იმატა დაკვამლიანებამ. ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები. მუშაობას განაგრძობს სპეციალური ტექნიკაც. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.
წაკითხვა