საზოგადოებრივი
104.5 FM
მესტიის გამგებელი - თეთნულდიდან ჩამოსულმა წყლის მასამ სოფელ ჟაბეშში ღელეს ადიდება გამოიწვია, არსებობს მეწყრის საფრთხეც
გამოქვეყნებულია: 2017-07-05 01:39:00
ძლიერი წვიმისა და თოვლის დნობის შედეგად, თეთნულდის მწვერვალიდან ჩამოსულმა წყლის მასამ სოფელ ჟაბეშში ღელეს ადიდება გამოიწვია, წვიმის გაგრძელების შემთხვევაში კი მეწყრის საშიშროებაც არსებობს, - ამის შესახებ საზოგადოებრივს მესტიის რაიონის გამგებელმა, კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა. გამგებლის ინფორმაციით, ღელე სოფლის ტერიტორიაზე ჩამოდის, მაგრამ ადიდების მიუხედავად, ის კალაპოტიდან არ არის გადმოსული. კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, ადგილობრივები შიშობენ, რომ თუ წვიმა გაგრძელდა, შესაძლოა წყლის მასა კვლავ ჩამოვიდეს ან მეწყერი ჩამოწვეს.მისივე თქმით, ამ დროისთვის ადგილზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მიემართებიან, რომლებიც ვითარებას შეაფასებენ, დამატებითი პროცესების განვითარების ან საფრთხის არსებობის შემთხვევაში კი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება.
წაკითხვა
ისან-სამგორის რაიონში რამდენიმე კორპუსის სარდაფი დაიტბორა
გამოქვეყნებულია: 2017-06-29 21:03:00
ძლიერი წვიმის შედეგად, ისან-სამგორის რაიონში რამდენიმე კორპუსის სარდაფი დაიტბორა. გაბრიელ სალოსის # 4-ში მობილიზებული იყო 112-ის სამაშველო ბრიგადა, რომელმაც წყლის ამოტუმბვის სამუშაოების ჩატარება დაიწყო. ადგილობრივების განცხადებით, მათ კორპუსში ხშირია მსგავსი შემთხვევა, რადგან კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია და მოშლილი აქვს სანიაღვრე სისტემა. „კორპუსში ბევრი მცირეწლოვანი ბავშვი გვყავს. ყოველი წვიმის შემდეგ ეს მდგომარეობაა, ზოგჯერ წყალი პირველ სართულამდე ამოდის. დგება საშინელი სუნი. იქნებ ვინმე დაინტერესდეს ჩვენი პრობლემით. ასე გაგრძელება შეუძლებელია“, - აცხადებს კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელი კლარა ქურასბედიანი.
წაკითხვა
ძლიერი წვიმის გამო რუსთავს ელექტროენერგია ავარიულად შეუწყდა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-06-29 20:03:00
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა რუსთავში. წვიმის გამო ქალაქს ელექტროენერგია ავარიულად შეუწყდა.ქალაქის რამდენიმე უბანში დატბორილი გზების გამო ავტომობოლებით გადაადგილების პრობლემაც შეიქმნა.ყველაზე ძლიერად დაიტბორა ლეონიძე-მესხიშვილის გადაკვეთა. 
წაკითხვა
ცუნამი გრენლანდიის დასავლეთ სანაპიროზე - ოთხი ადამიანი დაკარგულად ითვლება
გამოქვეყნებულია: 2017-06-18 23:56:00
გრენლანდიის დასავლეთ სანაპიროს ცუნამი დაატყდა თავს. ამ დროისთვის დაკარგულად ოთხი ადამიანი ითვლება. სტიქიამ ნუგაციაქის დასახლებაში 11 სახლი წალეკა. მომხდარის შედეგად, დაშავებულია 9 პირი. ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, ცუნამი კუნძულ იუმანაქზე დაფიქსირებული 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად წარმოიშვა. დანიის სეისმოლოგიური სამსახურის განცხადებით, ასეთი სიმძლავრის მიწისძვრა გრენლანდიისთვის ნორმალური არ არის. გრენლანდიის მოსახლეობა 55 ათას ადამიანს შეადგენს.წყარო: BBC, mirror.co.uk
წაკითხვა
სეტყვამ სიღნაღის რაიონის ოთხი სოფელი დააზარალა
გამოქვეყნებულია: 2017-06-12 22:13:00
ძლიერმა სეტყვამ სიღნაღის რაიონის სოფლებში: ვაქირში, საქობოში, მაშნაარსა და ანაგაში ხორბლისა და მზესუმზირის ნათესების დაახლოებით 50-70 % გაანადგურა. ამის შესახებ საზოგადოებრივს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს. როგორც „მოამბესთან“ საუბრისას სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა, ილია ხატიაშვილმა აღნიშნა, სტიქიამ ზიანი, ძირითადად, მდინარე ალაზნის მიდამოებში ფერმერების კუთვნილ ნათესებს მიაყენა. ზარალს ხვალ სპეციალური კომისია დაითვლის.
წაკითხვა
სინოპტიკოსები უახლოესი ორი დღის განმავლობაში საქართველოში ძლიერ წვიმას აღარ ელოდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-06-11 11:48:00
სინოპტიკოსები უახლოესი ორი დღის განმავლობაში საქართველოში ძლიერ წვიმას აღარ ელოდებიან.როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ საზოგადოებრივს განუცხადა, საქართველოშ წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა, მისივე თქმით, 10 ივნისს რაც იყო, ისეთი ამინდი აღარ განმეორდება.„ვინარჩუნებთ წვიმიან ამინდს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.სტიქია აღარ განმეორდება. აღმოსავლეთ საქართველოში დღეს გაძლიერდება ქარი, სავარაუდოდ იწვიმებს, ზოგან სეტყვის საშიშროებაც არის. ტემპერატურა 22-27 გრადუსი იქნება.ხვალ, წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში.აღმოსავლეთში დღის მეორე ნახევარში წვიმა ისევ იქნება, თუმცა ძლიერი არა.წუხელ რაც იყო, ისეთი ამინდი აღარ განმეორდება. სტიქიურ მოვლენებს დღეს და ხვალ არ ველოდებით“,- განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.რაც შეეხება დედაქალაქს, ნიორაძის ინფორმაციით, დღეს, თბილისში საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმა-ელჭექითაა მოსალოდნელი. ტემპერატურა კი, სინოპტიკოსის ცნობით, 26 გრადუსი იქნება.
წაკითხვა
გარემოს ეროვნული სააგენტო - ვერეს ხეობაში წყლის დონე დაფიქსირდა 128 სმ, რაც ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს
გამოქვეყნებულია: 2017-06-10 23:36:00
10 ივნისს, მდინარე ვერეს ხეობაში, სვანიძის ქუჩაზე 40წთ-ში 34-მმ ნალექი მოვიდა. 21:00 სთ-ზე წყლის დონე დაფიქსირდა 128 სმ, რაც ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.„აქვე განვმარტავთ, რომ წყლის დონის საგანგაშო ნიშნული 170სმ-ია. თბილისში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა, რომელმაც საავტომობილო გზის მონაკვეთი, არსებული ინფრასტრუქტურა და გაზსადენი მილი დააზიანა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფმა ოპერატიულად შეაფასა არსებული მდგომარეობა, პრევენციის მიზნით, ადგილზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. სპეციალისტების რეკომენდაციით ამჟამად წყნეთი-ახალდაბის მიმართულებით მოძრაობა ორმხრივად აიკრძალა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტების აღნიშნულ ტერიტორიას სწავლობენ და ამის შემდეგ გაატარებენ შესაბამის ღონისძიებებს.
წაკითხვა
სოფელ ნარვანში მამაკაცს ეძებენ, რომელიც მთიდან მოვარდნილმა წყალმა წაიღო [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-06-10 22:51:00
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარვანში 40 წლამდე მამაკაცს ეძებენ, რომელიც მთიდან მოვარდნილმა წყალმა წაიღო. ამის შესახებ საზოგადოებრივს ინფორმაცია დაუდასტურა ხაშურის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ლომუაშვილმა. მამაკაცმა ადიდებული წყლიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. ამ წუთებში სოფელში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
წაკითხვა
ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 300-ზე მეტი შეტყობინება შევიდა
გამოქვეყნებულია: 2017-06-10 21:35:00
ძლიერი წვიმის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 300-ზე მეტი შეტყობინება შევიდა, - ამის შესახებ საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეტყობინებები შევიდა როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან, მათ შორის იყო სურამი, ხაშური, ადიგენი და ახალციხე. აღნიშნულ რეგიონებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები. უწყების ცნობით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები ამ წუთებშიც მუშაობენ შემთხვევის ადგილებზე. დღის განმავლობაში, ძლიერი წვიმის გამო დაფიქსირდა მიწის მცირე მასების ჩამოშლის ფაქტები, ერთ-ერთი იყო ბორჯომთან, სადაც სპეცტექნიკა მუშაობდა და ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.გარდა ამისა, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, წვიმამ პრობლემები შექმნა სურამში, სადაც ადიდდა მდინარე სურამულა და დატბორა მიმდებარე ტერიტორია.
წაკითხვა
გარემოს ეროვნული სააგენტო - ძლიერი წვიმის გამო პანიკის საფუძველი არ არსებობს
გამოქვეყნებულია: 2017-06-10 21:08:00
მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოში განუცხადეს. როგორც სვეტლანა ნიორაძემ აღნიშნა, ძლიერი წვიმა მოსალოდნელია მთელი ღამის განმავლობაში, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ჰაერის ტემპერატურა იქნება დასავლეთ საქართველოში 20-25, ხოლო აღმოსავლეთით - 23-28 გრადუსი. მისივე თქმით, შედარებით გამოიდარებს 12 ივნისიდან, თუმცა ცალკეულ რეგიონებში იქნება ხანმოკლე წვიმა. ძლიერი წვიმა მომდევნო დღეებში მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება სეტყვის ალბათობას, როგორც სვეტლანა ნიორაძემ აღნიშნა, 11 ივნისიდან საღამოს საათებში საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მოსალოდნელია სეტყვა. მისივე თქმით, ხვალიდან გაძლიერდება ქარი.
წაკითხვა
მეწყრის გამო, წყნეთი-ახალდაბის გზის ნაწილი გადაიკეტა
გამოქვეყნებულია: 2017-06-10 18:20:00
მეწყრის გამო, წყნეთი-ახალდაბის გზის, დაახლოებით 15-20 მეტრის სიგრძის მონაკვეთი, გადაიკეტა, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა საზოგადოებრივს განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე ვარაუდობს, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთი უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში გაიხსნება. რაც შეეხება 112-ში დაფიქსირებულ შეტყობინებებს, როგორც გელაშვილმა აღნიშნა, ქალაქის მასშტაბით დაფიქსირდა 50-მდე გამოძახება, რომლებიც ძირითადად, ეხებოდა სადარბაზოების, სარდაფებისა და საცხოვრებლების პირველი სართულების დატბორვას. თბილისის ზოგიერთ უბანში დღეს ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო. 
წაკითხვა
სეტყვის გამო 112-ში ოთხი შეტყობინება შევიდა (ფოტო/ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-06-10 15:08:00
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში საზოგადოებრივს განუცხადეს, რომ სეტყვის გამო 112-ში ოთხი შეტყობინება შევიდა. გამოძახებები ეხებოდა სადარბაზოებისა და სარდაფების დატბორვას. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, შეტყობინება შევიდა წერეთლის გამზირიდან და გლდანიდან. მათივე ინფორმაციით, სეტყვის შედეგად, მნიშვნელოვანი ზიანი არ დაფიქსირებულა.გლდანსა და დიდ დიღომში ძლიერი სეტყვა იყო. შესაბამის ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც საზოგადოებრივს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, საქართველოში 10-12 ივნისს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. სვეტლანა ნიორაძის თქმით, მოსალოდნელია სეტყვა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. სინოპტიკოსები ზოგიერთ რეგიონში ღამით ძლიერ ქარს ელოდებიან.
წაკითხვა
თბილისის რამდენიმე უბანში ძლიერი სეტყვა იყო (ფოტო/ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-06-10 15:00:00
გლდანსა და დიდ დიღომში ძლიერი სეტყვა იყო. შესაბამის ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც საზოგადოებრივს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, საქართველოში 10-12 ივნისს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. სვეტლანა ნიორაძის თქმით, მოსალოდნელია სეტყვა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. სინოპტიკოსები ზოგიერთ რეგიონში ღამით ძლიერ ქარს ელოდებიან.
წაკითხვა
გურჯაანში სამი სოფელი დაისეტყვა
გამოქვეყნებულია: 2017-05-31 18:05:00
გურჯაანის სამი სოფელი ჭანდარი, ვეჯინი და ძირკოკი ს. ერთი თვის განმავლობაში აღნიშნული სოფლები სტიქიამ მეორედ დააზარალა.გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის გივი გერგიძის თქმით, საკარმიდამო ნაკვეთები, ბოსტნები და ბაღჩეული პირველი სეტყვისას განადგურდა და დღეს ბევრს ვერაფერს დააზიანებდა, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ზარალის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.
წაკითხვა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად მიღებულ ზარალს ითვლიან
გამოქვეყნებულია: 2017-05-29 12:31:00
გუშინდელი სეტყვის შედეგად სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში 400 ჰექტარ ფართობზე განადგურებულია ვენახი, ბოსტნეული და ბაღჩეული. ამ დრომდე ავარიულად გამორთულია სადგური ,,ჯუგაანი“ და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ჯუგაანის, ბოდბისხევისა და ტიბაანის მოსახლეობა. დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. „მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები დავდივართ სოფლებში და ვხვდებით დაზარალებულ მოსახლეობას. ყველაზე მეტად ტიბაანი, ჯუგაანი და მაჩხაანია დაზარალებული, აღნიშნულ სოფლებში 70-დან 100 % -მდეა განადგურებული მოსავალი. გლეხები დილიდან საწამლი აპარატებით არიან გასული ვენახში. აგრონომიული წესით ახლა სასწრაფოდ უნდა შეიწამლოს ვენახი, რომ ცოტა მაინც გადარჩე“, - განაცხადა ,,მოამბესთან“ საუბარში მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ბერდია ასანიშვილმამისივე თქმით, საკრებულოში შეიქმნება მუშა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებიც შევლენ. ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეგზავნება. ასანიშვილის თქმით, სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე საუბარი რთულია, რადგან დაზარალებულ მოსახლეობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.
წაკითხვა
25 მაისამდე საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება
გამოქვეყნებულია: 2017-05-21 14:13:00
24 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ნალექი კვლავ შენარჩუნდება. ამის შესახებ საზოგადოებრივს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა. როდის გამოიდარებს საქართველოში, სინოპტიკოსებს დაზუსტებით ამაზე საუბარი უჭირთ. „ხანმოკლე გამოდარებას ხვალ, დასავლეთ საქართველოში დღის პირველ ნახევარში ველოდებით, დღის მეორე ნახევრიდან კი ისევ გაწვიმდება. მთელი საქართველოს მასშტაბით, უახლოესი სამი დღის განმავლობაში წვიმებია მოსალოდნელი.ჰაერის ტემპერატურა 20-22 გრადუსის ფარგლებში იქნება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. სავარაუდოდ, 25-26-27 მაისს შედარებით გამოიდარებს, ხვალ უფრო დაზუსტებით შეგვეძლება ამაზე საუბარი “,- განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ. 
წაკითხვა
წყალტუბოში ზარალის შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა დაიწყო - დაზარალებულია რვა ოჯახი
გამოქვეყნებულია: 2017-05-21 10:52:00
წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში ზარალის შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა უკვე დაიწყო. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის კახა იოსელიანის თქმით, ადიდებულმა რიონმა რვა ოჯახი დააზარალა. ზარალის დათვლის შემდეგ, ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახებს კომპენსაციას გადასცემს. შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის გამო ადიდებული მდინარე რიონი გუშინ კალაპოტიდან გადმოვიდა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები.  ასევე, მოძრაობა შეწყდა ქუთაისი-ალპანას დამაკავშირებელ გზაზე. როგორც საზოგადოებრივს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ამ დროისთვის, წვიმის შედეგად მიყენებული ზიანით, გზებზე შეფერხებები არ არის. 
წაკითხვა
ძლიერი ქარი ოკუპირებულ აფხაზეთში - ქარიშხალმა ხეები მოგლიჯა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა
გამოქვეყნებულია: 2017-04-23 19:13:00
ოკუპირებულ აფხაზეთში ქარიშხალმა ხეები მოგლიჯა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ყველაზე რთული ვითარება ოკუპირებულ გაგრაშია. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და ავტომობილები.რუსული მედიის ცნობით, დილით ევკალიფტის ხე სამარშრუტო ტაქსს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.მოსახლეობას მოუწოდებენ, სახლებიდან არ გავიდნენ.
წაკითხვა
ძლიერი ქარი ზუგდიდში - ელექტროენერგიის გარეშე 28 სოფელია დარჩენილი
გამოქვეყნებულია: 2017-04-23 18:18:00
ზუგდიდის რაიონის 46 სოფლიდან, 28 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რამდენიმე სოფელში ავტოსაგზაო მოძრაობა შეფერხებულია, რადგან ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა. დაზიანებულია ზუგდიდი-ანაკლიას გზაზე გარე განათება.ამასთან, 15-მდე ხეა მოგლეჯილი ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობასთან, სადაც ამჟამად აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ.როგორც დევნილები აცხადებენ, ხის დაცემის შედეგად აფეთქდა ტრანსფორმატორი.როგორც ზუგდიდს რაიონის გამგებელმა ლაშა გოგიამ განაცხადა, ყველა შესაბამისი სამსახური საქმის კურსშია ჩაყენებული. მისივე თქმით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
წაკითხვა
ძლიერი ქარის გამო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ენერგომომარაგება შეფერხებულია
გამოქვეყნებულია: 2017-04-23 14:40:00
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ენერგომომარაგება შეფერხებულია.„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ჩრდილოეთ ოსეთში, ელექტროგადამცემ ხაზზე ავარია მოხდა.გამოცემის ცნობით, სოფელ ქვემო ზარამაგთან აღდგენითი სამუშაო ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყება.ოკუპირებული რეგიონი ელექტროენერგიას მთლიანად რუსეთიდან იღებს.
წაკითხვა