საზოგადოებრივი
104.5 FM
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 09:22:00
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს. პოლიციაში აცხადებენ, რომ სენატორს სახლთან ახლოს დაესხნენ თავს. რენდი პოლის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ის ამჟამად ჰოსპიტალშია. სამართალდამცავებმა დამნაშავე უკვე დააკავეს. ის 59 წლის რენე ბუჩერი აღმოჩნდა, რომელიც სენატორის მეზობლად ცხოვრობს. პოლიციაში მომხდარის მოტივებზე არ საუბრობენ, თუმცა ადგილობრივები ყვებიან, რომ ბუჩერი და რენდი პოლი ხშირად კამათობდნენ საერთო მიწის ნაკვეთის გამო. რენდ პოლი რესპუბლიკური პარტიის წევრია. ის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.
წაკითხვა
სირიაში ტერაქტს დევნილები ემსხვერპლნენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 09:04:00
სირიაში ტერაქტს დევნილები ემსხვერპლნენ. დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი. როგორ "ფრანს პრესი" იტყობინება, პროვინცია დეირ-ელ-ზორში თავდასხმა "ისლამური სახელმწიფოს" თვითმკვლელმა მებრძოლმა მოაწყო. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სირიის არმია ტერორისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიების დასაბრუნებლად შეტევას განაგრძობს. სირიის მთავრობა დაღუპულთა ზუსტ რაოდენობას ჯერ ვერ ასახელებს.დეირ-ელ-ზორის პროვინციას სირიის არმია აკონტროლებს, თუმცა რეგიონის 37 პროცენტი ჯერ კვლავ ექსტრემისტების ხელშია.
წაკითხვა
ტაივანში ტაიფუნ დემრის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 08:45:00
ტაივანში ტაიფუნ დემრის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა. სტიქიამ ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილს გადაუარა. დაზიანებულია ათასობით საცხოვრებელი სახლი. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.მთავრობის განკარგულებით, 33000 მოქალაქეს სახლის დატოვებამ მოუწია. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 13 დაკარგულ მოქალაქეს. სტიქიის დროს შტორმში მოჰყვა სანაპიროსთან მცურავი 6 გემი. ბორტზე მყოფი 61 მგზავრიდან 25 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. დანარჩენი მგზავრების ბედი უცნობია. სინოპტიკოსების ცნობით, ქარის სიჩქარე სტიქიის ეპიცენტრში 90 კმ/სთ-ს აღწევდა.
წაკითხვა
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 08:26:00
გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში ქურთების მიერ გამართული აქციის დროს 15 პოლიციელი დაშავდა. Spiegel-ის ცნობით, აქციის მონაწილეებს ხელში "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ლიდერ აბდულა ოჯალანის პორტრეტები ეჭირათ. პოლიციამ მათ სურათების დაკეცვა მოსთხოვა. აქტივისტები სამართალდამცავების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რასაც შეტაკება მოჰყვა. პოლიციელებმა გამოიყენეს ცრემლსადენი აირიც.დაკავებულია 9 დემონსტრანტი, 2 დაშავდა. საავადმყოფოში გადაიყვანეს 3 სამართალდამცავიც.
წაკითხვა
იტალიის პოლიციამ კონტრაბანდული საწვავით დატვირთული გემი დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 08:13:00
იტალიის პოლიციამ კონტრაბანდული საწვავით დატვირთული გემი დააკავა. ხომალდი, რომელსაც თითქმის ასი ტონა ნავთობი გადაჰქონდა, ლიბიიდან ევროპის სანაპიროებისკენ მიცურავდა.ტოგოს დროშით მცურავი გემის კაპიტანი დაკავებულია. მას ბრალი კონტრაბანდასა და ფულის გათეთრებაში დასდეს. 25 წლის ინდონეზიელი კაპიტანი პატიმრობაში დატოვეს, ეკიპაჟის 4 წევრი კი გაათავისუფლეს.გასულ კვირას, იტალიის სანაპირო დაცვის სამსახურმა ლიბიიდან ევროპაში საწვავის კონტრაბანდის კიდევ ერთი შემთხვევა გამოავლინა. გამოძიების ცნობით, საუბარია 30 მილიონი ევროს ღირებულების ნავთობპროდუქტებზე, რომლებსაც ევროპაში ჰყიდდნენ. იტალიური მედია წერს, რომ აღნიშნული საქმე, შესაძლოა, უკავშირდებოდეს მალტაში ცნობილი ჟურნალისტის დაფნე კსტუანა გალიციას მკვლელობას.როგორც ცნობილია, დაღუპვამდე ის კონტრაბანდაში მალტის მთავრობის წევრების მონაწილეობას იძიებდა..
წაკითხვა
ბილბაოში კატალონიის ავტონომიის შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 07:58:00
ბილბაოში ესპანეთის მთავრობის მიერ კატალონიის ავტონომიის შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ბასკეთის რეგიონში გამართულ აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა. "არა 155-ე მუხლს", "ხალხს არჩევანის უფლება აქვს" - სკანდირებდნენ დემონსტრაციის მონაწილეები. მიტინგში ბასკეთის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიის ლიდერი ბილდუ არნალდო ოტეგიც მონაწილეობდა, რომელიც წარსულში "ეტასთან" კავშირის გამო ყო დაპატიმრებული.ესპანეთის მთავრობამ კატალონიის ავტონომია დროებით შეზღუდა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მთავრობამ, უკანონო "რეფერენდუმის" საფუძველზე, კატალონიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ესპანეთის ავტონომიურ რეგიონში მთავრობა გადააყენეს და პარლამენტი დაითხოვეს. რიგგარეშე არჩევნები კატალონიაში 21 დეკემბერს გაიმართება.
წაკითხვა
საუდის არაბეთში 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 07:53:00
საუდის არაბეთში 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. დაპატიმრებულია ასევე 4 მინისტრიც. როგორც არაბული მედია იტყობინება, სამეფო ოჯახის წევრებს იარაღის უკანონო ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულების დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ არ გაუვრცელებიათ. პრინცები მას შემდეგ აიყვანეს, რაც, მეფის ბრძანებით, კორუფციასთან ბრძოლის უმაღლესი კომიტეტი შექმნეს. უწყებას ტახტის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი უხელმძღვანელებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ, სალმანის ბრძანებით, თანამდებობა დატოვა ეროვნული გვარდიისა და ფლოტის მეთაურმა. "ბიბისი" წერს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად, სალმანი საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების ერთპიროვნული მეთაური გახდა.
წაკითხვა
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 07:48:00
დონალდ ტრამპი, აზიური ტურნეს ფარგლებში, ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებს უთხრა.„მოსალოდნელია პუტინთან შეხვედრას. ჩვენ გვჭირდება პუტინის დახმარება ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით" - განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიაში უკვე ჩავიდა, სადაც, პირველ რიგში, ამერიკელ სამხედროებს შეხვდა. დაგეგმილია მისი ორმხრივი მოლაპარაკებები პრემიერმინისტრ სინძო აბესთან. ორი ქვეყნის ლიდერი გოლფის თამაშსაც აპირებს. დონალდ ტრამპის აზიური ტურნე 12 დღეს გაგრძელდება. აშშ-ის ლიდერი სამხრეთ კორეას, ვიეტნამს, ჩინეთსა და ფილიპინებსაც ესტუმრება.მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხე და მისი ნეიტრალიზაცია იქნება. ის ასევე მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ორგანიზაციის (ASEAN) საიუბილეო სამიტში. აღსანიშნავია, რომ ასეთი ხანგრძლივი აზიური ტურნე აშშ-ის პრეზიდენტებს უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში არ ჩაუტარებიათ..
წაკითხვა
საუდის არაბეთის დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 07:38:00
საუდის არაბეთის დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. ძლიერი აფეთქების ხმა ერ-რიადის აეროპორტთან გაისმა. ოფიციალური ცნობებით, რაკეტის ნაწილები აეროპორტის სიახლოვეს ჩამოვარდა. "ბიბისის" ინფორმაციით, საუდის არაბეთის დედაქალაქის მიმართულებით რაკეტა იემენში მოქმედმა მეამბოხე ჰუსიტებმა ისროლეს, რომელთაც ზურგს ირანი უმაგრებს.ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. აეროპორტის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეები ყვებიან, რომ მათ სახლებში ფანჯრებმა ზანზარი დაიწყეს. იემენში უკვე წლებია სამოქალაქო ომი გრძელდება. საუდის არაბეთი მხარს ქვეყნის პრეზიდენტ მანსურ ჰადის უჭერს და მეამბოხე შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ ავიაიერიშებს განაგრძობს.
წაკითხვა
ლიბანის პრემიერ-მინისტრი გადადგა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 00:08:00
ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი გადადგა. საგანგებო ტელემიმართვისას, ჰარირიმ განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.„ჩვენ ამჟამად ვცხოვრობთ ისეთ ვითარებაში, რომელიც ჰგავს იმ პერიოდს, რომელიც რაფიკ ჰარირის მკვლელობას უძღოდა წინ“, - განაცხადა ლიბანის პრემიერ-მინისტრმა.ლიბანის ყოფილი პრემიერი, საად ჰარირის მამა, რაფიკ ჰარირი 2005 წლის თებერვალში შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ტერაქტს ემსხვერპლა.საად ჰარირიმ ტელემიმართვისას ირანი და „ჰეზბოლა“ ლიბანზე კონტროლის დამყარების მცდელობაში დაადანაშაულა.სააგნეტო Reuters-ის ინფორმაციით, საად ჰარირიმ გადადგომის შესახებ განცხადება საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადიდან გააკეთა.სუნიტმა საად ჰარირიმ ლიბანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2016 წლის დეკემბერში პოლიტიკური კომპრომისის საფუძველზე დაიკავა, რომლის შედეგად ლიბანის პრეზიდენტი ქრისტიანი-მარონიტი მიშელ აუნი გახდა. მიშელ აუნი მოძრაობა „ჰეზბოლას“ მოკავშირეა.
წაკითხვა
რომში იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდამჭერებმა იმიგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 23:33:00
რომში იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიის Forza Nuova-ს („ახალი ძალა“) მხარდამჭერებმა იმიგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, დემონსტრაციაში ორი ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.საპროტესტო აქციის ლოზუნგი იყო „ყველაფერი სამშობლოსთვის“.აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ იტალიის პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც იმიგრანტების შვილებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს.კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ იმიგრანტების შვილებს, რომლებიც იტალიაში დაიბადნენ, ან ბავშვებს, რომლებიც იტალიაში 12 წლის ასაკამდე ჩავიდნენ და ქვეყანაში სულ მცირე 5-წლიანი განათლება მიიღეს.
წაკითხვა
სირიის ეროვნული თავდაცვის ძალების რიგებში მოხალისე ქალები ჩაეწერნენ - რატომ ეშინიათ ჯიჰადისტებს ქალი მებრძოლების 
განახლებულია: 2017-11-04 20:18:00
სირიაში თვითგამოცხადებული "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია. ჯიჰადისტების წინააღმდეგ ფორმირებულ სხვადასხვა პოლიტიკური მიზნის სამხედრო გაერთიანებებს ასობით ახალი წევრი ემატება. სირიის ეროვნული თავდაცვის ძალების რიგებში 50 მოხალისე ქალი ჩაეწერა. მათი მიზანი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს, იგივე დაეშის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანაა. ამ ქალების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ჯიჰადისტებმა ყველაზე დიდი ზიანი სწორედ ქალებსა და ბავშვებს მიაყენეს. ჯიჰადისტების წინააღმდეგ ბრძოლა სირიასა და ერაყში ერთდროულად მიმდინარეობს. სირიაში რაქასა და დეირ-ალ-ზორის გათავისუფლების შემდეგ, ერაყში ჯიჰადისტები ქალაქ ალ-ყაიმიდანაც განდევნეს. რა როლს თამაშობენ ქალები ამ ომში და რატომ ეშინიათ ჯიჰადისტებს ქალი მებრძოლების ქეთი თუთბერიძე გიამბობთ.
წაკითხვა
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 18:06:00
თურქეთის პოლიციამ მარმარისში სირიელი ლტოლვილების ევროკავშირში არალეგალურად გადაყვანის მცდელობაში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცი დააკავა. მათგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი თურქეთის - იუწყება Milliyet. თურქული პრესის ინფორმაციით, დაკავებული 37 წლის მამაკაცის სახელი და გვარი მათთვის უცნობია. თურქული მედიის ცნობით, დაკავებულებს 12 სირიელი ლტოლვილი მიკროავტობუსით დანიშნულების ადგილამდე მიჰყავდათ, საიდანაც საბერძნეთის ტერიტორიაზე, როდოსის კუნძულზე არალეგალურად გადასვლაში უნდა დახმარებოდნენ. ორივე ეჭვმიტანილის საქმეს სასამართლო განიხილავს.
წაკითხვა
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 17:56:00
კარტერ პეიჯი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის შტაბში მრჩეველის თანამდებობას იკავებდა, რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტს ადასტურებს. საგარეო პოლიტიკის მიმართულების მრჩეველი აღნიშნავს, რომ რუსეთის ვიცე-პრემიერს, არკადი დვორკოვიჩს 2016 წლის ივლისში, მოსკოვში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე შეხვდა. მისივე თქმით, შეხვედრა ზოგადი ხასიათის იყო.„ეს იყო არაფერი მეტი, ვიდრე მისალმებების გაცვლა საჯარო ღონისძიებაზე“ - აღნიშნავს პეიჯი, რომელიც აქამდე ამტკიცებდა, რომ რუსეთში ყოფნისას მხოლოდ რამდენიმე ბიზნესმენს ესაუბრა, რომლებსაც დიდი ხანია, იცნობდა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვიც უარყოფდა.მოსკოვში ტრამპის საგარეო მრჩეველის შარშანდელმა ვიზიტმა მედიაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რადგან ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პეიჯი მსოფლიო პოლიტიკასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის ხედვებთან ახლო მიდგომებს გამოხატავდა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, წარმომადგენლობითი პალატის კომიტეტის სხდომაზე ის წერილიც გაასაჯაროეს, რომელიც პეიჯმა ტრამპის ყოფილ მრჩეველს და ახლა უკვე აშშ-ის იუსტიციის მინისტრს მოსკოვური შთაბეჭდილებების შესახებაც მიწერა, თუმცა მედიისთვის მისი შინაარსი უცნობია.საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აშშ-მ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე რუსეთის ხელისუფლების შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიება დაიწყო.
წაკითხვა
ერაყის ჯარმა ISIS-ის გაძევების შემდეგ ალ ყაიმში სახელმწიფო დროშა აღმართა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:19:00
ერაყელმა ჯარისკაცებმა თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელ ბასტიონად წოდებული ალ ყაიმის აღების შემდეგ, ქალაქის ცენტრში ერაყის დროშა ააფრიალეს. გამარჯვების ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.რამდენიმეკვირიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ერაყის ჯარმა და სხვა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ჯიჰადისტები ქალაქიდან განდევნეს. ალ ყაიმზე სრული კონტროლის დამყარებას საერთაშორისო საზოგადოება თვითგამოცხადებულ „ისლამურ სახელმწიფოზე“, იგივე „დაეშზე“ გამარჯვების ბოლო ფაზად აფასებს.ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთ სამიზნედ ქცეული ალ ყაიდას ერაყული ფრთის ლიდერი აბუ მუსაბ ალ ზარქავის ლიკვიდაციის შემდეგ, 2007 წელს მისივე დაარსებული ჯიჰადისტების ჯგუფი ერაყის „ისლამურ სახელმწიფოდ“ გადაკეთდა. მოგვიანებით, 2013 წლის მაისში დაჯგუფებამ ახალი სახელი - ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო დაირქვა და ერაყის ოკუპაციაც მაშინ დაიწყო.ექსტრემისტების პირველ სამიზნედ ერაყის ქალაქი ფალუჯა იქცა, ამას მოჰყვა სირიის ქალაქებიც, მათ შორის რაქა, რომელიც 2014 წლის იანვრიდან სახალიფოს დე ფაქტო დედაქალაქად გამოცხადდა. „დაეშმა“ მსოფლიოს ყურადღება მოსულში მიიპყრო, სადაც რელიგიური და ეთნიკური ნიშნით ქურთებისა და ქრისტიანების გენოციდი მოაწყო, ჯიჰადისტების სულიერმა ლიდერმა ალ ბაღდადიმ კი, იმავე ზაფხულს მოსულში თავი ხალიფად გამოაცხადა.ერაყისა და სირიის თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ „ოქროს ხანა“ სწორედ მოსულის აღებით დაიწყო, რომელიც 2015 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდა. მათ წინააღმდეგ ფორმირებული საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშმა, ერაყისა და სირიის ჯარებმა ჯიჰადისტები მაშინ ვერ შეაჩერეს. „დაეშმა“ ანტიკურ ქალაქ პალმირაში, მოსულის მსგავსად, უძველესი ცივილიზაციის ძეგლები გაანადგურა.2015 წლის მარტიდან ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ კონტროლი ჯერ სირიის ქალაქ კობანიზე დაკარგა, მოგვიანებით - ერაყის ქალაქ ტიკრიტზე. რვათვიანი ბრძოლა მოსულის ასაღებად კი, 2017 წლის ზაფხულში ჯიჰადისტების დამარცხებით დასრულდა. რამდენიმე კვირის წინ ერაყის დემოკრატიულმა ძალებმა და ქურთმა მებრძოლებმა ISIS-ის დე ფაქტო დედაქალაქი რაქაც აიღეს.მომზადებულია Reuters-ის, CNN-ის და BBC-ის მიხედვით
წაკითხვა
გაერო-ს ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 15:56:00
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ორგანიზაციაში 31 საჩივარია შესული, საიდანაც ერთი უკვე დადასტურდა, 14 საქმეზე კი, გამოძიება დაიწყო. მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში ჩადენილ სექსუალურ ძალადობას ედავებიან. ძირითადად კი, ეს ორგანიზაციის სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებს ეხებათ, რომლებიც ცენტრალურ აფრიკაში, სამხრეთ სუდანში, კონგოსა და განაში დევნილების საკითხებზე მუშაობენ. კერძოდ, ადანაშაულებენ გაერო-ს დევნილთა საქმეთა უმაღლესი კომისიის 15 და სამშვიდობო მისიის სამხედრო პერსონალის 12 თანამშრომელს. გაერო-ს გენერალური მდივნის ოფისის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯამში, ძალადობის შესაძლო მსხვერპლთა რიცხვი ასეთია - 24 ქალი და 6 არასრულწლოვანი გოგონა.Associated Press-ის გამოძიებამ აჩვენა, რომ მსოფლიო მასშტაბით, ბოლო 12 წლის განმავლობაში, გაერო-ს სამშვიდობო მისიის წევრების მხრიდან გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის 12 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა. მსხვერპლთა დიდი ნაწილი კი, არასრულწლოვნები არიან.სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის შესახებ მონაცემთა შეგროვების ახალი სისტემა გაერო-მ 2017 წელს აამოქმედა, რის შემდეგაც, ორგანიზაციაში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან საჩივრების რიცხვმა იმატა.
წაკითხვა
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 13:56:00
მასაჩუსეტსი ამერიკის პირველი შტატია, რომელმაც ლას ვეგასის ტრაგედიის შემდეგ გადატენვის დამაჩქარებელი სისტემით ვაჭრობა აკრძალა - წერს Boston Magazine. განკარგულებას შტატის გუბერნატორის მოადგილემ ქერინ პოლიტომ მოაწერა ხელი. დოკუმენტი მასაჩუსეტსის შტატის საკანონმდებლო საბჭომ უკვე დაამტკიცა.ახალი კანონის თანახმად, გადატენვის დამაჩქარებელი სისტემა, რომელიც ავტომატზე მონტაჟდება, მაღაზიებში აღარ გაიყიდება. კანონი დარღვევის შემთხვევაში 18 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ახალი რეგულაცია ბოსტონში პირველ ოქტომბერს ლას ვეგასში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მიიღეს, როცა 64 წლის მამაკაცმა სტივენ პედოკმა კონცერტზე შეკრებილ ხალხს სასტუმროს ნომრის ფანჯრიდან ცეცხლი გაუხსნა. გამოძიების ინფორმაციით, მასობრივი ხოცვის მიზნით პედოკის ავტომატი გადატენვის დამაჩქარებელი სისტემით იყო აღჭურვილი. ამ სისტემას წუთში 800-მდე ტყვიის გამოფრქვევა შეუძლია. ლას ვეგასში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 58 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი დაშავდა.მსგავსი კანონი წლების წინ კალიფორნიაში მიიღეს. მასაჩუსეტსის მსგასად აღნიშნულ რეგულაციაზე კიდევ ექვსი შტატი მუშაობს.
წაკითხვა
კატალონიის კრიზისი ესპანეთს შესაძლოა, 27 მილიარდი ევრო დაუჯდეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 13:02:00
კატალონიის კრიზისმა შესაძლოა, ესპანეთის ეკონომიკა 27 მილიარდი ევროთი დააზარალოს - წერს El Pais. ქვეყნის ბიუჯეტში მოსალოდნელი ზარალის შესახებ საგანგებო განცხადება ესპანეთის ეროვნულმა ბანკმა წლიური ანგარიშის შედგენის შემდეგ გაავრცელა.განცხადებაში წერია, რომ 2018-2019 წლებში დაგეგმილი პროექტების 60% შესაძლოა, შეჩერდეს, რაც ქვეყნის მშპ-ს 0,3%-დან 2,25%-მდე ზარალს მიაყენებს.კატალონიაში მიმდინარე პროცესების ფონზე რამდენიმე კვირის წინ ესპანეთის ეროვნული ბანკის დირექტორმა ლუის ლინდემ ორივე მხარეს მოუწოდა, ვითარების ესკალაციისგან თავი შეეკავებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე შეექმნებოდა.ლუის ლინდეს განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ ქვეყანა 2008-2012 წლების ეკონომიკური კრიზისის ფაზაში დაბრუნდეს.
წაკითხვა
ავღანეთში WhatsApp-ით მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა დაიბლოკება
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 12:22:00
ავღანეთის მთავრობამ საერთაშორისო მესინჯერის აპლიკაციის, WhatsApp-ის დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მიზეზი უცნობია. ავღანეთის კავშირგაბმულობის სამინისტრომ ინტერნეტპროვაიდერებს წერილი უკვე გაუგზავნა. სოციალური ქსელების მოხმარება ავღანეთში ერთ-ერთი მწვავე საკითხია. საერთაშორისო უფლებადამცელი ორგანიზაციები რამდენიმე წელია, აცხადებენ, რომ ავღანეთში ადამიანის უფლებების პერმანენტული დარღვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ოფიციალური ქაბული მოსახლეობას ინტერნეტთან წვდომას ნაწილობრივ უზღუდავს. ავღანეთის კავშირგაბმულობის მინისტრმა შაჰზად არიობიმ წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ WhatsApp-ის დაბლოკვა დროებითია, რაც ინტერნეტხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. საერთაშორისო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, WhatsApp-ის დაბლოკა შესაძლოა, ტერორისტულ ორგანიზაცია თალიბანსაც უკავშირდებოდეს. ავღანეთის მთავრობის ანგარიშში არაერთხელ აღინიშნა, რომ ბოლო წლებში სოციალურ ქსელებსა და მესინჯერებს კომუნიკაციის დასამყარებლად თალიბები ხშირად იყენებენ.
წაკითხვა
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 10:45:00
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 11-დღიანი აზიური ტურნე დაიწყო. ბოლო 25 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი აზიაში თითქმის ორკვირიან ტურნეს მართავს - იუწყება NBC.იაპონია, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი და ჩინეთი - ეს იმ ძირითადი ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც დონალდ ტრამპი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ჩავა. აზიური ტურნე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰავაიზე მდებარე პერლ ჰარბორის მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო. პერლ ჰარბორში მდებარე შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა 1941 წელს იაპონიის ავიაციის სამიზნედ იქცა, რასაც 65 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.აზიური ტურნეს ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმისგან მომდინარე საფრთხე იქნება. ფხენიანის ბირთვულ ამბიციებს ტრამპი როგორც სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე ჩინეთის ხელისუფლებასთან აუდიენციისას განიხილავს.პირველი ქვეყანა აზიური ტურნეს ფარგლებში, რომელსაც ტრამპი ეწვევა, იაპონიაა. 7 ნოემბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი სამხრეთ კორეაში ჩავა, საიდანაც იგი ჩინეთში გაემგზავრება. სამდღიანი ვიზიტის შემდეგ, მომდევნო დანიშნულების ადგილი ვიეტნამია, სადაც ტრამპი აზია–წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრება. საერთაშორისო მედიაში არსებობს მოლოდინი, რომ ამ სამიტზე ტრამპი ვლადიმერ პუტინს მეორედ შეხვდება. პირველად მათი შეხვედრა 2017 წლის 7 ივლისს, ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გაიმართა.ვიეტნამიდან დონალდ ტრამპი მანილასა და ფილიპინებს ეწვევა.ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის აზიური ტურნე 13 ნოემბერს ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგო დუტერტესთან შეხვედრით დასრულდება.
წაკითხვა