საზოგადოებრივი
104.5 FM
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 02:15:00
სამწუხაროდ, ოფიციალურმა ოტავამ მიღებული ანტირუსული კანონის თანახმად იმოქმედა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვები დააწესა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ კანადის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად ე.წ. მაგნიცკის საქმესთან დაკავშირებით, კანადის ხელისუფლებამ რუსეთის 30 მოქალაქეს სანქციები დაუწესა.„ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ კანადის ხელისუფლება, რომ მსგავს ზომებს უპასუხოდ არ დავტოვებდით. სამწუხაროდ, ოფიციალურმა ოტავამ მიღებული ანტირუსული კანონის თანახმად იმოქმედა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვები დააწესა. ჩნდება კითხვა: რის მიღწევას აპირებს კანადის ხელისუფლება?სჯერათ თუ არა მათ, რომ მართლაც შეიძლება რუსეთის შევიწროება? თუ მხოლოდ საკუთარ ამბიციებს იკმაყოფილებენ? თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ",- განაცხადა მარია ზახაროვამ. ზახაროვას განცხადებით, რუსეთში შესვლა აეკრძალა კანადის იმ ათეულობით მოქალაქეს, რომლებიც რუსეთისა და კანადის ურთიერთობების გაფუჭებით არიან დაინტერესებული. ე.წ. მაგნიცკის საქმესთან დაკავშირებით, კანადის ხელისუფლებამ რუსეთის 30 მოქალაქეს სანქციები დაუწესა.
წაკითხვა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერბეთში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 01:20:00
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერბეთში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა. პაველ კლიმკინმა აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინელი დიპლომატის მიმართ სერბეთის ხელისუფლების კრიტიკის შემდეგ მიიღო. სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ივიცა ტონჩევის, განცხადებით, უკრაინის ელჩის გამონათქვამები არადიპლომატიურია.სკანდალურ ინტერვიუში ელჩმა, ალექსნადრ ალექსანდროვიჩმა, აღნიშნა, რომ სერბეთი დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას არ აწარმოებს და რუსეთის ხელში ინსტრუმენტს წარმოადგენს.გარდა ამისა, უკრაინელი დიპლომატის თქმით, რუსეთი სერბეთს ევროპის გასანადგურებლად იყენებს. სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მთავრობას მოუწოდებს ელჩს მიუთითოს, რომ მსგავსი ქმედება მიუღებელია.
წაკითხვა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 00:42:00
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს. ჯეიმს მეტისი 6-10 ნოემბერს ევროპის რამდენიმე ქვეყნას ესტუმრება.ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნება ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე ნატოს ფორმატსა და ჯიჰადისტების წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. "6-7 ნოემბერს მინისტრი მეტისი ტურნეს ჩრდილოეთის ჯგუფის წევრებთან შეხვედრით დაიწყებს - ესაა 12 ქვეყნისგან შემდგარი მრავალმხრივი ფორუმი. მათ შორის არის ჩრდილოეთ ევროპის ხუთი ქვეყანა (ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, დანია, ისლანდია), ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი), ასევე გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი და ბრიტანეთი" - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში. 8-9 ნოემბერს პენტაგონის ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალსა და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების მინისტრების შეხვედრაში. 10 ნოემბერს კი ჯეიმს მეტისი ბრიტანეთში ჩავა.
წაკითხვა
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 00:22:00
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს. ინფორმაციას აშშ-ის აფრიკის სარდლობის პრესსამსახური ავრცელებს. „სომალის ფედერალურ მთავრობასთან კოორდინაციით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჯიჰადისტების წინააღმდეგ ორი ავიადარტყმა განხორციელდა და რამდენიმე ტერორისტი განადგურდა. ამ დროისთვის, იერიშების შედეგების შეფასება მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში. 2014 წელს სომალიში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს გამოჩენის შემდეგ, ეს ჯიჰადისტების წინააღმდეგ განხორციელებული პირველი ოპერაცია იყო.
წაკითხვა
ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე სასამართლო პროცესი 7 მაისს დაიწყება
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 23:56:00
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის საქმეზე სასამართლო პროცესი 7 მაისს დაიწყება. ამის შესახებ სასამართლოს დოკუმენტებშია ნათქვამი. მანაფორტს აშშ-ის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენასა და ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს. ბრალდება მიიჩნევს, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს, მანაფორტი და მისი მოადგილე, რიჩარდ გეიტსი უკრაინის მთავრობასა და "რეგიონების" პარტიაზე მუშაობდნენ, რა დროსაც ათობით მილიონი დოლარი აიღეს და გადასახადებს თავი აარიდეს.ბრალდება ასევე აცხადებს, რომ უცხოური მთავრობის ინტერესების ლობირების დროს, აშშ-ის კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, მანაფორტი და გეიტსი უცხოელ აგენტებად არ დარეგისტრირდნენ.მანაფორტის საქმეს ვაშინგტონის საოლქო სასამართლო განიხილავს. მის წინააღმდეგ ბრალდებები სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიების ფარგლებში წარადგინეს, რომელიც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და ტრამპის კამპანიის რუსეთთან სავარაუდო კავშირის საკითხს იძიებს.
წაკითხვა
ე.წ. მაგნიცკის საქმესთან დაკავშირებით, კანადის ხელისუფლებამ რუსეთის 30 მოქალაქეს სანქციები დაუწესა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 23:27:00
ე.წ. მაგნიცკის საქმესთან დაკავშირებით, კანადის ხელისუფლებამ რუსეთის 30 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხებათ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც 2008 წელს რუსი იურისტის, სერგეი მაგნიცკის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, 230 მილიონი დოლარის ოდენობის საგადასახადო თაღლითობაში იყვენენ ჩართული. სანქციები ასევე შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც წინასწარი პატიმრობის დროს მაგნიცკიზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდნენ. აღნიშნული პირების აქტივები გაიყინება და მათ კანადაში შესვლა აეკრძალებათ. სასანქციო სიაში მოხვდნენ რუსეთის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრ ბასტრიკინი და რუსი პოლიტიკოსი და იურისტი, ლეონიდ მარკელოვი. მოსკოვში ამბობენ, რომ სანქციების დაწესება სამომავლოდ ორმხრივ კავშირებს დააზარალებს.
წაკითხვა
ესპანელმა მოსამართლემ პუიჩდემონისა და მასთან ერთად, ბელგიაში მყოფი მინისტრთა კაბინეტის ოთხი წევრის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 23:15:00
ესპანელმა მოსამართლემ კატალონიის რეგიონალური მთავრობის ყოფილი მეთაურის, კარლეს პუიჩდემონისა და ბელგიაში მასთან ერთად მყოფი მინისტრთა კაბინეტის ოთხი წევრის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კატალონიის სეპარატისტი ლიდერების დაკავების თხოვნით სასამართლოს ესპანეთის მთავარმა პროკურორმა მიმართა. პროკურატურის მიმართვამდე, კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი, კარლეს პუიჩდემონი სასამართლოში დაკითხვაზე იყო დაბარებული, თუმცა, იგი არ გამოცხადდა.  ესპანეთში კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილი 9 წევრი უკვე დააკავეს. მათგან ერთ-ერთი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ოფიციალურ მადრიდს პუიჩდემონი პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს.
წაკითხვა
კარლეს პუიჩდემონი 21 დეკემბერს ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 23:14:00
კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი 21 დეკემბერს ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს. განცხადებას კარლეს პუიჩდემონი ბრიუსელში აკეთებს. პუიჩდემონი ბელგიურ ტელევიზიასთან საუბრის დროს აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიას ბელგიიდან ჩაატარებს და კატალონიაში მომხრეების მობილიზაციას შეძლებს. კატალონიის ყოფილ ლიდერს დეკემბრის არჩევნებში გამარჯვების იმედი აქვს. „ძალადობა ჩემი არჩევანი არასდროს ყოფილა.მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. მე არ გავქცეულვარ და არც დამალვას ვაპირებ. მზად ვარ ბელგიის სასამართლოსთან სათანამშრომლოდ და თავის დასაცავად",-აცხადებს ბელგიაში მყოფი კარლეს პუიჩდემონი. განცხადება გააკეთა კარლეს პუიჩდემონის ადვოკატმაც. კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დამცველი ამბობს, რომ დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ, ისინი ბელგიის ფედერალური პროკურორის გადაწყვეტილებას ელოდებიან და საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან თანამშრომლობისთვის.
წაკითხვა
კარლეს პუიჩდემონის მომხრეები ბრიუსელში, ევროპულ საბჭოსთან აქციას მართავენ - ფოტო/ვიდეო
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 22:15:00
ამ წუთებში ბრიუსელში, ევროპული საბჭოსთან, კარლეს პუიჩდემონის მომხრეები აქციას მართავენ. ბელგიაში მცხოვრები კატალონიელები მადრიდში დაკავებული მთავრობის წევრების გათავისუფლებასა და პუიჩდემონის წინააღმდეგ აღძრულის საქმის შეწყვეტას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კარლეს პუიჩდემონი მათი პრეზიდენტია და მთავრობის ყოფილი წევრები პოლიტიკური პატიმრები არიან.კატალონიელები ევროკავშირის ლიდერებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ კატალონია დამოუკიდებელი რესპუბლიკაა და საერთაშორისო თანამეგობრობამ მათი დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს. უკვე მეორე დღეა, პუიჩდემონის მთავრობის რვა წევრი დაკავებულია. ესპანეთის სასამართლომ კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ორდერი 2 ნოემბერს გასცა.
წაკითხვა
ვითარება ქურთისტანში - დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი რეგიონი ახალი გამოწვევების წინაშე
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 20:28:00
ახალი გამოწვევები ერაყის ქურთისტანის დღის წესრიგში. დამოუკიდებლობისთვის მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ, მასუდ ბარზანიმ რეფერენდუმი ჩაატარა, თუმცა ვა-ბანკმა არ გაამართლა. კირკუკში ნავთობის ზონების დაკარგვამ, რომელიც შემოსავალს უზრუნველყოფდა და დამოუკიდებელი ქურთისტანისთვის გადამწყვეტი მნივშნელობა უნდა ჰქონოდა, შიდა კრიტიკის გააქტიურება გამოიწვია. გივი ბარამიძის სიუჯეტი დეტალებით. 
წაკითხვა
კარლეს პუიჩდემონის სასამართლო დადგენილების მოლოდინშია
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 18:42:00
ბელგიაში მყოფი კარლეს პუიჩდემონის მის დაკავებასთან დაკავშირებით სასამართლო დადგენილების მოლოდინშია. ესპანეთის უზენაესი სასამართლო საერთაშორისო ორდერის გაცემის საკითხს განიხილავს. ბელგიის ხელისუფლებაში კი პუიჩდემონისთვის თავშესაფრის მინიჭების აუცილებლობას ვერ ხედავენ.კატალონიის ყოფილ მეთაურს ბრიუსელისთვის ოფიციალური თხოვნით ამ დრომდე არ მიუმართავს. 
წაკითხვა
პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ძალები დონბასში, კონფლიქტის ზონის გამყოფ ხაზთან დაბრუნებისთვის მზად უნდა იყვნენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 18:12:00
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, დონბასში, კონფლიქტის ზონის გამყოფ ხაზთან დაბრუნებისთვის ქვეყნის სარაკეტო და საარტილერიო ძალები მზად უნდა იყვნენ. ამის შესახებ პოროშენკომ უკრაინის არტილერიისა და სარაკეტო ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„დღეს აუცილებელია, რომ ჩვენ განვავითაროთ საარტილერიო და სარაკეტო სისტემების ოსტატობა, სწრაფი რეაგირება, გადაადგილება და განთავსება. თქვენ კონფლიქტის ზონაში გამყოფ ხაზს დაგაშორეს, თუმცა მზად უნდა იყოთ, ნებისმიერ დროს დაბრუნდეთ იქ და ბრძოლაში ჩაერთოთ, თუ ეს თავდაცვის საჭიროებებით იქნება ნაკარნახევი“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.მინსკის შეთანხმებები დონბასში გამყოფი ხაზიდან ტანკებისა და 100 მილიმეტრზე მეტი კალიბრის არტილერიის გაყვანას ითვალისწინებს.
წაკითხვა
ანგელა მერკელის განცხადებით, სამ პარტიას სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით რთული მოლაპარაკებები ელის
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 17:09:00
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ სამ პარტიას სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით რთული მოლაპარაკებები ელის. თუმცა მერკელი დარწმუნებულია, რომ მხარეები აზრთა სხვადასხვაობის გადალახვას შეძლებენ.ანგელა მერკელის ბლოკი სამთავრობო კოალიციაზე მოლაპარაკებებს „თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთან“ და „მწვანეთა კავშირთან“ მართავს. „ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში რთული მოლაპარაკებები გველის, თუმცა ვფიქრობ, გამოწვევების გადალახვას შევძლებთ, თუკი ძალისხმევას მივმართავთ იმისკენ, რომ თითოეულმა პარტნიორმა გააკეთოს რამე კარგი მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ამ განწყობით მე გადავდივარ მოლაპარაკებების მორიგ ფაზაზე“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.24 სექტემბერს გამართული არჩევნების შედეგად, მერკელის ბლოკის წევრები ახალი მოწვევის პარლამენტში 709-დან 249 მანდატს მიიღებენ. საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ბუნდესტაგში სოციალ-დემოკრატებს 153 დეპუტატი ეყოლებათ. ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 94 დეპუტატს შეიყვანს პარლამენტში. „თავისუფალი დემოკრატები“ - 80, „მწვანეები“ - 67, ხოლო მემარცხენე Die Linke 69 ადგილს მიიღებს. სოციალ-დემოკრატებმა, რომლებსაც მარტინ შულცი ხელმძღვანელობს, სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე უარი განაცხადეს.
წაკითხვა
პედოფილიისთვის გასამართლებული აშშ-ის მოქალაქეების პასპორტში შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდება
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 16:55:00
აშშ-ის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ბავშვების წინააღმდეგ სექსუალური ხასიათის დანაშაული აქვთ ჩადენილი, საზღვარგარეთ მგზავრობისას  ახალი პასპორტის გამოყენება მოუწევთ. პასპორტში აღნიშნული იქნება მათ მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, არასრულწლოვნების წინააღმდეგ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩამდენი რეგისტრირებული პირების ახლანდელი პასპორტები გაუქმდება და მათ ახალი პასპორტების აღება მოუწევთ, სადაც მათი სტატუსი იქნება იდენტიფიცირებული.საბუთის ყდის უკანა მხარეს იქნება დატანილი შემდეგი ტექსტი: „მფლობელი დამნაშავედ ცნეს არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენაში“.აღნიშნულ რეგულაციას “მეგანის საერთაშორისო კანონი“ ითვალისწინებს, რომელსაც 2016 წლის 8 თებევრალს ბარაკ ობამამ მოაწერა ხელი. კანონს შვიდი წლის მეგან კანკას სახელი ეწოდა. ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. საზარელი მკვლელობა ნიუ-ჯერსიში 1994 წელს მოხდა. გახმაურებული საქმის შემდეგ აშშ-ის რამდენიმე შტატში ბავშვებზე სექსუალური ძალადობისთვის გასამართლებული პირების მონაცემთა ბაზა შეიქმნა.  
წაკითხვა
მოსკოვში პუშკინის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთ შენობაში ხანძარია
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 16:50:00
მოსკოვში პუშკინის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთ შენობაში ხანძარია. თვითმხილველებზე დაყრდნობით რუსული მედია წერს, რომ კვამლი მუზეუმის შენობის სახურავიდან ამოდის. ადგილზე უკვე მუშაობენ სახანძრო სამსახურის თანამშრომლები. მოსკოვის პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმში რუსეთის მასშტაბით ევროპული ხელოვნების ყველაზე დიდი კოლექცია ინახება.
წაკითხვა
თურქეთში დაკავებული გერმანიის ერთ-ერთი მოქალაქე პატიმრობიდან გაათავისუფლეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 16:44:00
თურქეთში დაკავებული გერმანიის ერთ-ერთი მოქალაქე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გერმანიის მოქალაქეს იზოლატორიდან გათავისუფლებამდე ხელწერილი დააწერინეს, რომლის თანახმადაც, მან ქვეყანა არ უნდა დატოვოს. "კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც თურქეთში პოლიტიკური მიზეზებით იყო დაკავებული, პატიმრობიდან გათავისუფლებულია", - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რაინერ ბროილმა. გერმანიის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის თურქეთის საპატიმროში გერმანიის ცხრა მოქალაქე იმყოფება, რომლებიც პოლიტიკური მიზეზებით არიან დაკავებული. რამდენიმე დღის წინ, წინასწარი პატიმრობიდან გერმანელი უფლებადამცველი, პიტერ შტოიდტნერი გაათავისუფლეს. გერმანელი უფლებადამცველი თურქეთის საპატიმრო იზოლატორში სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.
წაკითხვა
მალტელი ჟურნალისტის დაფნა კარუანა გალიციას ​ხსოვნის პატივსაცემად ევროკომისიის წინ დროშები დაუშვეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 16:08:00
მალტელი ჟურნალისტის დაფნა კარუანა  გალიციას ​ხსოვნის პატივსაცემად ევროკომისიის წინ დროშებია დაშვებული. დაფნა კარუანა გალიციას დღეს დაკრძალავენ. ოჯახის გადაწყვეტილებით, დაკრძალვას არც მალტის პრეზიდენტი და არც პრემიერ-მინისტრი დაესწრებიან. ჟურნალისტი 16 ოქტომბერს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს.
წაკითხვა
იტალიელმა მებაჟეებმა და ფინანსურმა პოლიციამ "ტრამადოლის" 24 მილიონი აბი აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 15:23:00
იტალიელმა მებაჟეებმა და ფინანსურმა პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერების "ტრამადოლის" 24 მილიონი აბი აღმოაჩინეს. კონტრაბანდული ტვირთი კალამბრიის რეგიონის ქალაქ ჯოია-ტაუროში აღმოაჩინეს. 50 მილიონი ევროს ღირებულების ძლიერმოქმედ ტკივილგამაყუჩებელს - "ტრამადოლს" იტალიის გავლით ინდოეთიდან ლიბიაში აგზავნიდნენ. როგორც კალაბრიის რეგიონის პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებენ, ნარკოტიკული ტვირთის ტრანსპორტირება ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ორგანიზებით ხდებოდა. მედიკამენტების გაყიდვიდან მიღებული თანხა კი დაჯგუფების მებრძოლების ტერორისტული საქმიანობის დაფინანსებას უნდა მოხმარებოდა.
წაკითხვა
უკრაინაში საქალაქო საბჭოს დეპუტატი, “პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ფრაქციის თავმჯდომარე სერგეი სამარსკი მოკლეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 15:06:00
უკრაინაში ჩრდილოდონეცკის საქალაქო საბჭოში “პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ფრაქციის თავმჯდომარე, დეპუტატი სერგეი სამარსკი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.2 ნოემბრის საღამოს, ლუგანსკის ოლქის ჩრდილოდონეცკის პოლიციის განყოფილებაში შევიდა დეპუტატის მეუღლის ირინა სამარსკაიას შეტყობინება, რომელმაც მეუღლის გაუჩინარების შესახებ განაცხადა. სამარსკის საძებნად პოლიციის რაზმი გაგზავნეს, რომელმაც დეპუტატის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხედარი აღმოაჩინა. ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება. სამართალდამცავების ცნობით, პოლიტიკოსს თავის ქალა აქვს გატეხილი. ამჟამად ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი, კინოლოგები და ექსპერტი-კრიმინალისტები მუშაობენ.პოლიციაში აცხადებენ, რომ მკვლელობის რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, მათ შორის ძირითადი დეპუტატის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. ამასთან, არ არის გამორიცხული ძარცვის მიზნით თავდასხმა, ასევე სამარსკის ბიზნეს-საქმიანობასთან დაკავშირებული ვერსიები.როგორც ტელეკომპანია 112-ის ეთერში ლუგანსკის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ირინა ვერიგინამ განაცხადა, სერგეი სამარსკის ემუქრებოდნენ.„სერგეიმ წარსულში არაერთი მუქარა მიიღო, თუმცა, როგორც ვიცი, მას დაცვა არ ჰყავდა“, - განაცხადა ვერიგინა. ყოფილი გუბერნატორის თქმით, სამარსკის 2014 წელსაც დაესხნენ თავს.„2014 წელს ის გაიტაცეს. აწამეს, მისი განადგურება სცადეს. ის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სარდაფებში იმყოფებოდა, თუმცა სასწაულებრივად გადარჩა“, - განაცხადა ლუგანსკის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა.
წაკითხვა
"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იერიშის ბოლო ფაზის ფარგლებში სამთავრობო არმია ქალაქ ელ-ყაიმში შევიდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:38:00
ერაყში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იერიშის ბოლო ფაზის ფარგლებში სამთავრობო არმია სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ ელ-ყაიმში შევიდა. სამხედრო ოპერაციაში ჩართულია ერაყის არმიის 40 ათასი ჯარისკაცი, სუნიტური ტომებისგან ფორმირებული სამხედრო ჯგუფები და ირანისგან მხარდაჭერილი "სახალხო მობილიზაციის შენაერთი". ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამთავრობო კოალიციურმა არმიამ ჯიჰადისტების კონტროლირებული ჰუსეიბა-ყარაბილის პირველი თავდაცვითი ხაზი გადაკვეთა, ქალაქში შევიდა და ახლომდებარე სიმაღლეები დაიკავა. ბოლო მონაცემებით, ერაყის ხელისუფლება სირიასთან სასაზღვრო ზონის 85%-ს აკონტროლებს. გასულ კვირას ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ ქალაქების, ელ-ყაიმისა და რავას გათავისუფლების ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა და მათ ერაყში ტერორისტების ბოლო დასაყრდენი უწოდა. აღნიშნული ქალაქები ანბარის პროვინციაში, ერაყის დასავლეთით, სირიის საზღვრის სიახოვეს მდებარეობს.
წაკითხვა