საზოგადოებრივი
104.5 FM
ყველა სიახლე
რეგიონები
გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად ხანძარია
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 16:55:00
ხანძარია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად.როგორც პირველ არხს საგარეჯო-გურჯაანის სატყეო უბნის უფროსმა კობა შათირიშვილმა განუცხადა, დაკვამლიანების ადგილისკენ უკვე მიემართება სატყეო სამმართველოს, სახანძრო სამაშველოსა და ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფი. მისი თქმით, დაზუსტებული ინფორმაცია ხანძრის მასშტაბების შესახებ ცნობილი არ არის.საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ცეცხლი ერთ ჰექტარ ფართობზე ხმელ ბალახს უკიდია და ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
წაკითხვა
სპორტი
UFC 217-ზე „ჯი-ეს-პი“ დაბრუნდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 16:45:00
შერეული საბრძოლო ორთაბრძოლების ყველაზე პოპულარული ორგანიზაციის, UFC -ის ფარგლებში სამი საჩემპიონო ბრძოლა გაიმართა და ქამარი სამივე ჩემპიონმა დათმო.UFC 217-ის მთავარი ბარათის პირველ საჩემპიონო ორთაბრძოლაში ერთმანეთს აქამდე დაუმარცხებელი ჩემპიონი (14:0) ჯოანა ჯედრეზეიჩიკი და როუს ნამაჯუნასი დაუპირისპირდნენ. ბრძოლის უდაო ფავორიტად მოქმედი ჩემპიონი მიიჩნეოდა, თუმცა 25 წლის ნამაჯუნისმა ყველა მოლოდინის საპირისპიროდ პირველივე რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვა და „ჩალისწონის“ დივიზიაში (48-52 კგ.) საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.გულშემატკივარს დიდი მოლოდინი ჰქონდა მეორე საჩემპიონო ორთაბრძოლის მიმართ, რომელშიც ერთმანეთს კოდი გარბრანდტი და ტიჯეი დილაშაუ შეხვდნენ. მსუბუქი წონის მებრძოლები წარსულში „თიმ ალფა დოგში" თანაგუნდელები იყვნენ და ერთადაც ვარჯიშობდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც დილაშაუმ გუნდი დატოვა მათ ურთიერთობა გაუფუჭდათ.შეხვედრის პირველ რაუნდში მოქმედი ჩემპიონი გარბრანდტი დომინირებდა. ტექნიკურმა და სწრაფმა სპორტსმენმა რაუნდის მიწურულს დილაშაუ ნოკდაუნშიც გაუშვა, თუმცა, დროის ამოწურვის გამო, საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხა.მეორე რაუნდში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, მანამ სანამ დილაშაუმ მეტოქეს ძლიერი დარტყმა არ გაუტარა და ნოკაუტით დაამარცხა. გარბრანტმა (11-1) კარიერაში პირველად წააგო, დილაშაუმ კი საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა.UFC 217-ის მთავარი ღონისძიება საშუალო წონის ჩემპიონ მაიქლ ბისპინგსა და ლეგენდარული ჯორჯ სენ-პიერის ორთაბრძოლით (26-2) დასრულდა.„ჯი-ეს-პი“ ოქტაგონს დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, ახალ წონაში იასპარეზა, ჩემპიონი მგუდავი ილეთით დაამარცხა და გახდა მეოთხე მებრძოლი (რენდი კუტურის, ბიჯეი პენის და კონორ მაკგრეგორის შემდეგ), რომელმაც UFC-ის ჩემპიონის ტიტული ორ წონით კატეგორიაში მოიპოვა.
წაკითხვა
სამართალი
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების სარჩელი არ დააკმაყოფილა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 16:04:00
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უკვე ცნობილია ოპოზიციური პარტიების სარჩელზე. საქალაქო სასამართლომ ცხრა პოლიტიკური გუნდის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საარჩევნო სუბიექტებს რიგ ოლქებში ოქმების გაუქმება და ხმების გადათვლა სურდათ. ოპოზიციური პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ. გასაჩივრებისთვის მხარეს 24 საათიანი ვადა აქვს.  
წაკითხვა
სპორტი
მსოფლიოს ჩემპიონმა დეონტეი უაილდერმა ნოკაუტით მოიგო და ტიტული შეინარჩუნა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 16:03:00
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს საკრივო კავშირის (WBC) ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონმა, ამერიკელმა დეონტეი უაილდერმა (39-0, 38KO) მარტივად დაიცვა საჩემპიონო ქამარი კანადელი ბერმეინ სტივერნის წინააღმდეგ.ეს იყო მოკრივეების რიგით მეორე ბრძოლა. ორი წლის წინ, პირველ ორთაბრძოლაში უაილდერმა 12 რაუნდის შემდეგ, ქულებით აჯობა სტივერნს. ჩემპიონმა პირველ რაუნდში ნოკაუტით დაასრულა შეხვედრა. სანამ რეფერი ბრძოლას შეწყვეტდა, უაილდერმა კანადელი მეტოქე ორჯერ გაუშვა ნოკდაუნში. მესამე წაქცევის შემდეგ, ორთაბრძოლის გაგრძელება სტივერნისთვის სახიფათო იყო.შეხვედრის შემდეგ, დეონტეი უაილდერმა ბრძოლაში გამოიწვია სუპერმძიმე კატეგორიის მეორე ვარსკვლავი, ვლადიმირ კლიჩკოს მძლეველი ენტონი ჯოშუა. შეგახსენებთ, რომ  WBA, WBO-სა და IBF-ის ვერსიით, ბრიტანელი ფლობს საჩემპიონო ქამრებს.
წაკითხვა
სამართალი
საქალაქო სასამართლო ლელა ქიტესაშვილის სარჩელს განიხილავს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 16:02:00
ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ლელა ქიტესაშვილის სარჩელს განიხილავს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი თიანეთში ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვს. სახელისუფლებო კანდიდატმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა საოლქო-საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც ერთი ხმით თამაზ მეჭიაური იმარჯვებს. ლელა ქიტესაშვილი ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. 
წაკითხვა
საზოგადოება
კასპის საჯარო სკოლაში ვეტერანმა ფეხბურთელებმა სკოლის ახალ სპორტულ მოედანზე მოსწავლეებთან ერთად ითამაშეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 15:43:00
კასპის რაიონის სოფელ თვალადის საჯარო სკოლაში საფეხბურთო ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელებმა სკოლის ახალ სპორტულ მოედანზე მოსწავლეებთან ერთად ითამაშეს. ფეხბურთის ფედერაციამ სკოლას ფორმები და ბურთები გადასცა. ვეტერანმა ფეხბურთელებმა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად სკოლის შენობა დაათვალიერეს.სოფელ თვალადში ახლად აშენებული სკოლა წელს გაიხსნა,სადაც 95 მოსწავლე სწავლობს.
წაკითხვა
რეგიონები
სოფელ ართანის ტყეში, ხანძრის ჩაქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად მოხალისეებიც ჩაერთნენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 15:38:00
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ალპურ ზონაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად მოხალისეებიც ჩაერთნენ. მოხალისეთა ჯგუფი 10-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად ხანძრის ჩაქრობას მთის ციცაბო ფერდობებზე ცდილობს. ცეცხლი ხმელ ფოთოლსა და ბალახს უკიდია. ხანძარი ალპურ ზონაში, სპეცტექნიკისთვის მიუდგომელ ადგილშია გაჩენილი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ხანძრის ახალი კერები არ გაჩენილა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, თუ ხანძრის ლოკალიზება დროულად ვერ მოხერხდება, ტყის მასივზე ცეცხლის გავრცელებას არ გამორიცხავენ.
წაკითხვა
მსოფლიო
საუდის არაბეთში დაპატიმრებულ პრინცებსა და მინისტრებს შორის, მილიარდერი ალვალიდ ბინ თალალიც არის
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 15:25:00
საუდის არაბეთში დაპატიმრებულ პრინცებსა და მინისტრებს შორის, მილიარდერი ალვალიდ ბინ თალალიც არის. როგორც ცნობილია, ის ისეთი კომპანიების წილის მფლობელია, როგორიცაა „ტვიტერი“ და „ეფლი“. მის ქონებას „ფორბსი“ 17 მილიარდ დოლარად აფასებს. მას ბრალად კორუფციულ გარიგებებში მონაწილობას სდებენ. სულ, საუდის არაბეთის მეფის ბრძანებით შექმნილა ანტიკორუფციულმა კომიტეტმა 11 პრინცისა და ოთხი მოქმედი მინისტრის დაკავების ბრძანება გასცა. ახალ უწყებას საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მოჰამედ ბინ სლამანი ხელმძღვანელობს. მანამდე სალმანმა საუდის არაბეთის ფლოტისა და ეროვნული გვარდიების მეთაურები მოხსნა. როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, 32 წლის სალმანი საუდის არაბეთის შეიარაღებულ ძალებს ფაქტობრივად ერთპიროვნულად მართავს.
წაკითხვა
რეგიონები
თელავში, მშვიდობის ქუჩაზე 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 15:13:00
თელავში, მშვიდობის ქუჩაზე 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დილით ოჯახის წევრებმა იპოვეს და პოლიციას შეატყობინეს. გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი ჯერ უცნობია. როგორც პირველ არხს შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წაკითხვა
მსოფლიო
სირიაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 14:48:00
სირიაში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ცნობას ადგილობრივი მედია ავრცელებს.თვითმკვლელმა თავდამსხმელმა დანაღმული ავტომობილი პროვინცია დეირ-ელ-ზორის სამხრეთით მდებარე დევნილთა ბანაკთან ააფეთქა. მსხვერპლთა შორის უმეტესობა ქალი და ბავშვია. როგორც სირიის სამხედრო მეთაურები ამბობენ, თავდამსხმელი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო.
წაკითხვა
მედია
6 ნოემბრიდან „მოამბე“ ახალი დროითა და ფორმატით გავა ეთერში
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 14:37:00
პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ 6 ნოემბრიდან ახალი დროითა და ფორმატით გავა ეთერში.„მოამბის“ ნახვა მაყურებელს პირდაპირ ეთერში ყოველდღე, დღეში ხუთჯერ - 09:00, 12:00, 15:00, 18:00-სა და 21:00 საათზე შეუძლია.„მოამბის“ გუნდი 15 და 30-წუთიან გამოშვებებში შემოგთავაზებთ სტანდარტის შესაბამისად გადამოწმებულ, სანდო და მრავალფეროვან ინფორმაციას.საღამოს მთავარი გამოშვება „მოამბე 21:00 საათზე“ საღამოს საინფორმაციო ტელეჟურნალია, სადაც მიმდინარე ახალ ამბებთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვან, აქტუალურ, კარგად დამუშავებულ და ყველა შესაძლო კონტექსტიდან დანახულ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
სპორტი
ლაშა ტალახაძემ დღეს უკვე მეორე მსოფლიო რეკორდი დაამყარა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 14:27:00
დუშეთის კულტურის სახლში, ატაცში 220 კილოგრამი აწევისა და მსოფლიო რეკორდის დამყარების შემდეგ, ლაშა ტალახაძემ აკვრაში 254 კილო დასძლია და ჯამური მსოფლიო რეკორდი დაამყარა (474 კილო).საგულისხმოა, რომ აღნიშნული რეკორდი თავად ლაშა ტალახაძეს ეკუთვნოდა. მან რიოს ოლიმპიადაზე ჯამში 473 კილო ასწია (ატაცი - 217, აკვრა 256).წელს ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი კალიფორნიაში, ქალაქ ანაჰაიმში გაიმართება და ტურნირი 28 ნოემბერს დაიწყება. მძიმეწონოსნები 5 დეკემბერს იასპარეზებენ. ძალოსნობის საერთაშორისო წესების თანახმად, ეროვნულ ჩემპიონატზე დამყარებული მსოფლიო რეკორდი ოფიციალურის სტატუსით ვერ ისარგებლებს, რადგან იმავე წესების თანახმად, მსგავსი შედეგები კონტინენტალურ ჩემპიონატებზე უნდა დაფიქსირდეს.ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატს მთავარი ფავორიტის სტატუსით ხვდება.
წაკითხვა
რეგიონები
ბათუმში, გორგილაძის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, კორპუსის სარდაფში ბენზინგასამართი სადგურიდან ნავთობი ჟონავს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 14:18:00
საპროტესტო აქცია ბათუმში. გორგილაძის 94 ნომერში მცხოვრები მოქალაქეები ირწმუნებიან, რომ ახალაშენებული კორპუსის სარდაფში მეზობლად მდებარე „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურიდან ნავთობი ჟონავს. მოსახლეობა ირწმუნება, რომ სარდაფში წყალი და ნავთობი მაისის თვიდან გროვდება. ამის შესახებ მათ არა ერთხელ მიმართეს ბათუმის მერიას, ბენზინგასამართი სადგურის მფლობელ კომპანიასა და გარემოს დაცვით უწყებებს, თუმცა ამ დრომდე მათგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს, შესაბამისად პრობლემის მოსაგვარებლადაც შესაბამისი ღონისძიებები არ გატარებულა.„მაისიდან გვაწუხებს ეს პრობლემა. სადარბაზოებსა და ბინებში ნავთობის მძაფრი სუნია, ხშირია ინტოქსიკაციის შემთხვევები, რამდენჯერმე მოხვდნენ აქ მცხოვრები ბავშვები სწორედ ინტოქსიკაციის დიაგნოზით საავადმყოფოებში. ჩვენს შეტყობინებებზე დღემდე არც ერთი უწყება არ რეაგირებს“,- ამბობს აქციის მონაწილე თამუნა სიხარულიძე.მოსახლეობა დღეს საკუთარი ძალებით შეეცადა სარდაფიდან წყლის ამოტუმბვას, თუმცა ადგილზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ და მათ ამის საშუალება არ მისცეს. უწყების თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ წყლის ამოტუმბვის შემთხვევაში, მასში შერეული ნავთობი ზღვაში მოხვდება და ეკოლოგიურ პრობლემას შექმნის, თუმცა მათ ადგილზე არ გაუკეთებიათ განმარტება, როგორ ხვდება სარდაფში ნავთობი და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს პრობლემის მოსაგვარებლად.
წაკითხვა
მსოფლიო
ორ ტერაქტს იემენში ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 14:11:00
ორ ტერაქტს იემენში ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე თავდასხმა ქალაქ ადენში მოხდა, სადაც სამთავრობო შენობებია განლაგებული. „ფრანს პრესის“ ცნობით, თავდაპირველად უცნობი მამაკაცი დანაღმული ავტომობილით, უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შეჭრას შეეცადა და თავი აიფეთქა. პარალელურად ბოროტმოქმედი თავს დაესხა საგამოძიებო კომიტეტს. მან ცეცხლი გახსნა, მოგვიანებით კი თავი აიფეთქა. შედეგად განადგურებულია საგამოძიებო უწყების არქივი. ჯერ მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.იემენში 2014 წლიდან სამოქალაქო კონფლიქტი არ წყდება. პრეზიდენტ მანსურ ჰადის მთავრობას მეამბოხე შიიტი ჰუსიტები ებრძვიან, რომელთაც ზურგს ირანი უმაგრებს. სამშვიდობო ზავის გაფორმების არაერთი მცდელობის მიუხედავად, იემენში დაპირისპირება დღემდე არ წყდება.
წაკითხვა
სპორტი
ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 13:50:00
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. დუშეთის კულტურის სახლში ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 220 კილოგრამის აწევა შეძლო. ტალახაძემ თავისივე მსოფლიო რეკორდი (217 კილოგრამი) გააუმჯობესა, რითაც ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ძალოსნობის საერთაშორისო წესების თანახმად, ეროვნულ ჩემპიონატზე დამყარებული მსოფლიო რეკორდი ოფიციალურის სტატუსით ვერ ისარგებლებს, რადგან იმავე წესების თანახმად, მსგავსი შედეგები კონტინენტალურ ჩემპიონატებზე უნდა დაფიქსირდეს.წელს ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი კალიფორნიაში, ქალაქ ანაჰაიმში გაიმართება და ტურნირი 28 ნოემბერს დაიწყება. მძიმეწონოსნები 5 დეკემბერს იასპარეზებენ. ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატს მთავარი ფავორიტის სტატუსით ხვდება.
წაკითხვა
კრიმინალი
თერჯოლაში 29 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 13:01:00
თერჯოლაში 29 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.შსს ინფორმაციით, დანაშაული გახსნილია და ბრალდებული დაკავებულია.
წაკითხვა
სპორტი
ბაჩანა არაბულის გამარჯვების გოლი უნგრეთის ჩემპიონატზე [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 12:23:00
უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურში ბაჩანა არაბულისა და ირაკლი მაისურაძის „ბალმაზუივაროშმა" გასვლაზე „დიოშდიორი" 2:1 დაამარცხა.სტუმრებს გამარჯვება ქართველმა თავდამსხმელმა მოუტანა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ბაჩანა არაბულმა პენალტი გამოიყენა. ორივე ქართველი ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა.ამ გამარჯვებით ქართველების გუნდმა 13 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზე იმყოფება. საინტერესოა, რომ "ბალმაზუივაროშმა" მიმდინარე სეზონში 18 გოლი გაიტანა, მათგან ექვსი ქართველის ანგარიშზეა. სულ კი გუნდმა სამი მატჩი მოიგო, მათგან ორში გადამწყვეტი გოლი არაბულმა გაიტანა.
წაკითხვა
სპორტი
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 12:15:00
12 ნოემბერს, წრიულ რბოლაში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. ჩემპიონები სამ სხვადასხვა კლასში გამოვლინდებიან. სპეციალურად ფინალური რბოლისთვის, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს ვეტერანი სპორტსმენები ეწვევიან. პირველად რეგიონში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ორგანიზებით ლამბორგინი შოუ გაიმართება, სადაც მაყურებელი სუპერ ავტომობილების ორთაბრძოლას იხილავს 
წაკითხვა
სპორტი
„ბალმაზუივაროშმა“ „დიოშ-დიორი“ 2:1 დაამარცხა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 12:09:00
უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურში ბაჩანა არაბულის და ირაკლი მაისურაძის ბალმა-ზუი-ვაროშმა გასვლაზე დიოშდიორი 2:1 დაამარცხა. სტუმრებს გამარჯვება ქართველმა თავდამსხმელმა მოუტანა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ბაჩანა არაბულმა პენალტი გამოიყენა. ბალმაზუივაროშმა მიმდინარე სეზონში 18 გოლი გაიტანა, მათგან 6 ქართველის ანგარიშზეა. 
წაკითხვა
საზოგადოება
სოფელ ბებნისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დღის ცენტრი განახლდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 12:08:00
ქარელში, სოფელ ბებნისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დღის ცენტრი განახლდა. ცენტრის ბაზაზე ტრადიციული ხელობების შემსწავლელი სკოლა ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის ხელშეწყობით გასულ წელს შეიქმნა. წელს კი გაფართოვდა და საჭირო დანადგარებით და ინვენტარით აღიჭურვა.  სასწავლო თუ საწარმოო პროცესში ცენტრში ყოველდღიურად 50-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული. დღის ცენტრი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ფონდის თანამშრომლებთან და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად მოინახულა.
წაკითხვა