საზოგადოებრივი
104.5 FM
ყველა სიახლე
რეგიონები
ქალაქ ვალეში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 12:10:00
კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ქალაქ ვალეში.  შენობა, სადაც სხვადასხვა სახელოვნებო ჯგუფი ფუნქციონირებს, ათეული წლებია განახლებას საჭიროებდა. პროექტის ფარგლებში შეკეთდება წყალსადენი სისტემა, გარემონტდება ფასადი და შესრულდება შიდა სარემონტო სამუშაოები. მიმდინარე პროცესი ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა.  
წაკითხვა
საზოგადოება
„ქართული მარშის“ საპროტესო აქციაზე ოთხი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 12:06:00
ოთხი პირი დააკავეს სამართალდამცავებმა ქართული მარშის საპროტესო აქციაზე. პოლიციამ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით აიყვანა. ქართული მარშის წევრები ტელეკომპანია რუსთავი ორთან იყვნენ შეკრებილები. აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მონაწილეებმა ასაფეთქებლების გამოყენება დაიწყეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდწგობის გაწევის ბრალდებით არიან დაკავებულები. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ქართული მარშის წევრები ჰომოფობიის შესახებ მომზადებულ გადაცემას აპროტესტებდნენ. 
წაკითხვა
სპორტი
ნიუ ორლეანსმა ჩიკაგო ოვერტაიმში დაამარცხა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 11:56:00
ბოლო თამაშებში, საგრძნობლად მოუმატა ნიუ ორლეანის „პელიკანსმა“.ელვინ ჯენტრის გუნდმა, დღეს დილით, „იუნაიტედ ცენტრში“ ჩიკაგო „ბულზი“ ოვერტაიმში, ანგარიშით 96-90 დაამარცხა. თამაშის ძირითადი დრო ფრედ 83-83 დასრულდა. დამატებით ხუთწუთიან მონაკვეთში სტუმრები გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ. მორიგი ორმაგი დუბლები გააკეთეს ენტონი დევისმა და დემარკუს კაზენსმა. დევისის მონაგარი 27 ქულა და 16 მოხსნაა, ხოლო კაზენსმა 25 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა აქტივში. მასპინძელთა შორის 18 ქულა და ცხრა მოხსნა ჯასტინ ჰოლიდეის ანგარიშზეა. ჩიკაგო „ბულზი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში ერთ-ერთი მთავარი აუტსაიდერია. ფრედ ჰოიბერგის გუნდი ამ ეტაპზე ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება ნიუ ორლეანს, „პელიკანსი“ დასავლეთში მეცხრე პოზიციას იკავებს. ჯენტრის გუნდი მომდევნო მატჩს სტუმრად ინდიანა „პეისერსის“ წინააღმდეგ გამართავს. დღესვე, მინესოტა „ტიმბერვულფსმა“ საკუთარ მოედანზე დალას „მავერიქსი“ უშანსოდ, ანგარიშით 112-99 დაამარცხა. დეტროიტ „პისტონზმა“ ასევე დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია საკრამენტო „კინგზის“ წინააღ
წაკითხვა
რეგიონები
საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 11:51:00
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში, მთის ფერდობზე, ტყის ქვედა საფარში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.მათივე ცნობით, ამ დროისათვის, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ნახანძრალ ტერიტორიაზე ნიადაგის პრევენციული დამუშავების პროცესი უკვე დაასრულეს და ადგილზე სამონიტორინგო სამუშაოების ჩატარების მიზნით იმყოფებიან. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან ჩაილურის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხანძრის შესახებ ინფორმაცია სააგენტოში გუშინ შემოვიდა. შსს-ს მეხანძრე-მაშველთა ოპერატიული და პროფესიონალური მოქმედების შედეგად, ტყის მასიურ საფარზე ხანძარი არ გავრცელებულა“,- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
წაკითხვა
სპორტი
გოლდენ სტეიტის დამაჯერებელი გამარჯვება დენვერის წინააღმდეგ [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 11:46:00
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ზედიზედ მესამე გამარჯვებას მიაღწია გოლდენ სტეიტ „უორიორზმა“. ოკლენდელებმა სტუმრად დენვერ „ნაგეტსი“ 19 ქულის სხვაობით, ანგარიშით 127-108 დაამარცხეს. მოქმედი ჩემპიონის ქართველმა ლეგიონერმა ძირითად ხუთეულში დაიწყო. ზაზა ფაჩულიამ 14 წუთში: რვა ქულა, ხუთი მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. სტივ კერის გუნდმა, გადამწყვეტ უპირატესობას მესამე მეოთხედში მიაღწია, რომელშიც 43-21 მოიგო. ამის შემდეგ, „უორიორზსს“ თამაშის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია. 25 ქულა, შვიდი მოხსნა და შვიდი შედეგიანი გადაცემა კევინ დურანტის ანგარიშზეა. სტეფ კარიმ 22 ქულა და 11 ზუსტი პასი მიითვალა აქტივში. მიმდინარე რეგულარულ სეზონში, ეს გოლდენ სტეიტის მეშვიდე გამარჯვება აღმოჩნდა. კალიფორნიელები ჰიუსტონ „როკეტსთან“ ერთად, დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ. მორიგ მატჩს „უორიორზი“ საკუთარ „ორეკლ არენაზე“ მაიამი „ჰიტის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
წაკითხვა
რეგიონები
სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 11:26:00
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ. როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის კერების დაზვერვა დღეს დილით ვერტმფრენით განხორციელდა და არსებული რეალობის გათვალისწინებით დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები. სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი გამხმარ ბალახს უკიდია.ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ხანძრის კერები სოფლიდან მოშორებით დაახლოებით 12 კილომეტრშია. ჯერ უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი.
წაკითხვა
სამართალი
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 11:08:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ნ.ბ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.„გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - 1970 წელს დაბადებულ მ.ს.-ს.გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით)“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წაკითხვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - იაპონია აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 10:55:00
დონალდ ტრამპის თქმით, იაპონია ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მოკავშირეა. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა იაპონიაში გააკეთა, სადაც ის დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. „ჩვენ არასდროს დავთმობთ, არასდროს შევდრკებით, როდესაც საქმე ჩვენი ხალხის დაცვას, თავისუფლების დაცვას და ჩვენს დიად ამერიკულ დროშას ეხება. არც ერთმა რეჟიმმა, არც დიქტატორმა, არც ქვეყანამ არასდროს უნდა შეიტანოს ეჭვი ჩვენს შემართებაში“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა იაპონიაში დისლოცირებულ ამერიკელი სამხედროებთან შეხვედრაზე.აშშ-ის პრეზიდენტი უკვე შეხვდა იაპონიის პრემიერ-მინისტრს. დონალდ ტრამპმა და სინძო აბემ დღეს ერთად ითამაშეს გოლფი.აშშ-ის ლიდერის აზიური ტურნე 12 დღეს გასტანს. ის სამხრეთ კორეას, ტაივანს, ჩინეთსა და ფილიპინებს ეწვევა. როგორც თავად პრეზიდენტმა აღნიშნა, აზიაში მოგზაურობის დროს ის აპირებს შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს. მისივე თქმით, აშშ-ს სჭირდება პუტინის დახმარება ჩრდილოეთ კორეის პრობლემის გადასაწყვეტად.
წაკითხვა
სპორტი
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 09:54:00
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. ბერძნულ კრეტაზე მიმდინარე პირველობის მე-6 ტურში, ჩვენმა გუნდმა ერთ-ერთ კონკურენტს ესპანეთს "მშრალი" ანგარიშით სძლია - 4:0 და 12 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. თავიანთი პარტიები მოიგეს - ნანა ძაგნიძემ, ნინო ბაციაშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა და სალომე მელიამ.ამავე ტურში, ლიდერმა რუსეთმა 3:1 მოუგო იტალიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საქართველო რუსეთს ისევ ერთი ქულით ჩამორჩება. 10-10 ქულით მესამე ადგილს იყოფენ - პოლონეთი და თურქეთი.მერვე ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე პოლონეთი იქნება, რუსეთი კი თურქეთს შეხვდება. ევროპის გუნდური ჩემპიონატი ორშაბათს დასრულდება.
წაკითხვა
მსოფლიო
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 09:22:00
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს. პოლიციაში აცხადებენ, რომ სენატორს სახლთან ახლოს დაესხნენ თავს. რენდი პოლის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ის ამჟამად ჰოსპიტალშია. სამართალდამცავებმა დამნაშავე უკვე დააკავეს. ის 59 წლის რენე ბუჩერი აღმოჩნდა, რომელიც სენატორის მეზობლად ცხოვრობს. პოლიციაში მომხდარის მოტივებზე არ საუბრობენ, თუმცა ადგილობრივები ყვებიან, რომ ბუჩერი და რენდი პოლი ხშირად კამათობდნენ საერთო მიწის ნაკვეთის გამო. რენდ პოლი რესპუბლიკური პარტიის წევრია. ის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.
წაკითხვა
მსოფლიო
სირიაში ტერაქტს დევნილები ემსხვერპლნენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 09:04:00
სირიაში ტერაქტს დევნილები ემსხვერპლნენ. დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი. როგორ "ფრანს პრესი" იტყობინება, პროვინცია დეირ-ელ-ზორში თავდასხმა "ისლამური სახელმწიფოს" თვითმკვლელმა მებრძოლმა მოაწყო. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სირიის არმია ტერორისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიების დასაბრუნებლად შეტევას განაგრძობს. სირიის მთავრობა დაღუპულთა ზუსტ რაოდენობას ჯერ ვერ ასახელებს.დეირ-ელ-ზორის პროვინციას სირიის არმია აკონტროლებს, თუმცა რეგიონის 37 პროცენტი ჯერ კვლავ ექსტრემისტების ხელშია.
წაკითხვა
მსოფლიო
ტაივანში ტაიფუნ დემრის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 08:45:00
ტაივანში ტაიფუნ დემრის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა. სტიქიამ ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილს გადაუარა. დაზიანებულია ათასობით საცხოვრებელი სახლი. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.მთავრობის განკარგულებით, 33000 მოქალაქეს სახლის დატოვებამ მოუწია. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 13 დაკარგულ მოქალაქეს. სტიქიის დროს შტორმში მოჰყვა სანაპიროსთან მცურავი 6 გემი. ბორტზე მყოფი 61 მგზავრიდან 25 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. დანარჩენი მგზავრების ბედი უცნობია. სინოპტიკოსების ცნობით, ქარის სიჩქარე სტიქიის ეპიცენტრში 90 კმ/სთ-ს აღწევდა.
წაკითხვა
მსოფლიო
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 08:26:00
გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში ქურთების მიერ გამართული აქციის დროს 15 პოლიციელი დაშავდა. Spiegel-ის ცნობით, აქციის მონაწილეებს ხელში "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ლიდერ აბდულა ოჯალანის პორტრეტები ეჭირათ. პოლიციამ მათ სურათების დაკეცვა მოსთხოვა. აქტივისტები სამართალდამცავების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რასაც შეტაკება მოჰყვა. პოლიციელებმა გამოიყენეს ცრემლსადენი აირიც.დაკავებულია 9 დემონსტრანტი, 2 დაშავდა. საავადმყოფოში გადაიყვანეს 3 სამართალდამცავიც.
წაკითხვა
მსოფლიო
იტალიის პოლიციამ კონტრაბანდული საწვავით დატვირთული გემი დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 08:13:00
იტალიის პოლიციამ კონტრაბანდული საწვავით დატვირთული გემი დააკავა. ხომალდი, რომელსაც თითქმის ასი ტონა ნავთობი გადაჰქონდა, ლიბიიდან ევროპის სანაპიროებისკენ მიცურავდა.ტოგოს დროშით მცურავი გემის კაპიტანი დაკავებულია. მას ბრალი კონტრაბანდასა და ფულის გათეთრებაში დასდეს. 25 წლის ინდონეზიელი კაპიტანი პატიმრობაში დატოვეს, ეკიპაჟის 4 წევრი კი გაათავისუფლეს.გასულ კვირას, იტალიის სანაპირო დაცვის სამსახურმა ლიბიიდან ევროპაში საწვავის კონტრაბანდის კიდევ ერთი შემთხვევა გამოავლინა. გამოძიების ცნობით, საუბარია 30 მილიონი ევროს ღირებულების ნავთობპროდუქტებზე, რომლებსაც ევროპაში ჰყიდდნენ. იტალიური მედია წერს, რომ აღნიშნული საქმე, შესაძლოა, უკავშირდებოდეს მალტაში ცნობილი ჟურნალისტის დაფნე კსტუანა გალიციას მკვლელობას.როგორც ცნობილია, დაღუპვამდე ის კონტრაბანდაში მალტის მთავრობის წევრების მონაწილეობას იძიებდა..
წაკითხვა
მსოფლიო
ბილბაოში კატალონიის ავტონომიის შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 07:58:00
ბილბაოში ესპანეთის მთავრობის მიერ კატალონიის ავტონომიის შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ბასკეთის რეგიონში გამართულ აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა. "არა 155-ე მუხლს", "ხალხს არჩევანის უფლება აქვს" - სკანდირებდნენ დემონსტრაციის მონაწილეები. მიტინგში ბასკეთის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიის ლიდერი ბილდუ არნალდო ოტეგიც მონაწილეობდა, რომელიც წარსულში "ეტასთან" კავშირის გამო ყო დაპატიმრებული.ესპანეთის მთავრობამ კატალონიის ავტონომია დროებით შეზღუდა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მთავრობამ, უკანონო "რეფერენდუმის" საფუძველზე, კატალონიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ესპანეთის ავტონომიურ რეგიონში მთავრობა გადააყენეს და პარლამენტი დაითხოვეს. რიგგარეშე არჩევნები კატალონიაში 21 დეკემბერს გაიმართება.
წაკითხვა
მსოფლიო
საუდის არაბეთში 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 07:53:00
საუდის არაბეთში 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. დაპატიმრებულია ასევე 4 მინისტრიც. როგორც არაბული მედია იტყობინება, სამეფო ოჯახის წევრებს იარაღის უკანონო ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულების დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ არ გაუვრცელებიათ. პრინცები მას შემდეგ აიყვანეს, რაც, მეფის ბრძანებით, კორუფციასთან ბრძოლის უმაღლესი კომიტეტი შექმნეს. უწყებას ტახტის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი უხელმძღვანელებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ, სალმანის ბრძანებით, თანამდებობა დატოვა ეროვნული გვარდიისა და ფლოტის მეთაურმა. "ბიბისი" წერს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად, სალმანი საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების ერთპიროვნული მეთაური გახდა.
წაკითხვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 07:48:00
დონალდ ტრამპი, აზიური ტურნეს ფარგლებში, ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებს უთხრა.„მოსალოდნელია პუტინთან შეხვედრას. ჩვენ გვჭირდება პუტინის დახმარება ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით" - განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიაში უკვე ჩავიდა, სადაც, პირველ რიგში, ამერიკელ სამხედროებს შეხვდა. დაგეგმილია მისი ორმხრივი მოლაპარაკებები პრემიერმინისტრ სინძო აბესთან. ორი ქვეყნის ლიდერი გოლფის თამაშსაც აპირებს. დონალდ ტრამპის აზიური ტურნე 12 დღეს გაგრძელდება. აშშ-ის ლიდერი სამხრეთ კორეას, ვიეტნამს, ჩინეთსა და ფილიპინებსაც ესტუმრება.მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხე და მისი ნეიტრალიზაცია იქნება. ის ასევე მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ორგანიზაციის (ASEAN) საიუბილეო სამიტში. აღსანიშნავია, რომ ასეთი ხანგრძლივი აზიური ტურნე აშშ-ის პრეზიდენტებს უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში არ ჩაუტარებიათ..
წაკითხვა
მსოფლიო
საუდის არაბეთის დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 07:38:00
საუდის არაბეთის დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. ძლიერი აფეთქების ხმა ერ-რიადის აეროპორტთან გაისმა. ოფიციალური ცნობებით, რაკეტის ნაწილები აეროპორტის სიახლოვეს ჩამოვარდა. "ბიბისის" ინფორმაციით, საუდის არაბეთის დედაქალაქის მიმართულებით რაკეტა იემენში მოქმედმა მეამბოხე ჰუსიტებმა ისროლეს, რომელთაც ზურგს ირანი უმაგრებს.ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. აეროპორტის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეები ყვებიან, რომ მათ სახლებში ფანჯრებმა ზანზარი დაიწყეს. იემენში უკვე წლებია სამოქალაქო ომი გრძელდება. საუდის არაბეთი მხარს ქვეყნის პრეზიდენტ მანსურ ჰადის უჭერს და მეამბოხე შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ ავიაიერიშებს განაგრძობს.
წაკითხვა
სპორტი
არიენ რობენი „ბაიერნის“ ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 02:52:00
უქმეებზე გერმანიის ჩემპიონატში მე-11 ტური მიმდინარეობს. გაიმართა ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც "დორტმუნდმა" შინ მიიღო "ბაიერნი". ამ მატჩში დადასტურდა დორტმუნდელთა კრიზისი - მათ ზედიზედ მეოთხედ ვერ მოიგეს და ამ ოთხ მატჩში მესამედ წააგეს."ბაიერნი" არიენ რობენის, რობერტ ლევანდოვსკისა და დავიდ ალაბას გოლებით 67-ე წუთისთვის 3:0-ს იგებდა. "დორტმუნდმა" ერთადერთი საპასუხო გოლი 88-ე წუთზე გაიტანა, რომელიც ბარტრას ანგარიშზეა - 1:3.რობენმა 93-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში "ბაიერნის" მაისურით და ამით კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი გახდა. ჰოლანდიელმა ბრაზილიელ ჯოვანი ელბერს გაუსწრო.მიუნხენელები 26 ქულით ლიდერობენ, "დორტმუნდს" კი 20 ქულა აქვს და მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა. მეორე ადგილზეა "ლაიპციგი" 22 ქულით, რომელმაც 2:1 მოუგო "ჰანოვერს".
წაკითხვა
სპორტი
ლოს ანჯელეს „კლიპერსის“ მესამე მარცხი მიმდინარე სეზონში
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 02:28:00
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე რეგულარულ სეზონში ლოს ანჯელეს „კლიპერსმა“ მესამე მარცხი განიცადა. კალიფორნიულმა კლუბმა საკუთარ „სტეიპლზ ცენტრში“ მემფის „გრიზლისთან“ წააგო.დასავლეთ კონფერენციის გუნდების დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. სტუმრები, თითქმის, მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა სოლიდური სხვაობით დაწინაურებას ვერ ახერხებდნენ. მეოთხე მეოთხედის შუა ნაწილში „კლიპერსი“ ოთხ ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს და თამაშს ინტრიგა დაუბრუნდა. მემფისელთა მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ლიდერები მაიკლ კონლი და მარკ გასოლი მალევე დააბრუნა მოედანზე და სწორედ ეს აღმოჩნდა მატჩის გარდამტეხი მომენტი. კონლიმ ზედიზედ ორი რთული ბურთი ჩააგდო, რასაც გასოლის შორეული ზუსტი სამქულიანი მოყვა და „გრიზლი“ 11 ქულით გაიქცა. მასპინძლებმა დარჩენილ დროში ვეღარ შეძლეს შეხვედრის შემოტრიალება და 104-113 დამარცხდნენ. გამარჯვებულთა შორის მაიკლ კონლიმ 22 ქულა მოაგროვა. მარ გასოლის მონაგარმა კი 21 ქულა შეადგინა. „კლიპერსის“ რიგებში, მორიგი ორმაგი დუბლი გააკეთა ბლეიკ გრიფინმა, რომლის ანგარიშზეც 30 ქულა და 11 მოხსნა დაფიქსირდა. ამ წაგების შემდეგ, ლოს ანჯელესის კლუბი, დასავლეთ კონფერენციაში, მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდა. მემფის გრიზლი, ამ მომენტისთვის, ჰიუსტონ „როკეტსის“ შემდეგ, იმავე კონფერენციაში, მეორე პოზიციაზე იმყოფება.
წაკითხვა