საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
800

არასამთავრობოები თბილისის გენგეგმაში საფრთხეებს ხედავენ

სალომე სონიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-04-28 14:40:00


არსამთავრობო ორგანიზაციებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიმართ შენიშვნები აქვთ. საკუთარი რეკომენდაციები მათ დღეს, სასტუმრო „თბილისი რუმსში“ გამართულ შეხვედრაზე წარმოადგინეს.

“ახალგაზრდა ადვოკატები” გენგეგმის მიღებას 2017 წლის ახალი თვითმმართველობის პირობებში მოითხოვს. ორგანიზაციის მოთხოვნაა დოკუმენტი გახდეს მეტად გამჭვირვალე, მისი განხილვის პროცესში ჩაერთონ ეკონომისტები და სპეციალისტები და მოხდეს ამ საკითხში მოსახლეობის მეტად ინფორმირება.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაც მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობის საკითხი, ერთ–ერთი ყველაზე პრობლემურია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში. მათი თქმით, გეგმაში რეკომენდაციის სახით წარმოდგენილია რამდენიმე უმსხვილესი პროექტის განხორციელება. ყველაზე აქტიურად საუბარია დედაქალაქში შემოვლითი რკინიგზის პროექტის აღდგენასა და ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ გადატანაზე. იყო ნახსენები სხვა მასშტაბური პროექტებიც, მაგალითად მტკვარზე სატრანსპორტო სისტემის მოწყობა, სხვადასხვა რეკრეაციული ზონების შექმნა და ა.შ.

თუმცა, აფბა მიიჩნევს, რომ რეკომენდაციებში ძალიან ზედაპირულად არის ასახული აღნიშნული პროექტების მიზანშეწონილობის საკითხი. არ არის ნათელი ეფექტები და შედეგები. გარდა ამისა, რეკომენდაციებში სრულად გაანალიზებული არ არის, რა რესურსებით უნდა დაფინანსდეს ეს პროექტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, აფბას შეფასებით, საკამათო ხდება ზოგადად ამ პროექტების რეალურობა. მათივე თქმით, ამ პროექტების განხორციელების შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები წინააღმდეგობაში მოვიდეს კერძო მესაკუთრეების ინტერესებთან. ორგანიზაცია ასევე მიიჩნევს, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული რეგულაციები ზღუდავს დედაქალაქის საინვესტიციო შესაძლებლობებს.

„სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში სავალდებულო ხდება განაშენიანების რეგულირების გეგმების დამუშავება. აღნიშნული გეგმები არ ხსნის დედაქალაქში ქაოტური განაშენიანების პრობლემას, ვინაიდან აღნიშნული გეგმები მზადდება ცალკეული ტერიტორიებისთვის და ამოვარდნილია ზოგადი კონტექსტიდან. ამავე დროს, აღნიშნული რეგულაცია, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სამშენებლო ნებართვის მოპოვებას შედარებით მცირე ტერიტორიებზე,“ - აცხადებენ აფბაში და ფიქრობენ, რომ რეკომენდაციები, გარკვეულ შემთხვევებში, პირდაპირ უზღუდავს საქმიანობის საშუალებას მცირე და საშუალო ბიზნესს.

აფბა მოუწოდებს დედაქალაქის მერიას, მაქსიმალურად მოკლე ვადებში უზრუნველყოს ქალაქის ერთიანი განვითარების სტრატეგიაზე მუშაობის დაწყება და ყველა სხვა ქვემდებარე დოკუმენტი მომზადდეს ერთიანი სტრატეგიის გათვალისწინებით.

გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის “სითი ინსტიტუტი საქართველოს” ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა, რომ მზადაა შეისწავლოს შეხვედრაზე გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები. თბილისის მერია კი არასამთავრობოთა მიმართვას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადა, რომელშიც ააიპი „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გაიმარჯვა. დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი 2017 წლის 15 მაისს მერიას უნდა წარედგინოს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი