საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
6754

40 წელი ვარსკვლავებისკენ მიმავალ გზაზე - NASA-ს ვოიაჯერების შეუპოვარი სვლა ვარსკვლავთშორის სივრცეში

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-08-05 19:27:00

კაცობრიობის ყველაზე შორეულ და ასაკოვან კოსმოსურ ხომალდებს, NASA-ს ვოიაჯერ 1-სა და ვოიაჯერ 2-ს, ამა წლის აგვისტოსა და სექტემბერში მუშაობისა და კვლევის 40 წელი უსრულდებათ. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწიდან წარმოუდგენლად შორს იმყოფებიან, ისინი ყოველდღიურად კვლავ ეკონტაქტებიან NASA-ს და დღემდე იკვლევენ მზის სისტემის საზღვარს. 

მათმა ისტორიამ გავლენა იქონია მეცნიერთა და ინჟინერთა არა მხოლოდ ამჟამინდელ თაობაზე, არამედ დედამიწის კულტურაზე, მათ შორის ფილმებზე, მხატვრობასა და მუსიკაზე. თითოეულ ხომალდს თან მიაქვს ოქროს ჩანაწერი, რომელზეც ჩაწერილია დედამიწისეული ხმები, სურათები და შეტყობინებები, მათ შორის ქართული სიმღერა „ჩაკრულო“.  იქიდან გამომდინარე, რომ ვოიაჯერებმა შეიძლება მილიარდობით წელიწადს გასძლონ, ეს დროის წრიული კაფსულები შესაძლოა ერთ დღესაც ადამიანთა ცივილიზაციის ერთადერთ ნაკვალევად იქცეს გალაქტიკაში.  

„დარწმუნებული ვარ, რომ 40-წლიანი საქმიანობის დროს, ვოიაჯერებთან მიღწევებით მხოლოდ რამდენიმე სხვა მისია თუ მივა“, — ამბობს NASA-ს სამეცნიერო მისიათა დირექტორატის (SMD) ადმინისტრატორი თომას ზურბუხენი.  

„მათ განგვანათლეს სამყაროს უცნობ საოცრებათა შესახებ და ნამდვილად შთააგონეს კაცობრიობა მზის სისტემისა და მის მიღმა სივრცის კვლევაში“. 

თავიანთ სწორუპოვარ მოგზაურობაში, ვოიაჯერებმა მრავალი ჩანაწერი გააკეთეს. 2012 წელს, 1977 წლის 5 სექტემბერს გაშვებული ვოიაჯერ 1 ერთადერთი კოსმოსური ხომალდი გახდა, რომელმაც მზის სისტემა დატოვა და ვარსკვლავთშორის სივრცეში შეაბიჯა. თავის მხრივ, 1977 წლის 20 აგვისტოს გაშვებული ვოიაჯერ 2 ერთადერთი ხომალდია, რომელმაც მზის სისტემის ოთხივე გარე პლანეტას ჩაუფრინა — იუპიტერს, სატურნს, ურანსა და ნეპტუნს. პლანეტებთა მათი მრავალგზის შეხვედრის დროს გაკეთებულია მრავალი აღმოჩენა, მათ შორის — პირველი აქტიური ვულკანები დედამიწის მიღმა, იუპიტერის მთვარე იოზე; ზედაპირქვეშა ოკეანეზე მინიშნება იუპიტერის მთვარე ევროპაზე; დედამიწისასთან ყველზე მიახლოებული ატმოსფერო მთელ მზის სისტემაში — სატურნის მთვარე ტიტანზე; ურანის ყინულოვანი მთვარე მირანდა; ყინულოვანი, ცივი გეიზერები ნეპტუნის მთვარე ტრიტონზე.  

მიუხედავად იმისა, რომ ხომალდებმა ყველა პლანეტა უკან მოიტოვეს და 40 000 წლის შემდეგ სრულიად სხვა ვარსკვლავს მიუახლოვდებიან, მშობლიურ დედამიწაზე ისინი დღემდე აგზავნიან დაკვირვებათა მონაცემებს იმ გარემოს შესახებ, სადაც მზის გავლენა მცირდება და უკვე ვარსკვლავთშორისი სივრცე იწყება. 

ვოიაჯერ 1 დედამიწიდან ამჟამად თითქმის 21 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული და ვარსკვლავთშორის სივრცეში, პლანეტათა გეგმიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მიჰქრის. როგორც ზონდმა მკვლევრებს შეატყობინა, კოსმოსური გამოსხივება და ატომის ბირთვები ვარსკვლავთშორის სივრცეში თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრაობს და ოთხჯერ უფრო უხვადაა, ვიდრე დედამიწის სიახლოვეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰელიოსფერო — ბუშტის მსგავსი მოცულობა, რომელშიც მოთავსებულია მზის სისტემის პლანეტები და ვარსკვლავური ქარებიც ჰქრის, ეფექტიანად ასრულებს რადიაციისგან დამცავი ფარის როლს პლანეტებისათვის. ვოიაჯერ 1-მა ასევე მიუთითა, რომ ჰელისოფერო გახვეულია ადგილობრივი ვარსკვლავთშორისი სივრცის მაგნიტურ ველში.  

ვოიაჯერ 2 ამჟამად დედამიწიდან თითქმის 18 მილიარდი კილომეტრის მანძილზე იმყოფება და სამხრეთის მიმართულებით მიდის. უახლოეს წლებში ისიც ვარსკვლავთშორის სივრცეში შევა. ორი ვოიაჯერის სხვადახვა მდებარეობა მეცნიერებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს შეადარონ კოსმოსის ორი ის რეგიონი, სადაც ჰელიოსფერო გარსშემორტყმულ ვარსკვლავთშორის სივრცესთან ურთიერთქმედებს; ამ ყველაფერს ისინი ხომალდებზე დამონტაჟებული სპეციალური ინსტრუმენტების წყალობით ახერხებენ, რომელთაც შეუძლიათ გაზომონ დამუხტული ნაწილაკები, მაგნიტური ველები, დაბალი სიხშირის რადიოტალღები და მზის ქარის პლაზმა. როდესაც ვოიაჯერ 2 ვარსკვლავთშორის სივრცეში შევა, მეცნიერებს შესაძლებლობა ექნებათ ეს სივრცე ერთსა და იმავე დროს შეისწავლონ ორ სხვადასხვა ადგილას.  

„40 წლის წინ, როდესაც ამ ხომალდებს ვუშვებდით, ვერცერთი ჩვენგანი წარმოიგენდა, რომ მოგზაურობის პარალელურად, ისინი ამ დრომდე იმუშავებდნენ. ყველაზე ამაღელვებელი რამ, რაც მათ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შეიძლება აღმოაჩინონ, ალბათ იქნება რაღაც ისეთი, რის აღამოჩენასაც ვერც კი ვიფიქრებდით“, — ამბობს ვოიაჯერის პროექტიე მეცნიერი ედ სტოუნი. 

მისიის დამპროექტებელთა შორსმჭვრეტელობის წყალობით, ტყუპმა ვოიაჯერებმა კოსმოსური მიღწევები გადაჭარბებით შეასრულეს. მზის სისტემის ყველა სხვა პლანეტას შორის ყველაზე მკაცრის — იუპიტერის რადიაციულ გარემოსთან შესახვედრად მომზადებით, ხომალდები საკმაოდ კარგად აღიჭურვნენ მოგზაურობის შემდეგი მონაკვეთისთვისაც. ორივე ვოიაჯერი აღჭურვილია დიდხანს გამძლე კვების წყაროებით, ისევე როგორც მრავალი ისეთი სისტემით, რაც ხომალდებს საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში, სარეზერვო სისტემები ავტონომიურ რეჟიმში გადაიყვანოს. თითოეული ვოიაჯერი ატარებს სამ რადიოზიოტოპურ თერმოელექტრულ გენერატორს — მოწყობილობებს, რომლებიც იყენებენ პლუტონიუმ 238-ის დაშლის შედეგად გამოყოფილი ენერგიის სიცხეს; 88 წლის შემდეგ, გახარჯული იქნება მისი მხოლოდ ნახევარი. 

სივრცე ცარიელია, შესაბამისად, თითქმის არ არსებობს ვოიაჯერების რომელიმე მსხვილ ობიექტებთან შეჯახების რისკი. თუმცა, ვოიაჯერ 1-ის ვარსკვლავთშორისი სივრცის გარემო არც თუ ისე ცარიელია. იგი სავსეა მილიონობით წლის წინ, სუპერნოვას სახით აფეთქებულ ვარსკვლავთა ნარჩენი მატერიით გაზავებული ღრუბლებით. ეს მატერია ხომალდისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და პირიქით, საკვანძო ნაწილია იმ გარემოსი, რომლის შესწავლასა და დახასიათებაშიც მეცნიერებს ვოიაჯერის მისია ეხმარება. 

იმის გამო, რომ ვოიაჯერების სიმძლავრე ყოველწლიურად ოთხი ვატით მცირდება, ინჟინრები სწავლობენ თუ როგორ ამუშაონ ხომალდები შეზღუდული ენერგიის პირობებში. ვოიაჯერთა სიცოცხლის მაქსიმუმამდე გასახანგრძლივებლად, ისინი ასევე განიხილავენ ათწლეულების წინ დაწერილ დოკუმენტებს, რომლებშიც აღწერიალია ბრძანებები და პროგრამული უზრუნველყოფა. პროცესში ჩართულნი არიან ვოიაჯერის ყოფილი ინჟინრებიც. 

„ტექნოლოგია მრავალი თაობის წინანდელია, შესაბამისად, საჭიროა 1970-იანი წლების პროექტში გარკვევა, რათა გავიგოთ თუ როგორ ფუნქციონირებს ხომალდი და რა განახლებების გაკეთება შეიძლება იმისათვის, რომ მათ მუშაობა გააგრძელონ დღესაც და მომავალშიც“, — ამბობს სუზან დოდი, ვოიაჯერის პროექტის მენეჯერი NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიიდან (JPL) 

ჯგუფის ვარაუდით, ვოიაჯერთა უკანასკნელი სამეცნიერო ინსტრუმენტის გათიშვა მათ 2030 წლისთვის მოუწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ ხომალდები მდუმარების ეპოქაში გადაინაცვლებენ, სვლას ისინი მაინც გააგრძელებენ 48 280 კმ/სთ სიჩქარით და ასე გაგრძელდება სამარადისოდ; ირმის ნახტომში მოძრაობისას, ერთ სრულ ორბიტას ისინი ყოველ 225 მილიონ წელიწადში ერთხელ შეასრულებენ.  

ვოიაჯერები რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიამ ააგო და მათ ოპერირებასაც დღემდე იგი ეწევა. მისია წარმოადგენს NASA-ს ჰელიოსფერული სისტემის ობსერვატორიის ნაწილს.  




ვოიაჯერ 2-ის გაშვება, კანავერალის კონცხი, ფლორიდა, 1977 წლის 20 აგვისტო



ვულკანის ამოფრქვევა იუპიტერის მთვარე იოზე, ვოიაჯერ 1



სატურნი თავის სამ მთვარესთან ერთად (თეტისი, დიონა და რეა), ვოიაჯერ 1



ურანი, 17 იანვარი, 1986 წ, ვოიაჯერ 2



ურანის ყინულოვანი მთვარე მირანდა, 24 იანვარი, 1986 წ, ვოიაჯერ 2



ნეპტუნი, ვოიაჯერ 2



ნეპტუნის ყინულოვანი მთვარე ტრიტონი, 1989 წ, ვოიაჯერ 2



მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით  

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.
წაკითხვა
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
25-28 სექტემბერს, საქართველოს NASA-ს მეცნ
წაკითხვა
40 წელი კოსმოსში - დღეს ვოიაჯერების ვარსკვლავთშორისი მისიის იუბილეა
40 წელი კოსმოსში - დღეს ვოიაჯერების ვარსკვლავთშორისი მისიის იუბილეა
„კოსმოსურ ოკეანეში ამ ბოთლის გაშვება ჩვენ
წაკითხვა
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
კოსმოსი შეიძლება ჯოჯოხეთიც იყოს, განსაკუთ
წაკითხვა
9 წლის ამერიკელმა ბიჭმა NASA-სგან წერილი მიიღო
9 წლის ამერიკელმა ბიჭმა NASA-სგან წერილი მიიღო
ნიუ ჯერსიში მცხოვრებმა 9 წლის ბიჭმა NASA-
წაკითხვა
ვაკანსია NASA-ში - პლანეტარული თავდაცვის ოფიცერი, რომელმაც არამიწიერი სიცოცხლისგან უნდა დაგვიცვას
ვაკანსია NASA-ში - პლანეტარული თავდაცვის ოფიცერი, რომელმაც არამიწიერი სიცოცხლისგან უნდა დაგვიცვას
NASA-ში ვაკანსიაა. თითქოს ამაში უცნაური ა
წაკითხვა
მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა [ვიდეო]
მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა [ვიდეო]
28 ივლისს, მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა. მატერიის გარკვეულმა ნაწილმა კოსმოსში გაქცე
წაკითხვა