საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
10668

მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-15 19:37:00

NASA-ს სატურნის მისია დასრულებულია, „კასინი“ აღარ არსებობს; კოსმოსურმა ხომალდმა სიცოცხლე რამდენიმე საათის წინ სატურნის ცაში დაასრულა. 123 000 კმ/სთ სიჩქარით შეჭრილი კასინი რგოლებიანი პლანეტის ატმოსფეროში კომეტასავით დაიფერფლა

ყველაფერი 1997 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო; კანავერალის კონცხის კოსმოსური ბაზიდან NASA-სა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი მისია კასინი-ჰუიგენსი კოსმოსში გაიჭრა. მისიამ დანიშნულების ადგილს 7 -წლიანი მოგზაურობის შემდეგ მიაღწია, როცა 2004 წლის 30 ივნისს, სატურნის ორბიტაზე გავიდა. სატურნის სისტემას კასინი 13 წლის განმავლობაში იკვლევდა. 

კასინი-ჰუიგენსზე მუშაობა ბევრად ადრე, 1980-იან წლებში დაიწყო. 

„კასინიზე მუშაობას ცხოვრების 30 წელი შევალიე. როდესაც ყველაფერს ვიწყებდით, ჩემი ქალიშვილი საბავშვო ბაღში მაშინ შევიყვანე. დღეს, როცა ეს ყველაფერი სრულდება, ჩემს ქალიშვილს უკვე საკუთარი გოგონა ჰყავს“, — ამბობს ლინდა სპილკერი, კასინის მისიის მეცნიერი NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიიდან (JPL). 

კასინის თან მიჰქონდა ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ დამზადებული ზონდი ჰუიგენსი, რომელიც დედა-ხომალდს 2004 წლის 24 დეკემბერს მოსწყდა და ორი კვირის შემდეგ, 2005 წლის 14 იანვარს, სატურნის მთვარე ტიტანზე წარმატებით დაჯდა; ჰუიგენსს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამბიცია ჰქონდა: იგი კაცობრიობის ხელთქმნილი ერთადერთი მოწყობილობაა, რომელიც ასტეროიდთა სარტყლის გადაღმა მდებარე სხეულზე ოდესმე დამჯდარა. უნდა ითქვას ისიც, რომ ჰუიგენსის გარეშე, კასინის შესაძლოა ვერც ვერადოდეს დაეძლია დედამიწის გრავიტაცია.   

კასინიმ სატურნის სისტემაში მოგზაურობა გააგრძელა, სადაც აქტიურად სწავლობდა გიგანტურ პლანეტას, მის რგოლებსა და  მრავალ მთვარეს. 

კასინის აღმოჩენებმა ფუნდამენტურად შეცვალა მეცნიერთა წარმოდგენა სატურნისა და მზის სისტემის სასიცოცხლო გარემოს პოტენციალის შესახებ. მაგალითად, ხომალდმა შენიშნა თხევად ნახსირწყალბადთა (ძირითადად მეთანი) ტბები ტიტანის ზედაპირზე; დაკვირვებებმა ასევე მიგვანიშნა, რომ ამ უზარმაზარი მთვარის ყინულოვანი ზეაპირის ქვეშ შესაძლოა მლაშე ოკეანე იყოს. 

კასინიმ ასევე დააფიქსირა 504 კმ სიგანის მთვარე ენცელადიდან ამოტყორცნილი წყლის ჭავლები. შემდგომმა დაკვირვებებმა კი ნათელი გახადა, რომ ეს წყალი ზედაპირქვეშ დამარხული ოკეანიდან მოდიოდა, რომელიც დიდი ალბათობით, შეიცავს მიკრობებისათვის საჭირო ქიმიური ენერგიის წყაროს, თუკი მიკრობული სიცოცხლე იქ ოდესმე ჩამოყალიბდა (ან იქნებ უკვე არის კიდეც). 


რატომ ასეთი აღსასრული? - თვითმკვლელობა მეცნიერების სახელით 

კასინის საწვავის მარაგი ეწურებოდა და მისიის ხელმძღანელებს სურდათ,  პასუხისმგებლობა ბოლომდე აეღოთ, სანამ ხომალდზე კონტროლს დაკარგავდნენ. სწორედ ამიტომ, იგი ცეცხლოვანი სიკვდილისთვის გაიმეტეს და გადაწყვიტეს, რომ სატურნის ატმოსფეროში ჩაეშვათ, სადაც ხახუნის ძალით, კასინი კომეტასავით დაიწვა სატურნის ცაში. 

„დიდი ფინალი“, ანუ კასინის სასიკვდილო სვლა 2017 წლის 26 აპრილს დაიწყო, როდესაც კასინი უპრეცედენტო მანევრების შესრულებას შეუდგა გაზის გიგანტთან. ხომალდი 22-ჯერ ჩაეშვა სატურნსა და მის რგოლებს შორის. ეს გახლდათ პირველი შემთხვევა კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ამ რეგიონში ჩვენი რომელიმე ხომალდი შევიდა.  


12 სექტემბერს, კასინიმ უკანასკნელად გადაუფრინა სატურნის უდიდეს მთვარეს — ტიტანს, რომლის გრავიტაციამაც ხომალდი შეანელა და სასიკვდილო გეზი მისცა — სატურნის ცისკენ გატყორცნა.  

რატომ მიიღო NASA-მ ასეთი დრამატული გადაწყვეტილება? ძირითადი მიზეზია ტიტანი და ენცელადი — მეცნიერებს სურთ ბოლომდე დარწმუნდნენ, რომ უკონტროლოდ მოხეტიალე კასინი რომელიმე მათგანს ოდესმე არ შეეჯახება და არ დააბინძურებს დედამიწისეული მიკრობებით, რომლებიც შესაძლოა მის ბორტზე დღემდე ცოცხლები იყვნენ. არ დაგვავიწყდეს, რომ ორივე ეს მთვარე შეიძლება სიცოცხლისათვის ვარგისი იყოს.  

„რისკზე წასვლა არ შეგვიძლია. უნდა გამოვრიცხოთ ამ ხელუხლებელ, სუფთა სხეულთან კასინის უნებლიე კონტაქტი. დიდი ფინალი იმ 7-წლიანი კულმინაციის დასასრულია, რომლის ფარგლებშიც, ხომალდის დარჩენილი რესურსების პირობებში, იგი რაც შეიძლება პროდუქტიულად გამოვიყენეთ. სატურნის ატმოსფეროში შეყვანისა და განადგურების გზით, თავიდან ვიცილებთ ყველანაირ შანსს იმისას, რომ კასინი ოდესმე შეეჯახოს სატურნის რომელიმე მთვარეს, და ისინი ხელუხლებლად შევინახოთ შემდგომი კვლევებისთვის“, — ამბობს ეარლ მაიზი, კასინის პროგრამის ხელმძღვანელი NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიიდან. 

 

სატურნის ატმოსფეროში ჩაყვინთვა და დაფერფვლა 

კასინის აღსასრული თბილისის დროით 15:55 საათზე დადგა, როდესაც NASA-მ ხომალდისგან უკანასკნელი სიგნალი მიიღო და კავშირიც გაწყდა. კოსმოსური სააგენტოს განმარტებით, ჩაშვებისას წარმოქმნილი ინტენსიური ხახუნისა და სიცხის გამო, კასინი საბოლოო სიგნალის გამოგზავნიდან 45 წამში უნდა დაფერფლილიყო.  




„ვიმედოვნებ, ყველა თქვენგანი უაღრესად ამაყია ასეთი გასაოცარი აღსასრულით, ყველას გილოცავთ. ეს გახლდათ დაუჯერებელი მისია, გასაოცარი ხომალდი, თქვენ კი უბრალოდ ყოვლისშემძლე ჯგუფი ხართ. მისია დასრულებულია“, — განუცხადა კასინის მისიის ხელმძღვანელმა ეარლ მაიზმა NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიაში შეკრებილ ჯგუფს სიგნალის გაწყვეტისას.  

ხომალდი დედამიწას Deep Space Network-ით ეკონტაქტებოდა — ტელესკოპთა ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლის მიზანიც კასინისთან მუდმივი კონტაქტის შენარჩუნება იყო. ქსელს NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორია მართავს. 

კასინის ფინალურ მომენტებს მისიის მეცნიერები და ჯგუფის წევრები გაფაციცებით აკვირდებოდნენ; მონაცემები მოდიოდა მაშინაც, როდესაც ხომალდი სატურნის ატმოსფეროში შეიჭრა. სიგნალი მაშინ დაიკარგა, როცა კასინის აღარ შეეძლო დედამიწისკენ მომართული ანტენის ასეთ პოზიციაში შენარჩუნება, რადგან ამაში ხელს უშლიდა შეჭრისას წარმოქმნილი ხახუნი და სიცხე. მაიზის ვარაუდით, 45 წამის შემდეგ, ხომალდი მთლიანად უნდა დაფერფლილიყო. ლაბორატორიაში შეკრებილი ჯგუფი ოვაციებითა და აპლოდისმენტებით შეხვდა მაიზის სიტყვებს, როდესაც მან მისიის დასრულების შესახებ განაცხადა. 




„ისტორიული მომენტია და ვფიქრობ, ეს განწყობაზეც აისახება. აღვნიშნავთ გასაოცარი მისიის დაუჯერებელ მემკვიდრეობას“, — აღნიშნა JPL-ის მკვლევარმა მორგან კეიბლმა. 

„შეყვარებული ვარ. ძალიან დიდ გულისტკივილს ვგრძნობ, რადგან ეს ის იყო, რის გაკეთებასაც ვცდილობდით — ყველა მიგვეყვანა სატურნთან. ეს არ გახლავთ მხოლოდ მეცნიერთათვის განკუთვნილი განძეულის კოშკი, ის მთლიანი კაცობრიობის საკუთრებაა, შესაბამისად, სატურნთან ჩვენ ყველა ვიყავით, ყველაფერი უბრალოდ ფენომენალური იყო...“, — აღნიშნა მისიის მენეჯერმა ეარლ მაიზმა, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებდა. 


კასინი-ჰიუგენსის მისია NASA-ს, ESA-სა (ევროპის კოსმოსური სააგენტო) და იტალიის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტი იყო.  

 


კასინის მემკვიდრეობა - რა დაუტოვა მან კაცობრიობას 

კასინის აღმოჩენებმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა სატურნის, მისი რგოლების კომპლექსის, გასაოცარი მთვარეებისა და პლანეტის დინამიკური მაგნიტური გარემოს ჩვენეულ გაგებაში. კასინი ყველაზე შორეული პლანეტური ორბიტერია, რაც კი ოდესმე გაუშვია კაცობრიობას. გამაოგნებელი აღმოჩენები ხომალდმა სატურნთან მისვლისთანავე დაიწყო და სიცოცხლის უკანასკნელ წამებამდე გააგრძელა. 

სხვა მრავალ აღმოჩენასთან ერთად, 13 წლის განმავლობაში, კასინიმ დედამიწაზე გამოაგზავნა სატურნის სისტემაში გადაღებული 450 000-ზე მეტი ფოტო

წარმოგიდგენთ კასინის მიერ გაკეთებულ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას.  

 

ტიტანი 

 

ნისლში გახვეული, პლანეტის ზომის მთვარე სქელი საბურველის ქვეშ მალავს დიუნებს, მთებს, წყლის ყინულებს, თხევადი მეთანის მდინარეებსა და ზღვებს. მზის სისტემაში არსებულ ასობუთ მთვარეს შორის, ტიტანი ერთადერთია, რომელსაც აქვს სქელი ატმოსფერო სითხის დიდი მარაგი თავის ზედაპირზე; ამ ყველაფრით ის ძალიან ჰგავს კლდოვან პლანეტას. 

 

ისევე როგორც დედამიწას, ტიტანსაც აზოტით მდიდარი ატმოსფერო აქვს; ტიტანის შემთვევაში, მისი შემცველობა 95%-ია. თუმცა, დედამიწისგან განსხვავებით, ტიტანზე ძალიან ცოტაა ჟანგბადი; ატმოსფეროს დანარჩენი ნაწილი ძირითადად შედგება მეთანისა და სხვა გაზებისგან, მათ შორის ეთანისგან.  

ტიტანზე სამი მოზრდილი ზღვაა. ყველა მათგანი მთვარის ჩრდილოეთ პოლუსის სიახლოვეს მდებარეობს. სამხრეთ ნახევარსფეროში მხოლოდ ერთი მოზრდილი ზღვაა აღმოჩენილი.  

 

ენცელადი 

 

მთვარე ენცელადი თავის ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ თხევადი მლაშე წყლის გლობალურ ოკეანეს მალავს. წყლის გარკვეული ნაწილი ზედაპირზე უზარმაზარი ჭავლების სახით ამოიფრქვევა.  

 

ათწლეულების განმავლობაში, მეცნიერები ვერ ხსნიდნენ თუ რატომ იყო ენცელადი მზის სისტემის ყველაზე კაშკაშა მთვარე ან როგორ იყო იგი დაკავშირებული სატურნის E რგოლთან. ორივე საიდუმლო კასინიმ ამოხსნა; დაადგინა, რომ სატურნის E რგოლზე აღმოჩენილი ყინულოვანი ნივთიერებები სათავეს იღებდა ენცელადის ზედაპირქვეშ არსებული მლაშე წყლის ოკეანის სიღრმეში, სადაც შესაძლოა, სიცოცხლისთვის აუცილებელი ჰიდროთერმული ხვრელებიც კი იყოს.  

 

გლობალური ოკეანით, უნიკალური ქიმიური შემადგენლობითა და შიდა სიცხით, ენცელადი იმედისმომცემი ადგილი გახდა არამიწიერი სიცოცხლის საძიებლად

 

იაფეტი 

 

სატურნის ორფეროვანი მთვარე იაფეტი ასეთ შეფერილობას მოწითალო მტვრისგან იღებს, რომელსაც ის ორბიტაზე მოძრაობისას აგროვებს და წინა მხარეს ილექავს. 

 

ყველაზე უნიკალური და ალბათ ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი, რაც კასინიმ იაფეტზე აღმოაჩინა, ტოპოგრაფიული ქედია, რომელიც თითქმის ზუსტად გასდევს გეოგრაფიულ ეკვატორს. ქედის ფიზიკური წარმომავლობა ამ დრომდე ამოუხსნელია. 

 

ჯერჯერობით უცნობია, ეს ქედი მთის სარტყელია თუ ზედაპირზე არსებული გაფართოებადი ნაპრალია, რომელშიც იაფეტის სიღრმიდან ნივთიერებები უნდა იყოს ამოსული და აკუმულირებული.  

 

სატურნის რგოლები 

 

სატურნის რგოლები წყლის ყინულისა და მთვრის უთვალავი ნაწილაკისაგან შედგება. მათ პლანეტის მთვარეები იზიდავს და ჭიმავს, რის შედეგადაც რგოლებს შორის წარმოიქმნება ნაპრალები და ტალღები

 

მეცნიერებს სატურნის ორბიტიდან მანამდ არასოდეს ჰქონდათ შესწავლილი რგოლების ზომა, ტემპერატურა, შემადგენლობა და გადანაწილება. კასინიმ გადაიღო მთვარებისა და რგოლოს ექსტრაორდინარული ურთიერთობა; გამოავლინ სატურნის რგოლების ყველაზე დაბალი ტემპერატურა; აღმოაჩინა, რომ E რგოლოს წყაროა მთვარე ენცელადი. გარდა ამისა, რგოლები დაინახა ზაფხულის ბუნიაობისას, როცა მზის სხივები მათ კიდეებს ეცემა და შედეგად, გამოავლინა მანამდე უცნობი მრავალი დეტალი და მახასიათებელი. 

 

კასინიმ ასევე შეისწავლა სატურნის რგოლების ე. წ. „დელეგატების“ სახელით ცნობილი მახასიათებლები, რომლებიც ხშირად დედამიწის დიამეტრზე გრძელია. მეცნიერთა აზრით, ისინი შედგება ელექტროსტატიკური დამუხტვის შედეგად წარმოქმნილი ყინულის ციცქნა ნაწილაკებისაგან და „ცოცხლობენ“ მხოლოდ რამდენიმე საათს.  

 

პოლარული ნათება 

 

ძალიან უცნაურია სატურნის უმძლავრესი მაგნიტური ველი, რადგან ის ემთხვევა პლანეტის პოლუსებს. თუმცა, დედამიწის ველის მსგავსად, ისიც წარმოქმნის მოციმციმე ნათებას.  

 

სატურნზე პოლარული ციალი ზუსტად იგივე პროცესებით წარმოიქმნება, რითაც დედამიწის ჩრდილოეთისა და სამხრეთის პოლუსების ციალი. მზის ქარებიდან წამოსულ ნაწილაკებს სატურნის მაგნიტური ველი პლანეტის პოლუსებისაკენ მიმართავს, სადაც ისინი ზედა ატმოსფეროში ურთიერთქმედებენ ელექტრულად დამუხტულ გაზთან (პლაზმა) და გამოყოფენ სინათლეს. 

 

მშფოთვარე ატმოსფერო 

 

სატურნის ტურბულენტური ატმოსფერო დღვებს უზარმაზარ შტორმებს და წარმოქმნის ექვსკუთხედის მქონე მძვინვარე ქარიშხლიან რეგიონს ჩრდილოეთ პლუსის თავზე. 

 

თვალწარმტაცია სატურნის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები; ორივე მათგანი მორთულია უზარმაზარი მგრგვინავი შტორმებით. კასინიმ შესძლო ჩრდილოეთ პოლუსის შტორმის გადაღება და მეცნიერებმა დაადგინეს, ამ შტორმის თვალი 50-ჯერ უფრო ფართო იყო, ვიდრე დედამიწის ტროპიკულ ქარიშხალთა თვალი. 

 

დედამიწის ტროპიკულ ქარიშხალთაგან განსხვავებით, რომლებსაც ოკეანის თბილი წყალი ასაზრდოებს, სატურნის პოლარული მორევები სინამდვილეში სულაც არაა ქარიშხლები. ისინი უბრალოდ ჰგავს ტროპიკულ ქარიშხლებს და რაც ყველაზე საოცარია, ანათებენ კიდეც. მისვლისთანავე, 2004 წლიდან, კასინის ინსტრუმენტებმა იქ მიმდინარე ჭექა-ქუხილი არაერთხელ დააფიქსირა რადიოტალღების სახით. თუმცა, კასინის კამერამ სატურნის ელვის გადაღება პირველად მხოლოდ 2009 წელს შესძლო.  

 

სიკვდილის ბოლო წამებამდე, აქტიურად მუშაობდა კასინის რვა ინსტრუმენტი სულ არსებული თორმეტიდან. აღსასრულამდე რამდენიმე წამით ადრე, ხომალდმა შეგროვილი მონაცემების დედამიწაზე გამოგზავნა მოასწრო. საინტერესოა, რა ხდება სატურნის ცაში? რა პროცესები მიმდინარეობს? როგორია შემადგენლობა? კასინი ერთადერთია, რომელმაც იქ შეიხედა, ეს ყველაფერი იხილა და აღესრულა კიდეც. საბედნიეროდ, ყველა ეს ინფორმაცია უკვე NASA-ს ხელთაა და ყოველ დეტალს მონაცემების დამუშავების შემდეგ, უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. რა თქმა უნდა, 1tv.ge ყოველ ახალ ცნობას დაუყოვნებლივ შემოგთავაზებთ. 



მაშ ასე, კასინის მისია დასრულებულია. პირადად ჩემთვის, მეტად სასიამოვნო იყო კასინის „თვალთვალი“ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მისი ყოველი ახალი აღმოჩენის შესახებ სტატიის მომზადება და მკითხველისთვის მიწოდება.  

იქნება თუ არა კიდევ მსგავსი საოცარი მისიები მზის სისტემის გარე ნაწილისკენ? NASA გვპირდება, რომ — კი. 2030-იანი წლებისთვის, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო ამზადებს მისიას ევროპაზე — იუპიტერის ყინულოვან მთვარეზე, რომლის ზედაპიქვეშა ოკეანეში შესაძლოა არამიწიერი სიცოცხლეც იმალებოდეს



ენცელადი სატურნს მიღმა, კასინის მიერ გადაღებული უკანასკნელი ფოტო. 13 სექტემბერი, 2017


 

ტიტანი, კასინის მიერ გადაღებული უკანასკნელი ფოტო. 13 სექტემბერი, 2017

 


სატურნის რგოლები, კასინის მიერ გადაღებული უკანასკნელი ფოტო. 13 სექტემბერი, 2017



კასინის მიერ დანახული სატურნი მის ატმოსფეროში ჩაშვების წინ, რამდენიმე საათით ადრე

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
2017 წლის 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსურმ
წაკითხვა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა კასინიმ მშობლი
წაკითხვა
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
ხვალ, 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსური ხომ
წაკითხვა
კასინის აღსასრულის ფინალური მომენტები შეიძლება ტელესკოპებმა დედამიწიდანაც დააფიქსირონ
კასინის აღსასრულის ფინალური მომენტები შეიძლება ტელესკოპებმა დედამიწიდანაც დააფიქსირონ
15 სექტემბერს, დილით ადრე, NASA-ს კოსმოსუ
წაკითხვა
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
NASA-ს კოსმოსურ ხომალდ
წაკითხვა
კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება
კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება
სულ რაღაც 13 დღე რჩება NASA-ს კოსმოსურ ხო
წაკითხვა
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
სულ რაღაც 2 კვირა რჩება „კასინის“ დიდებულ
წაკითხვა
კასინიმ სატურნზე „სინათლის აჩრდილისებრი ფარდები“ შენიშნა [ვიდეო]
კასინიმ სატურნზე „სინათლის აჩრდილისებრი ფარდები“ შენიშნა [ვიდეო]
სატურნთან მყოფი NASA-ს კოსმოსური ხომალდი
წაკითხვა