საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1464

ქართველი ეკვადორელი - იოლანდა კაკაბაძის გეგმები WWF-ის პრეზიდენტობის შემდეგ [ექსკლუზივი]

სანდრო ჯუფალაკიანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-19 12:29:00

იოლანდა კაკაბაძე ეკვადორის გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრია. 2010 წლიდან დღემდე ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) პრეზიდენტია, თუმცა უკვე წლის ბოლოს მაღალ თანამდებობას დატოვებს. პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კაკაბაძე ამბობს, რომ მისი ოჯახის ისტორიაზე წიგნის დაწერას გეგმავს. საქართველოს კი მომავალ წელს ესტუმრება. იოლანდა კაკაბაძე ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებში მონაწილეობს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა კლიმატის ცვლილებაა.


- რა თემებს განიხილავთ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში? იქნება თუ არა მსჯელობა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე პარიზის შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლის შესახებ? როგორც ცნობილია, ამ გადაწყვეტილების ამოქმედება შეუძლებელია 2020 წლამდე. ფიქრობთ თუ არა, რომ ტრამპი გადაიფიქრებს?

- როგორც წესი, გენერალური ასამბლეის კვირა ძალიან დატვირთულია მოვლენებით. იმართება შეხვედრები არა მხოლოდ გაეროს ორგანიზებით, არამედ სხვა ჯგუფებისა და ორგანიზაციების მიერ. მე, მაგალითად, ვმონაწილეობ შეხვედრაში, რომელიც ეძღვნება კვების წარმოებასა და ნარჩენებს. ეს დღევანდელი თაობისთვის, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. კვების პროდუქტების მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ საჭიროა სოფლის მეურნეობის წარმოების ზრდა, მაგრამ მათი პროდუქციის ნახევარი მომხმარებლამდე საბოლოო ჯამში არც აღწევს. რაც შეეხება კლიმატის ცვლილებას, მდგრადი განვითარების მიზნებს — ამ საკითხით დაინტერესებულია ყველა სახელმწიფო. არა მგონია, რომ ტრამპის გადაწყვეტილება პარიზის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე ბევრ რამეს შეცვლის. რადგან შეერთებულ შტატებში არაერთმა ორგანიზაციამ, პოლიტიკურმა ლიდერმა, კერძო სექტორის წარმომადგენელმა გაზარდა ძალისხმევა ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით. მოძრაობაც კი შეიქმნა „We are still in“, რომლის წევრები ამბობენ, რომ ისინი ხელს შეუწყობენ პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას. ამასთან, ტრამპის გადაწყვეტილება მართლაც არ შეიძლება ამოქმედდეს 2020 წლამდე. ვიმედოვნებ, რომ მანამდე ტრამპი იფიქრებს ამ თემაზე. ჩვენ ვხედავთ, მაგალითად, ქარიშხლების დამანგრეველ ძალას. ეს ერთგვარი ნიშანია, რომ კლიმატის ცვლილების საკითხში უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები.


- კლიმატის ცვლილებაზე დისკუსია წელს საქართველოშიც გააქტიურდა — ტყის ხანძრების გამო. რას ურჩევთ საქართველოს მსგავს ქვეყნებს ამ სფეროში, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ტყეებს?

- ტყის ხანძრებით ზარალდება ყველა — შეერთებული შტატები, კანადა, რუსეთი, პორტუგალია, საქართველო... ეს მოვლენები ყველგან ხდება. მე და ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს დაკავშირებულია უფრო მშრალ სეზონებთან. ხანძრების რაოდენობა უჩვეულოდ არის გაზრდილი და შეგვიძლია ეს კლიმატის ცვლილებასთან დავაკავშიროთ. რა უნდა გავაკეთოთ? საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც უნდა აღვადგინოთ, გავაჯანსაზოთ ბუნება. მაგალითად, პრევენციის ერთ-ერთი საშუალება ტყეებში მცენარეთა მრავალფეროვნების გაზრდაა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია გასაკეთებელი საზოგადოების განათლების კუთხითაც.


- საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით. შენდება ახალი ჰიდროელექტროსადგურები. თქვენი ორგანიზაცია რამდენიმე ქვეყანაში კაშხლების მშენებლობასთან დაკავშირებით უარყოფით პოზიციას აფიქსირებს. რას ურჩევთ ამ კუთხით საქართველოს? არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ფიქრობს, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები დიდ გავლენას ახდენს გარემოზე.

- ჩვენ არ გამოვდივართ კაშხლების წინააღმდეგ, უბრალოდ გვაქვს გარკვეული რჩევები. მაგალითად, სად უნდა განთავსდეს ეს კაშხლები და რა ფაქტორები უნდა იყოს გათვალისწინებული. ჰესები აუცილებელია ელექტროენერგიის წარმოებისთვის, ბევრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ამ რესურსების ათვისება, მაგრამ ხშირად შეცდომებს ვუშვებთ, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, თუ სად უნდა აშენდეს სადგურები. არის ადგილები, სადაც გავლენა ბუნებაზე მცირეა და პირიქით. მაგალითად, ბიომრავალფეროვნების კუთხით მდიდარ ადგილებში კაშხლები არ უნდა აშენდეს. კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ ჰესები სასურველია განთავსდეს მდინარეების შენაკადებზე. ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო ხედვა იმისა, თუ სად უნდა აშენდეს სადგურები და სად არა.


- ბუნების მსოფლიო ფონდში თქვენი პრეზიდენტობის ვადა იწურება. რას გააკეთებთ 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ?

- მე ყოველთვის ვიქნები პანდა [პანდა - ბუნების მსოფლიო ფონდის ლოგო და სიმბოლოა]. ამ ორგანიზაციას მხარს ვუჭერდი იქამდეც, სანამ პრეზიდენტი გავხდებოდი და ასე იქნება ჩემი 8-წლიანი მოღვაწეობის დასრულების შემდეგაც. მე ყოველთვის ვმონაწილეობდი სხვა პროცესებშიც. ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება ძალიან აქტიური იქნება მომავალშიც და ის იქნება დაკავშირებული მდგრადი განვითარების კონცეფციასთან.


- მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ. ვიცი, რომ თქვენ სტუმრობდით საქართველოს. ასევე, გყავთ ნათესავები.

- ბაბუაჩემი ეკვადორში მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, სამ შვილთან ერთად წავიდა. ოჯახის დანარჩენი წევრები საქართველოში დარჩნენ. ისინი კვლავ იქ ცხოვრობენ და მათ რამდენჯერმე ვესტუმრე. უკვე ვგეგმავ ჩემს შემდეგ ვიზიტს საქართველოში და იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ამას შევძლებ. მინდა ოჯახი მოვინახულო და მოვიძიო დამატებით ინფორმაცია მათზე. ჩემი ოჯახის ისტორიაზე წიგნის დაწერა მინდა. ჩემი ძმა, მანუელ ელოი ესტებან კაკაბაძე, ეკვადორში საქართველოს საპატიო კონსულია. რამდენიმე წლის წინ ძმასთან და ჩვენს შვილებთან ერთად განაცხადი შევიტანეთ საქართველოს მოქალაქეობაზე და დღეს ყველას ორმაგი მოქალაქეობა გვაქვს - ეკვადორის და საქართველოს.

- მადლობა ინტერვიუსთვის და გელოდებით საქართველოში.


სანდრო ჯუფალაკიანი, ნიუ-იორკი.
ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი