საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2067

გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ ვაშენებთ ყველაზე ეფექტიან მულტიმოდალურ სატრანზიტო ინფრასტრუქტურას, რაც განამტკიცებს ურთიერთობებს სახელმწიფოებსა და მოქალაქეებს შორის ევროპიდან აზიამდე

გამოქვეყნებულია 2017-09-22 04:47:00

ჩვენ ვაშენებთ ყველაზე ეფექტიან მულტიმოდალურ სატრანზიტო ინფრასტრუქტურას და ეს ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს შესაბამის კავშირებსა და პროცესებს, აგრეთვე განამტკიცებს ურთიერთობებს სახელმწიფოებსა და მოქალაქეებს შორის ევროპიდან აზიამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებსაც. 

„ეს არ გახლავთ კოსმეტიკური ცვლილებები. ჩვენ დავპირდით ჩვენს ხალხს, რომ შემოვიღებდით საპარლამენტო სისტემას და გავაუმჯობესებდით ჩვენს კონსტიტუციას საუკეთესო ევროპული სტანდარტების შესაბამისად. გარდა იმისა, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტში აღმოფხვრილია მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ბევრი შეუსაბამობა, მასში ასევე ასახულია ისეთი ახალი, პროგრესული ინიციატივა, როგორიცაა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უფლება, გარემოს დაცვა და ბევრი სხვა, რაც პასუხობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამ გადაწყვეტილებებში ასახულია ქართველთა მისწრაფებები ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრობისკენ.  ყოველივე ამას ქართველები ისტორიულ კანონზომიერებად აღიქვამენ, რადგანაც საქართველო უკვე დიდი ხანია ევროპის ფართო კულტურული და ისტორიული სურათის განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

საქართველოს პრემიერმა მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაზე, განათლების რეფორმასა და ნოვაციების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება. 

„საკონსტიტუციო რეფორმის პარალელურად, ჩვენ, სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიზნით, დავიწყეთ ჩვენი ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელება.

ჩვენ წამოვიწყეთ განათლების სფეროს ამბიციური რეფორმა, რათა ერთმანეთს დავუკავშიროთ განათლების სისტემა და ინდუსტრია, რათა განვავითაროთ მოთხოვნაზე დაფუძნებული უმაღლესი და პროფესიული განათლება და გავაუმჯობესოთ ჩვენი სამუშაო ძალის ეკონომიკური უნარები და შესაძლებლობები.

​ნოვატორ საზოგადოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების წარმატებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ შემდგომ ინვესტიციებსა და შრომას ჩვენი ეროვნული ეკოსისტემის სასიკეთოდ, რათა მოხდეს მისი ინტეგრაცია გლობალურ ეკოსისტემაში და ჩვენს ნოვატორებს გაეხსნათ მსოფლიო ბაზრებისკენ მიმავალი გზები“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

საქართველოს პრემიერმა მთავრობის მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე ისაუბრა და რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე შეეხო საგადასახადო რეფორმას. მისი თქმით, წელს ქვეყანა ხუთპროცენტიან, მომდევნო წლებში კი შვიდპროცენტიან და უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელოდება. 

„ჩვენმა წინდახედულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ საფუძველი ჩაუყარა ჩვენს წარმატებას ჩვენი რეგიონის ტურბულენტურ ეკონომიკურ გარემოში. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, საქართველოს პოზიცია 97 ადგილით გაუმჯობესდა 2012 წელთან შედარებით. ამ თვეში Moody’s მონაცემებით, საქართველოს სუვერენული კრედიტის რეიტინგი გაუმჯობესდა და გადაინაცვლა Ba2 კატეგორიაში, რაც იმის დასტურია, რომ ქვეყანამ წარმატებით დაძლია 2014-2016 წლების რეგიონული შოკი.

საქართველოში ინვესტირების წახალისების მიზნით, ჩვენ განვახორცილეთ ამბიციური საგადასახადო რეფორმა, რომელიც გულისხმობს მოგების გადასახადის გაუქმებას გაუნაწილებელ შემოსავლებზე და საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის ლიბერალიზაციას. ჩვენი მოლოდინით, წელს მიღწეული იქნება 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო შემდგომ წლებში 7-პროცენტიანი და კიდევ უფრო მეტი ზრდა“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

საქართველოს პრემიერმა ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი გამოყო, რაც მისი თქმით, როგორც საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, ასევე რეგიონში კეთილდღეობისა და მშვიდობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. 

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი საქართველოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მიერ თავისი გეოსტრატეგიული ინტერესების გატარების საქმეში, რაც გულისხმობს ქვეყნის გარდაქმნას ბიზნესის წარმოების რეგიონულ ცენტრად, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მომსახურების სწრაფი მიწოდების უზრუნველსაყოფად ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტურიზმი და ლოგისტიკა, ასევე - პროდუქციის მისაწოდებლად ბაზარზე. ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც სამუშაო ადგილების შექმნისა და მოქალაქეთა სიღარიბიდან ამოყვანის ძლიერ საშუალებას. ჩვენ შევთანხმდით მსოფლიო სავალუტო ფონდთან ერთად მრავალწლიანი პროგრამის განხორციელებაზე და უზრუნველვყავით სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტების დაფინანსება. 

საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით) და მიაღწია ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციას. იმავდროულად, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ერთი მხრივ, ჩვენ ვახორციელებთ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე და, მეორე მხრივ, ვიზიდავთ აზიის ბაზრებს, რაც აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, სრულად გამოიყენოს თავისი თავისუფალი ვაჭრობის ქსელები ჩვენი დროის ამ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წამოწყებაში.

ჩვენ წვლილი შეგვაქვს ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის მაღალი ღირებულების პროდუქციითა და მომსახურებით ვაჭრობაში და მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაზიდვებისათვის საჭირო დროს ევრაზიის პერიფერიის შემოვლით, ტრადიციულ საზღვაო მარშრუტებთან შედარებით. 

ამ დიდი წამოწყების ფარგლებში, აზია და ევროპა შეხვდებიან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მეშვეობით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ თურქ და აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად, ასევე საქართველოს შავი ზღვისპირეთში, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად აშენებული ანაკლიის პორტის მეშვეობით. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს შეეძლება ყველაზე დიდი ტევადობის გემების მიღება, რაც ბევრად გაზრდის საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს. ამ პორტს ააშენებს პროექტის რამდენიმე საერთაშორისო მონაწილე და მისი ოპერატორი იქნება ცნობილი ამერიკული კომპანია. 

დღეს მიწისზედა ტრანსპორტით აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში ჩამოსვლა შესაძლებელია 10-ზე ნაკლები დღის განმავლობაში, ხოლო ჩვენგან ევროპის ნებისმიერ პორტში ხუთ დღეში ჩახვალთ. ჩვენ ვაშენებთ ყველაზე ეფექტიან მულტიმოდალურ სატრანზიტო ინფრასტრუქტურას და ეს ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს შესაბამის კავშირებსა და პროცესებს, აგრეთვე განამტკიცებს ურთიერთობებს სახელმწიფოებსა და მოქალაქეებს შორის ევროპიდან აზიამდე. ეს არის ურყევი და არსებითი კავშირი საქართველოს მოქალაქეებისათვის ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფასა და რეგიონში კეთილდღეობისა და მშვიდობის განმტკიცებას შორის“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ლიბანის პრემიერ-მინისტრი გადადგა
ლიბანის პრემიერ-მინისტრი გადადგა
ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი გადადგა. საგანგებო ტელემიმართვისას, ჰარირიმ განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.&l
წაკითხვა
გაერო-ს ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გაერო-ს ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ორგ
წაკითხვა
საქართველო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანათავმჯდომარედ წარადგინეს
საქართველო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანათავმჯდომარედ წარადგინეს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. 
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სა
წაკითხვა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და გენოციდი განახორციელა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და გენოციდი განახორციელა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ერაყის ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში
წაკითხვა
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება
მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 21 საკითხის განხილვა. 
წაკითხვა