საზოგადოებრივი
104.5 FM
1372

ირაკლი კობახიძე - მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა, მივიღეთ დახვეწილი კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-25 10:30:00

საქართველოს ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე დაახლოებით ერთი წელი რჩება, კონსტიტუციური პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებამდე - რამდენიმე დღე. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კონსტიტუციური პროექტის  მიღებას 26 სექტემბერს გეგმავს და ამ მიზნით, რიგგარეშე სხდომის მოწვევას პრეზიდენტს სთხოვს. თუმცა, თუკი საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით მის დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, დიდი ალბათობით, გიორგი მარგველაშვილი სხდომის მოწვევაზე უარს იტყვის და დეპუტატებს რიგგარეშე სხდომის ფორმატში შეკრება რეგლამენტის შესაბამისად თავად მოუწევთ. 

კონსტიტუციური რეფორმის მიმდინარეობასა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თაობაზე, პირველი არხი პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელ ირაკლი კობახიძესთან ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ: 


- საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის შინაარსი უკვე ცნობილია. კომისიის რეკომენდაციები ეხება როგორც სასამართლო ხელისუფლებას, ასევე რწმენის თავისულებასა და პოლიტიკური პარტიების რეგიონული პრინციპით დაკომპლექტებას. როდესაც, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციურ პროექტზე მუშაობა დაიწყო, თქვენ თქვით, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებდით. თქვენი ეს დაპირება ძალაში რჩება?

- ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული ყველა საკვანძო რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, რომელსაც დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. ამ თვალსაზრისით, ჩვენი დაპირება პირნათლად შესრულებულია. მათი მხრიდან რამდენიმე რეკომენდაცია იყო წარდგენილი, რომელიც ნაკლებად საკვანძო საკითხებს შეეხებოდა. მათ შორის, რეგიონული პარტიების შექმნას, რის თაობაზეც განსხვავებული პოზიციები გვქონდა, რაც ჩვენი მხრიდან დასაბუთებული იყო. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაში რეგიონული პარტიების შექმნის აკრძალვის თაობაზე უაღრესად ფართო კონსენსუსი არსებობს. ჩვენ ის საფრთხეები გვახსოვს, რომელიც დაკავშირებულია რეგიონული პოლიტიკური ცენტრების შექმნასთან. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში რეგიონული პარტიების აკრძალვის შესახებ ნორმის ჩადება აუცილებელი იყო. ეს ნორმა ორგანულ კანონში დღესაცაა, რომელიც ძალიან წარმატებით მოქმედებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნებული იყოს და  გარკვეული საფრთხეები არ შეიქმნას.

რაც შეეხება სასამართლოს, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ეხებოდა იმას, რომ პარლამენტი უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა გამწესების პროცესში ჩართული არ უნდა ყოფილიყო. ეს რეკომენდაცია იმის გამო არ გავითვალისწინეთ, რომ გვინდოდა, უზენაესი სასამართლოს თითოეული მოსამართლე მაღალი ლეგიტიმაციით ყოფილიყო გამწესებული. დარწმუნებული ვარ, ქართულ საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი ამ კუთხითაც იქნება. ბუნებრივია, არავის ინტერესებში არ შედის, პარლამენტი შესუსტდეს,  განსაკუთრებით იმ მიმართულებით, როგორიცაა სასამართლოს ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

- ანუ, შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ამ ნაწილშიც არ გაითვალისწინებთ?

- ჩვენს არგუმენტებთან დაკავშირებით პასუხი ვერ მივიღეთ, რაც საფუძველი გახდა იმის, რომ ეს რეკომენდაციები კონსტიტუციური პროექტის ტექსტში ასახული არ არის.

- თქვენ ამბობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საკვანძო საკითხების თაობაზე ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინება მოხდა, თუმცა ევროპელი ექსპერტები სამწუხაროს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში პროპორციული სისტემა 2020 წლის ნაცვლად, 2024 წელს ამოქმედდება. საპარლამენტო უმრავლესობა ამის მიზეზად ოპოზიციასთან კონსენსუსის მიუღწევლობას ასახელებს, თუმცა პრობლემა თავად მმართველ გუნდში ხომ არ არის, რომლის წევრებიც მაჟორიტარული სისტემის 2020 წლისთვის გაუქმებას მხარს არ უჭერენ?

- საუბარი მხოლოდ მაჟორიტარ დეპუტატებზე არ არის, წინააღმდეგობა მმართველი გუნდის შიგნით იყო, რაც კონკრეტულ არგუმენტებს ეფუძნებოდა. კონსტიტუციური სამართლის საფუძვლებში ვინც ერკვევა,იცის, რომ როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემა დაკავშირებულია გარკვეულ საფრთხეებთან. როდესაც მმართველ გუნდში მსჯელობა ორივე სისტემის უპირატესობაზე მიმდინარეობდა, ჩვენი დისკუსია სწორედ ამ არგუმენტებს ეფუძნებოდა. საუბარი მხოლოდ მაჟორიტარებზე ან რომელიმე დეპუტატის კერძო ინტერესებზე არ იყო, მსჯელობა არგუმენტებით წარიმართა. პროპორციული სისტემა ის სისტემაა, რომელიც სტაბილურობის კუთხით საფრთხეებს ყველაზე მეტად იწვევს. შეგიძლიათ, ეს ნებისმიერი სახელმძღვანელოდან ამოიკითხოთ. ძირითად მოსაზრებებს შორის განსხვავება რაში მდგომარეობდა? - ჩვენ მიგვაჩნია, რომ უახლოესი წლების განმავლობაში, საქართველოში პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაცია იმ ხარისხით მოხდება, რაც პროპორციული სისტემის პირობებშიც კი საფრთხეების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. საწინააღმდეგო მოსაზრებებიც იყო, რასაც არსებობის საფუძველი აქვს.

- თუკი თქვენი გუნდის წევრები საფრთხეებს პროპორციული სისტემის 2020 წელს ამოქმედებაში ხედავენ, რა გარანტია გაქვთ, რომ 2024 წლისთვის ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა იმდენად განვითარდება, რომ ეს საფრთხეები განეიტრალდება? საქმე პირად, პოლიტიკურ  ინტერესებთან ხომ არ გვაქვს, რადგან მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც არიან ბიზნესიდან მოსული დეპუტატები, რომლებიც, როგორც ჩანს, პარლამენტში მოხვედრის ერთ-ერთ და მარტივ გზად სწორედ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას მიიჩნევენ?

 - თავისთავად, პოლიტიკაში სუბიექტური ინტერესების არსებობა ნორმალურია, თუმცა ამ თვალსაზრისით, სუბიექტური ინტერესების წინ წამოწევას გამოვრიცხავ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებს, ამ ადამიანებს პარლამენტში მოხვედრა სიითაც არ გაუჭირდებოდათ. აქედან გამომდინარე, ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ იყო. უმრავლესობის შიგნით საარჩევნო სისტემის თაობაზე სერიოზული დისკუსია გაიმართა, რის საფუძველზეც გარკვეული პოზიციები შეჯერდა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ე.წ. ორსაფეხურიანი სისტემით შევძელით. რაც შეეხება ევოლუციას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სისტემა მუდმივად ვითარდება. ბუნებრივია, პოლიტიკური სისტემის განვითარების ხარისხი ერთი და იმავე არ იქნება 2020 ან 2024 წელს. პოლიტიკური და პარტიული განვითარების ჩვენმა სისტემამ 2024 წელს სრულიად სხვა ხარისხს უნდა მიაღწიოს. რა თქმა უნდა, მსჯელობის ერთ-ერთი საგანი ესეც იყო. პოლიტიკური და პარტიული სისტემების განვითარების ხარისხი რაც უფრო მაღალია,მით უფრო მცირდება რისკები, რომელიც დაკავშირებულია პროპორციული სისტემის ამოქმედებასთან.

 - თქვენ, როგორც კონსტიტუციონალისტი, იზიარებთ თქვენი თანაგუნდელების არგუმენტს, რომ პროპორციული სისტემის 2020 წელს ამოქმედება საფრთხეებს შეიცავს?

 - ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური პოზიცია არ არის, სახელმძღვანელოებში წერია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად არის მიდრეკილი არასტაბილურობისკენ. ანუ, ამ თვალსაზრისით რისკებს ყველაზე მეტად პროპორციული სისტემა შეიცავს, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი  - -პოლიტიკური სისტემა განვითარების იმ ხარისხს სამი წლის თავზე მიაღწევდა, რომლის პირობებშიც სტაბილურობის შენარჩუნება პროპორციული სისტემის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნებოდა. ჩემი პოზიციის მიუხედავად,განსხვავებულ მოსაზრებებს პატივს ვცემ და მათ არსებობის ლოგიკური საფუძველი აქვთ. 

- პროპორციული სისტემის გარდა, ვენეციის კომისიის მოსაზრებები ე.წ. ბონუსს სისტემასაც ეხება. არ ფიქრობთ, რომ როდესაც გადაუნაწილებელი მანდატები არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას მიაქვს, ეს უსამართლოა? ე.წ. ბონუსს სისტემის გაუქმებას გამორიცხავთ? 

- რაც შეეხება ე.წ. ბონუსს სისტემას, ამ თემასთან მიმართებაში იმ საკითხს უნდა დავუბრუნდეთ, რომელიც დაკავშირებულია პროპორციული სისტემის ხარვეზებთან. პროპორციული სისტემა ყველაზე მეტად არის მიდრეკილი არასტაბილურობისკენ. შესაბამისად, „ბონუსი“ დესტაბილიზაციის პრევენციას ემსახურებოდა და კონსტიტუციურ პროექტში ჩადებული ამიტომ იყო, თუმცა ვენეციის კომისიამ „ბონუსთან“ დაკავშირებით თავის მოსაზრება კიდევ ერთხელ გამოხატა. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ზედმიწევნით გავითვალისწინეთ და „ბონუსს“ მაქსიმალურად მკაცრი ზღვრები დავუწესეთ, ვენეციის კომისიამ მაინც მიიჩნია, რომ „ბონუსი“ პროპორციული სისტემიდან ჭარბი გადახრის გარკვეულ ელემენტებს ყველა შემთხვევაში შეიცავდა და აქედან გამომდინარე გვირჩია, რომ „ბონუსის“ საერთოდ ამოღებაზე გვეფიქრა. ჩვენ ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია საბოლოოდ გავითვალისწინეთ და როგორც უკვე საჯაროდ განვაცხადეთ, საკონსტიტუციო ცვლილებებიდან „ბონუსს“ ამოვიღებთ. ეს შეიძლება რეგლამენტის თანახმად მოხდეს და ამის თაობაზეც არის დისკუსია. თუკი რეგლამენტს ფორმალისტური განმარტებით გავყვებით, ამ ეტაპზე, ამ რეკომენდაციის კონსტიტუციურ პროექტში ასახვა შეუძლებელია, თუმცა თუ მატერიალურ განმარტებას მივყვებით, მოსაზრება არსებობს,ხომ არ სჯობს, კონსტიტუციური პროექტიდან „ბონუსის“ ამოღება ახლავე მოხდეს.

 - იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუციური ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვაა დარჩენილი, ანუ, მხოლოდ რედაქციული სახის შენიშვნების გამოთქმა შეგიძლიათ, პროექტიდან „ბონუსის“ თაობაზე გაკეთებული ჩანაწერი როგორ უნდა ამოიღოთ?

 - თუ რეგლამენტს ფორმალისტურად მივყვებით და ვინაიდან, ეს რედაქციული ხასიათის ცვლილება არ არის, „ბონუსის“ ამოღება რეგლამენტის სიტყვა-სიტყვით მნიშვნელობას ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, საუკეთესო იურიდიული გამოსავალი ისაა,რომ ახალი ცვლილების ინიცირება მოხდეს. ვენეციის კომისიის ხელმძღვანელებთან საუბარი რამდენჯერმე გვქონდა. მათ მიგვანიშნეს, რომ ხომ არ შეიძლებოდა, გვეფიქრა, რეგლამენტის მოთხოვნებს პედანტურად არ გავყოლოდით, რადგან  „ბონუსის“ ამოღებასთან დაკავშირებით საერთო კონსენსუსი არსებობს და ხომ არ სჯობდა, მესამე მოსმენის დროს ტექსტიდან ეს ჩანაწერი ამოგვეღო, იმის გათვალისწინებით, რომ რეგლამენტის მოთხოვნის არსი არ დაირღვეოდა. ეს მათი რჩევაა და ამ თემაზე მმართველ გუნდში მსჯელობა გაიმართება. შეიძლება, ორივე ვერსიაზე ვიფიქროთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა,რეგლამენტი არ დავარღვიოთ. იმით გამოვირჩევით, რომ კანონშემოქმედების პროცესში პროცედურებს მაქსიმალურად მკაცრად მივყვებით, თუმცა თუ საყოველთაო მოსაზრება იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ცვლილება რეგლამენტის არსსა და შინაარსს არ ეწინააღმდეგება, ამ შემთხვევაში შეიძლება, მესამე მოსმენის რეჟიმში ცვლილების შეტანაზე ვიფიქროთ.


 - ზემოთ აღნიშნული საკითხების მსგავსად, დისკუსიის ერთ-ერთი თემაა ბლოკების გაერთიანების აკრძალვაც. მიუხედავად იმისა, რომ პირადად თქვენ, ბლოკების დაშვების წინააღმდეგი ხართ და მსგავსი აკრძალვა კონსტიტუციურ პროექტშიც ჩაიწ