საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
821

ჩვენი დროის „სტაროსტები“

ქეთევან ბერაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-28 23:18:00

ის, რის გასარკვევადაც ქვემო სვანეთში ჩავედით, ადგილობრივებისთვის ტრადიციების განუყოფელი ნაწილი აღმოჩნდა - ჩვენი დროის „სტაროსტები“. ქვემო სვანეთში დამკვიდრებული ეს რუსული ტერმინი უცხოდ ჟღერს, თუმცა თავად სვანები ამაში უცნაურობას ვერ ხედავენ. „სტაროსტები“ ამ რეგიონში თითქმის ყველა არამოქმედ ეკლესიას ჰყავს.



რუსულ ლექსიკონში „სტაროსტა“ - საზოგადოების გარკვეულ ნაწილის, კოლექტივის სამართავად დანიშნულ ან არჩეულ პირს ნიშნავს. სტაროსტები სოფლებში, ქალაქებში, სასამართლოში, მიწის საკითხებსა და ეკლესიებში.    

ცერკოვნი სტაროსტა“ (საეკლესიო სტაროსტა) - მრევლიდან არჩეული პირი, რომელიც მართავდა ეკლესიას რუსეთის იმპერიაში XVII-XX. პირველად იხსენიება პეტრე პირველის ბრძანებებში. „სტაროსტა“ არ არის სასულიერო პირი, მისი უპირველესი ვალდებულება იყო ეკლესია სანთლებით მოემარაგებინა და ეკლესიის ყულაბა შეენახა. მოგვიანებით, მათ მოვალეობებში შევიდა შემოწირულობის შეგროვება, ტაძრის სარემონტო სამუშაოები, წესრიგის დაცვა. „სტაროსტას“ მრევლი ირჩევდა.



ლენტეხიდან დაახლოებით 7 კილომეტრში, რომლის გავლას საათზე მეტი სჭირდება, სოფელ ფაყში, ღვთისმშობლის ანუ ლამარიას სახელობის ტაძარია. ტაძარი მოქმედი არ არის. ის სოფლის სასაფლაოზე დგას, ან პირიქით სოფელმა დიდი ხნის წინ გადაწყვიტა ტაძრის გარშემო დაეკრძალათ საყვარელი ადამიანები. წვიმის მიუხედავად, ტაძრის ეზოში „სტაროსტა“ ედიშერ ბენდელიანი გვხვდება. მას ხელში გასაღებების ასხმა აქვს. დაკეტილი ტაძრის საკეტებს თანმიმდევრობით აღებს. რკინის ურდული მძიმედ იღება და ჭრიალით გაღებული კარიდან ტაძარში შუქი იღვრება.



ადგილობრივების განმარტებით, ტაძარი IX-X სს-ით თარიღდება. დღემდე შემონახული უძველესი ხატებიც სათუთად ინახება. პატარა სარკმელიდან დღის სინათლე მკრთალად შემოდის, თუმცა უხვად აქ მხოლოდ გადახურვიდან ჩამოდის წყალი. ტაძარი შეკეთებას საჭიროებს.



გარეთ წვიმს, ტაძრის შიგნით კი ედიშერ ბენდელიანთან „სტაროსტებზე“ ვიწყებთ საუბარს.

ედიშერ ბენდელიანი, სოფელ ფაყის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ყოფილი „სტაროსტა“:

„სტაროსტა“ რუსული სიტყვაა და ღვთის მსახურს ნიშნავს. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს მუდამ და მზად იყო ემსახურო ხალხს, მრევლს და ნებისმიერ მომსვლელს. „სტაროსტას“ მოვალეოებაში შედის ეკლესიის მოვლა, პატრონობა, დაცვა, შენახვა. როცა წირვა-ლოცვა ტარდება, მღვდელს ეკლესიის კარს სტაროსტა უღებს“.   




საბჭოთა პერიოდში კომუნისტებმა ამ ტაძრის სხვა დანიშნულებით გამოყენება არაერთხელ სცადეს - გვიხსნის ბ-ნი ედიშერი. მაგალითად, სკოლის გახსნაც უნდოდათ, მაგრამ სტაროსტებმა ხალხის მხარდაჭერით ეს არ დაუშვეს და ტაძარი პირვანდელი სახით შემოინახეს თავის სიწმინდეებთან ერთად.

„სტაროსტას“ 2 ან 3 წლით ირჩევენ. სოფლის უხუცესები და ის ადამიანები ვისაც აზრს ვეკითხებით ხოლმე კანდიდატურებს ასახელებენ და მერე კენჭისყრით ირჩევა ერთი. შეიძლება პირდაპირაც დასახელდეს მხოლოდ ერთია ადამიანი და ის დაინიშნოს „სტაროსტად“. მთავარი კრიტერიუმი - პატიოსნება და სანდოობაა, დაკისრებული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა - გვიხსნის ბ-ნი ედიშერი.

ვადის ამოწურვის შემდეგ, „სტაროსტა“ სოფელმა შესაძლოა, კვლავ აირჩიოს და არაერთხელაც. ედიშერ ბენდელიანი, ლამარიას ზედიზედ 3-ჯერ ემსახურა, ამბობს, რომ სოფელმა არ გაუშვა. ამბობს, რომ რამდენიმე რელიგიური დღესასწაულს აქ განსაკუთრებით აღნიშნავენ - მაგ. ღვთისმშობლობას და კიდევ უფრო გამორჩეულად სულთმოფენობის დღესასწაულს. ამ დღეს მლოცველები ტაძარში საქართველოს ყველა კუთხიდან იყრის თავს“. 



„მღვდელი წირვას ატარებს, მომლოცველთა ნაწილი კი „სტაროსტას“ გვთხოვს, დავლოცოთ. ეს მათ სურვილზეა დამოკიდებული. არის სხვადასხვა ლოცვები, მაგალითად, სნეულთათვისგამოვაბრძანებთ ხატს და მათ სახელზე ვკითხულობთ ლოცვას. ამას სხვა ძალა აქვს“ - ბატონი ედიშერი გვიხსნის, რომ „სტაროსტას“ დალოცვას ისტორიული მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური განათლება ღვთისმეტყველებაში არ აქვს.

ედიშერ ბენდელიანი უკვე ყოფილი „სტაროსტაა“. თავისი უფლებამოსილება და ტაძრის გასაღებები, სოფლის გადაწყვეტილებით - მალხაზ ჩანქსელიანს გადააბარა, რომელმაც ტაძრის დაცვა და მოვლა-პატრონობა უნდა გააგრძელოს.  


ფაყში „ლამარიას“ ანუ ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარდა კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი სალოცავია, სკალდის ან როგორც თავად ეძახიან ისკალდის მთავარანგელოზის მამათა მონასტერი. იქ ქალების ასვლა იკრძალება. არავინ იცის, რამდენი წელი ან საუკუნეა, რაც ტაძრის ეზოში ქალს ფეხი არ დაუდგამს.


სკალდის მონასტერს უკვე ორი წელია, „სტაროსტა“ აღარ იცავს, მას შემდეგ, რაც მონასტერი მოქმედი გახდა. გასაღებიც ეკლესიის წინამძღვარს აქვს და არა „სტაროსტას“. „გადაბარების“ პროცესი მარტივი არ იყო, რის გამოც, „ეკლესიის მცველი“ უკვე ორი წელია, სალოცავად არ ასულა.



ისტორიკოსი და ლენტეხის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჩანქსელიანი დეტალურად გვიხსნის, თუ როგორ მოიკიდა ფეხი რუსულმა ტერმინმა „სტაროსტამ“ ქვემო სვანეთში და რეალურად, რის ჩანაცვლებას ცდილობდა ამ გზით თავის დროზე მეფის რუსეთი.


მაიზერ ჩანქსელიანი -  „ტერმინი „სტაროსტები“ 1811 წლიდან, ანუ, ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ იკიდებს ფეხს საქართველოში და 1925 წლის თებერვლის შემდეგ როცა მღვდელი უკვე აღარ არის ეკლესიაში, იდევნება, მას ცვლის „სტაროსტა“. თუმცა ამ ტერმინს სვანეთში დიდი ისტორია აქვს, ოღონდ სახელცვლილებით და არა სახეცვლილებით“.

ის გვიყვება, რომ ჯერ კიდევ წარმართულ პერიოდში, ფუსდები წმინდა განძის მცველები იყვნენ. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ კი ფუსდები, მართლმადიდებლური ტაძრების მცველებად იქცნენ. მისი თქმით, სწორედ ისინი იცავდნენ უკვე შემდეგ პერიოდში ეკლესიებში დაცულ სიწმინდეებს. საუკუნეების განმავლობაში, ძნელბედობის ჟამს, საქართველოს ბარიდან სვანეთში ადიოდა საეკლესიო თუ სამეფო სიმდიდრე და ამ რაინდებმა მოიტანეს, თითქმის უკლებლივ გასული საუკუნის 80-იან წლებამდე - განმარტავს მაიზერ ჩანქსელიანი.

„გამორჩეული თვისებების გამო ირჩევდნენ ასეთი რაინდებს - უნდა ყოფილიყვნენ ერთგულნი, ძლიერნი, ბრძოლა უნდა შეძლებოდათ და თუ საჭირო იქნებოდა, თავის გაწირვაც და არჩევის შემდეგ ფიცს დადებდნენ, რომ სიცოცხლის ბოლო წვეთამდე დაიცავდნენ განძეულობას. ადიშის ოთხთავი, ლაილაშის ბიბლია, მე-11 ს-ის საქართველოს კათალიკოსის კვერთხის, რომელიც დღეს მუზეუმშია დაცული, ლენტეხში. ხატი შეფიცულ 4 მამაკაცს წლიდან წლამდე უნდა შეენახა კლდეში, ისე, რომ მისი ადგილსამყოფელი არავის სცოდნოდა“.


სწორედ ამ შეფიცულებს შეუცვალეს სახელი მეცხრამეტე საუკუნიდან და მათ „სტაროსტები“ უწოდეს, თუმცა სვანებმა თავიანთ ტრადიციებს არ უღალატეს და საქართველოს ტაძრებში არსებული სიწმინდეები შემოუნახეს. „სტაროსტებად“ ქცეული ფუსდები იცავდნენ ეკლესია-მონასტრებს, განძეულობას, საეკლესიო სიმდიდრეს.

ქვემო სვანეთში ამბობენ, რომ „სტაროსტები“ და სოფლის შეფიცული კაცები ოჯახებსა თუ კლდეებში მალავდნენ სიწმინდეებს. მაგალითად, ისკალდის მამათა მონასტერში გასულ წლამდე ჩვენი გვარის უფლის 4 შეფიცული იცავდა მე-11 საუკუნის მთავარანგელოზის ხატს, რომ არ დაკარგულიყო და 3-ჯერ წელიწადში, სულთმოფენობის, პეტრე-პავლობაზე და მთავარანგელოზობის დღეს 21 ნოემბერს ამ ხატს გამოაბრძანებდნენ „სტაროსტები“, - ამბობს მაიზერ ჩანქსელიანი.


ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „სტაროსტები“ მღვდლებს უთმობენ ადგილს. ისინი მათთან ერთად ჯერ კიდევ ასრულებენ თავიანთ რიტუალებს, როგორიცაა ხატის გამობრძანება და ხატის ხალხთან წარდგენის, დალოცვის რიტუალი.

„სტაროსტას“ ინსტიტუტი ეტაპობრივად ისტორიას ჩაბარდება, როგორც ქართული ეკლესია-მონასტრების გადარჩენაში უდიდესი წვლილის შემტან ადამიანებს სვანეთში“ - ამბობს მაიზერ ჩანქსელიანი.


მონასტრებში, სადაც წირვა-ლოცვა სისტემატიურად არ ტარდება, დღესაც არიან „სტაროსტები“, რადგან ტაძრების ამოქმედებამდე მათ მოვლა-პატრონობა და დაცვა სჭირდებათ.


ფოტო: ქეთევან ბერაია, გიორგი ჯაფარიძე

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე