საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1247

რასა იუკნიავიჩენე - აუცილებელია, საქართველო და უკრაინა არ დავტოვოთ რუსეთთან პირისპირ

ქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-08 17:29:00

ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთი აგრესიული ქვეყანაა, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ლიტვის დელეგაციის ხელმძღვანელმა რასა იუკნიავიჩენემ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს სურდა და სურს რუსეთთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ ლიტველი დეპუტატის განცხადებით, რუსეთის დემოკრატიზაცია არ მოხდა.

„ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთი აგრესიული ქვეყანაა. განსაკუთრებით ყირიმის არალეგალური ანექსიის შემდეგ. ყირიმის ანექსიამდე, რუსეთმა აგრესიული ნაბიჯები გადადგა საქართველოს წინააღმდეგ.

სამწუხაროდ, 2008 წელს ყველამ ვერ გაანალიზა, რომ საქართველოსთან ომით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ევროპა ახალი რეალობის წინაშე დადგა.

ყირიმის ანექსიამ და აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციამ ყველა შოკში ჩააგდო. საბედნიეროდ, დაიწყო მსჯელობა ნატო-სა და მთელი საერთაშორისო საზოგადოების უფრო რეალისტურ მიდგომაზე.

ნატო-ს სურდა და სურს რუსეთთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ არ მოხდა რუსეთის დემოკრატიზაცია. ჩვენ სხვა რეალობის და გამოწვევების წინაშე ვართ.

ჩემი ანგარიში არის მცდელობა, რომ სიტუაციის რეალისტური შეფასება მოხდეს.

ვერ ვიტყვი, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხეები ახალი თემაა. შესაძლოა, რომ ეს არის ახალი ჩვენი თაობისთვის, მაგრამ არ არის ახალი ლიტვისთვის.

ჩემი ქვეყანა ისეთი საფრთხეების წინაშე დგას, როგორც მაგალითად, წინა საუკუნეებში. ვგულისხმობ ტერიტორიულ ასპექტებს და გავლენის განხორციელების მცდელობებს“,- განაცხადა ლიტვის დელეგაციის ხელმძღვანელმა ბუქარესტში ვიზიტის დროს.

რასა იუკნიავიჩენეს თქმით, რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებთან გამკლავებაში საქართველოსა და უკრაინას დახმარება სჭირდება.

„რუსეთის ზეწოლასთან გასამკლავებლად საერთო სტრატეგია გვჭირდება. გვჭირდება საერთო ხედვა და სტრატეგია იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ენერგო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას, კიბერშეტევებს, ჰიბრიდულ ომს, საინფორმაციო ომს, ორგანიზებულ დანაშაულს, რუსი ჯაშუშების საქმიანობას.

 აუცილებელია, საქართველო და უკრაინა არ დავტოვოთ რუსეთთან პირისპირ.

უკრაინა რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთს სურს უკრაინაზე სრული კონტროლის დაწესება, სურს უკრაინის დემოკრატიულ განვითარებას ხელი შეუშალოს. რუსეთის ინტერესშია, რომ უკრაინა იყოს კორუმპირებული სახელწიფო. რუსეთი ეწინააღმდეგება საქართველოსა და უკრაინის ევროპულ მომავალს. 

კრემლი არ აკლებს მცდელობას, რომ საქართველოს და უკრაინის ევროპულ მისწრაფებას ხელი შეუშალოს. რუსეთის მიზანია, პროცესის გაჭიანურება და შეფერხება.

ეს არის მთავარი ბრძოლა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოსა და უკრაინას რეფორმების გატარებასა და რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებთან გამკლავებაში“,- განაცხადა ლიტველმა დეპუტატმა.

რუმინეთის დედაქალაქში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 63-ე სესია გრძელდება. შეხვედრას 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს დელეგაციაც ესწრება. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე