საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
13595

ჩინეთის გიგანტურმა რადიოტელესკოპმა პირველი აღმოჩენა გააკეთა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-11 18:32:00

Tags:FAST

გახსნიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, ჩინეთის 500 მეტრიანი აპერტურის სფერულმა რადიოტელესკოპმა (FAST) პირველი დადასტურებული აღმოჩენა გააკეთა. ეს გახლავთ ამჟამად უდიდესი ერთთეფშიანი რადიოტელესკოპი მთელ მსოფლიოში. 

ასტრონომებმა გიგანტური თეფში ათასობით სინათლის წლის მანძილზე მდებარე პულსართა წყვილზე დაკვირვებისათვის გამოიყენეს.  

ვარსკვლავები PSR J1859-01 და PSR J1931-01 ტელესკოპმა ჯერ კიდევ აგვისტოში აღმოაჩინა, თუმცა კიდევ რამდენიმე თვე გახდა საჭირო, სანამ ამ ვარსკვლავთა ნამდვილობა ავსტრალიის პარკსის ტელესკოპმა დაადასტურა. 

ორივე ობიექტი მკვრივი, სწრაფად მბრუნავი ვარსკვლავებია, გარს აკრავთ ძლიერი მაგნიტური ველი. ეს ველები ელექტრომაგნიტურ რადიაციას ამისამართებს ნაკადში, რომელიც ყოველი ბრუნვისას წრეს ხაზავს, კოსმოსური შუქურის მსგავსად. 

როგორც დედამიწიდან ჩანს, ეს ვარსკვლავები ყოველი ბრუნისას პულსირებენ, საიდანაც მომდინარეობს მათი სახელი — პულსარი. განლაგება და დროში განაწილება მათ ერთგვარ კოსმოსურ ორიენტირებად აქცევს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ისინი მოსხერხებელი კოსმოსური საათებია ზოგადი ფარდობითობის გასატესტად. 

FAST-ის მიერ აღმოჩენილ წყვილს ასევე უწოდეს FP1 და FP2; არ გამოირჩევიან არც ზომის, არც სიჩქარის ან მანძილის თვალსაზრისით. 

„პულსარ FP1-ის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოპდი 1,83 წამია, ჩვენგან დაშორებულია 16 ათასი სინათლის წლით; FP2-ის ბრუნვის პერიოდი 0,59 წამია, ჩვენგან დაშორება კი 4100 სინათლის წელი“, — ამბობს ტელესკოპის მთავარი ინჟინრის მოადგილე ლი დი. 

შედარებისათვის — უსწრაფესი პულსარები საკუთარი ღერძის გარშემო წარმოუდგენლად სწრაფად ბრუნავენ — 642-ჯერ წამში! 

თებერვალში, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ აღმოაჩინა პულსარი, რომელიც ოდესმე შესაძლებლად მიჩნეულ ასეთ ობიექტზე ათასჯერ უფრო კაშკაშაა; მდებარეობს 50 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. 

თუმცა, ყველაფერი ჯერ წინაა —FAST-ი უფრო დიდია, ვიდრე პუერტო-რიკოს არესიბოს ობსერვატორია, რომელიც ამ სახის ტელესკოპებში ყველაზე დიდი იყო; ასე რომ წინ დანამდვილებით გველის კიდევ მრავალი აღმოჩენა. 

„ახლად აღმოჩენილი ორი პულსარი განასახიერებს ჩინეთის რადიოტელესკოპის სისტემატიური აღმოჩენების ახალი ეპოქის დაწყებას“, — ამბობს იან ჯუნი, ჩინეთის ეროვნული ასტრონომოული ობსერვატორიის დირექტორი. 

ტელესკოპის მშენებლობა 185$ მილიონი დაჯდა და მისი მთავარი მიზანია შორეული კოსმოსიდან ჩვენს პლანეტაზე დაცემული რადიოტალღების შეგროვება, რაც მკვლევრებს შესაძლებლობას მისცემს დააფიქსირონ წყალბადის უძველეს ღრუბელთა, შორეულ შავ ხვრელთა და პულსართა მკრთალი კვალი; და იქნებ... არამიწიერ ცივილიზაციათა სიგნალებიც

თეფში განთავსებულია სამხრეთ ჩინეთში, გუიჯოუს პროვინციაში, კირქვის დაშლის შედეგად გაჩენილ უზარმაზარ ხვრელში. 

სტატისტიკა შთამბეჭდავია; 4450 პანელის საშუალებით, თეფშს სიგნალების შეგროვება შეუძლია 196 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რაც თითქმის ორჯერ აღემატება არესიბოს ტელესკოპის დაფარვის ზონას. 

დიდ თეფშს უფრო მეტი რადიოტალღის შეგროვება შეუძლია, რაც ნიშნავს უფრო სუსტ სიგნალთა დაჭერას, სწორედ იმას, რისი ხილვაც ღრმა კოსმოსში, შესაბამისად ძალიან შორეულ წარსულში გვსურს. 

ტელესკოპის ღრმულს გარს აკრავს ბუნებრივი ბორცვები, რაც ერთგვარი ფარის როლს ასრულებს დედამიწისეული წარმოშობის რადიოტალღებისგან დასაცავად, რაც FAST-ს ნამდვილ სამოთხეს უქმნის ვარსკვლავებზე დაკვირვებისათვის. 

გარდა ამისა, ტელესკოპის გამოყენება შესაძლებელია მარსისკენ გაგზავნილი ხომალდებისთვის თვალყურის მიდევნებისთვისაც; მარსის პროგრამაზე ჩინეთი ამჟამად აქტიურად მუშაობს.  

ბოლო წლებში, ჩინეთმა გასაოცარი ნახტომი გააკეთა კოსმოსურ ტექნოლოგიებში; მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ, ჩინელმა მეცნიერებმა განახორციელეს კვანტურად დაშიფრული პირველი საერთაშორისო ვიდეოზარი.  

2017 წლის დასაწყისში, ჩინეთის კოსმოსურ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების კორპორაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ამ წელში, 30 კოსმოსურ გაშვებას გეგმავდა, მთავარი მიზანი კი 2020 წელს მარსზე მავალის დასმაა. 

ტელესკოპი FAST კი უბრალოდ კიდევ ერთი მაგალითია აზიური ქვეყნის სწრაფი პროგრესისა კოსმოსურ ტექნოლოგიებში. სრულფასოვანი ფუნქციონირების დასაწყებად ტელესკოპს კიდევ რამდენიმე თვე ესაჭიროება. ბევრი აღარ რჩება იმ დრომდე, როცა გიგანტური ტეკლესკოპი ხელმისაწვდომი გახდება მთელი მსოფლიოს ასტრონომთათვის. 

ეჭვგარეშეა, რომ ჩინელი მონსტრი მრავალ საოცარ აღმოჩენას გვიმზადებს.  

მომზადებულია cas.cn-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი