საზოგადოებრივი
104.5 FM
1697

რა არის ნეიტრონული ვარსკვლავი

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-18 19:04:00

რამდენიმე დღის წინ, ფიზიკოსებმა და ასტრონომებმა მთელ მსოფლიოს ამცნეს, რომ ისტორიაში პირველად, დააფიქსირეს ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახება — ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და მძვინვარე მოვლენა სამყაროში. 

მაგრამ რა არის სინამდვილეში ნეიტრონული ვარსკვლავი? 

სააგენტო AFP-მ ამ კითხვით კარდიფის უნივერსიტეტის გრავიტაციული ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პატრიკ სუტონს მიმართა, რომელიც აღმოჩენის პროცესშიც იყო ჩართული. 

 

რა არის ნეიტრონული ვარსკვლავი? 

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ისინი არიან მკვდარი ვარსკვლავების კოლაფსირებული, გადამწვარი ბირთვები. 

როდესაც დიდი ვარსკვლავი სიცოცხლის დასასრულს აღწევს, მისი ბირთვი კოლაფსირდება, ვარსკვლავს შემოეძარცვება გარე ფენები; თქვენს ხელთ რჩება უკიდურესად ეგზოტიკური ობიექტი — ნეიტრონული ვარსკვლავი. 

როგორც წესი, ნეიტრონული ვარსკვლავების მასა ნახევარი მილიონით აღემატება დედამიწის მასას, მაგრამ მათი დიამეტრი მხოლოდ 20 კილომეტრია (დაახლოებით ლონდონის ზომის). 

ამ ვარსკვლავების შემადგენელ ნივთიერებათა ერთი მუჭას, დედამიწაზე ევერესტის მთის მასა ექნებოდა. 

ისინი ძალიან ცხელია, მილიონობით გრადუსი; არიან ძლიერ რადიოაქტიურნი, აქვთ უკიდურესად ძლიერი მაგნიტური ველი... ისინი ნამდვილად ყველაზე სასტიკი ობიექტებია მთელ სამყაროში. 

 

რატომ ეჯახებიან ერთმანეთს ნეიტრონული ვარსკვლავები? 

სამყაროში ძალიან ხშირია, როდესაც მოცემული გაზის ღრუბლიდან ვარსკვლავები წყვილებად იბადებიან.  

თუკი ვარსკვლავები საკმაოდ დიდია, სიცოცხლის დასასრულს, ისინი ფეთქდებიან და თავიანთ ადგილზე ტოვებენ ნეიტრონულ ვარსკვლავებს, რომლებიც შემდეგ ერთმანეთის გარშემო მოძრაობას განაგრძობენ. 

ერთმანეთის ორბიტაზე მოძრაობისას, ისინი გამოყოფენ გრავიტაციულ ტალღებს, რომლებსაც თან მიაქვთ ენერგია და შედეგად, ვარსკვლავები ნელ-ნელა ერთმანეთს უახლოვდებიან. 

ერთმანეთთან ახლოს მისვლისას, სულ უფრო და უფრო იზრდება მათი მოძრაობის სიჩქარე, უფრო სწრაფად გამოიყოფა გრავიტაციული ტალღებიც

პროცესი უკვე შეუქცევადი ხდება და სიცოცხლის უკანასკნელ მომენტებში, ორი ვარსკვლავი ერთმანეთის გარშემო წამში რამდენიმე ასეულჯერ ბრუნავს; მოძრაობის სისწრაფე ძალიან უახლოვდება სინათლის სიჩქარეს და საბოლოოდ, ნეიტრონული ვარსკვლავები ერთმანეთს ერწყმიან. 

 

რა ხდება ამის შემდეგ? 

იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად არ ვიცით ნეიტრონულ ვარსკვლავთა წიაღის მუშაობის მექანიკა, უცნობია მათი საბოლოო ბედ-იღბალი. 

თუკი ვარსკვლავები საკმარისად მძიმეა, დარწმუნებული ვართ, რომ ისინი კოლაფსირდებიან და წარმოქმნიან შავ ხვრელს... გარკვეული ნარჩენი მატერია კი წარმოქმნის აკრეციის დისკს, რომელიც ამ შავი ხვრელის გარშემო იმოძრავებს. 

თუკი ვარსკვლავები მსუბუქია, შეჯახების შემდეგ ისინი შავი ხვრელის ნაცვლად წარმოქმნიან ერთ ძალიან მძიმე ნეიტრონულ ვარსკვლავს. ეს ობიექტი შეიძლება სტაბილური იყოს და სამუდამოდ ნეიტრონულ ვარსკვლავად დარჩეს, მაგრამ შეიძლება ისიც, რომ იგი იყოს არასტაბილური და საბოლოოდ, მაინც შავ ხვრელად კოლაფსირდეს. 

მომზადებულია AFP-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი