ეროვნული საფეხბურთო ლიგის 32-ე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ გორის „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ერთ-ერთ აუტსაიდერ „დილასთან“ 1:2 წააგო და თბილისის „დინამოსთან“ გასწრების მშვენიერი შანსი ხელიდან გაუშვა.
ქუთაისელებს ვერ ეხმარებოდნენ ლევან კუტალია, ლაშა კუჭუხიძე და ბექა ტუღუში. კუტალია და კუჭუხიძე ტრავირებულები არიან, ხოლო ტუღუშს ფოთის "კოლხეთთან" მიღებული წითელი ბარათის გამო, 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი წაგების ერთ-ერთ მიზეზად ამ დანაკლისს ასახელებს.
„ყველა შეხვედრას ერთ დონეზე ვერ ითამაშებ. რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ვერ დაგვეხმარა, მაგრამ ჩვენი ბრალია, რომ დავმარცხდით. პირველ ტაიმში მომენტები გვქონდა ვერ გავიტანეთ. მერე ბურთი თავად გავუშვით, ავნერვიულდით და ავირიეთ. ამის მიუხედავად, მომენტები ისევ გვქონდა და კვლავ ვერ გამოვიყენეთ. დღეს „დილამ“ დამსახურებულად გაიმარჯვა, ჩვენ კი თბილისის „დინამოს“ გასწრება ვერ მოვახერხეთ. მაგრამ კიდევ 4 ტურია დარჩენილი და საჩემპიონო ბრძოლას გავაგრძელებთ“ – ამბობს ჩხეტიანი.