საზოგადოებრივი
104.5 FM
თამარ მშვენიერაძე
ჟურნალისტი
g 0 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

ყველაფერი, რაც დღეს ეთერშია, ხვალ არქივია, აუდიო-ვიზუალური არქივი - ასეთი, ყოველკვირეულად დაარქივებული გადაცემებია ჩემი პროფესიული ბიოგრაფია, აქ, ამ ტელევიზიაში. მანამდე ვისწავლე სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი გავიარე სამაგისტრო პროგრამა მედიის მენეჯმენტსა და კომუნიკაციებში. 26 წთ,  52 წთ, 80 წთ… ეს იმ გადაცემების ქრონომეტრაჟებია, რომელთა კეთებაშიც მონაწილეობას ვიღებ. დრო მნიშვნელოვანია, დროის ზუსტად თვლა ტელევიზიაში ვისწავლე. საერთო, საეთერო დროიდან კვირაში რამდენჯერმე, ჯერ 26 წუთზე, შემდეგ 52 და 80 წუთზე ვაგებ პასუხს, პასუხს ვაგებ იმაზე, თუ რას მიიღებს ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ რთავს ტელევიზორს ამ დროის განმვალობაში. „გურმანია“ - 26 წთ. ეს გადაცემა ბი ბი სი-სთან ერთად დავიწყეთ და შემდეგ უკვე დამოუკიდებლად გავაგრძელეთ, უკვე 3 წელია ეთერშია და თუკი ერთ დღეს 26 წუთის განმავლობაში მაყურებელს მხოლოდ იმას ვასწავლით, თუ როგორ კეთდება რამდენიმე სახეობის ბოსნტეულისგან კრემსუპი, მეორე გადაცემაში ვიკვლევთ მოხუცებულთა თავშესაფრის კვების რაციონსა და მენიუს. არადა, ეს კულინარიული შოუა, შეგიძლია, მარტივად აარიდო თავი მასში სოციალური და კულტურული თემების ინტეგრირებას, უბრალოდ, მჯერა, რომ მხოლოდ სანახაობის კეთებაზე დრო არ უნდა დავხარჯო, ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირი საეთერო დრო. „ჩემი წიგნი“ - 52 წთ. ესეც ბი ბი სი-ის ქართული ანალოგია, წელიწადზე მეტხანს ვცდილობდით, ადამიანები სრულიად დემოკრატიული წესით ლიტერატურულ მარათონში ჩაგვერთო, სადაც ისინი თავის საყვარელ წიგნებს დაუჭერდნენ მხარს, ბი ბი სი-ის ფორმატებზე მუშაობისას ერთი საერთო ტენდენცია შევნიშნე - შეჯიბრის პრინციპით მაყურებლის დაინტერესება. ლიტერატურა აქტუალური რომ გახდეს,  ამისთვის სულაც არ არის საჭირო ტელევიზორიდან ძალიან განათლებული ადამიანები მიგითითებდნენ, რომ წიგნის კითხვა კარგია, მათ ისეთი მარათონი შექმნეს, რომელშიც ადამიანები თავისით, ძალდაუტანებლად ჩაერთნენ და საყვარელი წიგნების გარშემო გაერთიანდნენ. შეჯიბრის პრინციპზე იყო აგებული ახალგაზრდა ორატორების სატელევიზიო კონკურსიც, ამ პროექტს „პირველ არხზე“ საქართველოს „ახალგაზრდა სპიკერი“ ერქვა - ესეც ჩემი დაარქივებული პროფესიული ბიოგრაფიიდან. და ბოლოს, 80 წთ, ყველაზე მეტი დრო, რომელიც არასოდეს გვყოფნის, იმიტომ, რომ სვანებს, რომლებსაც ეშინიათ დიდი ჰესის, ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებიც ითხოვენ უკეთეს სამუშაო პირობებს, გაფიცულ მეხანძრეებს, მასწავლებლებზე გაბრაზებულ სტუდენტებს, რომლებიც ითხოვენ უკეთეს განათლებას, გვიჭირს, გავაწყვეტინოთ სიტყვა, როდესაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვან ამბებს ყვებიან. იმათაც უნდა ვაცალოთ ლაპარაკი, ვისაც მათთვის პასუხის გაცემის ვალდებულება აქვთ, მაგრამ ყოველთვის, როცა ამ ხალხს და მათ მოპასუხეებს ერთ სივრცეში ვხედავ, სადაც შეგვიძლია, მათ ნორმალურ კომუნიკაციას შევუწყოთ ხელი, ვმშვიდდები იმით, რომ უბრალოდ არ ვავსებთ ჩვენთვის გამოყოფილ საეთერო დროს, რეალურ დროს, რეალურ სივრცეში.