საზოგადოებრივი
104.5 FM
ქეთი კაპანაძე
პროდიუსერი
g 0 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

25 წელზე მეტხანს ერთიდაიგივე  საქმის კეთება, ერთი შეხედვით, სასჯელს ჰგავს. მაგრამ მე გამიმართლა! ტელესაქმეში მაშინ აღმოვჩნდი, როცა ჯერ კიდევ ეს ქვეყანა საბჭოთა იყო. ეს თავისთავად შესაძლებლობების შეზღუდვას ნიშნავდა ამ საქმეში. რამდენიმე დღეში, ერთ ადამიანზე, რომელიც მერე ჩემი უფროსი მეგობარი და მასწავლებელი გახდა, ასეთი რამ მითხრეს: თვითმფრინავის ბიჭების პროცესის მასალა მოიპარა, რომ ეთერში არ გასულიყოო. მაშინ მივხვდი, თუ აქ ხარ, მხოლოდ ის უნდა აკეთო, რაც სწორად მიგაჩნია და რაც გაინტერესებს. იმ საბჭოთა ტელევიზიაში მე და ჩემმა მეგობარმა თოქ–შოუ გავაკეთეთ - „შეხვედრები ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში“, სადაც ასეთ თემებზე ლაპარაკობდნენ: ეკონომიკური თავისუფლება პოლიტიკური თავისუფლების გამო გამორიცხულია და ა.შ. მერე ყველაზე რთული, ოთხმოცდაათიანი წლები დაიწყო, ჩემთვის კი გამოცდილების თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაცემა „საღამო მშვიდობისა“. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სულ რამდენიმე წელი ვიმუშავე მსოფლიო ბანკისა და ამერიკის განვითარების ფონდის პროექტებში. დანარჩენი დრო ტელევიზიაში ვარ. ტელეკომპანია „იმედში“ ვხელმძღვანელობდი პროექტებს: „არჩევანი თქვენ“(საზოგადოებრივი თოქ–შოუ), „დროებითი ზღვარი“(წინასაარჩევნო თოქ–შოუ), „უცნობი საქართველო“ (აკა მორჩილაძის ტელენოველები), „თქვენი ექიმი“(სამედიცინო თოქ–შოუ), „ნადიმი ჯანრი კაშიასთან“ (თოქ–შოუ კულტურისა  და მეცნიერების საკითხებზე). „პირველ არხზე“ დაბრუნების შემდეგ, ჩემს მეგობრებთან ერთად, ბი ბი სი-ის ორი პროექტი განვახორციელე: „ეკონომმენიუ“, რომელიც შეცვლილი სახით და „გურმანიის“ სახელწოდებით ახლაც გრძელდება და ლიტერატურული პროექტი „ჩემი წიგნი“. ამ პროექტის დასკვნითი გადაცემის ჩაწერაზე, ერთ-ერთი წიგნის გულშემატკივარმა ასეთი რამ მითხრა: იმ დროს, როცა ყველა არხი პურს და სანახაობას გვთავაზობს, თქვენ წიგნი და სანახაობა გვაჩუქეთო. ეს ყველაზე მნიშნელოვანი შეფასება იყო ჩვენთვის. ახლა კი, რასაც პირველზე ვაკეთებ, ჩემთვის მთავარი პროექტი გახდა, რადგან „რეალური სივრცე“ ის სივრცეა, სადაც მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, რომელიც დიდ პოლიტიკაში, დიდ პროექტებში და დიდ სანახაობაში სრულიად დაკარგული იყო. ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ვმუშაობ გუნდთან, რომელთან ერთად საქმის კეთება სიამოვნებაც არის და პატივიც. მოკლედ, მე გამიმართლა. ქეთი კაპანაძე, პროდიუსერი.