საზოგადოებრივი
104.5 FM
მერი შიხაშვილი
ჟურნალისტი
g 0 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

უკვე ოთხი  წელია, რაც „პირველ არხზე“ ვმუშაობ. პირველად სატელევიზიო სივრცეში გადაცემა „სარჩევით“ მოვხვდი, მარტივი რჩევები დიასახლისებს და არა მარტო მათ. რამდენიმე წლიანი დისტანციის დროს ტელევიზიასთან, დავამთავრე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამა - მედიისა და კომუნიკაციის მენეჯმენტი. პარალელურად ვმუშაობდი რადიო „ჯიპას“ კორესპონდენტად და ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ ვებ-კორესპონდენტად. „პირველ არხზე“ მუშობა კონკურსის შედეგად დავიწყე. პროექტ „პილოტის“ გამარჯვებული ჯგუფის - „პარაშუტის“ ერთ-ერთი წევრი ვარ.                                                                                                                                                                     

პირველი გადაცემა, რომელზეც მუშაობა დავიწყე, არის BBC-ის პროექტი „ეკონომმენიუ“ - კულინარიული შოუ იმის შესახებ, თუ როგორ მოვამზადოთ გემრიელი საჭმელი ისე, რომ ზედმეტი ფული არ დავხარჯოთ. მაყურებლის ინტერესიდან გამომდინარე პროექტი  დღემდე გრძელდება. უფრო მეტი, ვიდრე, უბრალოდ, კულინარია - ეს „გურმანიაა“. სამზარეულოში ტრიალი და კერძების მომზადება მხოლოდ დიასახლისის მოვალეობა აღარ არის. მზარეულობა პროფესიად იქცა და საკმაოდ პრესტიჟულადაც კი. აქედან გამომდინარე, ვითარდება პროექტიც და მაყურებელს ყოველ მომდევნო გადაცემაში საინტერესო სიახლეებს სთავაზობს.                                             

ერთი წლის წინ დავიწყეთ, ასევე, BBC-ის ლიტერატურული პროექტი - „ჩემი წიგნი“. ეს იყო მარათონი, რომლის საბოლოო მიზანიც ერთი, საქართველოს მოსახლეობისთვის საყვარელი წიგნის არჩევა იყო, თუმცა, მთავარი მისია მკითხველის გააქტიურება, საყვარელი წიგნების ერთმანეთისთვის გაზიარება და სხვადასხვა ლიტერატურული პროცესებისთვის ბიძგის მიცემა იყო. პროექტი დასრულდა და ქართველი მკითხველის რჩეული ტექსტი ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“ გახდა, რომელიც საქართველოს ყველა სოფლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცემა.                 

სოციალური თოქ-შოუ „რეალური სივრცე“ - ლიტერატურული და კულინარიული ორომტრიალიდან ყველაზე რეალური დაბრუნება რეალობასთან სწორედ ეს პროექტი იყო ჩემთვის. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანები მოდიან იმ იმედით, რომ მათი რეალობა შეიცვლება. არ ვიცი, გადაცემას რამდენად შეუძლია ძირეული ცვლილებების მოხდენა, თუმცა ვფიქრობ, რომ იმ შუალედური რგოლის არსებობა, რომელსაც „რეალური სივრცე“  დღევანდელ მედიაში ქმნის, ნამდვილად მნიშვნელოვანია. რგოლი, რომელიც პრობლემის მქონე ადამიანებს,  ამ პრობლემის მოგვარების ვალდებულების მქონე პირებთან ახვედრებს.